გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.04.2019
საქმის ნომერი
330210019002827172
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1565-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

 

მოსარჩელე - ნ------–------ე

 

მოპასუხე - შპს „ც-------------------ი“

წარმომადგენელი - მ-------–--–------ე

 

დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ------–------ე ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე: ქ.------–--------–-------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2007 წლის 30 ნოემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში კომერციული ფართის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N1-------- ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის გადაეცა კომერციული ფართი მდებარე: ქ. თბილისი, ხ--–-------–ის ქუჩა N2-- კორპუსი 1, ფართი N41 (ფართით 50.48 კვ.მ) მხარეებს შორის, ასევე შეთანხმდა თანხის გადახდის გრაფიკი, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა ნასყიდობის ფასი მოპასუხესთან შეთანხმებული გრაფიკით. მოსარჩელემ ნასყიდობის საფასური გადაიხადა, რის შემდეგაც გამყიდველი ვალდებული იყო მყიდველისათვის გადაეცა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ თავისი ვალდებულება ჯერ კიდევ 2009 წელს შეასრულა მოპასუხეს უძრავი ქონება მოსარჩელისათვის საკუთრებაში არ გადაუცია, პირიქით თანხის სრულად გადახდის შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელისაგან მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მოსარჩელის მიერ უკვე გადახდილი თანხის 18 % -ის (დღგ) დამატება, რაც არ ყოფილა შეთანხმებული მხარეთა მიერ ძირითადი ხელშეკრულების დადების დროს და რასაც მოსარჩელე ბუნებრივია არ დაეთანხმა. რადგან აღნიშნული 18 % მათ თავის დროზე გადახდილი ქონდათ და ბუნებრივია 18 % შედიოდა უძრავი ქონების თავდაპირველ ღირებულებაში.

მოსარჩელის განმარტებით, ზედმეტი თანხის გადახდაზე უარის შემდეგ მოპასუხემ უარი განუცხადა მოსარჩელეს შეძენილი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაზე. სასამართლო პრაქტიკით დღგ-ს გადახდა არ ეკისრება მოსარჩელის კატეგორიის ადამიანებს, მითუმეტეს განმეორებით, მოპასუხე თავს იმართლებს, რომ იგი მოვალეთა რეესტრშია შესული და ვერ ახერხებს უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაცემას. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ მოსარჩელეს შეუზღუდა მოპასუხისგან გამოსყიდული უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. დღეის მდგომარეობით, მოსარჩელე დაუფლებულია კომერციულ ფართს, სახეზეა ნარდობის ხელშეკრულება, მენარდემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, რისთვისაც შემკვეთს უნდა გადაეხადა თანხა, მაგრამ მენარდემ არ შეასრულა ვალდებულება მიუხედავად იმისა, რომ შემკვეთმა სრულად გადაიხადა თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს „ც-------------------ი“ წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და სარჩელი ცნო. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოპასუხის მხრიდან მითითებულ დროს ვერ განხორციელდა, რადგან გადასაცემ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, ხ--–-------–ის ქუჩა N 2-- კორპუსი 1, ფართი N 41, ფართით - 50.48 კვ.მ საკადასტრო კოდი N01.1-.0-.0--.1-- ადევს შეზღუდვა, კერძოდ, შპს „ც-------------------ი“ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრშია, რამაც დააბრკოლა მოსარჩელის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონების მესაკუთრედ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2007 წლის 30 ნოემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში კომერციული ფართის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N1-------- ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის გადაეცა კომერციული ფართი მდებარე: ქ. თბილისი, ხ--–-------–ის ქუჩა N2-- კორპუსი 1, ფართი N41 (ფართით 50.48 კვ.მ)

 

მხარეებს შორის, ასევე შეთანხმდა თანხის გადახდის გრაფიკი, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა ნასყიდობის ფასი 100 960 აშშ დოლარი, მოპასუხესთან შეთანხმებული გრაფიკით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში კომერციული ფართის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N1------6 (ს.ფ. 18 - 24);

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 25)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. ნ------–------ემ სრულად და დროულად ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის შესაბამისად, გადაიხადა თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადახდის ქვითრები (ს.ფ. 116 - 166);

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. ნ------–------ისათვის გადასაცემი უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ხ--–-------–ის ქუჩა N 2-- კორპუსი 1, ფართი N 41, ფართით - 50.48 კვ.მ საკადასტრო კოდი N01.1-.0-.0--.1-- საკუთრების უფლებით ირიცხება შპს „ც-------------------ი“-ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 1-1-ე მუხლები.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007 წლის 30 ნოემბერს ნ------–------ესა და შპს შპს „ც-------------------ი“-ს შორის დაიდო მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში კომერციული ფართის შეძენის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა ნასყიდობის ფასი, კერძოდ, 100 960 აშშ დოლარი, ხოლო, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის გადაეცა კომერციული ფართი. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, მოპასუხემ კი ვერ უზრუნველყო მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის საკუთრებაში გადაცემა და მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.

 

6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო მოპასუხეს შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. თუმცა, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება აკრძალვა მთელ მის ქონებაზე აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-1-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.

 

ამავე კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის უფლება. თუმცა, მოსარჩელის სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მართალია, ნ------–------ის სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 000 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

2. ნ------–------ე პირადი N 0---------- ცნობილი იქნეს უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ხ--–-------–ის ქუჩა N 2-- კორპუსი 1, ფართი 41; ფართობით 50.48 კვ.მ, საკადასტრო კოდით N01.1-.0-.0--.1-- მესაკუთრედ;

3. ნ------–------ეს პირადი N 0---------- დაუბრუნდეს 31/01/2019 წელს სს „თი---------ი“-ს N 0 საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 3 000 ლარის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე