გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3269-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 მარტი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "ს----------–---------ი"
წარმომადგენელი დავით რამიშვილი
მოპასუხეები გ------- ლ----------ე
ზ----- ლ----------ე
თ---------- ლ----------ე
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- ლ----------ის, ზ----- ლ----------ის და თ---------- ლ----------ისათვის 14 411.72 ლარის სოლიდარულად დაკისრება;
სარჩელის საფუძვლები
2017 წლის 24 თებერვალს სს „საქართველოს ბანკსა“ და გ------- ლ----------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 16 540 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 36 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 17.9%, პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს.
2017 წლის 24 თებერვალს სს „საქართველოს ბანკსა“ და ზ----- ლ----------ესა და თ---------- ლ----------ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს გ------- ლ----------ის სესხის სოლიდარულად გადახდის ვალდებულება თითოეულმა ზღვრული თანხის 33 080 ლარის ფარგლებში.
მსესხებელმა არ შეასრულა გრაფიკით დადგენილი წესით კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. 2018 წლის 25 აპრილის შემდეგ გადახდები არ განუხორციელებია. მოპასუხეების დავალიანებაა ძირითადი თანხა 11 729.87 ლარი, სარგებელი 1106.5 ლარი პირგასამტეხლო 1575.60 ლარი. პირგასამტეხლო მოთხოვნილია ხელშეკრულების გათვალისწინებულზე შემცირებული ოდენობით. 2018 წლის 10 მაისს მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, რომლითაც განესაზღვრათ ვალდებულების შესრულების დამატებითი ვადა და განემარტათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. თანხმობა განაცხადეს სესხის ძირითადი დავალიანების გადახდაზე, ხოლო პროცენტის და პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვეს, რადგან იგი უსამართლოდ დიდი ოდენობისაა. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე თ---------- ლ----------ე. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მათ ოჯახის აქვს სხვა სასესხო ვალდებულებებიც, რის გამოც მზად არიან სადაო სესხის თანხა გადაიხადონ ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით. გ------- ლ----------ის განმარტებით, მას სამსახურში შეეცვალა ხელფასის ჩარიცხვის თარიღი, რის გამოც ბანკს არაერთხელ მოსთხოვა სესხის გრაფიკის შეცვლაც ამის გამო, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო ვეღარ ახერხებდა გრაფიკით გათვალისწინებულ რიცხვში თანხის გადახდას და გადახდილი თანხის დიდი ნაწილი პირგასამტეხლოს გადახდად ჩაეთვალა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 24 თებერვალს სს „საქართველოს ბანკსა“ და გ------- ლ----------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N 5367959, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 16 540 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 36 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 17.9%, პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-23. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)
3.1.2. 2017 წლის 24 თებერვალს ერთის მხრივ სს „საქართველოს ბანკსა“ და მეორეს მხრივ ზ----- ლ----------ესა და თ---------- ლ----------ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც მოპასუხეებმა იკისრეს გ------- ლ----------ის სესხის სოლიდარულად გადახდის ვალდებულება თითოეულმა ზღვრული თანხის 33 080 ლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 24-31. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 71-77. ტომი 1 )
3.1.4. მსესხებელს სრულად არ დაუბრუნებია ბანკისათვის მიღებული კრედიტის თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი. 2018 წლის 25 აპრილის შემდეგ შეწყვიტა თანხის ყოველთვიურად გადახდა. მოპასუხეებმა თანხა არ გადაიხადეს მათთვის განსაზღვრულ დამატებით ვადაშიც, რომელიც განესაზღვრათ ბანკის 2018 წლის 10 მაისის წერილებით. მოპასუხის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხაა 11 729.87 ლარი, სარგებელი 1106.25 ლარი. ასევე დარიცხულია პირგასამტეხლო 1575.60 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 32-35. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (02.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- წერილების ასლები (ს.ფ. 36-41. ტომი 1)
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 42. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები მხარეებს შორის სადაო არ არის
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეებს ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებიათ, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 361-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 394-ე, 404-ე, 407-ე, 867-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის საკრედიტო ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 24 თებერვალს დადებული საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც მოპასუხეებს ჯეროვნად არა აქვს შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული.
სადაო არ არის, რომ მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დაცვით კრედიტი არ დააბრუნა. მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა 11 729.87 ლარი. მოპასუხეებმა გ------- ლ----------ემ და ზ----- ლ----------ემ სხდომაზე ცნეს სარჩელი სესხის ძირითადი თანხის გადახდის მოთხოვნის ნაწილში, რაც მოპასუხეებისათვის ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, თანხმობა განაცხადეს მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადონ სესხის ძირითადი თანხა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 11 79.87 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ თანხის გადახდა უნდა დაეკისროს ასევე მოპასუხე თ---------- ლ----------ეს, რადგან მათ ბანკთან დადებული აქვს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში თ---------- ლ----------ესთან და ზ----- ლ----------ესთან დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა გ------- ლ----------ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ არამარტო მიღებული თანხის დაბრუნება, არამედ სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა, რადგან ხელშეკრულების მიხედვით სესხი სარგებლიანია, ხოლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც, რადგან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა. მოპასუხეები სესხის სარგებლის დაკისრების მოთხოვნას არ ეთანხმებიან იმის გამო, რომ სესხის მაღალი პროცენტია მოთხოვნილი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის სარგებელია წლიური 17.9%, რაც განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში. საპროცენტო განაკვეთის ცვლილებად არ მიიჩნევა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის ავტომატური ცვლილება. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით დაკავშირებულია საჯარო ინდექსთან და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული. 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვრები და ცვლილებათა მინიმალური შუალედი. 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ. 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი. თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება. 7. საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
ხელშეკრულების დადების დროს 625-ე მუხლის მე-2-4 ნაწილების მოქმედი რედაქციის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა; იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა; თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წლიური 17.9% სარგებლის დარიცხვა, რაც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე და 868-ე მუხლებით დადგენილი პროცენტის განსაზღვრის წესის დაცვით, რის გამოც მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მისი გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საკრედიტო ხელშეკრულებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს. სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლოს დაკისრება 1575.60 ლარის ოდენობით, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მცირე ოდენობისაა. პირგასამტეხლო დარიცხულია 2018 წლის არის 25 მაისიდან 2018 წლის 17 დეკემბერამდე პერიოდში, თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის დღიდან დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება. პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირგასმატეხლოს შემცირების საფუძველია არა მარტო რაოდენობრივი კრიტერიუმი (მაგალითად დიდი თანხა), არამედ საქმის გარემოებებისადმი პირგასმატეხლოს პირობების შეუსაბამობა. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასმატეხლო გონივრულია სესხის დავალიანების თანხის, სესხის ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის დაკმაყოფილებას მიიღოს ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასმატეხლო უნდა განისაზღვროს გონივრულობის და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით. სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში. ამ პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო უფლებამოსილია შემოაწმოს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სამართლიანობა, გონივრულობა ვალდებულების დარღვევის გარემოებების შესაბამისად, რაც არ ნიშნავს პირგასმატეხლოს შესახებ შეთანხმების ნამდვილობის შემოწმებას და მის ბათილობას. 420-ე მუხლის მიზანია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა თანასწორობის ფარგლებში მხარეთა სამართლიანი ინტერესების დაკმაყოფილება.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 11 729.87 ლარი, ხოლო გადასახდელია სარგებელი 1106.5 ლარი, ჯამურად დასაბრუნებელია 12 835.25 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 1575.60 ლარი, რაც არის სესხის დავალიანების 10%-ის ფარგლებში თანხა.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განასაზღვრისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი.
პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია გონივრული და სამართლიანი თანხის დადგენა, რაც ნიშნავს არა მარტო მოვალის ინტერესების გათვალისწინებას და მისთვის შეღავათის დადგენას, არამედ კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის გათვალისწინებასაც, რადგან პირგასამტეხლო არის მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი კრედიტორისათვის ასანაზღაურებელი ფულადი გადასახდელი. პირგასამტეხლოს ორგვარი ფუნქცია აქვს. იგი როგორც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, მოვალეს უბიძგებს სამომავლოდ ფინანსური სანქციის დაკისრების თავიდან აცილების მიზნით იზრუნოს ვალდებულების ჯეროვნად შესასრულებლად. ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ფუნქცია არის მოვალისათვის ვალდებულების დარღვევის გამო ფინანსური სანქციის დაკისრება, რის გამოც მისი მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება. ასეთ შემთხვევაში კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ არის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება მოვალისათვის ფინანსური სანქციის დაკისრების გზით.
განსახილველ საქმეში პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ გადაუხდელი სესხის თანხაა 12 835.5 ლარი, რის გამოც დავალიანების 10%-ის ფარგლებში ფინანსური სანქციის დაკისრება პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობაა და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის ანაზღურება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 და 17 დეკემბრის გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 26 ოქტომბრის განცხადებით სს "საქართველოს ბანკმა" მოითხოვა თ---------- ლ----------ის, ზ----- ლ----------ის და გ------- ლ----------ის მიმართ გამარტივებული წარმოების გზით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. მოსარჩელეს ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ მოთხოვნაზე პროტესტი წარადგინეს მოპასუხეებმა.
სს „საქართველოს ბანკის“ მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2018 წლის 29 ოქტომბერს გადახდილია სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით და 50 ლარი სააპლიკაციო განაცხადის უზრუნველყოფისათვის. ამდენად, მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების მიზნით გამარტივებული წარმოების განსახორციელებლად გადაიხადა სააპლიკაციო საფასური, მოპასუხის პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა, ხოლო ასეთ შემთხვევაში "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი საფასურის დაბრუნებას არ ითვალისწინებს. ამავე მოთხოვნაზე სს „საქართველოს ბანკმა“ სასამართლოში წარმოადგინა სარჩელი, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხის პროტესტი საფუძვლიანი არ აღმოჩნდა. სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, გასწია ხარჯი დავალიანების იძულებით გადახდევინების მიზნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელებიდან რაც საკმარისი არ არის მთელი ვადამოსული ვალის გადასახდელად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ ძირითადი შესრულება ( ვალი) და ბოლოს პროცენტები. ამ ნორმით დადგენილია პრინციპი რომლის მიხედვით, ვალდებულების შესრულებისას პრიორიტეტულია სასამართლო ხარჯების დაფარვა, ხოლო სასამართლო ხარჯები სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით სასამართლოში საქმის განხილვის საპროცესო ხარჯს არ გულისხმობს და მასში იგულისხმება მოთხოვნის იძულებით აღსრულებისათვის გაწეული ხარჯები.
სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, რადგან მოპასუხის უსაფუძვლო პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა და საჭირო გახდა დავის საერთო სასარჩელო წესით დაწყება საერთო სასამართლოში, სადაც სარჩელი დაკმაყოფილდა. ამდენად, ამ ხარჯის ანაზღაურება ეკისრება მსესხებელს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეების მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის, აღსრულების განწილვადების შესახებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.
მოპასუხეები თანხმობას აცხადებენ ყოველთვიურად 250 ლარის გადახდით შესრულონ სადაო სესხის ვალდებულება, ამასთან, ისინი თანახა არიან გადაიხადონ სესხის ძირითადი თანხა. მოპასუხეების განმარტებით, გ------- ლ----------ეს სასამართლოს მიერ უკვე დაკისრებული აქვს რამდენიმე სესხის ვალდებულების შესრულება, რის გამოც ერთჯერადად თანხის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა არა აქვს. კერძოდ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მას დაკისრებულია აქვს 770 ლარის გადახდა შპს ფინანსური სექტორის სასარგებლოდ, ხოო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის დაუსწრბელი გადაწყვეტილებით დაკისრებულია აქვს 1200 ლარის გადახდა შპს პრობლემური აქტივების ბიუროს სასარგებლოდ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების წესის დადგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას სადაო თანხის მოცულობა და ის, თუ რა პერიოდულობით მოითხოვს მოპასუხე თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდას, რის შედეგად უნდა შეფასდეს გადახდის პერიოდულობის გონივრულობა. ამ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულებაა 14 411,72 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღების დროს დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და ამის შესახებ უნდა მიუთითოს გადაწყვეტილებაში.
კანონის ეს დანაწესი არ ნიშნავს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ეს საკითხი. გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებით და გადაწყვეტილების აღსრულების წესი დაადგინოს დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.
მოპასუხე მისი მატერიალური მდგომარეობის გამო მოითხოვს ყოველთვიურად 250 ლარის გადახდით შეასრულოს ვალდებულება.
მოპასუხე თანხის გადახდის განწილვადებას მოითხოვს ფინანსური სიძნელეების, არასაკმარისი შემოსავლების გამო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშუალებებში კანონით განსაზღვრული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. აღსრულების წესის დადგენის მიზანია არა მარტო მოვალისათვის შეღავათის დადგენა, არამედ აღსრულების ისეთი პირობის დადგენა, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების აღსრულებას, შექმნის პირობას გადაწყვეტილების რეალურად შესრულებისათვის. 251-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების მიზანია კრედიტორმა რეალურად დაიკმაყოფილოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა ისეთი გზით, რომლითაც რეალურად არის შესაძლებელი გადაწყვეტილების ეფექტურად შესრულება ისეთი საშუალებით, რაც მოვალის ინტერესებშიცაა.
251-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კრედიტორის ინტერესები, უნდა გაითვალისწინოს, რომ აღსრულების წესის ან აღსრულების საშუალების შერჩევით ზიანი არ უნდა მიადგეს მოსარჩელის მართლზომიერ ინტერესს - დროულად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.
მითითებული საპროცესო სამართლებრივი საშუალების გამოყენება დაიშვება ისეთი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, როდესაც ცალსახაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების განაწილვადების) მიზანშეწონილობა და სახეზეა აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების პატივსადები ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით, ფაქტობრივად მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა, ნებაყოფლობით აღასრულოს გადაწყვეტილება და იძულებითი აღსრულების გზით დამატებითი ქონებრივი დანაკლისი, როგორიცაა აღსრულების ხარჯები, ქონების განახევრებულ ფასში გასხვისების რისკი, არ განიცადოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე დასაშვებია გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადება 1 წლამდე ვადით. დაკისრებული თანიხს 14 411,72 ლარის 12 თვეზე განწილვადების შემთვევაში ყოველთვიურად გადასახდელი თანხაა 1200,97 ლარი, ხოლო მოპასუხეები მოითხოვენ ყოველთვიურად 250 ლარის გადახდით განწილვადებას. ასეთი ოდენობით გადახდის განწილვადებით მოპასუხეებს თანხის გადახდა გაუნაწილდებათ 1 წელზე მეტი ვადით, რაც საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლს ეწინააღმდეგება. ამდენად, მოპასუხეების მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენია, აღსრულების განწილვადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რის გამოც მოსარჩელეს სრულად უნდა აუნაზღაურდეს სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უნდა განისაზღვროს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც მოპასუხემ არ ცნო, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხეებმა ზ----- და გ------- ლ----------ეებმა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ცნეს სარჩელი სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, რის გამოც თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან შესაბამისი პროპორციით. კერძოდ, დაკისრებული 14 411.72 ლარიდან ძირითადი თანხა 11 729.87 ლარი არის მოთხოვნის 81%. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 436.85 ლარი, რომლის 81% არის 353.84 ლარი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სს საქართველოს ბანკს. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 83.01 ლარის მოსარჩელისთვის გადახდა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
მოპასუხე თ---------- ლ----------ეს უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, რადგან სარჩელის უზრუნველყოფა მხოლოდ მის მიმართ არის გამოყენებული.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 54-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს ბანკის“ სარჩელი;
1.1. გ------- ლ----------ეს, ზ----- ლ----------ეს და თ---------- ლ----------ეს დაეკისროთ სს „ს----------–---------ისათვის“ 14 411,72 ლარის სოლიდარულად გადახდა. ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის 150 ლარის გადახდა;
2. გ------- ლ----------ეს, ზ----- ლ----------ეს და თ---------- ლ----------ეს დაეკისროს სს „საქართველოს ბანკისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 83,01 ლარის გადახდა;
3. თ---------- ლ----------ეს დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
4. სს საქართველოს ბანკს დაუბრუნდეს 2018 წლის 25 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 353,84 ლარი (საგადასახადო დავალება N81), რომელიც გადახდილია შემდეგ ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300036150;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი