გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.04.2019
საქმის ნომერი
130210019002829989
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019002829989

2-52-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

3 აპრილი, 2019 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე - თ------------ძე

წარმომადგენელი - მ--------ი

მოპასუხე - ზ-----------ძე

წარმომადგენელი - ე------------------ძე

დავის საგანი - ჩუქების გაუქმება, გაჩუქებული ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

გაუქმდეს თ------------ძის მიერ ზ-----------ძისათვის უძრავი ქონების ჩუქება. გამოთხოვილი იქნეს ზ-----------ძისაგან გაჩუქებული უძრავი ქონება.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: იმ პირობით, რომ დედისთვის მოევლო, ყურადღება მიექცია, თ------------ძემ, 2015 წლის 10 თებერვალს, ბინა აჩუქა ძმას - ზ-----------ძეს, მაგრამ მან უმადურობა გამოიჩინა, იმის მაგივრად, რომ ეპატრონა და მზრუნველობა გამოეჩინა დედის მიმართ, იძულებული გახადა ბინიდან გადასულიყო, რადგან მოპასუხე და მისი ცოლი არ უქმნიან პირობას, რომ მშვიდად იცხოვროს (იხ.სარჩელის მე-4 გვ. ს.ფ.5);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მიუთითა, რომ ჩუქების გაუქმების საფუძველი დიდი უმადურობა მოპასუხეს არ გამოუჩენია, არ არსებობს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. გარდა ამისა, მჩუქებლის მიერ იმ გარემოების შეტყობის შემდეგ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს, გასულია სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ერთი წლის ვადა, რომლის განმავლობაშიც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით, თ------------ძემ თავის ძმას ზ-----------ძეს აჩუქა ქ.ხაშურში, შ--–-------------------–--ა N7-ში მდებარე 72.4 კვ.მ. ფართის ბინა საკადასტრო კოდით 6------------------. უძრავ ნივთზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ.21-22);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.19-20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, ზ-----------ძემ უმადურობა გამოიჩინა, როგორც მჩუქებლის, ასევე მხარეთა დედის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დადგინდა დასაჩუქრებული ზ-----------ძის მიერ მჩუქებელ თ------------ძის ან მხარეთა დედის მ------------ძის მიმართ უმადურობის გამოჩენა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 524-ე მუხლი; 525-ე მუხლის მეორე ნაწილი, 529-ე მუხლი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის: 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით;

525-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან;

მოცემულ შემთხვევაში, თ------------ძემ თავისი უძრავი ნივთი ზ-----------ძეს აჩუქა და მასზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა (სფ.19-22,);

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;

სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

თუ ჩუქება გაუქმდება მაშინ გაჩუქებული ნივთი შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.

ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს;

მოსარჩელე აღნიშნავს, ზ-----------ძეს ბინა აჩუქა იმ პირობით, რომ ეპატრონა, მოევლო მხარეთა დედისათვის მ------------ძისათვის (იხ.სარჩელი; 2019 წლის 13 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი: 16:22:05-16:22:30; 17:53:25-17:53:35; 2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი: 14:24:26 -14:24:50). იგივე დაადასტურა მ------------ძემაც (იხ.2019 წლის 13 მარტის სხდომის ოქმი:16:58:25-16:58:35);

მოსარჩელის განმარტებით, კონფლიქტია მხარეთა დედას მ------------ძეს და ზ-----------ძის მეუღლეს შორის, რძალმა მ------------ძეს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუარესა და ის, იძულებული გახდა საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო, ზ-----------ძემ, იმის მაგივრად, რომ ურთიერთობა მოეგვარებინა მათ შორის, უმადურობა გამოიჩინა, მოსარჩელის, მისი დედის მიმართ და უთანხმოებაშია მოსარჩელესთან (იხ. 2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი: 14:27:27-14:27:37);

მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ კონფლიქტური დამოკიდებულებაა ზ-----------ძის მეუღლესა და დედას, მ------------ძეს შორის. ამ მიზეზით, მოპასუხის მეუღლე ლ--–--------–--ეც იყო სახლიდან წასული და თავის დედასთან ცხოვრობდა, ზ-----------ძე, პერიოდულად, საზღვარგარეთ დადის სამუშაოდ. მისი განმარტებით, სადავო ბინაში, ერთი ოთახი, ახლაც გამოყოფილია მ------------ძისათვის. ბინის გასაღებიც აქვს. მას შეუძლია დაბრუნდეს და იქ იცხოვროს;

მოწმეები კონფლიქტის ინიციატორად როგორც მ------------ძეზე, ისე ლ--–--------–--ეზე მიუთითებენ;

მოსარჩელემ წარმოადგინა 2018 წელს, მ------------ძის პოლიციისადმი მიმართვის საფუძველზე შედგენილი მასალები, რომლის მიხედვით, მ------------ძე ადასტურებს მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ბინის ჩუქებას იმ პირობით, ზ-----------ძე და მისი მეუღლე მასზე იზრუნებდნენ, თუმცა, რძალი არ ყიდულობს მისთვის მედიკამენტებს, შვილი ყურადღებას არ აქცევს (ს.ფ.25-32); წარმოდგენილ მასალებს შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრ ,,112-ში" მ------------ძის შეტყობინება (ს.ფ.29), რაც არის მ------------ძესა და თვითონ მოპასუხეს შორის კონფლიქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, - არც შეტყობინების შინაარსი მიუთითებს კონფლიქტზე და მ------------ძემაც განუმარტა პოლიციას, რომ აღნიშნულით, უბნის ინსპექტორს შეატყობინა საზღვარგარეთიდან ზ-----------ძის დაბრუნების შესახებ (ს.ფ.30);

სასამართლოს მიაჩნია, რძალსა და დედამთილს შორის კონფლიქტი, თუნდაც ინიციატორი მოპასუხის მეუღლე იყოს, არ არის ზ-----------ძის მიერ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლში ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მითითებული დიდი უმადურობის გამოჩენა;

თვითონ მოსარჩელეც მიუთითებს დასაჩუქრებულის მხოლოდ უმადურობაზე და არა - სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დიდი უმადურობის გამოჩენაზე. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ჩუქების გაუქმების საფუძველია მხოლოდ დიდი უმადურობის გამოჩენა, რაზეც მოსარჩელეს არ მიუთითებია და მხოლოდ მოპასუხის მხრიდან უმადურობას აღნიშნავს;

გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქება უსასყიდლოა და ამ ხელშეკრულების რაიმე პირობით დადება ამ ნორმას ეწინააღმდეგება;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა, 2015 წლის 20 მაისის Nას-325-310-2015 განჩინებით, დაეთანხმა ამავე ტიპის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას: - ,,სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების ძირითად თავისებურებას მისი უსასყიდლო ხასიათი წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლობა არ ნიშნავს ჩუქებისას რაიმე პირობის საერთოდ გაუთვალისწინებლობას, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირობა შეიძლება ეხებოდეს საჩუქრად მიღებული ქონების სარგებლობის ან მართვის წესს, მაგალითად, მჩუქებელმა დასაჩუქრებული დაავალდებულოს, რომ ნაჩუქარი სახლის ერთი ოთახი დატოვოს კონკრეტული პირის სარგებლობაში. დასაჩუქრებულის მხრიდან სწორედ ამ პირობის შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი“.

ამდენად, ჩუქების ხელშეკრულების დადება ისეთი პირობის დათქმით, რაზედაც მოსარჩელე მიუთითებს - დედის მოვლა, ეწინააღმდეგება ჩუქების ხელშეკრულების დამახასიათებელ თვისებებს, რის გამოც, მითითებული საფუძვლით – დასაჩუქრებულის მხრიდან პირობის შეუსრულებლობის გამო, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ჩუქების სანაცვლოდ რაიმე პირობის დათქმა დადასტურდა და არც - მოსარჩელის მიერ მითითებული, დასაჩუქრებულის მიერ უმადურობის და მით უმეტეს, დიდი უმადურობის გამოჩენა (რაზეც მოსარჩელე თვითონაც არ მიუთითებს). მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც სხვა მტკიცებულებით დადასტურებული არ არის, საკმარისი არ არის ამ გარემოებების დადასტურებულად მიჩნევისათვის;

თუნდაც დადასტურებული იყოს, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება რომ მოპასუხე, იმის ნაცვლად, რომ თავის დედასა და მეუღლეს შორის კონფლიქტი მოეგვარებინა, დედასთან უთანხმოებაშია, არ არის ჩუქების გაუქმების სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული, მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის დიდი უმადურობა;

არ დადგინდა ჩუქების გაუქმების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა;

თუმცა მოსარჩელე არ მოითხოვს გაჩუქებულ ნივთს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით, - რომ ჩუქების შემდეგ თ------------ძე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი ან თავის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, სასამართლო აღნიშნავს, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თ------------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი