გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.03.2019
საქმის ნომერი
330210018002668582
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/29499-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.03.2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი: კახა კომლაძე

მოსარჩელე გი-----------------–---–-

წარმომადგენელი შა-–---–-------, ზ----------------–---

მოპასუხე მა--------------–- (არ გამოცხადდა)

დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მა--------------–- დაეკისროს გი-----------------–---–-ს სასარგებლოდ 12 941.56 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011-2015 წლებში გი-----------------–---–- კონსიგნაციის წესით ახორციელებდა ყველის მიწოდებას შემდეგი იურიდიული პირებისათვის: შპს „მ--------“, შპს „-------“, შპს „-------+“, შპს „მ-------“, შპს „მ----–-“, შპს „მ----–- 2“, შპს „მ----–- 3“. პროდუქციის მიწოდების შემდეგ მყიდველები არ ახდენდნენ სრულად მიღებული ყველის ღირებულების ანაზღაურებას, რის გამოც დაუგროვდათ დავალიანება მოსარჩელის მიმართ - 15 857.29 ლარის ოდენობით.

3.1.2. შპს „-------“-ის მიმართ აღძრულ სამოქალაქო დავაზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხეს გი-----------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2 915.73 ლარის გადახდა. აღნიშნული დავალიანება გადახდილია.

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით, რომლითაც დამტკიცდა პროკურორსა და მა--------------–- შორის საპროცესო შეთანხმება, დადგინდა, რომ მ---------------–მა, სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გი-----------------–---–-ს მიმართ, შპს "M------"-ის დავალიანების 2 915.73 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, აღნიშნული საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, საკუთრების უფლებით გადააფორმა, მისივე მონაწილეობით დაფუძნებულ სხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხე მა--------------–- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230.2 მუხლის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, გი-----------------–---–-ს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც მოსარჩელე გი-----------------–---–-ს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 316-ე მუხლებით.

"მეწარმეთა შესახებ" კანონის 44-ე, მე-3 მუხლის მე-6 ნაწილით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2019 წლის 22 მარტს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხეს მოსამზადებელი სხდომის შესახებ ეცნობა სასამართლო უწყება გაეგზავნა მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე, რომელიც ჩაბარდა ოჯახის სრულწლოვანს წევრს - დედას, ნ--------------–ს და ჩაბარებულად ჩაითვალა, მაგრამ იგი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ მოპასუხეს სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დღის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, გ------------------–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე:

 

6.1. მა--------------–-ს როგორც ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის საფუძვლის არარსებობასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები და, მით უფრო დირექტორი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ. სწორედ ამაში გამოიხატება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვა.

 

თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია კომპანიის დირექტორებსა და პარტნიორებსაც დაეკისროთ.

 

„მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის აღნიშნული წესი გამომდინარეობს იმ დოქტრინიდან, რომელსაც სამეწარმეო სამართლში „კორპორატიული საფარველის გაჭოლვის“ ან სხვაგვარად „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ დოქტრინა ეწოდება. დასახელებული კანონი კომპანიის პარტნიორთა გამჭოლ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მაშინ, როდესაც ისინი ბოროტად იყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმას.

 

საკასაციო პალატა ერთ-ერთ განჩინებაში განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ფართოდ განიმარტება და თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ პასუხისმგებლობის შეზღუდვის კორპორაციული ფორმის ბოროტად გამოყენებას (მაგ., კორპორაციის, როგორც მხოლოდ პარტნიორის მიზნის მისაღწევი „ინსტრუმენტის“ დანიშნულებით გამოყენება; „კორპორაციული ფორმალობების დაუცველობა“; კორპორაციის, როგორც პარტნიორის „ალტერ ეგოს“ არსებობა), არამედ თავად შეზღუდული პასუხისმგებლობის, როგორც პასუხისმგებლობის ელემენტის, ბოროტად გამოყენებას, რაც გულისხმობს პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრებას კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით (იხ, სუსგ №ას-1307-1245- 2014, 6 მაისი, 2015 წელი).

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს მოპასუხის, როგორც სადავო ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის - მყიდველების პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმის ბოროტად გამოყენება. პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენება და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრება კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით. ამასთან, სარჩელში არ არის ასახული გარემოებები, მოპასუხედ დასახელებული მა--------------–- ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობების მყიდველებისაგან რომელი იურიდიული პირის პარტნიორს წარმოადგენს მა--------------–-.

 

ამდენად, სარჩელში მითითებული სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს მა--------------–-ს, როგორც ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის საფუძვლის არსებობის სამართლებრივი წინაპირობები. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს მა--------------–-სათვის, როგორც ფიზიკური პირისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობას. აქედან გამომდინარე, გი-----------------–---–- არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მისგან, შპს „მ--------“, შპს „-------+”, შპს “მ-------“, შპს „მ----–-“, შპს „მ----–- 2“-ისა და შპს „მ----–- 3“-ისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას მოპასუხე მა--------------–-ს მიმართ, შპს „მ--------“-თან, შპს „-------+“-თან, შპს „მარიამთან“, შპს „მ----–--თან“, შპს „მ----–- 2“-თან და შპს „მ----–- 3“-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის დაკისრების თაობაზე, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 388.25 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

გი-----------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 233-237-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. გი-----------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია