გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210018002786421
N2/1388-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.03.2019 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე -შპს ,,მ----------------------”,მოსარჩელის წარმომადგენელი- ნი----------–---–ი
მოპასუხე- გუ--------–------რი
წარმომადგენელი-გო------------–--ე
დავის საგანი:თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს გუ--------–------რს შპს მ----------------------ს სასარგებლოდ ძირი თანხა-2 124.99 (ორიათას ასოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის და სარგებლის-450 ლარის გადახდა შპს მ----------------------ს სასარგებლოდ.
1.2.ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხის გუ--------–------რის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციით, ანუ მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით.
შპს მ----------------------ს წარმომადგენელმა-ნი----------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 27 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელს სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი- 3000 ლარის ოდენობით.
მსესხებელი ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული ავტომობილი. მსესხებელმა ავტომობილის ჩამორთმევამდე გადაიხადა მხოლოდ გრაფიკით გაწერილი ოთხი თვის სარგებელი, თუმცა მომდევნო თვეების სარგებელი არ გადაუხადია. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოხდა გირავნობის საგნის აღსრულების გზით ჩამორთმევა და მისი საბაზრო ღირებულების შეფასება. ავტომანქანა შეფასდა 3500 ლარად, ხოლო ლიკვიდობა 2800 ლარად. 2018 წლის 20 აგვოსტოს ავტომანქანა გაიყიდა 3300 ლარად, რომლის გატარება მოხდა იმ დღით არსებული დავალიანების მიხედვით, თუმცა სესხის ძირი თანხა სრულად არ დაიფარა. მოპასუხეს ისევ ერიცხება დავალიანება მოსარჩელე ორგანიზაციის მიმართ. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას. მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით ჯარიმისა და სარგებლის დარიცხვა მოხდა ხელშკრულებიდან გამომდინარე. მოპასუხე მხარისთვის ცნობილი იყო ავტომანქანის რეალიზაციის თაობაზე და მას არ გამოუთქვავს პრეტენზია თავად შეესყიდა მანქანა ან წარმოედგინა მისთვის სასურველი კლიენტი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გუ--------–------რის წარმომადგენელმა-გო------------–--ემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2017 წლის 27 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც გაფორმდა 3000 ლარზე, მის მარწმუნებელს გადაეცა მხოლოდ- 2710 ლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებას მხარე მიიჩნევს კაბალურად. მის მარწმუნებელს ავტომობილის ჩამორთმევამდე გადახილი აქვს 1056 ლარი და ავტომობილის რეალიზაციით მიღებულმა თანხამ შეადგინა 3300 ლარი, შესაბამისად მის მარწმუნებელს გადახდილი აქვს -4356 ლარი, 2710 ლარის სანაცვლოდ. მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ორგანიზაციამ მისთვის სასარგებლოდ განკარგა ავტომობილის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები და უსინდისოდ ითხოვს მისი მარწმუნებლისაგან 2124.99 ლარს. მოსარჩელე ორგანიზაციამ იმის მაგივრად, რომ ძირი თანხა დაეკლო ავტომობილის გაყიდვის შედეგად შემოსული თანხებიდან, უსინდისოდ გამოაკლო ჯარიმა, პირგასამტეხლო და მხოლოდ შემდეგ მოისურვა ძირ თანხაზე დაკლება, რასაც მხარე მიიჩნევს თაღლითობად. ასევე მიიჩნევს, რომ მოპასუხისაგან დამოუკიდებლად და შეუთანხმებლად მოახდინა მოსარჩელე ორგანიზაციამ ავტომობილის განკარგვა ძალიან დაბალ ფასად. თვლის, რომ ჯარიმის თანხა- 1122 ლარი უნდა ჩათვლილიყო ძირ თანხაში და დარჩებოდა 1003 ლარი გადასახდელი, რომელსაც უნდა დაემატოს სარგევბელი-225 ლარი და სულ გადასახდელი აქვს მის მარწმუნებელს -1228 ლარი, რომლის გადახდაზეც მხარე თანახმა არის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 27 ივლისს მოსარჩელე შპს მი---------------------ა და მოპასუხე გუ--------–------რს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღი სესხი 3 000 ლარი 36 თვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ.16-24).
3.2.2. 2017 წლის 27 ივლისს მოსარჩელე შპს მი---------------------ა და მოპასუხე გუ--------–------რს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო შეთანხმება NBLE17017269.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შეთანხმება (ს.ფ.28-29).
3.2.3.საქმეშია საკრედიტო ეტანხმების მნიშვნელოვანი პირობები, შეთანხმება NBLE17017269.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.31).
3.2.3. საქმეშია წერილები N17017269, NBLE17017269 გუ--------–------რისადმი, სადაც მხარეს აფრთხილებენ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამსესხებლისათვის იძულებით გადაცემასთან, რეალიზაციასთან და დავალიანების არსებობასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შეტყობინებები (ს.ფ.33-37).
3.2.4. საქმეშია 2018 წლის 20 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება NBLE17017269, საიდაც დგინდება, რომ ავტომანქანა ფოლქსვაგენ ბორა გაიყიდა 3300 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 41).
3.2.5. საქმეშია საშემფასებლო ანგარიში, რომლის თანახმად გუ--------–------რის ავტომანქანის- ფოლქსვაგენ ბორას საბაზრო ღირებულება 2018 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს -3500 ლარს, ხოლო ლიკვიდურობა-2800 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საშემფასებლო ანგარიში (ს.ფ. 43-50).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი,საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი,,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, 402-403-ე, 625-ე, 319-ე, 254-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.
როგორც დადგენილია შპს მ----------------------ს წარმომადგენელმა თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2018 წლის 27 დეკემბერს.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.
ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის-შპს მ----------------------ს მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის `ბ~ პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.
6.6. ამავე კოდექსის 625-ე მუხლიდან გამომდინარე მხარეთა შეთანხმებით სესხი შეიძლება იყოს პროცენტიანი.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ სესხი იყო კაბალური და ავტომანქანის შეფასება და რეალიზაცია მოხდა შემცირებულიოდენობით.
6.8.საქართველოს სკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
როგორც დადგენილია მხარეთა შორის 2017 წლის 27 ივლისს დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, სადაც სრულად არის გაწერილი სესხის პროცენტისა და სარგებლის განსაზღვრა (იხ. პუნქტი 3.2.1).
ასევე დადგენილია, რომ მხარემ-გუ--------–------რმა საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში შეიზღუდა საკუთრების უფლება და სესხის უზრუნველსაყოფად მოახდინა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის გირავნობით დატვირთვა.
6.9. საქართველოს სკ-ის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქმეშია შპს მ----------------------ს 2018 წლის 1 აგვისტოს წერილი გუ--------–------რისადმი, სადაც მოსარჩელე მხარე მოპასუხეს უმარტავს, რომ ბანკის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებითა და საქართველოს სკ-ის 278-ე მუხლით დადგენილი წესით მოხდებოდა ავტომანქანის რეალიზაცია, ასვე გაფრთილებულ იქნა, რომ ავტომობილის მოთხოვნადობის გათვალისწინებით მოსარჩელე მხარე ვარაუდობდა, რომ შესაძლოა ავტომანქანის რეალიზაციით მიღებულმა თანხამ სრულად ვერ უზრუნველყოს საკრედიტო ვალდებულებების სრულად დაფარვა და ავტომობილის რეალიზაციის პროცესების დაწყების შემდეგ ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, მოპასუხე ჩართულიყო რეალიზაციის პროცესში და მიემართა მის ხელთ არსებულ ყველა ღონისძებისათვის ავტომობილის მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასად რეალიზაციის მიზნით. ასევე ეცნობა, რომ თუ ავტომობილის რეალიზაციის გზით მონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა საკრედიტო ვალდებულების სრულად დასაფარად, მაშინ დავალიანების დარჩენილ ნაწილზე მოპასუხე პასუხს აგებდა მთელი ქონებით (იხ. პუნქტი 3.2.3).
აღნიშნული წერილი მხარეს-გუ--------–------რს ჩაბარდა 2018 წლის 4 აგვისტოს, მაგრამ იგი არ დაინტერესებულა არც ავტომანქანის შეფასებით და არც მისი რეალიზაციით.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის პრეტენზია არის დაუსაბუთებელი, უკანონო და არ უნდა იქნას გათვალისწინებული.
სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე გუ--------–------რმა ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა ბანკს. მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მას გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი ბანკში უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა დაეფარა პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი გადახდის გრაფიკით. ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ დაუბრუნა სესხად მიღებული თანხა და სარგებელი. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოპასუხე უნდა დავალდებულდეს მოსარჩელეს გადაუხადოს ის თანხა, რაც დავალიანებად დარჩა სესხის გადახდის შეწყვეტის შემდეგ და ასევე ის თანხა, რასაც მოსარჩელე მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანხამდ: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე გუ--------–------რს მოსარჩელე ორგანიზაციის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახ. ბაჟის თანხა -50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისიძება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა და წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს მ----------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს გუ--------–------რს შპს მ----------------------ს სასარგებლოდ ძირი თანხა-2 124.99 (ორიათას ასოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის და სარგებლის-450 ლარის გადახდა შპს მ----------------------ს სასარგებლოდ.
1.2.ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხის გუ--------–------რის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციით, ანუ მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით.
1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებალდ.
2. სახ. ბაჟის თანხა- 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დაეკისროს გუ--------–------რს შპს მ----------------------ს სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინა კიკნაძე