გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
080210018002591169
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2734-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი ფატმან მინდიაშვილი

მოსარჩელე - ნ-----------

წარმომადგენელი - ნ-----–------–---

მოპასუხე - ვ-----–---–----

წარმომადგენელი - ი--------------------–---

დავის საგანი - განქორწინება და ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სასამართლოს მეშვეობით მოხდეს განქორწინება ნ-----------სა და ვ-----–---–----ს შორის;

 

1.2. მოპასუხე ვ-----–---–----ს მისი არასრულწლოვანი შვილის გ--------–---–----- სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2017 წლის 18 ივლისიდან მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ნ----------- უკვე დიდი ხანია რაც მოპასუხესთან აღარ ცხოვრობს. მათ შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ შეუძლებელია მისი გამოსწორება. მოსარჩელემ არაერთხელ თხოვა მოპასუხეს გაჰყოლოდა სამოქალაქო რეესტრში და მოეხდინათ განქორწინება, მაგრამ მოპასუხე წინააღმდეგია და უარს აცხადებს განქორწინებაზე. ამიტომ მომართეს სასამართლოს სარჩელით განქორწინების თაობაზე. ნ-----------ს და ვ-----–---–----ს ჰყავთ საერთო შვილი გ--------–---–----, დაბადებული 2----–-–-----------------. მამა არანაირ მონაწილეობას არ იღებს ბავშვის რჩენა-აღზრდაში მიუხედავად იმისა, რომ ის არის დასაქმებული და ეწევა სოფლის მეურნეობას. ამიტომ მას უნდა დაეკისროს ალიმენტი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურად.

 

მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე ნ-----------მ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების ნაწილში და ითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის სახით 80 ლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ვ-----–---–----მ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი არც ერთ ნაწილში და განმარტა, რომ ის არსად არ მუშაობს და არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. ასევე არ დაეთანხმა განქორწინებას.

 

ანალოგიური პოზიცია ეკავა საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას ვ-----–---–----- წარმომადგენელს, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ვ-----–---–---- 2018 წლის 14 დეკემბერს გათავისუფლდა პატიმრობიდან. არ არის დასაქმებული, არ გააჩნია დამხმარე მეურნეობა, არა აქვს არანაირი შემოსავალი. ის სოციალურად დაუცველია და იღებს შემწეობას 40 ლარის ოდენობით. ჰყავს დედა, რომელიც ძველმანებზე მუშაობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 18 ივლისიდან მოსარჩელე ნ----------- და მოპასუხე ვ-----–---–---- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი - გ--------–---–----, დაბადებული 2----–-–------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქორწინების მოწმობა (იხ. ს.ფ. 21);

- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 15);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. დღეის მდგომარეობით მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მოსარჩელე ითხოვს განქორწინებას ყოველგვარი შესარიგებელი ვადის გარეშე, რადგანაც გამორიცხულია მათი ქორწინების შენარჩუნება. მოპასუხე არ ცნობს სარჩელს, მაგრამ არც შერიგებისთვის არ ითხოვს ვადას.

 

3.2.2. მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია შესარიგებელი ვადის დანიშვნა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შორის არსებული უთანხმოების მიზეზები არ არის დროებითი ხასიათის და შეუძლებელია მათი აღმოფხვრა, რადგან მოსარჩელეს გაწყვეტილი აქვს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობა. ამასთან მხარეებს არც შერიგების სურვილი არ გამოუთქვამთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2.3. დადგენილია, რომ არასრულწლოვან გ--------–---–----ზე მზრუნველობასა და მისი მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს დედა - მოსარჩელე ნ-----------. ამ ეტაპზე მოსარჩელე ცხოვრობს მშობლებთან, რომლებიც უწევენ მატერიალურ დახმარებას, კერძოდ: დედა და ბებია საზღვარგარეთ ჰყავს, თუმცა დედა ამჟამად არ მუშაობს. მოსარჩელე ნ----------- ამჟამად სწავლობს, ის არ არის დასაქმებული.

 

3.2.4. მოსარჩელე ნ------------ განმარტებით, ბავშვი ამჟამად ხელოვნურ კვებაზეა, ჯანმრთელია. ვ----- მამა ეხმარებათ სოფლიდან საკვებით, ამიტომ ამცირებს ალიმენტს 80 ლარამდე.

 

3.2.5. მოპასუხე ვ-----–---–----მ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი არც ერთ ნაწილში და განმარტა რომ ის არსად არ მუშაობს და არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. ასევე არ დაეთანხმა განქორწინებას. ვ-----–---–----- წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ ვ-----–---–---- 2018 წლის 14 დეკემბერს გათავისუფლდა პატიმრობიდან. არ არის დასაქმებული, არ გააჩნია დამხმარე მეურნეობა, არა აქვს არანაირი შემოსავალი. ის სოციალურად დაუცველია და იღებს შემწეობას 40 ლარის ოდენობით. ჰყავს დედა, რომელიც ძველმანებზე მუშაობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს დაზუსტებული სარჩელის (ალიმენტის დაკისრება) დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ------------ და ვ-----–---–----- შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სურს განქორწინება შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე. მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ მეუღლეთა შორის არსებული უთანხმოების მიზეზები არ არის დროებითი ხასიათის და შეუძლებელია მათი აღმოფხვრა, რადგან მოსარჩელეს გაწყვეტილი აქვს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობა. ამასთან, მხარეებს შერიგების სურვილი არა აქვთ, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია შესარიგებელი ვადის დანიშვნა. შესაბამისად, არსებობს სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა, არამედ ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთის მხრივ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილებისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში მამამ, მოპასუხე ვ-----–---–----მ უნდა უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილის რჩენა ყველაზე ელემენტარულ დონეზე მაინც, ბავშვისათვის თუნდაც საარსებოდ აუცილებელი ყოველდღიური კვების ღირებულების ანაზღაურებით. შესაბამისად მისი საალიმენტო ვალდებულება შვილის სასარგებლოდ უნდა განისაზღვროს 80 ლარით, რაც სასამართლოს აზრით, მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის გონივრულად და სამართლიანად უნდა ჩაითვალოს. ამასთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს მეორე მშობლის, მოსარჩელე ნ----------- თანაბარ ვალდებულებასაც შვილის მიმართ, რომელსაც ასევე ძალუძს ნაწილობრივ საკუთარი მოწადინებით და შრომითაც მოუპოვოს არასრულწლოვან შვილს საარსებო საშუალებები.

 

6.2. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. იმავე კოდექსის 1122-ე მუხლის „გ” პუნქტის შესაბამისად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

ამდენად, ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას, ისევე, როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ------------ და ვ-----–---–----- შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სურს განქორწინება, რაზეც მართალია მოპასუხე მხარე წინააღმდეგია, მაგრამ რეალურად, არც შერიგების სურვილი არ გამოუთქვამს. მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ მეუღლეთა შორის არსებული უთანხმოების მიზეზები არ არის დროებითი ხასიათის და შეუძლებელია მათი აღმოფხვრა, რადგან მოსარჩელეს გაწყვეტილი აქვს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობა. ამასთან, მხარეთა განმარტებების შედეგად ირკვევა, რომ მხარეები შერიგებას ვერ ახერხებენ. რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია შესარიგებელი ვადის დანიშვნა. შესაბამისად, არსებობს სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ასევე დადგენილია, რომ არასრულწლოვანი გ--------–---–---- იზრდება დედასთან. მოსარჩელემ შეამცირა ალიმენტის ოდენობა 80 ლარამდე, მაგრამ მოპასუხე განმარტავს, რომ ვინაიდან უმუშევარია, ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობა კანონით განსაზღვრული არ არის და იგი დამოკიდებულია მშობლის გადახდისუნარიანობაზე, ასევე არასრულწლოვნის საჭიროებებსა და უპირატეს ინტერესებზე, რომელთა რჩენის ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არც ერთი მშობელი დასაქმებული არაა და ბავშვი ფაქტიურად იმყოფება მხარეების მშობლების კმაყოფაზე, თუმცა მათ გააჩნიათ ფიზიკური შესაძლებლობა იმისა, რომ არჩინონ და მზრუნველობა გაუწიონ მათ არასრულწლოვან შვილს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს დაზუსტებული სარჩელის (ალიმენტის დაკისრება და განქორწინება) დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

ვინაიდან ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხე ვ-----–---–----ს უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით მისი შვილის გ--------–---–----- სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 15 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ განქორწინების ნაწილში სარჩელის აღძვრისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განქორწინების ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის აღძვრისათვის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსკ-ის 46.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე საარსებო შემწეობის მიმღებია და შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსკ-ის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი). დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ------------ დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ვ-----–---–----ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის გ--------–---–----- (დაბ.: 2----–-–-----------------, პ/ნ 6----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 15 აგვისტოდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

3. შეწყდეს მოსარჩელე ნ-----------სა (პ/ნ 6----------) და ვ-----–---–----ს (პ/ნ 1----------) შორის 2017 წლის 18 ივლისს №68173000759 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;

 

4. მოპასუხე ვ-----–---–----ს მოსარჩელე ნ------------ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. ალიმენტის დაკისრების ნაწილში მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე