გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
330210018002694118
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/31249-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

20 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - რე-------------ი

წარმომადგენელი - ბა-----------ა

მოპასუხე - სს ,,სა---------–--------ი”

წარმომადგენელი - სა---------------–---–ი

დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. აეკრძალოს მოპასუხე სს ,,სა---------–--------ი’’-ს მოსარჩელე რე-------------ის ანგარიშებიდან კუთვნილი თანხების ჩამოჭრა 2015 წლის 27 ოქტომბრამდე არსებული შესაძლო ვალდებულებების მითითებით.

 

(მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, კერძოდ მოხსნა მოთხოვნა თანხის დაკისრების ნაწილში / იხ. 07.03.2019 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მეგობარმა სს ,,სა---------–--------ი’’-ს ფეი აპარატიდან მოსარჩელეს ჩაურიცხა 10 ლარი, თუმცა აღნიშნული თანხა ჩამოეჭრა ანგარიშიდან. მოსარჩელემ მიმართა სს ,,სა---------–--------ი’’-ს სერვის ცენტრს, მაგრამ ბანკის ოპერატორის განცხადებით ჩარიცხული 10 ლარი გაიქვითა 2005 წლის სასესხო დავალიანების დასაფარად.

ბანკის მოქმედების უკანონობაზე მიუთითებსს ის ფაქტი, რომ ნებისმიერი სესხი, მისი არსებობის შემთხვევაშიც კი, 2005 წლის კი არა 2014 წლისაც რომ ყოფილიყო, ხანდაზმულია და აღნიშნული საფუძვლით თანხის ჩამოჭრა საბანკო ანგარიშიდან დაუშვებელია.

 

აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკამყოფილდა, რადგან სასამართლოს განმარტებით არ დადასტურდა თანხის ჩამოჭრის ფაქტი.

 

2018 წლის 25 ოქტომბერს, მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მესამე პირის მიერ კვლავ ჩაირიცხა 8 ლარი და ჯამში 18 ლარით რ. თვაურმა განიზრახა, კომუნალური გადასახადის, კერძოდ, კი შპს ,,ყ--------------ის“ წინაშე მისი ვალდებულების დაფარვა, მაგრამ სს სა---------–--------ის სერვისცენტრის ოპერატორმა, მოსარჩელეს განუცხადა, რომ აღნიშნული თანხები კერძოდ 10 და 8 ლარი ჩამოჭრილი იყო მისი ანგარიშიდან სასესხო ვალდებულების დასაფარავად, მაგრამ ვერც ბანკის ამჟამინდელმა წარმომადგენელმა ვერ დაასახელა საფუძველი და ვერ იქნა იდენტიფიცირებული თუ რომელი სესხის დასაფარავად იქნა მიქცეული აღნიშნული 18 ლარი. შესაბამისად, მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად, მოსარჩელემ ვერ შეძლო მესამე პირის წინაშე ვალდებულების შესრულება. განვლილ პერიოდში მოპასუხის მიერ უკვე ორჯერ უკანონოდ განხორციელებული ქმედების გათვალისწინებით, აუცილებელია მას აეკძრალოს მომავალში რე-------------ის კუთვნილი თანხების ჩამოჭრა სარჩელის აღძვრის დრომდე 3 წლიან ვადაზე მეტ პერიოდზე ვალდებულების მითითებით, რაც თავიდან ააცილებს მოსარჩელეს დაუსრულებელ დავას, ბანკის მიერ თანხის ყოველი უკანონო ჩამოჭრის შესაბამისად.

 

(იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-7, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მოისმინეთ 2019 წლის 07 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სს ,,სა---------–--------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ დააზუსტა შესაგებელი და განმარტა, რომ ცნობდა სარჩელს ნაწილობრივ, კერძოდ # 3----- საკრედიტო ვალდებულების ნაწილში, რომლის დაფარვის მიზნითაც მოხდა თანხის ჩამოჭრა.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ იყო გამხდარი მხოლოდ ზემოაღნიშნული საკრედიტო ვალდებულების შემცირების საკითხი, შესაბამისად, რე-------------ის ზოგადი მითითება, რომ არ დაეკისროს პასუხისმგებლობა 2015 წლის 27 ოქტომბრამდე აღებულ ვალდებულებებზე ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს.

 

(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 29-30, მოპასუხის ახსნა-განმარტება, მოისმინეთ 2019 წლის 07 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,სა---------–--------ი’’-ში მოსარჩელე რე-------------ის კუთვნილი ანგარიშიდან 2018 წლის 25 ოქტომბერს სს ,,სა---------–--------ი’’-ს მიერ ჩამოჭრილია ამავე თარიღში ამ ანგარიშზე გადახდის აპარატის საშუალებით ჩარიცხული 08 ლარი.

 

აღნიშნული თანხა მიემართა 2007 წლის 02 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მოსარჩელე რე-------------ის სს ,,სა---------–--------ში“ გახსნილი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 41);

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 37-40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2019 წლის 01 მარტს, სს ,,სა---------–--------მა“ რე-------------ის პირად ანგარიშზე ჩარიცხა 8 ლარი, 2018 წლის 25 ოქტომბერს პროცენტის დაფარვისათვის ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 65).

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. სს ,,სა---------–--------ი“-ს მიერ 2019 წლის 28 თებერვალს გაცემული დავალიანების ცნობის თანახმად, რე-------------ის ფინანსური ვალდებულება, მას და სს ,,სა---------–--------ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ან/და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის ფარგლებში შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან ან/და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 28/02/2019 წლის მდგომარეობით შეადგენს საკომისიოს დავალიანება 35 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 64).

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ დღეის მდგომარეობით რე-------------ს გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება სს ,,სა---------–--------ის“ მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო სხდომებზე სს „სა---------–--------ის“ წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ 2019 წლის 28 თებერვლის დავალიანების ცნობაში მითითებული თანხა 35 ლარი წარმოადგენს არა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას, არამედ საკრედიტო ბარათით მომსახურების საკომისიოს თანხას. მოპასუხე დაეთანხმა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საკრედიტო ხელშეკრულების, მათ შორის 2007 წლის 02 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში რე-------------ს სს ,,სა---------–--------ი“-ს წინაშე დავალიანება არ გააჩნია.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს აეკრძალოს მოპასუხე სს ,,სა---------–--------ი’’-ს მოსარჩელე რე-------------ის ანგარიშებიდან კუთვნილი თანხების ჩამოჭრა 2015 წლის 27 ოქტომბრამდე არსებული შესაძლო ვალდებულებების მითითებით.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის მტკიცებულება, რომ 2019 წლის 28 თებერვლის დავალიანების ცნობაში მითითებული საკომისიოს დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის 27 ოქტომბრამდე არსებული ვალდებულებების ფარგლებში და სს ,,სა---------–--------სა“ და რე-------------ის შორის არსებობდა შეთანხმება საკრედიტო ბარათით მომსახურების ანაზღაურებაზე (კონკრეტული თარიღი, მოქმედების ვადა, მომსახურების ტარიფები). მხოლოდ ზეპირი მითითებით კი ზემოაღნიშნული გარემოება არ შეიძლება დადასტურდეს.

 

სასამართლო მოცემული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ დავალიანების შესახებ ცნობა არ იძლევა დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ხელშეკრულებას დადებულად მიიჩნევს, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. კონკრეტული სადავო ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მოსარჩელის პირადი ანგარიშის გახსნისა და მის მიერ ბარათის მიღების ფაქტი, შესაძლებელია დადასტურდეს ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, მხოლოდ მითითებული ცნობა დავალიანების შესახებ, სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლევა დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამებიან სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს. სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 208-ე, 102-ე, 105-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 861-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე - სს ,,სა---------–--------მა“ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 3----- საკრედიტო ვალდებულების ნაწილში, რომლის დაფარვის მიზნითაც მოხდა თანხის ჩამოჭრა. რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ არსებული ფორმით.

 

ამავე კოდექსის 861-ე მუხლის თანახმად, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში.

 

მითითებული მუხლის ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობაში ძირითად პრინციპს წარმოადგენს ანგარიშზე არსებული სახსრების ხელშეუხებლობა. ყველა ოპერაცია, რომელიც ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვას ან ანგარიშიდან ჩამოწერას ეხება, უნდა მოხდეს ანგარიშის მფლობელის მითითებით ან ნებართვით. ასეთის გარეშე ფულადი სახსრების ჩამოწერა, ანგარიშის მფლობელის ქონების განკარგვას ნიშნავს და კლიენტის ნების უგულებელყოფა კანონსაწინააღმდეგოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების, კერძოდ 2018 წლის 25 ოქტომბერს დარიცხული 08 ლარი განიკარგა მისი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულით შეილახა მოსარჩელის ქონებრივი ინტერესი, რომელიც აღდგენილი იქნა მოპასუხის მხრიდან 2019 წლის 01 მარტს თანხის დაბრუნების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს აეკრძალოს მოპასუხე სს ,,სა---------–--------ი’’-ს მოსარჩელე რე-------------ის ანგარიშებიდან კუთვნილი თანხების ჩამოჭრა 2015 წლის 27 ოქტომბრამდე არსებული შესაძლო ვალდებულებების მითითებით.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ იყო გამხდარი მხოლოდ N3----- საკრედიტო ვალდებულების შემცირების საკითხი, შესაბამისად რე-------------ის ზოგადი მითითება, რომ არ დაეკისროს პასუხისმგებლობა 2015 წლის 27 ოქტომბრამდე აღებულ ვალდებულებებზე ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს.

 

მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის დღეის მდგომარეობით 2007 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე რე-------------ის ვალდებულების არარსებობას და ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ არც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებობს რე-------------ის ვალდებულება, გარდა საკრედიტო ბარათით მომსახურების საკომისიოს (ღირებულების) 35 ლარისა.

 

თუმცა მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის მტკიცებულება, რომ 2019 წლის 28 თებერვლის დავალიანების ცნობაში მითითებული საკომისიოს დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის 27 ოქტომბრამდე არსებული ვალდებულებების ფარგლებში და სს ,,სა---------–--------სა“ და რე-------------ის შორის არსებობდა შეთანხმება საკრედიტო ბარათით მომსახურების ანაზღაურებაზე (კონკრეტული თარიღი, მოქმედების ვადა, მომსახურების ტარიფები). მხოლოდ ზეპირი მითითებით კი ზემოაღნიშნული გარემოება არ შეიძლება დადასტურდეს.

 

შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც 2007 წლის 02 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე რე-------------ის ვალდებულებას სს ,,სა---------–--------ი“ შესრულებულად მიიჩნევს, ხოლო მოსარჩელის სხვა ვალდებულების არსებობის დადასტურება მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ მხარემ ვერ შეძლო, სასამართლო მიიჩნევს, რომ რე-------------ის სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, კერძოდ, მოხსნა მოთხოვნა თანხის დაკისრების ნაწილში, ხოლო მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი # 3----- საკრედიტო ვალდებულების ნაწილში, რომლის დაფარვის მიზნითაც მოხდა თანხის 8 ლარის ჩამოჭრა.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იმის გათვალისიწნებით, რომ მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, მოსარჩელეს სახელმწიფო ხაზინიდან უნდა დაუბრუნდეს 25 ლარი და აღნიშნული მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს დარჩენილი 25 ლარი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. რე-------------ის სარჩელი სს ,,სა---------–--------ის” მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. სს ,,სა---------–--------ს“ აეკრძალოს რე-------------ის კუთვნილი თანხების ჩამოჭრა 2015 წლის 27 ოქტომბრამდე არსებული ვალდებულებების მითითებით.

 

3. სს ,,სა---------–--------ს” რე-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 25 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. რე-------------ს დაუბრუნდეს ბა-----------ას მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 25.00 ლარი.

 

(გადახდის თარიღი - 25/10/2018 საგადახდო დავალება #5---------; გადამხდელი- ბა-----------ა; გადამხდელის ბანკი - სს ,,ლ--------------“; სახაზინო კოდი - 3--------; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა.)

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი