გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310017002011563
საქმე № 3/198-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნინო არაბული
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - გ------- ქ----–-----ე
მოპასუხე - შპს ,,მ-----ი“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს ,,მ-----ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 6 401 (ექვსი ათას ოთხას ერთი) აშშ დოლარის და 48 (ორმოცდარვა) ცენტის ექვივალენტის ლარში გადახდა.
1.2. მოპასუხე შპს ,,მ-----ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაუბრუნებლობის გამო 36 372 (ოცდათექვსმეტი ათას სამას სამოცდათორმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.
მოსარჩელემ მიუთითა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს (უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს ,,მ-----ს“ შორის 26.06.2007 წელს გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, იჯარა-გამოსყიდვის უფლებით, 48 501 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად მოპასუხეს გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორი ტრაქტორი და ორი სხვა მოწყობილობა. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 26 მაისისა. ”სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 481-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათავისუფლდა სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობა, 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე, გათავისუფლდა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან, ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. შესაბამისად, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მოპასუხეს განესაზღვრა საპრივატიზებო თანხის, საიჯარო ქირისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის საბოლოო ვადა. იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხის მიერ საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში არ შესრულებულა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება 2017 წლის 1 იანვრიდან მიიჩნევა შეწყვეტილად, მოძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლოს სახით 6 401,48 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხტოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულების 5.3 მუხლით გათვალისწინებული პირაგსამტეხლო 0,1% ოდენობით, გამომდინარეობს ,,სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31 მარტის N1-3/152 ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტიდან, რომლის თანახმადაც, საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში "მოიჯარე" იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ჯარიმდება დარჩენილი საიჯარო ქონების ღირებულების და/ან გადასახდელი ქირის 0.1%-ით.
მოსარჩელის პოზიციით, ვინაიდან მოპასუხის მიერ საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები კანონით დადგენილ ვადაში არ შესრულებულა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება 2017 წლის 1 იანვრიდან მიიჩნევა შეწყვეტილად. მოძრავი ქონება კი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ექვემდებარება დაბრუნებას. შპს ,,მ-----ს“ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 02 ნოემბრის №11/57731 წერილი, რომლითაც მოეთხოვა 2007 წლის 21 ივნისს გაფორმებული იჯარა - გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - 2 ტრაქტორის და 2 სხვა დანარჩენი მოწყობილობის სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნება, თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა, ვინაიდან მოძრავი ქონების ნატურით დაბრუნება შეუძლებელია მისი განადგურების, დაზიანების და დაკარგვის გამო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოადგინა, შესაბამისად სასამართლოსთვის უცნობია მისი პოზიცია, სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2007 წლის 26 ივნისს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და შპს ,,მ-----ს“ შორის დაიდო №26 საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც იჯარა-გამოსყიდვის უფლებით 48 501 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად შპს ,,მ-----ს“ გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ტრაქტორი და 2 სხვა დანარჩენი მოწყობილობა. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 26 მაისის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2007 წლის 26 ივნისს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და შპს ,,მ-----ს“ შორის დადებული №26 საიჯარო ხელშეკრულება.
მიღება-ჩაბარების აქტი;
3.2. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შპს ,,მ-----ი“ 2016 წლის 28 მარტიდან გათავისუფლდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან (საპრივატიზებო სააფასურის გადახდის ვალდებულების გარდა), ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე. გათავისუფლდა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან; ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სააგენტოს წერილებით მოპასუხეს განესაზღვრა საპრივატიზებო თანხის საიჯარო ქირის და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის საბოლოო ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 26 აგვისტოს №4/44281 წერილი;
2016 წლის 24 ივნისის №4/32091 წერილი;
2017 წლის 02 მარტის №4/10217 წერილი;
3.3. ვინაიდან მოპასუხის მიერ საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები კანონით დადგენილ ვადაში არ შესრულებულა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება 2017 წლის 1 იანვრიდან მიიჩნევა შეწყვეტილად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მხარის ახსნა-განმარტება;
3.4 შპს ,,მ-----ს გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 02 ნოემბრის №11/57731 წერილი, რომლითაც მოეთხოვა 2007 წლის 26 ივნისს გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 2 ტრაქტორის და 2 სხვა მოწყობილობის სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნება, თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 02 ნოემბრის №11/57731 წერილი;
№11/57731 წერილის ჩაბარების დამადასტურებელი ფოსტის შეტყობინების ბარათი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,მ-----ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა, 500 (ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით, ექვივალენტით ლარში, ასევე მოპასუხე შპს ,,მ-----ს“ დაეკისროს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაუბრუნებლობის გამო 36 372 (ოცდათექვსმეტი ათას სამას სამოცდათორმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტური ლარის ოდენობით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, 251-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი, 65-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 317-ე, 316-ე და 361-ე მუხლები. ”სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.3. 2007 წლის 26 ივნისს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და შპს ,,მ-----ს“ შორის დაიდო №26 საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც იჯარა-გამოსყიდვის უფლებით 48 501 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად შპს ,,მ-----ს“ გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ტრაქტორი და 2 სხვა დანარჩენი მოწყობილობა, ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონის საფუძველზე, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის 21 ივლისის კანონით ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“, რომლის 481 მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად: ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათავისუფლდა სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობა, 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე, გათავისუფლდა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან, ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.
6.4. კანონი ”სახელმწიფო ქონების შესახებ” აწესრიგებს საქართველოს ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რის საფუძველზეც გადაეცა აღნიშნული სახელმწიფო ქონება (ტექნიკა) შპს ,,მ-----ს“ იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის და რათა შეესრულებინა საჯარო უფლებამოსილება - სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ამ შემთხვევაში სწორედ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დაიდო ხელშეკრულება. ამ მიზნის გათვალისწინებით, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
6.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები, ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.7 მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა პირობები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, ”მოიჯარე” მიიღებდა გაფრთხილებას წერილობით სახით, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმდება დარჩენილი საიჯარო ქონების ღირებულების და/ან გადასახდელი ქირის 0,1%-ით. ხელშეკრულების 3.1. პუქტით ”მოიჯარეს” ასევე განესაზღვრა ვალდებულება საპრივატიზებო ღირებულების გადახდის გრაფიკის მიხედვით, რაც არ შესრულდა. და ვინაიდან გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა მხარეებს შორის ურთიერთობა წესრიგდება კანონით სახელმწიფო ქონების შესახებ, მეიჯარემ (სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ)ამ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით წერილით მიმართა მოიჯარეს და განუსაზღვრა დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადა. ასევე შეახსენა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოსალოდნელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას მოპასუხე მხარისათვის. რაც სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია, რადგან შპს ,,მ-----ს“ არ შეუსრულებია ხელშკრულების პირობები და უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, რაც შეეხება მის ოდენობას სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, არათანაზომიერი და არაგონივრული ვითარებისას, როდესაც კანონით გამოიხატა ნება შეღავათი გაწეულიყო იმ პირთა მიმართ, ვინც ვერ შეასრულა ვალდებულება. აქედან გამომდინარე, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 500 (ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.
რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაუბრუნებლობის გამო შპს ,,მ-----ისთვის“ 36 372 (ოცდათექქვსმეტი ათას სამას სამოცდათორმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში დაკისრების მოთხოვნის შესახებ, ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშანვს, რომ ვინაიდან შპს ,,მ-----ის“ მიერ სააპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები კანონით დადგენილ ვადაში არ შესრულდა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება 2017 წლის 1 იანვრიდან მიიჩნევა შეწყვეტილად და მოძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, შესაბამისად იგი ექვემდებარება დაბრუნებას.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,მ-----ს“ გაეგზავნა 2017 წლის 02 ნოემბრის №11/57731 წერილი, 2007 წლის 21 ივნისს გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული სასოფლო-საამეურნეო ტექნიკის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ, თუმცა შპს ,,მ-----ის“ მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,მ-----ისთვის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაუბრუნებლობის გამო 36 372 (ოცდათექვსმეტი ათას სამას სამოცდათორმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება სარჩელზე წარმოებს ”სახელმწიფო ბაჟი შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგარან არანაკლებ 100 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მიხედვით დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის გადასახდელი თანხით.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ს1” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. მოპასუხე შპს ,,მ-----ს“ კი, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2 927 (ორი ათას ცხრაას ოცდაშვიდი) ლარის და 78 (სამოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-5, მე-12, 251, მე-19 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-53-ე მუხლებით, 243-ე, 244-ე, 364-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ,,მ-----ს“ დაეკისროს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაუბრუნებლობის გამო 36 372 (ოცდათექვსმეტი ათას სამას სამოცდათორმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტური ლარის ოდენობით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ გადახდა;
3. შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და მოპასუხე შპს ,,მ-----ს“ მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, 500 (ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით, ექვივალენტით ლარში.
4. მოცემულ საქმეზე შპა ,,მ-----ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2 927 (ორი ათას ცხრაას ოცდაშვიდი) ლარის და 78 (საამოცდათვრამეტი) თეთრის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნინო გერგაული