გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2019
საქმის ნომერი
330210018002769067
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/36428-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - სს "გ--------------–----------------–---------------------------"

წარმომადგენელი - მ-------------------ე

მოპასუხე - შპს "ს----–-–---------–-----–----------ია"

წარმომადგენელი - ა-----------–---–ი

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2 610 ლარის ოდენობით.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 2-16, 2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი):

1.1.1. 2018 წლის 11 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა №----- იჯარის ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის ა. ქვეპუნქტის თანახმად იჯარის საგანია კ---------–-------- სახელმწიფო ნომრით №------.

1.1.2. ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარეს გადაეცა დროებით სარგებლობაში იჯარის საგანი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე;

1.1.3. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად იჯარის საგნის ფაქტობრივი სარგებლობისთვის ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენს 1 800 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.

1.1.4. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, იჯარის საგნით სარგებლობისათვის განისაზღვრა ვადა - 2 თვე და 20 დღე;

1.1.5. მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე განისაზღვრა იჯარის საგნით ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების რაოდენობა, რომელიც შეადგენს 13 დღეს;

1.1.6 ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად განისაზღვრა ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი, ანგარიშწორების ფორმა - უნაღდო ანგარიშსწორება;

1.1.7. ხელშეკრულების 5.2. პუნქტი განსაზღვრავს, რომ მოიჯარე იღებს ვალდებულებას გადაიხადოს საიჯარო ქირა იჯარის საგნის დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა;

1.1.8. ხელშეკრულების 7.1. პუნქტი განსაზღვრავს, რომ იჯარის საგნის მიღება-გადაცემა, დაბრუნება და ფაქტობრივი მდგომარეობა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, რომელიც ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით;

1.1.9. ხელშეკრულების 9.12. პუნქტის თანახმად მოიჯარე ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა და ტრანსპორტირების საფასური წინამდებარე ხელშეკრულების 5.2. პუნქტით დადგენილი წესისი შესაბამისად;

1.1.10. ხელშეკრულების 9.1.11. პუნქტის შესაბამისად მოიჯარე ვალდებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

1.1.11. ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 კალენდარული დღის საიჯარო ქირის 0.5%-ის ოდენობით;

1.1.12. ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულებით დადგენილი პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შეფერხება ან/და შეუსრულებლობა გამოიწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებების შედეგად;

1.1.13. შპს ს----–-–---------–-----–----------იას" ტრანსპორტირების ხარჯებთან ერთად წარმოეშვა 27 400 ლარის გადახდის ვალდებულება, რომლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჩაბარდა 2018 წლის 13 ივლისს;

1.1.14. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად მოპასუხეს 27 400 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2018 წლის 18 ივლისის ჩათვლით სრულად, თანხის ერთიანი გადახდით;

1.1.15. მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულება განხორციელდა ეტაპობრივად, კერძოდ, 15 000 ლარი ჩაირიცხა - 2018 წლის 03 აგვისტოს, 7 400 ლარი - 10 აგვისტოს, ხოლო 5 000 ლარი - 17 აგვისტოს;

1.1.16. მოპასუხის მიერ ვადაგადაცილებამ 2018 წლის 19 ივლისიდან 2018 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით შეადგინა 29 დღე, შესაბამისად პირგასამტეხლო შეადგენს 2 610 ლარს;

1.1.17. მოპასუხეს ეცნობა ვალდებულების არსებობის შესახებ და გაეგზავნა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა №49, რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 22 აგვისტოს, რის მიუხედავადაც მისი მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოში დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი (ს.ფ. 42-49, 2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

2.1.1. შპს "ს----–-–---------–-----–----------იას", რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციას, მოსარჩელის მიმართ 2018 წლის 11 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო საფასური მთლიანად გადახდილი აქვს;

2.1.2. მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ დიდი და არათანაზომიერი, მაშინ როდესაც მოპასუხეს მთლიანად აქვს გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო თანხა;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 11 მაისს თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა №----- იჯარის ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია კ---------–--------, სახელმწიფო ნომრით №------, ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, იჯარის საგნის მიზანია საავტომობილო გზის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2 თვე და 20 დღე (2018 წლის 31 ივლისამდე).

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, იჯარით მიღებული ქონების ფაქტობრივი სარგებლობისთვის საიჯარო ქირა შეადგენს 1800 ლარს, ყველა სხვა გადასახადების ჩათვლით. ასევე, 4.2 პუნქტის თანახმად იჯარის საგნის ტრანსპორტირების საფასური შეადგენს 2 000 ლარს, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც ეკისრება მოიჯარეს. ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად იჯარის საგნის ფაქტობრივად გამოყენების ფაქტის დადგენა ხდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამავე ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად მოიჯარე იღებს ვალდებულებას გადაიხადოს საიჯარო ქირა, საგნის დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და ანგარიშფაქტურის გამოწერიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად განისაზღვრა ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი, ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, 9.1.11. პუნქტის თანახმად მოიჯარე ვალდებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამავე ხელშეკრულების 11.1. პუნქტის მიხედვით, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 კალენდარული დღის საიჯარო ქირის 0.5%-ის ოდენობით, ხოლო 10.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულებით დადგენილი პასუხსისმგებლობა გამოირიცხება, თუ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შეფერხება ან/და შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებების შედეგად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22)

 

3.1.2. შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე განისაზღვრა იჯარის საგნით სარგებლობის დღეების რაოდნობა, რომელიც შეადგენს 13 დღეს. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად მოპასუხეს ტრანსორტირების ხარჯებთან ერთად წარმოეშვა 27 400 ლარის გადახდის ვალდებულება, რომლის თაობაზეც ეცნობა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 13 ივლისს, ხელშკრულების 5.2 პუნქტის თანახმად კი მოპასუხეს დავალიანება სრულად უნდა დაეფარა 2018 წლის 18 ივლისის ჩათვლით. მოპასუხის მხრიდან თანხის ჩარიცხვა მოხდა ეტაპობრივად, 15 000 ლარი ჩაირიცხა 2018 წლის 03 აგვისტოს, 7 400 ლარი - 10 აგვისტოს, ხოლო 5 000 ლარი - 17 აგვისტოს. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს გადახდის პირობების დარღვევის შემთხვევაში უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილბულ დღეზე 10 კალენდარული დღის საიჯარო ქირის 0.5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22)

- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 23-25)

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 26-27)

- გადახდის ქვითრები (ს.ფ. 28-31)

 

3.1.3. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს გადახდის პირობების დარღვევის შემთხვევაში უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილბულ დღეზე 10 კალენდარული დღის საიჯარო ქირის 0.5%-ის ოდენობით. ვინაიდან საიჯარო ქირა შეადგენს 1 800 ლარს, ხოლო ვადაგადაცილებამ 2018 წლის 19 ივლისიდან 2018 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით შეადგინა 29 დღე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად ეკისრება პირგასამტეხლო 2 610 ლარის ოდენობით. მოპასუხეს ეცნობა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების არსებობის შესახებ და გაეგზავნა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა №49, რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 22 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22)

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 32)

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის 2018 წლის 11 მაისის №----- ხელშეკრულების 5.2 პუნქტით განსაზღვრული ვადა, კერძოდ, მის მიერ 2018 წლის 13 ივლისს ანგარიშ-ფაქტურების ჩაბარებიდან 5 კალენდარულ დღეში, 2018 წლის 18 ივლისის ჩათვლით, არ განხორციელებულა ვალდებულების შესრულება სრულად.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შესაბამის მტკიცებულებებს, მათ შორის მხარეთა მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტებს (ს.ფ. 23-25), საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (ს.ფ. 26-27) და საგადახდო ქვითრებს (ს.ფ. 28-31), რომლებიც უდავოდ ადასტურებენ მოპასუხის მიერ შესაბამისი სამუშაოების შესრულებას დადგენილი ვადების დარღვევით.

სასამართლო აღნიშნავს, საქმეში არსებული საგადახდო დავალების ქვითრებით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ სრულად იქნა გადახდილი იჯარის საგნით სარგებლობის ღირებულება, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევით, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ უცნობებია შესრულების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ.

მხარეებს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების 10.1. პუნქტის მიხედვით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი პასუხისმგებლობა გამოირიცხება თუ ვალდებულების შესრულების შეფერხება ან/და შეუსრულებლობა გამოწყვეულია ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობისას. პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, ხოლო 11.2. პუნქტი განსაზღვრავს ჯარიმის დაწესების წესსა და ოდენობას.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებით, მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება მოპასუხის მხრიდან შესრულების ვადების დარღვევა, რაც მათ შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას. მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი იმის დასადასტურებლად, რომ ვადაგადაცილება გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული პირობების გამო და არც სამუშაოს შესრულების პერიოდში უცნობებია მოპასუხეს მოსარჩელისათვის ფორს-მაჟორული პირობების შესახებ, რისი ვალდებულებაც ჰქონდა აღნიშნული ხელშეკრულების 10.2. მუხლიდან გამომდინარე.

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

დისპოზიციურობის პრინციპი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპთან მიმართებაში მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი. მტკიცების ტვირთის ვალდებულების მქონე სუბიექტია პროცესის მონაწილე ის მხარე, რომლის უფლებებსა და ვალდებულებებზე შესაძლოა იმოქმედოს სასამართლო გადაწყვეტილებამ.

მტკიცებულებათა გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ შეძლო მისი დასამტკიცებელი გარემოების - მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტის დადასტურება.

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სრულად განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი.

3.2.2. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. მოპასუხეს მისი გადახდა ეკისრება სასამართლოს მიერ განახევრებული ოდენობით, კერძოდ, 1 305 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის მიერ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაეკისრა მასსა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, 11.1 პუნქტის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების პირობები შეთანხმებული იყო მხარეთა მიერ, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა შესწავლა.

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას და ჯეროვნად შესრულებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2018 წლის 11 მაისს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე და მის ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 2 610 ლარი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი დაკისრება მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, სარჩელით მოთხოვნილი თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს, განახევრდეს და პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეს ნაცვლად 2 610 ლარისა დაეკისროს 1 305 ლარი.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოსარჩელის მიმართ არ იქნა შესრულებული დათქმულ დროსა და ვადაში. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მომხდარიყო მისი შემცირება. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 581-ე, 316-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 52-ე, 115-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

მოცემულ შემთხვევაში სს "გ--------------–----------------–---------------------------სა" და შპს „ს----–-–---------–-----–----------იას“ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეებს შორის წარმოშობილი სამართალურთიერთობა მოიცავს იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ურთიერთობას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემსრულებლის მიერ სახეზეა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ დარღვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის სარგებლობისათვის გადასახდელი საფასურის გადახდის ვადები.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და უნდა მომხდარიყო მისი შემცირება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ოდენობამდე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული სამართლებრივი ნორმების და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს პირგასამტეხლო დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.

7.საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარი (ს.ფ. 17). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 და 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე 50 ლარი დაუბრუნდება მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი. ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა მოთხოვნის ნახევარი, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის - 25.00 ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი ჩაითვლება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,გ--------------–----------------–---------------------------ს'' სარჩელი მოპასუხე შპს ,,ს----–-–---------–-----–----------იის'' მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე შპს ,,ს----–-–---------–-----–----------იას'' მოსარჩელე სს ,,გ--------------–----------------–---------------------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1 305 ლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხე შპს ,,ს----–-–---------–-----–----------იას'' მოსარჩელე სს ,,გ--------------–----------------–---------------------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 25 ლარის ოდენობით;

 

4. მოსარჩელე სს ,,გ--------------–----------------–---------------------------ს'' დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი, რომელიც 2018 წლის 11 დეკემბერს №5397 საგადასახადო დავალებით ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბუჯეტში გადახდილად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი