გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
330210018002719939
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/33001-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ. თ---–--ი

შესავალი ნაწილი

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მ---------–----–-----ა-------------------–---“

წარმომადგენელი - გი----------–---–ი

მოპასუხე - შპს „ჯო-------------------------------ი“

წარმომადგენელი - მზ-----------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ჯო-------------------------------ს“ შპს „ყა-------------------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 2486,29 ლარის გადახდა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 11 აგვისტოს ქალაქ თ---–--ში, ივ----------ში შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი დავით მესხიშვილი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 612,09 ლარი.

 

2017 წლის 05 ოქტომბერს ქალაქ თ---–--ში, ა----–---------–---–---------ის მიმდებარედ შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი კობა ზედგინიძე, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 324,23 ლარი.

 

2017 წლის 15 ნოემბერს ქალაქ თ---–--ში, შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ირაკლი ქავთარაძე, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 1549,97 ლარი.

 

ამდენად, შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს მიერ გაზსადენის დაზიანებით შპს ,,ყა-------------------–---ს“ მიადგა 2486,29 ლარის მატერიალური ზიანი, რომელიც მოპასუხის მიერ არ იქნა ანაზღაურებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომამდე დააზუსტა შესაგებელი და სარჩელი ცნო ნაწილობრივ 1505,14 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ზიანის ოდენობას და მიუთითა, რომ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია ჰაერში გაბნეული გაზის არასაყოფაცხოვრებო ტარიფი, ნაცვლად საყოფაცხოვრებო ტარიფისა და წარმოადგინა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის N13 დადგენილება, რომლის თანახმადაც 1 მ3 ბუნებრივი გაზის ღირებულება შეადგენს 0.46153 ლარს. გარდა ამისა, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის სამუშაოების ჩატარებისათვის გადახდილი ხელფასისა და 250 აბონენტისათვის მომსახურების გათიშვის დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც კომპანიას მოუხდა აბონენტის ჩართვა-გამორთვა და ამისათვის 100 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 11 აგვისტოს ქალაქ თ---–--ში, ივ----------ში შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი.

 

2017 წლის 11 აგვისტოს ქალაქ თ---–--ში, ივ----------ში მიწის სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყა-------------------–---“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით. აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ მთლიანობაში შეადგინა 612,9 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (იხ. ს.ფ. 24);

- ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს.ფ. 25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 3-4, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2017 წლის 05 ოქტომბერს ქალაქ თ---–--ში, ა----–---------–---–---------ის მიმდებარედ შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი.

 

2017 წლის 05 ოქტომბერს ქალაქ თ---–--ში, ა----–---------–---–---------ის მიმდებარედ, მიწის სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყა-------------------–---“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით. აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ მთლიანობაში შეადგინა 324,23 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (იხ. ს.ფ. 26);

- ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს.ფ. 27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 3-4, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. 2017 წლის 15 ნოემბერს ქალაქ თ---–--ში, ს-------–---–----------ის მიმდებარედ, შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი.

 

2017 წლის 15 ნოემბერს ქალაქ თ---–--ში, ს-------–---–----------ის მიმდებარედ, მიწის სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყა-------------------–---“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით. აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ მთლიანობაში შეადგინა 1549,97 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (იხ. ს.ფ. 28);

- ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს.ფ. 29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 3-4, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს, 2017 წლის 05 ოქტომბერსა და 2017 წლის 15 ნოემბერს მიწის სამუშაოების წარმოების შედეგად შპს ,,ყა-------------------–---“-ს მიადგა მატერიალური ზიანი - 1505,14 ლარის ოდენობით, რაც გამოიხატა შპს ,,ყა-------------------–---“-ს საკუთრებაში არსებული გაზსადენის დაზიანებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცების პროცესს წარმოადგენს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში.

 

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა.

 

მოსარჩელემ დამდგარი ზიანის მოცულობის დასადგენად წარმოადგინა მის მიერ შედგენილი აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმადაც დაზიანებული გაზსადენისა და მომსახურების ღირებულება შეადგენს ჯამში 2486,29 ლარს. კერძოდ, 2017 წლის 11 აგვისტოს მომხდარ დაზიანებაზე შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, გამოყენებული მასალებისა და მონტაჟის ღირებულება არის 27,50 ლარი, ხელფასი 30 ლარი, სატრანსპორტო ხარჯები 87,19 ლარი და ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის მოცულობა 524,90 ლარი, სულ 612,09 ლარი. 2017 წლის 05 ოქტომბერს მომხდარ დაზიანებაზე შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, გამოყენებული მასალებისა და მონტაჟის ღირებულება არის 15,79 ლარი, გაზის გაშვება-გამორთვითი სამუშაოების ღირებულება არის 35,95 ლარი, ხელფასი 30 ლარი, სატრანსპორტო ხარჯები 103,11 ლარი და ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის მოცულობა 221,12 ლარი, სულ 324,23 ლარი. ხოლო, 2017 წლის 15 ნოემბერს მომხდარ დაზიანებაზე შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, გამოყენებული მასალებისა და მონტაჟის ღირებულება არის 76,26 ლარი, გაზის გაშვება-გამორთვითი სამუშაოების ღირებულება არის 100 ლარი, ხელფასი 30 ლარი, სატრანსპორტო ხარჯები 240,08 ლარი და ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის მოცულობა 1309,89 ლარი, სულ 1549,27 ლარი.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას და თვლის, რომ რადგან ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია ჰაერში გაბნეული გაზის არასაყოფაცხოვრებო ტარიფი, ნაცვლად საყოფაცხოვრებო ტარიფისა შპს „ჯო-------------------------------ის“ მიერ ჩატარებული მიწის გათხრითი სამუშაოების შედეგად, შპს „ყა-------------------–---ს“ მიმართ მიყენებული ზიანის ოდენობა გაბნეული ბუნებრივი გაზის ნაწილში უნდა განისაზღვროს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის N13 დადგენილებაში მითითებული ტარიფის შესაბამისად.

 

შესაბამისად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გაბნეული ბუნებრივი გაზის ნაწილში ზიანი არის:

ა) 2017 წლის 11 აგვისტოს ქალაქ თ---–--ში, ივ----------ში გაბნეული იქნა 699,86 მ3X0.461394= 322,91 ლარი;

ბ) 2017 წლის 05 ოქტომბერს ქალაქ თ---–--ში, ა----–---------–---–---------ის მიმდებარედ გაბნეული იქნა 294,82 მ3X0.461394= 136,02 ლარი;

გ) 2017 წლის 15 ნოემბერს ქალაქ თ---–--ში, სა------–---–----------ის მიმდებარედ გაბნეული იქნა 1746,52 მ3X0.461394= 805,83 ლარი;

 

ამდენად, ჯამში გაბნეული ბუნებრივი გაზის ნაწილში ზიანის ოდენობა შეადგენს 1264,76 ლარს, ნაცვლად მოთხოვნილი 2055,91 ლარისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ შეიცავს გაცემული ხელფასისა და 2017 წლის 15 ნოემბერს მომხდარ დაზიანებაზე ჩატარებულ გაზის გაშვება-გამორთვითი სამუშაოების მონაცემებს, კერძოდ გაურკვეველია თუ როგორ და რა მასალებზე დაყრდნობით დაადგინა შპს ,,ყა-------------------–---“-ს საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა გასაცემი ხელფასის ოდენობა და აბონენტთა ჩართვა-გამორთვის ფასები. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის ხელფასის სახით თანხის გაცემისა და 250 აბონენტის ჩართვა-გამორთვის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება სამუშაოების ჩატარებისათვის ხელფასის ჯამში 90 ლარის გაცემისა და 2017 წლის 15 ნოემბერს მომხდარ დაზიანებაზე 250 აბონენტის ჩართვა-გამორთვის, შესაბამისად 100 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მთლიანობაში მოსარჩელეს მიადგა ზიანი ჯამში - 1505,14 ლარის ოდენობით (2486,29-791,15-90-100), ნაცვლად მოთხოვნილი 2486,29 ლარისა, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საავარიო სამსახურში შესული განაცხადებები და მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს.ფ. 24-29)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „ყა-------------------–---ს“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-103-ე, 208-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 997-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხე - შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 1505,14 ლარის ნაწილში, რაც მის მიმართ მოცემული ოდენობით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული 992-ე მუხლი განაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

 

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ზიანის ანაზღაურებას აკისრებს პირს, რომლის მუშაკიც თავისი შრომითი (სამსახურეობრივი) მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს მესამე პირს. ასეთ დროს მესამე პირისათვის ზიანის მიყენებისათვის სამუშაოს მიმცემი პასუხს აგებს თავისი და არა სხვისი ბრალისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში, მუშაკის მოქმედება შეფასებულ უნდა იქნეს როგორც თვით სამუშაოს მიმცემის მოქმედება.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მუშაკების მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებას და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რასაც მოჰყვა ზიანი, კერძოდ მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოს შედეგად მოხდა შპს „ყა-------------------–---ს“ მიწისქვეშა გაზსადენის დაზიანება, რის საფუძველზეც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.

 

6.5. რაც შეეხება მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს, 2017 წლის 05 ოქტომბერსა და 2017 წლის 15 ნოემბერს მიწის სამუშაოების წარმოების შედეგად შპს ,,ყა-------------------–---“-ს მიადგა მატერიალური ზიანი - 1505,14 ლარის ოდენობით, რაც გამოიხატა შპს ,,ყა-------------------–---“-ს საკუთრებაში არსებული გაზსადენის დაზიანებაში. რის გამოც შპს ,,ყა-------------------–---ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------ს’’ შპს ,,ყა-------------------–---ს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 1505,14 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო 1505,14 ლარის ნაწილში და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 45,15 ლარი. დარჩენილი ნაწილი კი, სარჩელზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ყა-------------------–---’’-ს სარჩელი მოპასუხე შპს „ჯო-------------------------------ი“-ს მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------ს’’ შპს ,,ყა-------------------–---’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1505.14 ლარის გადახდა.

 

3. შპს ,,ყა-------------------–---’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 07 ნოემბერს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 45.15 ლარი.

 

(გადახდის თარიღი - 07/11/2018 წელი; საგადახდო დავალება #113178; გადამხდელი - შპს ,,ყა-------------------–---’’ ; გადამხდელის ბანკი - სს ,, ს----------–---------“, სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).

 

4. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი