გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
330210018002534639
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002534639 (2/20549-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე შპს ,,მ-----–----ი-2017’’

წარმომადგენელი გ---–--–-----ა

 

მოპასუხეები შპს ,,ბ------ი 2017’’, ს----–--------–----------------

მოპასუხე ს----–--------–----------------ს წარმომადგენელი ნ-----–-------–-----ი

 

დავის საგანი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 9 ნოემბრის N----------რძანების საფუძველზე, 2017 წლის 13 ნოემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში (------------------ მითითებული შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების (ორთავიანი ხერხი; ფრეზი; გასასუფთავებელი ფრეზი; შემადუღებელი უთო) ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

 

2017 წლის მაისის დასაწყისში შპს ,,მ-----–----ი-2017’’-სა და ,,ბ------ი 2017’’-ს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის საფუძველზედაც შპს ,,ბ------ი 2017’’-მა მოსარჩელეს საკუთრებაში გადასცა შემდეგი მოძრავი ნივთები: ორთავიანი ხერხი, ფრეზი, გასასუფთავებელი ფრეზი, შემადუღებელი უთო. შეძენილი ნივთების ღირებულებამ შეადგინა 137 000 ლარი. მოლაპარაკების თანახმად, გამყიდველს უნდა გადაეცა ქონება, ხოლო მისი საფასურის გადახდა მოხდებოდა მოგვიანებით, არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ქონება მყიდველს მფლობელობაში გადაეცა მოლაპარაკებისთანავე. 2017 წლის 13 ნოემბერს შემოსავლების სამსახურმა ყადაღა დაადო მოსარჩელის კუთვნილ ქონებას, რომლის საფასური ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი იქნა 2017 წლის 21 აგვისტოს. აღმოჩნდა, რომ გამყიდველს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება, რის საფუძველზეც შემოსავლების ორგანომ მიიჩნია რა, რომ ქონება წარმოადგენდა შპს ,,ბ------ი 2017’’-ის საკუთრებას, ჯერ საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა გაავრცელა დანადგარებზე, ხოლო შემდეგ ყადაღა დაადო. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა გარემოება, რომ მხარეთა შორის შეთანხმება შედგა მაისის დასაწყისში, რა დროსაც მის მიერ გადახდილი იქნა ნასყიდობის საფასურის ნაწილი 40 000 აშშ დოლარი. მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევისთანავე დანადგარები პირდაპირ მფლობელობაში გადაეცა მყიდველს. ნასყიდობის საფასური სრულად დაიფარა 2017 წლის 21 აგვისტოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს---–--------–---------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,ბ------ი 2017’’-ის მიერ განხორციელებული იმპორტის ოპერაციების შესაბამისად, გადამხდელის პირად ბარათზე დეკლარირებული გადასახადის აღრიცხვისა და მისი ვადაში გადაუხდელობის შედეგად, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის შეტყობინებით გადასახადის გადამხდელს ეცნობა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რასაც იგი გაეცნო გადამხდელის ავტორიზირებულ გვერდზე 2017 წლის 27 ივნისს. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N0-------- შეტყობინება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრში დარეგისტრირდა 2017 წლის 20 ივნისს.

 

2017 წლის 21 აგვისტოს შპს ,,ბ------ი 2017’’-ის, როგორც გამყიდველის მიერ, რომელსაც სწორედ ამ პერიოდისათვის გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება და შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის, როგორც მყიდველის მიმართ გამოწერილი იქნა სასაქონლო ზედნადები N0---------, რომლის მიხედვითაც გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა შემადუღებელი უთო ღირებულებით 38 000 ლარი, ორთავიანი ხერხი ღირებულებით 37 000 ლარი, ფრეზი ღირებულებით 32 000 ლარი და გასასუფთავებელი ფრეზი ღირებულებით 30 000 ლარი. მითითებული ოპერაციით მიწოდებული საქონლის საერთო ღირებულება შეადგენს 137 000 ლარს.

 

შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 9 ნოემბრის N----------რძანებით ყადაღა დაედო შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის საკუთრებაში არსებულ შპს ,,ბ------ი 2017’’-ის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებას, რომლის მიწოდებაც განხორციელდა N0--------- ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით და 2017 წლის 13 ნოემბერს შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი N2017/091-104/1, რომელშიც მითითებულია შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის საკუთრებაში არსებული სწორედ ის ქონება, რომელიც ამ უკანასკნელს მიეწოდება შპს ,,ბ------ი 2017’’-ისგან და რომლის მიმართაც საგადასახადო ორგანოს გააჩნდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის მხრიდან ადმინისტრაციულ ორგანოში 2017 წლის 16 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა საჩივარი ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმების მოთხოვნის თაობაზე, რაც შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის N1--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და რასაც მომჩივანი გაეცნო ავტორიზირებული მომხმარებლის გვერდზე 2018 წლის 2 თებერვალს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში არ გაგრძელებულა და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული აქტთან დაკავშირებული დავა ადმინისტრაციულ ორგანოში დასრულდა 2018 წლის 22 თებერვალს.

 

მოპასუხის მითითებით, სახელმწიფო ბიუჯეტის და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის, როგორც კრედიტორის მიმართ შპს ,,ბ------ი-2017’’-ის ვალდებულება წარმოშობილია საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, რაც საჯარო მართლწესრიგის სფეროს განეკუთვნება და პირთა შორის კერძო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის და შეცვლის სამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება. აქვე გასათვალისწინებელია, ის ფაქტობრივი მოცემულობაც, რომ მოვალე პირის მხრიდან, რომლის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფადაც იქნა გატარებული იძულებითი ხასიათის ღონისძიებები, ვალდებულების არსებობის ფაქტი სადავოდ არ გამხდარა.

 

საგადასახადო ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ და დადგენილ პროცედურულ ნორმებს სრულად შეესაბამება და რაიმე სახის გადაცდომას, რაც მოსარჩელის მხრიდან დაყენებული მოთხოვნის დადებით პერსპექტივას განაპირობებს, ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რაც თავის მხრივ, სარჩელის დაუსაბუთებლობასა და უსაფუძვლობაზე მიუთითებს.

 

2.2. მოპასუხე შპს ,,ბ------ი 2017’’-ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე შედავებულა კონკრეტული მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ბ------ი 2017’’-ს ეკისრება საგადასახადო ვალდებულება, კერძოდ განხორციელებული იმპორტის ოპერაციების შესაბამისად, გადამხდელის პირად ბარათზე დეკლარირებული გადასახადის აღრიცხვისა და მისი ვადაში გადაუხდელობის შედეგად მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

3.1.2. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის შეტყობინებით (N0--------) გადასახადის გადამხდელს (შპს ,,ბ------ი 2017’’) ეცნობა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, კერძოდ განემარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე მის ნებისმიერ ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და შეტყობინებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ამავდროულად შპს ,,ბ------ი 2017’’-ს განემარტა, რომ შეტყობინების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წერილობითი საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინება (ს.ფ. 41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. შეტყობინებას შპს ,,ბ------ის 2017’’ ავტორიზირებულ გვერდზე გაეცნო 2017 წლის 27 ივნისს, რაც მისი მხრიდან არ გასაჩივრებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ვებ-გვერდზე შეტყობინების აღრიცხვიდან (ს.ფ. 42-44);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N0-------- შეტყობინება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრში დარეგისტრირდა 2017 წლის 20 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მოსარჩელე შპს ,,მ-----–----ი-2017’’-სა და შპს ,,ბ------ი 2017’’-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზედაც მყიდველის (შპს ,,მ-----–----ი-2017’’) მიმართ გამოწერილი იქნა სასაქონლო ზედნადები N0---------, რომლის მიხედვითაც გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა შემადუღებელი უთო ღირებულებით 38 000 ლარი, ორთავიანი ხერხი ღირებულებით 37 000 ლარი, ფრეზი ღირებულებით 32 000 ლარი და გასასუფთავებელი ფრეზი ღირებულებით 30 000 ლარი. მითითებული ოპერაციით მიწოდებული საქონლის საერთო ღირებულება შეადგენს 137 000 ლარს.

 

3.1.6. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით (N1-------- დგინდება, რომ შპს ,,ბ------ი 2017’’-მა შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ს მიაწოდა 137 000 ლარის საქონელი, რომლის სრული ანაზღაურება მიმღების მიერ განხორციელდა 2017 წლის 21 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ს.ფ. 15);

- ამონაწერი ვებ-გვერდზე (ს.ფ. 45);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.7. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 9 ნოემბრის N----------რძანების საფუძველზე, 2017 წლის 13 ნოემბერს შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი N2--------------, შპს ,,მ-----–----ი -2017’’-ის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონების მიმართ:

- შემადუღებელი უთო;

-ორთავიანი ხერხი;

- ფრეზი;

- გასასუფთავებელი ფრეზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი (ს.ფ. 16-17);

- 09.11.2017წ. ბრძანება (ს.ფ. 46).

 

3.1.8. შპს ,,მ-----–----ი-2017’’-მა ს----–--------–----------------ს უფროსთან წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა ს----–--------–----------------ს ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 7 დეკემბრის N2----------- წერილისა და 2017 წლის 9 ნოემბრის N----------რძანების გაუქმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჩივარი (ს.ფ. 49-52);

 

3.1.9. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის საჩივარი. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანებისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 7 დეკემბრის წერილის გაუქმების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბრძანება (ს.ფ. 53-55).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის საკუთრების უფლება სადავო მოძრავ ნივთებთან მიმართებით წარმოშობილია 2017 წლის 21 აგვისტოს.

 

სასამართლო სადავო შემთხვევაში ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას ნასყიდობის ხელშეკრულების 2017 წლის მაისის თვეში დადებასთან მიმართებით, რამეთუ საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტებით, დგინდება, რომ ქონებაზე საკუთრება შემძენის მიერ მოპოვებულია 2017 წლის 21 აგვისტოს, შესაბამისად საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისა და ამ ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა შპს ,,ბ------ი 2017’’-ის ქონებაზე წარმოშობილია ჯერ საკუთრების შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ისათვის გადაცემამდე. სადავო საკითხის კვლევის მიზნით უნდა შეფასდეს მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ:

- მოწმე გ---------------–---–-- ჩვენების შესაბამისად, იგი როგორც შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის დირექტორის ნ-----–----------–-- ბიძაშვილი 2017 წლის მაისის თვის დასაწყისში დროებით იყო ჩასული ბაკურიანში, რა დროსაც საწარმოსათვის ბ------იდან ჩავიდა დანადგარები. მოწმემ აღნიშნა, რომ იგი დაბადების დღისთვის იყო ჩასული ბაკურიანში და შესაბამისად ახსოვს, რომ დანადგარები ჩავიდა მაისის თვის დასაწყისში, კერძოდ იგი მოიცავდა 4 საკმაოდ მოზრდილ ნაწილს.

- მოწმემ მ--–-------------–-–---–--, რომელიც დასაქმებულია შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ში, განმარტა, რომ 2017 წლის მაისის დასაწყისში საწარმოში ბ------იდან ჩავიდა დანადგარები. ფ------–-–---–-- მითითებით იგი დანადგარების ჩასვლამდეც მუშაობდა ნიკოლოზ დვალთან, სხვა საწარმოში და ისინი ელოდებოდნენ გაუმჯობესებული დანადგარების ჩამოსვლას. მოწმემ აღნიშნა, რომ ნ-----–----------–- დაბადების დღე ჰქონდა და დაახლოებით იმ დროისთვის ელოდებოდნენ დანადგარების ჩასვლას.

 

მართალია, მოწმეებმა ორივე შემთხვევაში ქონებაზე მფლობელობის წარმოშობის თარიღად მიუთითეს მაისის თვის დასაწყისი, თუმცა სასამართლო აღნიშნულ ჩვენებას ვერ გაიზიარებს იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები ცალსახად მეტყველებენ მოპასუხის პოზიციის მართებულობისაკენ, რამეთუ დოკუმენტებში გარიგების თარიღად მითითებულია 2017 წლის 21 აგვისტო. ამავდროულად, საყურადღებოა, თავად შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის 15.12.2017წ. ადმინისტრაციული საჩივარი, სადაც მხარე თავად მიუთითებს ნასყიდობის ხელშეკრულების 2017 წლის 21 აგვისტოს დადებას, კერძოდ საჩივარში აღნიშნულია, რომ - ,,2017 წლის 21 აგვისტოს სასაქონლო ზედნადებით Nელ-0--------- შპს ,,ბ------ი 2017’’-სგან შევიძინეთ 1 ცალი ორთავიანი ხერხი, 1 ცალი ფრეზი, 1 ცალი გასასუფთავებელი ფრეზი და 1 ცალი შემადუღებელი უთო. საქონლის ღირებულება იმავე დღეს, 2017 წლის 21 აგვისტოს გადავუხადეთ მომწოდებელს, რაზედაც მის მიერ გამოიწერა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ) N17098955’’.

 

ამდენად, კონკრეტული დოკუმენტითაც ცალსახად დასტურდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია 2017 წლის აგვისტოში რაც წარმოადგენს საკუთრების უფლების გადაცემის საფუძველს. შესაბამისად, აღნიშნული ვერ გაბათილდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებითა და თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით. გარემოება, რომ მაისის დასაწყისში მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება ხელშეკრულების დადებასთან მიმართებით არ დგინდება, შესაბამისად იმ ვითარებაში, როდესაც არ დასტურდება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისა და უზრუნველყოფის ღონისძიების დადების დროისათვის სადავო მოძრავი ნივთების შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის საკუთრებაში არსებობა, აღნიშნული გამორიცხავს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას, რადგანაც სს---–--------–---------------ს, როგორც კრედიტორს, კანონის საფუძველზე აქვს უფლება გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა მოვალის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, შპს ,,ბ------ი 2017’’-ის მთელ ქონებაზე 2017 წლის 20 ივნისის შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (დავალიანება 12699.98 ლარი, საურავი 19.05 ლარი), ხოლო 2017 წლის 9 ნოემბერს გამოიცა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ ბრძანება. 2017 წლის 21 აგვისტოს შპს ,,ბ------ი 2017’’-ის მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული 137 000 ლარის ღირებულების ქონება რეალიზებული იქნა შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ზე.

 

ამდენად, გირავნობის უფლება ქონებაზე გავრცელებულია ჯერ კიდევ მისი მოვალე სუბიექტის საკუთრებაში ყოფნის პერიოდისათვის, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული გირავნობის გაუქმების საფუძველი, ასევე შემოსავლების სამსახური, როგორც კრედიტორი უფლებამოსილი იყო გირავნობით დატვირთულ ნივთზე განეხორციელებინა ყადაღის დადება. უნდა განიმარტოს, რომ გირავნობა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალება დაკავშირებულია თავად ნივთთან, შესაბამისად ნივთზე მესაკუთრის ცვლილება არ განაპირობებს მისი გაუქმების საფუძველს. მართალია მესაკუთრეს არ ეკრძალება გირავნობით დატვირთული ნივთის გასხვისება, თუმცა თავად შემძენის რისკს წარმოადგენს შეიძინოს შეზღუდული უფლებით დატვირთული ნივთი, და იმ შემთხვევაში, თუ სხვისი ვალდებულების საფუძვლით მოხდება მისი საკუთრების შელახვა აღნიშნულ ზიანთან მიმართებით რეგრესის წესით შეუძლია ნივთის მესაკუთრეს, თავის მხრივ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ედავოს იმ პირს, ვისი ვალდებულების დაფარვაც განხორციელდა კონკრეტული ნივთის რეალიზაციისა თუ კრედიტორის მიერ საკუთრებაში მიღების გზით. სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებას, რომ შპს ,,მ-----–----ი-2017’’-მა შეიძინა მოძრავი ნივთები, რასთან მიმართებითაც შესაძლოა ნაკლებად ყოფილიყო ინფორმირებული მასზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის არსებობის თაობაზე, თუმცა დაუშვებელია აღნიშნული საფუძვლით კრედიტორის ინტერესების შეზღუდვა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამებიან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 186-ე, 477-ე მუხლი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-239-ე, 241-ე

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სკ-ს 477.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

მოძრავ ნივთებთან მიმართებით საკუთრების უფლების გადაცემის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით, რომელიც ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემას უკავშირებს გამყიდველის მიერ ნამდვილი უფლების საფუძველზე ნივთის მყიდველისათვის გადაცემას, მითითებული ნორმის მე-2 ნაწილი ადგენს ნივთის გადაცემის ამომწურავ ჩამონათვალს, კერძოდ ნორმის მიზნიდან გამომდინარე ნივთის გადაცემად ითვლება: ა) შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; ბ) არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; გ) მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება. ამდენად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელი წინაპირობაა ნამდვილი უფლება და ამ უფლების საფუძველზე განხორციელებული რეალაქტი - ნივთის შემძენისათვის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. 186-ე მუხლი აწესრიგებს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემას ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ,,მ-----–----ი-2017’’-სა და შპს ,,ბ------ი 2017’’-ს შორის 2017 წლის 21 აგვისტოს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზედაც მყიდველის (შპს ,,მ-----–----ი-2017’’) მიმართ გამოწერილი იქნა სასაქონლო ზედნადები N0---------, რომლის მიხედვითაც გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა შემადუღებელი უთო ღირებულებით 38 000 ლარი, ორთავიანი ხერხი ღირებულებით 37 000 ლარი, ფრეზი ღირებულებით 32 000 ლარი და გასასუფთავებელი ფრეზი ღირებულებით 30 000 ლარი. მითითებული ოპერაციით მიწოდებული საქონლის საერთო ღირებულება შეადგენს 137 000 ლარს. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით (N1-------- დგინდება, რომ შპს ,,ბ------ი 2017’’-მა შპს ,,მ------–---------7’’-ს მიაწოდა 137 000 ლარის საქონელი, რომლის სრული ანაზღაურება მიმღების მიერ განხორციელდა 2017 წლის 21 აგვისტოს.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მიღებული - „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 39-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელის ქონება დატვირთონ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/ვალდებულ პირს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს შეტყობინების მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელების მართლზომიერების შეფასება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიზნად ისახავს პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში არასასურველი შედეგების თავიდან აცილებას ან შემცირებას. საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება ვრცელდება: (1) გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე; (2) გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე და (3) საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ ქონებაზე. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ ერთი გამონაკლისი შემთხვევა, კერძოდ, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება არ ვრცელდება გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ლიზინგით მიღებულ ქონებაზე.

 

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

 

დადგენილია, რომ საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, შპს ,,ბ------ი 2017’’-ის მთელ ქონებაზე 2017 წლის 20 ივნისის შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო 2017 წლის 9 ნოემბერს გამოიცა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ ბრძანება. 2017 წლის 21 აგვისტოს შპს ,,ბ------ი 2017’’-ის მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული 137 000 ლარის ღირებულების ქონება რეალიზებული იქნა შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ზე.

 

6.3. საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის მიერ სადავო ნივთები შეძენილია, მას შემდგომ, რაც ისინი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლით შეიზღუდა საგადასახადო გირავნობის უფლებით. საკუთრების უფლება მოსარჩელემ სადავო მოძრავ ნივთებზე მიიღო 2017 წლის 21 აგვისტოს, ხოლო უზრუნველყოფა კონკრეტულ ნივთებთან მიმართებით განხორციელდა ჯერ კიდევ 2017 წლის 20 ივნისს. სადავო შემთხვევაში ნივთების ამჟამინდელმა მფლობელმა ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა საკუთრების უფლების 2017 წლის მაისის თვეში წარმოშობის ფაქტი, რაც გამორიცხავს კონკრეტული პირის მტკიცებას, საგადასახადო გირავნობის ნივთებზე არაკანონიერად გავრცელებასთან მიმართებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით და მტკიცებულებებით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სსსკ-ს 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

უნდა განიმარტოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.).

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა მისი მოთხოვნის მართებულობა, ვერც სათანადო ფაქტობრივი გარემოებებისა და ვერც შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით. ამავდროულად, საყურადღებოა, რომ შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის მხრიდან ადმინისტრაციულ ორგანოში 2017 წლის 16 დეკემბერს წარდგენილი იქნა საჩივარი ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმების მოთხოვნის თაობაზე, რაც შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის N1--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და რასაც მომჩივანი გაეცნო ავტორიზირებული მომხმარებლის გვერდზე 2018 წლის 2 თებერვალს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში არ გაგრძელებულა და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული აქტთან დაკავშირებული დავა ადმინისტრაციულ ორგანოში დასრულდა 2018 წლის 22 თებერვალს. შესაბამისად, აღნიშნული თვალსაზრისითაც მესაკუთრის მიერ გაშვებულია საკუთრების უფლების დაცვის რეალიზების შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 4110 ლარი (ს.ფ. 24).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საპროცესო ხარჯის ანაზღაურებასთან მიმართებით პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება მოპასუხემ მხარეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ-----–----ი-2017’’-ის სარჩელი შპს ,,ბ------ი 2017’’-ის და ს----–--------–----------------ს მიმართ, მოძრავი ნივთების - ორთავიანი ხერხის, ფრეზის, გასასუფთავებელი ფრეზის და შემადუღებელი უთოს ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 4110 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე