გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5074-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - რ------------
მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - თ---------------–ი
მესამე პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის N01/2-----/გ გადაწყვეტილება.
1.2. მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელე რ------------ისათვის საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებით - 2018 წლის 21 ივნისის განცხადება ი--------------------–---ს მოქალაქე რ------------ისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 11 ივლისამდე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის N1---------- ს/ფ 67-68.
4.1.2. 2018 წლის 26 ივნისს ი--------------------–---ს მოქალაქე რ------------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა საქართველოში ყოფნის ვადის გადავადება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 27 ივნისის N01/1-----/გ გადაწყვეტილებით რ------------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- რ------------ის 2018 წლის 26 ივნისის განცხადება - ს/ფ 64.
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 27 ივნისის N01/1-----/გ გადაწყვეტილება - ს/ფ 129-130.
4.1.3. 2018 წლის 05 ივლისს რ------------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 27 ივნისის N01/1-----/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- რ------------ის 2018 წლის 05 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი- ს/ფ 50-52.
4.1.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის N01/2-----/გ გადაწყვეტილებით რ------------ის 2018 წლის 05 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის N01/2-----/გ გადაწყვეტილება - ს/ფ 13-16.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რ------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის N01/2-----/გ გადაწყვეტილებას, რ------------ის 2018 წლის 05 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე.
”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 48-ე მუხლი არეგულირებს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება :ა) თუ მას სააგენტოსთვის წარდგენილი აქვს განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად; ბ) ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები; გ) თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად; დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას იგი იძულებული ხდება, გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღეზე მეტი ხნით. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება, დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას; დ.ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; დ.გ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება; დ.დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილება; ე) საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე. ზემოაღნიშნული კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენისათვის დადგენილი წესით. თუ უცხოელი განმცხადებელი დაინტერესებული აღარ არის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას უცხოელ განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის დადგენილი წესით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებით - 2018 წლის 21 ივნისის განცხადება ი--------------------–---ს მოქალაქე რ------------ისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 11 ივლისამდე. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ივნისს ი--------------------–---ს მოქალაქე რ------------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა საქართველოში ყოფნის ვადის გადავადება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 27 ივნისის N01/1-----/გ გადაწყვეტილებით რ------------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებით - 2018 წლის 21 ივნისის განცხადება ი--------------------–---ს მოქალაქე რ------------ისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 11 ივლისამდე, სასამართლო თვლის, რომ 2018 წლის 26 ივნისს მოსარჩელე კანონიერად იმყოფებოდა საქართველოში და აღარ არსებობდა მისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და შესაბამისად, 2018 წლის 26 ივნისის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 05 ივლისს რ------------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 27 ივნისის N01/1-----/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და 2018 წლის 26 ივლისის N01/2-----/გ გადაწყვეტილებით, რ------------ს 2018 წლის 05 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 27 ივნისის N01/1-----/გ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე კანონიერია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის N01/2-----/გ გადაწყვეტილება რ------------ისათვის 2018 წლის 05 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის თაობაზე.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის N01/2-----/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელე რ------------ისათვის საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. რ------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი