გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.03.2019
საქმის ნომერი
330310019002865997
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/1354-1-

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

15 მარტი, 201- წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი

 

მოსარჩელე - ა---------------ე

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - თ------------

 

მესამე პირი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია

წარმომადგენელი - ბ--------–---ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 201- წლის 7 თებერვლის №M---------------- გადაწყვეტილება ა---------------ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ა---------------ის სახელზე გაცემული S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირის - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელმა მიიჩნია რომ სარჩელი საფუძვლიანია და მხარი დაუჭირა მას.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 201- წლის 15 იანვრის M---------------- წერილის თანახმად, საქართველოს შსს აკადემიის 2002 წლის 29 ივლისის N6- პ/შ ბრძანების შესაბამისად, ა---------------ე ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამართალმცოდნეობის სპეციალობის დასწრებულ სწავლებაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2003 წლის 10 ივლისის N6----– ბრძანებით იგი გადაყვანილ იქნა მე-2 კურსზე, 2004 წლის 8 ივლისის N--- ბრძანებით მე-3 კურსზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2005 წლის 10 იანვრის N- ბრძანებით ა----------------------------ე სამართალმცოდნეობის სპეციალობის დასწრებულ სწავლებიდან გადაყვანილ იქნა სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსზე. სწავლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2004 ლის 13 სექტემბრის N2-- ბრძანების შესაბამისად წარიმართა შეზღუდული პროგრამით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2005 წლის 1 მარტის N-- ბრძანებით ა----------------------------ე გადაყვანილ იქნა დაუსწრებელი სწავლების მე-5 კურსზე. ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2006 წლის 22 მაისის N7-- ბრძანებით ა---------------ე დაშვებული იქნა სახელმწიფო-საკვალიფიკაციო გამოცდაზე, 2006 წლის 12 ივნისის N8- ბრძანებით, როგორც სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების 2005 წლის მაისის თვის კურსდამთავრებულს მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 201- წლის 15 იანვრის M---------------- წერილი (ს.ფ. 64-65);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2004 წლის 13 სექტემბრის N2-- ბრძანება (ს.ფ. 90-91);

 

4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2006 წლის 26 სექტემბერს გაიცა დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი S------------ (სარეგისტრაციო N------) ა---------------ის სახელზე, რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ო-----------–----------------------–------ს 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ა---------------ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დიპლომი (ს.ფ. 60);

 

4.3. 201- წლის 8 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა ა---------------ემ და მოითხოვა მის სახელზე გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დიპლომირებული სპეციალისტის S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 201- წლის 7 თებერვლის №M---------------- გადაწყვეტილებით ა---------------ეს უარი ეთქვა დიპლომირებული სპეციალისტის S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ს.ფ. 43-44);

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 201- წლის 7 თებერვლის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 66-69);

 

4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 31 დეკემბრის №4-- ბრძანებით შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმის ჯგუფი, სტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდის, მმართველობის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით. შსს აკადემიის 2004 წლის 3 დეკემბრის წერილის თანახმად, შსს აკადემიაში 2004 წელს კურსანტთა მიღება არცერთ სპეციალობაზე არ ყოფილა. საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2004 წლის 13 სექტემბრის №2-- ბრძანებიდან კი ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმის მიზნით, შსს აკადემიის კურსანტები და მსმენელები გადაყვანილ იქნენ სწავლების განსხვავებულ ფორმაზე. საქართველოს შსს აკადემიის 2005 წლის 9 თებერვლის №4------- წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეცნობა, რომ შსს აკადემიაში მიმდინარე რეფორმის შედეგად იგეგმებოდა აკადემიისთვის სტატუსის შეცვლა და იგი აღარ იქნებოდა უმაღლესი სასწავლებელი, მისი ფუნქცია იქნებოდა მხოლოდ პროფესიული სწავლება.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2003 წლის №4-- ბრძანება (ს.ფ.81-82);

- საქართველოს შსს აკადემიის 03.12.2004 წლის №2-------- წერილი (ს.ფ. 83);

- საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 13.09.2004 წლის №2-- ბრძანება (ს.ფ. 90-91);

- საქართველოს შსს აკადემიის 09.02.2005 წლის №4------- წერილი (ს.ფ. 86).

 

4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 201- წლის 28 თებერვლის N M---------------- ცნობით დგინდება, რომ ა---------------ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობს 2005 წლიდან დღემდე, სხვადასხვა თანამდებობებზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 201- წლის 28 თებერვლის N M---------------- ცნობა (ს.ფ. 92-93);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა---------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1-52 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №9--- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 201- წლის 7 თებერვლის №M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №9--- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესთან“, ასევე, - სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალურ სტანდარტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

7.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 201- წლის 7 თებერვლის №M---------------- გადაწყვეტილებით ა---------------ეს უარი ეთქვა დიპლომირებული სპეციალისტის S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

7.4. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრი ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები;

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №9--- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.

 

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შსს აკადემიის 2002 წლის 29 ივლისის N6- პ/შ ბრძანების შესაბამისად, ა---------------ე ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამართალმცოდნეობის სპეციალობის დასწრებულ სწავლებაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2003 წლის 10 ივლისის N6----– ბრძანებით იგი გადაყვანილ იქნა მე-2 კურსზე, 2004 წლის 8 ივლისის N--- ბრძანებით მე-3 კურსზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2005 წლის 10 იანვრის N- ბრძანებით ა----------------------------ე სამართალმცოდნეობის სპეციალობის დასწრებულ სწავლებიდან გადაყვანილ იქნა სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსზე. სწავლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2004 ლის 13 სექტემბრის N2-- ბრძანების შესაბამისად წარიმართა შეზღუდული პროგრამით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2005 წლის 1 მარტის N-- ბრძანებით ა----------------------------ე გადაყვანილ იქნა დაუსწრებელი სწავლების მე-5 კურსზე. ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2006 წლის 22 მაისის N7-- ბრძანებით ა---------------ე დაშვებული იქნა სახელმწიფო-საკვალიფიკაციო გამოცდაზე, 2006 წლის 12 ივნისის N8- ბრძანებით კი, როგორც სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების 2005 წლის მაისის თვის კურსდამთავრებულს მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2006 წლის 26 სექტემბერს გაიცა დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი S------------ (სარეგისტრაციო N------) ა---------------ის სახელზე, რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ო-----------–----------------------–------ს 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ა---------------ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი. შესაბამისად ა---------------ის სახელზე დიპლომის გაცემის ფაქტი უდავოა.

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №4-- ბრძანებულების 2007 წლის 26 მაისამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დამტკიცდა მისი წესდება. ხსენებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში - აკადემია) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება. მითითებულ ბრძანებაში 2007 წლის 26 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს შსს აკადემია ჩამოყალიბდა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახით.

 

„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში 2006 წლის 17 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ჩაითვლება ლიცენზირებულად. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შსს აკადემია იყო უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ხსენებული საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე, ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ა---------------ეს კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში (2006 წელი) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირს – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას ავალდებულებდა სახელმწიფო ინსტიტუციურ აკრედიტაციას და მხოლოდ მათ მიერ გაცემულ დიპლომს ცნობდა სახელმწიფო, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას კი 2005-2006 სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით, არ მიუმართავს.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია რა გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს შსს აკადემიამ 2004 წლის სასწავლო წლიდან შეწყვიტა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება და ახორციელებდა რეფორმას, რომლითაც საქართველოს შსს აკადემიას აღარ ექნებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და გარდაიქმნებოდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ შსს აკადემია ვალდებული იყო მიემართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნით. მით უფრო, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, ამ დაწესებულების მიმდინარე და მომდევნო სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამის აღიარებულად მიჩნევისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ პირთა მიერ სწავლის დასრულებისთვის, საკმარისი იყო მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამინისტროსთვის მიმართვა.

 

7.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ა---------------ეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნდა ამგვარი ნდობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში, - პროფესიული საქმიანობის უფლებას, იურისტის კვალიფიკაციით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

უნდა აღნიშნოს, რომ მოსარჩელე ა---------------ემ - მის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის საფუძველზე, განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 201- წლის 28 თებერვლის N M---------------- ცნობით დგინდება, რომ ა---------------ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობს 2005 წლიდან დღემდე, სხვადასხვა თანამდებობებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა--------------ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 201- წლის 7 თებერვლის №M---------------- გადაწყვეტილება, ა---------------ის დიპლომირებული სპეციალისტის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე უნდა დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ა---------------ის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 201- წლის 7 თებერვლის №M---------------- გადაწყვეტილება ა---------------ის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა---------------ის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის S------------ დიპლომი ნამდვილობის დადასტურების თაობაზე;

 

4. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, მოსარჩელის - ა---------------ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე