გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
140210018002588454
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002588454

საქმე № 2/1540-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - ი-------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი

მოპასუხე - პ---------------–-–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - თ----------–---–ი

დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობით ნაწილი

1. სასარჩელო (დაზუსტებული სასარჩელო) მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე პ---------------–-–---–ი გამოსახლდეს ი-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: გორის რაიონი სოფელი ვარიანი, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან, საკადასტრო კოდი: №6-.0-.0-.0--.0--5-- და ი-------------–---–ს აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

1.2. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.

 

2. მოსარჩელის პოზიცია

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს სსიპ სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე ი-------------–---–მა აუქციონზე შეიძინა გორის რაიონის სოფელ ვარიანში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით №6-.0-.0-.0--.0--5--) და 2018 წლის 10 აგვისტოდან აღირიცხა ი-------------–---–ის სახელზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარემ არ უზრუნველყო მოსარჩელისათვის აღნიშნული უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე პ---------------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო, თუმცა სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა შეცვალა შესაგებლის პოზიცია და სარჩელს არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ პ---------------–-–---–ი არ ცხოვრობს აღნიშნულ სახლში, ამ სახლში ცხოვრებენ მისი მშობლები.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. უძრავი ქონება, მდებარე გორის რაიონი სოფელი ვარიანი (საკადასტრო კოდით №6-.0-.0-.0--.0--5--), საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს სსიპ სააღსრულებო ბიუროს №A18017609-014/001 განკარგულების საფუძველზე 2018 წლის 10 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი-------------–---–ის სახელზე.

 

მტკიცებულება:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. სადავო ბინას მოპასუხე ფლობს უკანონოდ.

 

მტკიცებულება:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს განიხილა რა, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ი-------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხე პ---------------–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს ი-------------–---–ის კუთვნილი, გორის რიონის სოფელ ვარიანში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №6-.0-.0-.0--.0--5--, მოპასუხე უნდა გამოსახლდეს აღნიშნული ბინიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მის მესაკუთრეს ი-------------–---–ს

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი არის ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად. მფლობელობის მართლზომიერების ე.ი. სამართლებრივი საფუძვლების მითითებისა და დადასტურების ტვირთი მოპასუხეს (ნივთის მფლობელს) ეკისრება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გორის რაიონის სოფელ ვარიანში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №6-.0-.0-.0--.0--5-- საკუთრების უფლებით ეკუთვნის ი-------------–---–ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება, ვერ მიუთითა გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეებს გააჩნიათ კუთვნილი უძრავი ნივთის ფლობის უფლება.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამათლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოპასუხეს ეკისრებოდა, წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ იგი არის უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი და მის მიერ ქონების ფლობას აქვს სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული სახის მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ ცნო სარჩელი, შემდეგ სასამართლო სხდომაზე უარყო ის ფაქტი, რომ იგი სადავო უძრავ ნივთს ფლობს, თუმცა იქვე მიუთითა, რომ პ---------------–-–---–ს სურს ამ სახლის გამოსყიდვა. შესაბამისად, სასამართლო მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სადავო უძრავ ქონებას არ ფლობს, ვერ გაიზიარებს.

 

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე (მესაკუთრე) არ იმყოფება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში და უფლებამოსილია გამოითხოვოს მისი კუთვნილი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის ირმა რაზმიავილის კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, ხოლო მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5--0 ლარს, პირველი ინსტანციით განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 60 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მოპასუხემ არ ცნო სარჩელი.

8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ზემოთ აღნიშნული გარემებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.

8.3. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

8.4. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ ადვოკატის მომსახურებისათვის გასწია ხარჯი 250 ლარის ოდენობით, შესაბამისად, დავის საგნისა და საქმის სირთულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასრგებლოდ, მის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით, უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ი-------------–---–ის სარჩელი პ---------------–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე პ---------------–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ი-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე გორი, სოფელი ვარიანი, ს/კ: №6-.0-.0-.0--.0--5--, პ---------------–-–---–ი გამოსახლდეს მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან და უძრავი ქონება მდებარე გორი, სოფელი ვარიანი, ს/კ: №6-.0-.0-.0--.0--5--, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მის მესაკუთრეს, ი-------------–---–ს.

 

3. მოპასუხე პ---------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.

 

4. მოპასუხე პ---------------–-–---–ს მოსარჩელე ი-------------–---–ის სასარგებლოდ, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანცვლოდ, დაეკისროს 150 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი