გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2019
საქმის ნომერი
330210117002184651
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/32----17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 მარტი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე- ლი----------ე

წარმომადგენლები - თე------–---–ი, ია--------ე

მოპასუხე - გი-----------------ე

წარმომადგენელი- და-----------–-------ე

დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებების და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი 2--- წლის 15 აგვისტოს ლი----------ეს და გი-----------------ეს შორის დადებული #1-------- სესხის ხელშეკრულება და 2--- წლის 19 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანა, სანოტარო რეგისტრაციის #1--------.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2--- წლის 19 სექტემბერს ლი----------ეს და გი-----------------ეს შორის დადებული #1--------- სესხის ხელშეკრულება.

 

1.3. გაუქმდეს 2017 წლის 10 ოქტომბერს ნოტარიუს თა------------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები #1--------- #1--------.

 

წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, 2--- წლის 15 აგვისტოს (ვადის გაგრძელების თარიღი 1--0--2---წ) და 2--- წლის 19 სექტემბერს ლი----------ეს და გი-----------------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ გი-----------------ისგან თითქოს ისესხა 5000 აშშ დოლარი და 12 000 აშშ დოლარი. თუმცა ლი----------ეს რეალურად მისგან თანხა არ უსესხია და ადგილი აქვს სხვა გარემოებას.

 

გი-----------------ის ძმას და---------------ეს სურდა ამ------ში წასვლა და ამ მიზნით დაუკავშირდა მოსარჩელის დას ნა----–ი კუ-------–---–ს, რომელიც მუშაობს უკრაინაში ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში და მათი შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს საბუთების მოგვარების მიზნით უკრაინაში უნდა გაეგზავნა 17 000 აშშ დოლარი, რომელიც მან გადაიხადა ეტაპობრივად და იგზავნებოდა ნა----–ი კუ-------–---–თან.

 

5000 აშშ დოლარის გაგზავნა განახორციელა თავად მოპასუხემ, ხოლო დარჩენილი თანხები ნა----–ი კუ-------–---–ს ეგზავნებოდა მოსარჩელის შვილის ნ------------- მიერ. თანხის მიმღები პირები იყვნენ ნა----–ი კუ-------–---–ი და მისი შვილები გ-----------–-------------–--------, ასევე ოფისის თანამშრომლები.

 

მოპასუხემ ნა----–ი კუ-------–---–ს მოსთხოვა საქართველოში მყოფ პირს გაეფორმებინა აღნიშნულ თანხაზე სესხის ხელშეკრულება, რაზეც მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა. მსგავსი ურთიერთობის ფორმა ნა----–ი კუ-------–---–ის მიერ სხვა დროსაც იყო გამოყენებული, ვინაიდან მოქალაქე გადახდილი თანხის დასტურად ითხოვდა მსგავს ფორმას და შემდეგში ნა----–ი კუ-------–---–ის მოთხოვნით ასეთი პირები ადასტურებდნენ, რომ პირობის შესრულებისთანავე მოხდებოდა ხელწერილის ან სხვა დოკუმენტის გაუქმება.

 

იგივე ფაქტს ჰქონდა ადგილი მოპასუხესთან მიმართებაშიც, რასაც ადასტურებს ნა----–ი კუ-------–---–ის სახელზე გაგზავნილი ფულადი გზავნილები და და---------------ის საზღვრის კვეთის ფაქტი.

 

ნა----–ი კუ-------–---–ის მიერ შესრულდა მოლაპარაკებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის ძმის მიმართ, ხოლო მოპასუხემ ბოროტად ისარგებლა ხელშეკრულების პირობით და სურს უკან დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც უნდა მოხმარებოდა მისი ძმის გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას. მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს და მის საფუძველზე აწარმოებს იძულებით აღსრულებას.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ადგილი აქვს მოჩვენებით გარიგებას, რაც მისი ბათილად ცნობის უპირობო საფუძველია, ხოლო იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ არსებობს სესხის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველი, ასევე ბათილად უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 გი-----------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის არსებობს სასესხო ურთიერთობა, რომელიც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებებით და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებით. მოპასუხეს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებები კანონიერი გარიგებებია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. ასევე არ არსებობს სააღსრულებო ფურცლების გაუქმების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2--- წლის 15 აგვისტოს გი-----------------ეს (გამსესხებელი) და ლი----------ეს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს სარგებლის გარეშე გადაეცა 5000 აშშ დოლარი.

 

ხელშეკრულების მეორე პუნქტის მიხედვით, მხარეთა განცხადებით გამსესხებელმა მსესხებელს სესხის თანხა სრულად გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების მომენტში ნაღდი ანგარიშსწორების წესით. სესხი გაცემულია 1 თვის ვადით და სრულად უნდა დაბრუნდეს 2--- წლის 15 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება ( ს.ფ 46-49)

 

3.2.2. 2--- წლის 19 სექტემბერს ცვლილება შევიდა 2--- წლის 15 აგვისტოს დადებული სესხის ხელშეკრულებაში და სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 15 ნოემბერი. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს ეკისრება დასაბრუნებელი თანხის 0.1%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სანოტარო აქტი სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატების შესახებ (ს.ფ 50-52)

 

3.2.3. 2--- წლის 19 სექტემბერს გი-----------------ეს (გამსესხებელი) და ლი----------ეს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს სარგებლის გარეშე გადაეცა 12 000 აშშ დოლარი.

 

მხარეთა განცხადებით გამსესხებელმა მსესხებელს სესხის თანხა სრულად გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების მომენტში ნაღდი ანგარიშსწორების წესით. სესხი გაცემულია 2 თვის ვადით და სრულად უნდა დაბრუნდეს 2--- წლის 19 ნოემბერს. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს ეკისრება დასაბრუნებელი თანხის 0.1%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 33-36)

 

3.2.4. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე 2017 წლის 10 ოქტომბერს ნოტარიუს თა------------ის მიერ გაცემულია #1-------- და #1-------- #სააღსრულებო ფურცლები რომელთა მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა:

 

2--- წლის 15 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 5 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო დასაბრუნებელი თანხის 5000 აშშ დოლარის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2--- წლის 16 ნოემბრიდან აღსრულებამდე და სააღსრულებო ფურცლის ხარჯი 102 ლარი.

 

2--- წლის 19 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 12 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო დასაბრუნებელი თანხის 12 000 აშშ დოლარის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2--- წლის 20 ნოემბრიდან აღსრულებამდე და სააღსრულებო ფურცლის ხარჯი 102 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1-------- და #1-------- #სააღსრულებო ფურცლები (ს.ფ 53-57)

 

3.2.5. ირკვევა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაწყებულია 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წინადადება გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ (ს.ფ 27-32; 41-45)

 

3.2.6. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მხარეები არ იმყოფებიან სასესხო ურთიერთობაში და თანხის მიღების მიზანს მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხის ძმის და---------------ის საზღვარგარეთ გამგზავრების (საჭირო დოკუმენტაციის მომზადების საფასური) უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

 

კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

 

საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–------–----- განყოფილების გამომძიებლის მიერ შედგენილი ზეპირი გასაუბრების ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ გი-----------------ე ლი----------ეს დაახლოებით ოთხი წელია იცნობს და მასთან აკავშირებდა ახლო ურთიერთობა. ვინაიდან, ლი----------ემ იცოდა, რომ მას გააჩნდა გარკვეული დანაზოგი მისივე თხოვნის საფუძველზე 2--- წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეში ორჯერ ასესხა გარკვეული ოდენობის თანხა, რაზეც შედგა შესაბამისი ხელშეკრულებები და ნოტარიუსის კაბინეტში გადასცა 5000 აშშ დოლარი და 12 000 აშშ დოლარი. ლი----------ემ არ დააბრუნა თანხა, რის გამოც მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. გი-----------------ის განმარტებით, გარდა სესხის ხელშეკრულებაში მითითებული პირობებისა სხვა რაიმე ურთიერთობები ან ვალდებულებები ლი----------ესთან არ ჰქონია.

 

მოსარჩელე სარჩელში დასახელებული ფაქტობრივი გარემოების ერთ-ერთ დასტურად უთითებს საზღვარგარეთ განხორციელებულ ფულად გზავნილებზე, რომელთა შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ფინანსურ დოკუმენტაციას საქმეში მონაწილე მხარეებთან და სესხის ხელშეკრულებებთან რაიმე სახის კავშირი არ გააჩნია.

 

სს საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით დასტურდება, რომ 2--- წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გი-----------------ეს ფულადი გზავნილები ამავე ბანკის მეშვეობით უკრაინის მიმართულებით არ განუხორციელებია. აღნიშნული გარემოება დასტურდება სს თიბისი ბანკის მიერ გაცემული ცნობითაც.

 

მოსარჩელე მაგალითისთვის ასევე უთითებს ვინმე გ---–---------–---–---- გაფორმებულ საქმეში არსებულ ხელწერილზე და განმარტავს, რომ სარჩელში დასახელებული ფაქტების მსგავსად ასეთი ტიპის ურთიერთობის დროს მას სხვა დროსაც მიუმართავს ამგვარი ხერხისთვის, რომელიც უქმდებოდა შეთანხმებით დადგენილი პირობის შესრულებისთანავე.

 

მართალია, აღნიშნულ ხელწერილს მოცემულ დავასთან კავშირი არ გააჩნია, თუმცა დავის სწორად გადაწყვეტისთვის სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი უნდა შეაფასოს არა როგორც მტკიცებულება, არამედ ფაქტი რა შინაარსის ხელწერილი დგებოდა მოსარჩელის მიერ დასახელებული საქმიანი ურთიერთობის დროს. აღნიშნული ხელწერილი ადასტურებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ გარემოებებს ზემოთ დასახელებულ პირთან მიმართებაში, თუმცა კონკრეტული დავის შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მხარეები იმყოფებიან მსგავსი ურთიერთობის ფარგლებში და რომ ხელშეკრულების გაფორმება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - მოსარჩელის დას ნა----–ი კუ-------–---–ს უზრუნველეყო მოპასუხის ძმის საზღვარგარეთ გამზავრება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, დადგენილი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი ანალიზი ადასტურებს, რომ მხარეები არიან სასესხო ურთიერთობაში. მოცემულ შემთხვევაში, გარდა მოსარჩელის განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს სარჩელში დასახელებულ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ 15-18)

- საბანკო ოპერაციების შესახებ ამონაწერები (ს.ფ19-26)

- ზეპირი გასაუბრების ოქმი (ს.ფ 154-155)

- სს საქართველოს ბანკის ცნობა (ს.ფ.188)

- სს თიბისი ბანკის ცნობა(ს.ფ. 185)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ლი----------ეს სასარჩელო მოთხოვნა, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 319-ე, 327-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები მოითხოვენ გამოკვლევას სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით. დასახელებული ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას.

 

იმისათვის, რომ მხარეთა შორის დადებულ გარიგებას მისთვის თანმდევი შედეგი მოჰყვეს, იგი უნდა იყოს ნამდვილი. პირის შესაძლებლობა კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს ხელშეკრულება (ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ნება გამოიყენოს ზემოთდასახელებული შესაძლებლობა და გამოავლინოს იგი მისთვის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოვლენა არის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი აწესრიგებს ნების ნაკლის ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება. რიგ შემთხვევებში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ფორმალური მოთხოვნების მხრივ, ამგვარი გარიგება შეესაბამება კანონს, თუმცა შინაარსობრივად ასახავს მხარეთა რეალური ნების საწინააღმდეგო მდგომარეობას. უფრო მეტიც, მხარეებმა წინასწარვე იციან, რომ ისინი შებოჭილები არ იქნებიან დადებული ხელშეკრულებით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო ხშირად აწყდება სირთულეებს გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისას, რადგან ფორმალური ნაკლოვანებები მას თითქმის არ ახასიათებს. გარიგების ასეთად მიჩნევისთვის აუცილებელია იმის დადგენა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებს არ სურდათ იმ შედეგების მიღწევა, რაც გარიგების მოცემული სახისთვისაა დამახასიათებელი.

 

გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ”ურთიერთშეთანხმება”, ”გარიგება” მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ”ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (იხ. სუსგ საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი; №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი, 2012 წელი).

 

საყურადღებოა, რომ მოჩვენებითი გარიგებების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზი გაუსვას მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ასპექტებს: რამდენად შეესაბამება მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლება-ვალდებულებები ფაქტობრივად არსებულ ურთიერთობას (უფლება-ვალდებულებებს). საკვანძო საკითხის გარიგების მოჩვენებითი ხასიათი, სპეციფიკურობა პროცესუალურ ჭრილში მისი მტკიცების საშუალებაში გამოიხატება. კერძოდ, ასეთ დროს, რთულია გარიგების დამდები პირების ნების ნაკლის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების წარმოდგენა, სასამართლო ძირითადად უნდა დაეყრდნოს არაპირდაპირ მტკიცებულებებს, უნდა შეაფასოს როგორც არსებული, ასევე წინმსწრები ვითარება, რომელშიც სადავო ხელშეკრულების დადება განხორციელდა; გარიგების დამდები პირების დამოკიდებულება და ა.შ. შესაბამისად, მოჩვენებითია თუ არა გარიგება ვერ შეფასდება სუბიექტური კრიტერიუმით. რთულია ზღვარი გაივლოს მხარეთა შინაგან და გარეგან ნებას შორის, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნეს შეფასების ობიექტური ტესტი და ამ გზით განისაზღვროს სურდათ თუ არა მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა. სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

აღსანიშნავია, რომ 2--- წლის 15 აგვისტოს და 2--- წლის 19 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და მასში განისაზღვრა ხელშეკრულების არსებითი პირობები, როგორიცაა: სესხის თანხა, მისი დაბრუნების ვადა და ყველა მოსალოდნელი შედეგი რაც ვალდებულების შეუსრულებლობას ახლავს. მხარეებმა აქვე მიუთითეს, რომ გამსესხებელმა მსესხებელს სესხის თანხა სრულად გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების მომენტში ნაღდი ანგარიშსწორების წესით.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი რისკის მატარებელია, რომელიც მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში. შესაბამისად, მხარეები ამყარებენ რა, ერთმანეთთან სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებს ივარაუდება, რომ მათ იციან ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ. ლი----------ემ დაადასტურა რა თავისი ხელმოწერით მის მიერ გამოხატული ნება, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მან იცოდა იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც სესხის ხელშეკრულებას ახლავს თან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. აღნიშნულის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს, რომ მხარეებს შორის რეალურად არ არსებობდა სესხის ხელშეკრულება და მისი შედგენა სარჩელში დასახელებულ მიზანს ემსახურებოდა. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიცავს გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს, ანუ ნორმის შემადგენელ ელემენტებს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ გარიგების დადების დროისათვის ლი----------ე და გი-----------------ე მოქმედებდნენ ერთობლივი განზრახვით და მათ მიერ გარიგების დადება მიზნად არ ისახავდა რეალური სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.6 ფაქტობრივი გარემოებით დაადგინა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მხარეები არ იმყოფებიან სასესხო ურთიერთობაში და თანხის მიღების მიზანს მოპასუხის ძმის და---------------ის საზღვარგარეთ გამგზავრების (საჭირო დოკუმენტაციის მომზადების საფასური) უზრუნველყოფა წარმოადგენდა. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამდენად, საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს რწმენა უყალიბდება იმ მიმართებით, რომ სადავო გარიგება არ წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს 2--- წლის 15 აგვისტოს და 2--- წლის 19 სექტემბრის ცვლილებების შესახებ სანოტარო აქტის და ამავე დღეს შედგენილი სესხის ხელშეკრულებების და მათ საფუძველზე ნოტარიუს თა------------ის მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული 1--------- #1-------- სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ლი----------ეს შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის - 1774.12 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმის განხილვის დასრულებამდე. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1774.12 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თა------------ის მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული Nა-------- სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ასევე გაუქმდეს ამავე განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თა------------ის მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული Nა-------- სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3, მე–8, 48-ე, 55–ე, 1991, 243–244–ე, 248–250, 257–ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. ლი----------ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ლი----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1774.12 ლარის გადახდა;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თა------------ის მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული Nა-------- სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თა------------ის მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული Nა-------- სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი