გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/738-19
330210019002811544
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10.04.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე
მოსარჩელე - შპს ,,პრ-------ი“
წარმომადგენელი - ნა----------–---–ი
მოპასუხე – შპს ,,კა------–--------ი“
წარმომადგენელი – კა--------------ე (დირექტორი)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. შპს ,,კა------–--------ი“-ს შპს ,,პრ-------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2360 ლარის გადახდა;
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ,,პრ-------ს“ და მოპასუხე შორის 2010 წლიდან არსებობდა ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდების თაობაზე, რის საფუძველზეც მოპასუხეს მიეწოდებოდა პროდუქცია. მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის საფასური, თუმცა ვალდებულება არ იქნა შესრულებული სრულად.
აღნიშნული მომსახურების ფარგლებში დღეისათვის მოპასუხეს შპს ,,პრ-------ის“ მიმართ ერიცხება მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელი საფასური და დავალიანება შეადგენს 2360 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. შპს ,,კა------–--------მა“ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,კა------–--------ს“ მოსარჩელის მიმართ სრულად და ჯეროვნად აქვს შესრულებული ყველა ვალდებულება. ანგარიშსწორება კომპანიებს შორის ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ასევე, უნაღდო ანგარიშსწორებით, ხელშეკრულების მე-4 პუნქტის 4.1. ქვეპუნტში განსაზღვრული პირობით. სადავო პერიოდისათვის შპს ,,კა------–--------ი“-ს მხრიდან გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და საბუღალტრო სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა მტკიცებულების სახით შეუძლებელია, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტაციის შენახვის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული დოკუმენტაცია განადგურებულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,პრ-------ი“ შპს ,,კა------–--------ს“, 2010 წლიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, 2010 წლის 12 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აწვდიდა პროდუქციას - ფქვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი, 2014 წლის 16 დეკემბერს გაცემული სასაქონლო ზედნადების მიხედვით, მოსარჩელემ შპს ,,კა------–--------ს“ მიაწოდა 4500 ლარის პროდუქცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 18);
- ანგარიშის ბარათი (ს.ფ. 21);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, მიწოდებული პროდუქციის საფასურის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრების მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სარჩელი აღძრულია კანონით დადგენილი სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მის მიერ მითითებული განმარტებებით, რომელიც ეხება ხანდაზმულობის გამო დოკუმენტაციის განადგურებას, მოთხოვნა სადავოდ გახადა ხანდაზმულობაზე მითითებითაც, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს.
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მოძნაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოპსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
ხანდაზმულობის ვადები ასეე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობის შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.
ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).
გამყიდველმა თავისი მოთხოვნის დასამტკიცებლად სასამართლოს წარუდგინა სასაქონლო ზედნადები და ანგარიშის ბარათი. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოთხოვნილი დავალიანება გამომდინარეობს 2014 წლის 16 დეკემბრის მიწოდებიდან, ხოლო რაც შეეხება დავალიანების ოდენობას მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ბარათით შეადგენს 2360 ლარს, რომლის დაკისრებასაც ითხოვს წარმოდგენილი სარჩელით.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ბარათი მოიცავს 2013 წლის 04 დეკემბრიდან 2014 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს და მოსარჩელე სწორედ ამ ანაგარიშის ბარათით ცდილობს დავალიანების ოდენობის დადასტურებას 2360 ლარის ოდენობით, თუმცა ამასთანავე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი დავალიანება გამომდინარეობს 2014 წლის 16 დეკემბრის მიწოდებიდან, რაც არ შეესაბამება წარმოდგენილი ანგარიშის ბარათის პერიოდს და შესაბამისად, შეუძლებელია ზუსტი დავალიანების ოდენობის განსზაღვრა, რადგან 2014 წლის 16 დეკემბრის სასაქონლო ზედნადების თანახმად, მოპასუხისათვის მიწოდებული იქნა 4500 ლარის ღირებულების საქონელი, მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ 2360 ლარის დაკისრებას, რითიც აღიარებს დარჩენილი თანხის (4500-2360) მიღებას, თუმცა დავალიანების ოდენობის განსაზღვრის მიზნით წარმოდგენილი ანგარიშის ბარათი შეუსაბამოა მასში ასახული პერიოდის გათვალისწინებით.
გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ სადავო პერიოდის შემდგომ მოპასუხისათვის მიწოდებული იქნა 140 580 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის ანაზღაურებაზეც მხარეები არ დავობენ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შპს ,,პრ-------ი“-ს თანხის გადახდის გარეშე, კერძოდ დავალიანების არსებობის პირობებში გადაეცა მოპასუხისათვის 140 580 ლარის ღირებულების პროდუქცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.1. პუქნტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია, საქონლის ყოველი მიღებული პარტიის ღირებულება აანაზღაუროს ახალი პარტიის მიღებამდე პერიოდში, მაგრამ არაუგვიანეს 10 საბანკო დღისა, ხოლო საქონლიოს გატანის შეწყვეტის შემთხვევაში, ბოლო გატანიდან 10 საბანკო დღეში დაფაროს არსებული დავალიანება.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის - შპს ,,პრ-------ი“-ს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2014 წლის დეკემბრის ბოლოდან და ამოიწურა 2017 წლის დეკემბერში.
უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2019 წლის 21 იანვრამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი). სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა გავიდა 2017 წლის დეკემბერში, რის გამოც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით სარჩელი ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 427-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
შპს ,,პრ-------ი“ მოპასუხე შპს ,,კა------–--------ი“-ს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აწვდიდა პროდუქციას. მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.
ამავდროულად, კანონი განსაზღვრავს, თუ რა სახის მტკიცებულებებითაა დასაშვები ამა თუ იმ გარემოების დადასტურება და ასეთად მიიჩნევა: მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტები; მოწმეთა ჩვენებები; ფაქტების კონსტატაციის მასალები; წერილობითი მასალები; ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მიერ ზემოაღნიშნული წესის დაცვით წარმოდგენილი მტკიცებულებების სასამართლოს მიერ შეფასების წინაპირობებსაც, კერძოდ, 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, სწორედ სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს მხარეთა მიერ საქმისათვის დართული ამა თუ იმ მტკიცებულების საფუძველზე სადავო გარემოების დადგენის ან უარყოფის საკითხის განსაზღვრა.
,,დასაბუთების პროცესში მნიშვნელოვანია ის, რომ მტკიცებულებაში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაციის (წანამძღვრის) ნამდვილობაში მოსამართლე უნდა იყოს დარწმუნებული, რათა ამ მტკიცებულების მეშვეობით მან დასადგენი ფაქტის ნამდვილობა ირწმუნოს. ამდენად, სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა გამოკვლევა უკავშირდება არა მარტო დასადგენი ფაქტების ნამდვილობას (შედეგს), არამედ იმ მტკიცებულების ნამდვილობასაც, რომელშიც მოცემულია ფაქტის შესახებ ინფორმაცია (წანამძღვარი). ამ უკანასკნელის ნამდვილობა უზრუნველყოფილია პროცესუალური ფორმის დაცვით. კერძოდ, მტკიცებითი საქმიანობა ხორციელდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა საშუალებებით და კანონით დადგენილი წესების დაცვით. ანუ, ეს ის ფორმაა, რომლითაც შეზღუდულები არიან მტკიცებითი საქმიანობის სუბიექტები. ამ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაცია მოწმდება სხვა მტკიცებულებებთან კავშირში... ერთ შემთხვევაში ამ ინფორმაციის ნამდვილობის სარწმუნოობა შეიძლება იყოს ცალსახად განსაზღვრული (მაგალითად, საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემის დროისათვის მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს), ხოლო მეორე შემთხვევაში, საკმარისია მტკიცებულებაში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაციის არსებობის შესაძლო მაქსიმალური ალბათობა (მაგალითად, კეთილსინდისიერი მყიდველის შეფასებისას)“ (ფაქტობრივი გარემოებების მნიშვნელობა საკასაციო სასამართლოში. თეიმურაზ თორდია. 2010 წელი).
მოსარჩელემ სათანადოდ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ დღეის მდგომარეობით, მოპასუხეს გააჩნია მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება - 2158 ლარის ოდენობით.
გამყიდველმა თავისი მოთხოვნის დასამტკიცებლად სასამართლოს წარუდგინა სასაქონლო ზედნადები და ანგარიშის ბარათი. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოთხოვნილი დავალიანება გამომდინარეობს 2014 წლის 16 დეკემბრის მიწოდებიდან, ხოლო რაც შეეხება დავალიანების ოდენობას მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ბარათით შეადგენს 2360 ლარს, რომლის დაკისრებასაც ითხოვს წარმოდგენილი სარჩელით.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ბარათი მოიცავს 2013 წლის 04 დეკემბრიდან 2014 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს და მოსარჩელე სწორედ ამ ანაგარიშის ბარათით ცდილობს დავალიანების ოდენობის დადასტურებას 2360 ლარის ოდენობით, თუმცა ამასთანავე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი დავალიანება გამომდინარეობს 2014 წლის 16 დეკემბრის მიწოდებიდან, რაც არ შეესაბამება წარმოდგენილი ანგარიშის ბარათის პერიოდს და შესაბამისად შეუძლებელია ზუსტი დავალიანების ოდენობის განსზაღვრა, რადგან 2014 წლის 16 დეკემბრის სასაქონლო ზედნადების თანახმად, მოპასუხისათვის მიწოდებული იქნა 4500 ლარის ღირებულების საქონელი, მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ 2360 ლარის დაკისრებას, რითიც აღიარებს დარჩენილი თანხის (4500-2360) მიღებას, თუმცა დავალიანების ოდენობის განსაზღვრის მიზნით წარმოდგენილი ანგარიშის ბარათი შეუსაბამოა მასში ასახული პერიოდის გათვალისწინებით.
გარდა, ამისა მნიშვნელოვანია, რომ სადავო პერიოდის შემდგომ მოპასუხისათვის მიწოდებული იქნა 140 580 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის ანაზღაურებაზეც მხარეები არ დავობენ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შპს ,,პრ-------ი“-ს თანხის გადახდის გარეშე, კერძოდ დავალიანების არსებობის პირობებში გადაეცა მოპასუხისათვის 140 580 ლარის ღირებულების პროდუქცია.
კანონმდებელი ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურებას მოვალეს აკისრებს და მისი მტკიცების ტვირთია, თუმცა იმ პირობებში როდესაც დავალიანების ოდენობის განსაზღვრის მიზნით წარმოდგენილი ანგარიშის ბარათი შეუსაბამოა მასში ასახული პერიოდის გათვალისწინებით, ხოლო 2014 წლის 16 დეკემბრის სასაქონლო ზედნადების თანახმად, მოპასუხისათვის მიწოდებული იქნა 4500 ლარის ღირებულების საქონელი და მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ 2360 ლარის დაკისრებას, ასეთ პირობებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს გადაუხდელი პროდუქციის ღირებულება, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.
გარდა ამისა განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მის მიერ მითითებული განმარტებებით, რომელიც ეხება ხანდაზმულობის გამო დოკუმენტაციის განადგურებას, მოთხოვნა სადავოდ გახადა ხანდაზმულობაზე მითითებითაც, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.1. პუქნტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია, საქონლის ყოველი მიღებული პარტიის ღირებულება აანაზღაუროს ახალი პარტიის მიღებამდე პერიოდში, მაგრამ არაუგვიანეს 10 საბანკო დღისა, ხოლო საქონლიოს გატანის შეწყვეტის შემთხვევაში, ბოლო გატანიდან 10 საბანკო დღეში დაფაროს არსებული დავალიანება.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის - შპს ,,პრ-------ი“-ს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2014 წლის დეკემბრის ბოლოდან და ამოიწურა 2017 წლის დეკემბერში.
უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2019 წლის 21 იანვრამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი). სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა გავიდა 2017 წლის დეკემბერში, რის გამოც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით სარჩელი ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ვინაიდან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი ნასყიდობის ხელშკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 144-ე, 316-ე- 317-ე, 477-ე მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით; (ს.ფ. 33)
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას 2360 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლი განსაზღვრავს მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად სამოქალაქო საქმეებს, კერძოდ: მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;
მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული დავა ექცევა მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეებში, შპს ,,პრ-------ი“-ს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 50 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი, როგორც შეცდომით გადახდილი თანხა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,პრ-------ი“-ს სარჩელი შპს ,,კა------–--------ი“-ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,პრ-------ი“-ს დაუბრუნდეს 02/11/2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 50 ლარის ოდენობით.
(გადახდის თარიღი - 02/11/2018; საგადახდო დავალება #1---; გადამხდელი - შპს ,,პრ-------ი“, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი“; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე