გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210118002375774
საქმე №2/248-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 აპრილი 2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე: კა--------------–---–ი;
წარმომადგენელი: ბუ-----–----–--ე;
მოპასუხე: სო----------------ი; გი----------------ი; ან–--–-----------ი;
წარმომადგენელი: ნუ-----------–---ი, ბე----------–---–ი;
დავის საგანი: დანაშაულით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება; ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სარჩელის მოთხოვნები
1.1 მოპასუხე სო----------------ს მოსარჩელე კა--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის 50 000 (ორმოც და ათი ათასი) ლარის გადახდა.
1.2 მოპასუხე სო----------------ს მოსარჩელე კა--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება 25 000 (ოცდა ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სო----------------ის და გი----------------ის შორის 2017 წლის 28 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონების, მდებარე რაიონი სიღნაღი სოფელი ს-----ო, ს/კ:56.03.56.1---
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი გი----------------ის და ან–--–-----------ის შორის საჯარო 2018 წლის 10 აპრილს (უფლების რეგისტრაციის თარიღი: 13.04.2018წ) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონების, მდებარე რაიონი სიღნაღი სოფელი ს-----ო, ს/კ:56.03.56.1---
1.5. აღდგენილი იქნეს პირვანდელი მდგომარეობა და უძრავ ქონება, მდებარე რაიონი სიღნაღი სოფელი ს-----ო, ს/კ:56.03.56.--- კვლავ აღირიცხოს სო----------------ის (პ--------------) სახელზე.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელე კა--------------–---–ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 25.01.2018 წლის გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 118-ე კილომეტრზე ბაკურციხიდან ლაგოდეხის მიმართულებით გადაადგილდებოდა ,, ბ-- “-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით U--------, რომელსაც მართავდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი სო----------------ი. სიღნაღის რაიონის, სოფელ ს-----ოში გამავალ საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს სო----------------მა დაარღვია ,, საგზაო მოძრაობის შესახებ “ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ავტომანქანა მოუცურდა და შეეჯახა მის წინ მიმავალ მინი ტრაქტორს, რომელსაც მართავდა კა--------------–---–ი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამავე განაჩენით სო----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ჩადენილი დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმების გამო კა--------------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრამვის, თავის ტვინის კეროვანი ტრავმის, თავის ტვინის შეშუპების, ტრავმული სუბდურული, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, ქალა ფუძის მოტეხილობის მყარი ნარჩენი მოვლენები, მარჯვენამხრივი ჰემიპლეგია, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის მოშლა.
მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებით ავტოავარიის შედეგად, კა--------------–---–ი მიჯაჭვულია ლოგინს, აქვს მარჯვენა მხრის პრარეზი, კონტაქტში შესვლა გაძნელებულია, იგი დასმულ შეკითხვებზე ვერ პასუხობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კა--------------–---–ს დაუდგინდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსი, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით მას დაენიშნა დროებითი მხარდამჭერი. მიღებული დაზიანებების და განცდილი ფიზიკური ტკივილების შედეგად მოსარჩელეს მძიმე ფსიქიკური განცდები დაეუფლა და მძიმე ფსიქოლოგიური ზიანი მიიღო. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, საჭიროებს სისტემატურ ყურადღებას, მოვლას, ყოველდღიურ მკურნალობას.
მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კა--------------–---–ს დღეის მდგომარეობით კიდევ ესაჭიროება ოპერაცია თავზე. ამასთან აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მეუღლე და მხარდამჭერი მუშაობს, კა--------------–---–ს ესაჭიროება მომვლელის დახმარება. ამავე დროს მას ესაჭიროება მასაჟისტი, მისი წყალობით კა--------------–---–ს აქვს მცირედი წინსვლა. მას ამ დროისთვის უკვე შეუძლია, დაახლოებით ათი-თხუთმეტი წუთით წამოჯდომა. ამავე დროს მას ესაჭიროებოდა და დღესაც ესაჭიროება მედიკამენტოზური მკურნალობა, რომლის დასადასტურებლადაც, მოსარჩელის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს კალკულაცია, ქვითრები, „ ავერსის “ და ,, ჯიპისი “-ს აფთიაქებიდან ცნობები.
მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე ითხოვს როგორც მიყენებული ქონებრივი ზიანის - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის, ისე მორალური ზიანის - 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ანაზღაურებას, სულ 75 000 (სამოც და თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი ბევრად მეტია, მაგრამ შექმნილი მწარე რეალობიდან გამომდინარე, მხოლოდ ამდენს ითხოვენ მოპასუხისაგან. თუმცა იგი თავს არიდებს პასუხისმგებლობას და ცდილობს უძრავი ქონების გადამალვას, რათა არ მოხდეს ამ ქონებიდან გადაწყვეტილების აღსრულება. მან ჯერ კიდევ გამოძიების მიმდინარეობისას ქონება თვალთმაქცურად აჩუქა ძმას გი----------------ს, ხოლო სანამ სასამართლოს განჩინება იქნებოდა, სო------ და გი----------------ებმა აღნიშნული ქონება კვლავ თვალთმაქცურად გაასხვისეს თავიანთ დაზე ან–--–-----------ზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სო----------------ის და ან–--–-----------ის წარმომადგენელმა ნუ-----------–---მა სარჩელი მატერიალური ანაზღაურების ნაწილში ცნო ნაწილობრივ 6 800 (ექვსი ათას რვაასი) ლარის ფარგლებში, ხოლო მორალური ანაზღაურების მოთხოვნა არ ცნო. მან დაადასტურა სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ დიდი ზიანი მიაყენა მოსარჩელეს და მათ შორის მორალური ზიანიც. განაცხადა, რომ მოპასუხეებს არ გააჩნიათ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების არანაირი საშუალება, სარჩელით მოთხოვნილი თანხა აშკარად გაბერილია და არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მკურნალობის ხარჯების სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
მოპასუხე სო----------------ის და ან–--–-----------ის წარმომადგენელმა ასევე არ ცნო სარჩელი სო----------------ს მიერ ქონების გასხვისების ბათილად მოთხოვნის ნაწილში, და განმარტა, რომ მხარეთო შორის თვალთმაქცურ გარიგებას ადგილი არ ქონია. ასევე არ ცნო მოთხოვნა გი----------------ის და ან–--–-----------ის შორის საჯარო 2018 წლის 10 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.
2.2. მოპასუხე გი----------------ის ადვოკატმა ბე----------–---–მა არ ცნო მოსარჩელის მოთხოვნები სო----------------ს და გი----------------ს შორის 2017 წლის 28 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების და გი----------------ს და ან–--–-----------ს შორის 2018 წლის 10 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასამართლო სხდომაზე გი----------------ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ უძრავი ქონების (ს/კ56.03.56.---) თავდაპირველი მესაკუთრე იყო ლა-–-----------ი, რომელიც არის სო------, გი-----ი და ან–--–-----------ების ბებია. მისი სურვილი იყო, რომ მისი ქონება მისსავე სიცოცხლეში თავისი შვილიშვილებიდან დარჩენოდა გი----------------ს. ამის სურვილი გაუჩნდა ბებიას იქიდან გამომდინარე, რომ გი----------------ი არის შშმ პირი, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად საკუთარი თავის მოვლა, მუშაობა და შემოსავლის მიღება. 2014 წლის 26 მარტს უძრავი ქონება (ს/კ56.03.56.---) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა თავის სახელზე. ქონების დარეგისტრირების შემდეგ ბებიამ მისი გადაცემა პირდაპირ გი----------------ისთვის ვერ მოახერხა, რადგან იმ პერიოდში მძიმე იყო მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ლა-–-----------მა გადაწყვიტა ქონება დროებით გადაეცა თავისი ერთ-ერთი შვილისათვის სო----------------ისთვის იმ დათქმით, რომ გი-----ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ქონებას მას აჩუქებდა. რადგან იგი იყო შშმ პირი და არ გააჩნდა საცხოვრებელი სახლი და უძრავი ქონება საკუთრებაში. ბებია ლა-–-----------ი ქონების გი-----ისათვის გადაცემას ჩქარობდა, რადგან იგი არის 92 წლის. ბებიის სურვილის და საკუთარი სურვილის შესაბამისად 2017 წლის 03 ოქტომბერს სო----------------მა უძრავი ქონება აჩუქა თავის ძმას გი----------------ს. გი-----ი არის დასაჩუქრებული მისი სტატუსის გამო და ქონება, რომელიც მან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო არის სრულ შესაბამისობაში სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ვინაიდან, მოპასუხე გი----------------ი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გახდა უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრე და არ არსებობს ამ ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, გი-----ის მიენიჭა უფლება თავისი შეხედულებით გამოეყენებინა და განეკარგა ნაჩუქარი უძრავი ქონება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნები უძრავი ქონების ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. თელავის რაიონული სასამართლოს 25.01.2018 წლის გამამტყუნებელი განაჩენით (საქმის N--------) დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 118-ე კილომეტრზე ბაკურციხიდან ლაგოდეხის მიმართულებით გადაადგილდებოდა ,, ბ-- “-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით U-------- ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი სო----------------ი. სიღნაღის რაიონის, სოფელ ს-----ოში გამავალ საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს სო----------------მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ “ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რაც გამოიხატა იმასში, რომ მოსახვევში ავტომანქანა მოუცურდა და შეეჯახა მის წინ მიმავალ მინი ტრაქტორს, რომელსაც მართავდა კა--------------–---–ი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამავე განაჩენით სო----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ჩადენილი დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი; თელავის რაიონული სასამართლოს 25.01.2018 წლის განაჩენი;
3.2. ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმების გამო კა--------------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრამვა, თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, თავის ტვინის ტრავმული შეშუპება, ტრავმული სუბდურული, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, ქალა ფუძის მოტეხილობა, მარჯვენამხრივი ჰემიპლეგია, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის მოშლა. ავტოავარიის შედეგად, კა--------------–---–ი მიჯაჭვულია ლოგინს, აქვს მარჯვენა მხრის პრარეზი, კონტაქტში შესვლა გაძნელებულია, იგი დასმულ შეკითხვებზე ვერ პასუხობს. იმყოფება პამპერსში (მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის მოშლის გამო).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკის “ მიერ 23.08.17 წელს გაცემული ცნობა.
3.3. კა--------------–---–ს დაუდგინდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსი, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით მას დაენიშნა დროებითი მხარდამჭერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.02.2018 წლის განჩინება.
3.4. მიღებული დაზიანებების და განცდილი ფიზიკური ტკივილების შედეგად მოსარჩელეს მძიმე ფსიქიკური განცდები დაეუფლა და მძიმე ფსიქოლოგიური ზიანი მიიღო. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, საჭიროებს სისტემატურ ყურადღებას, მოვლას, ყოველდღიურ მკურნალობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის განმარტება, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობები;
3.5. 2014 წლის 26 მარტს უძრავი ქონება (ს/კ56.03.56.---) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა ლა-–-----------ის სახელზე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საკუთრების უფლების მოწმობა N827, დამოწმების თარიღი 20.03.2014 წელი. შემდგომ 2014 წლის 18 ივნისს აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის 12 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა სო----------------ის სახელზე. აღნიშნული უძრავი ქონება (ს/კ56.03.56.---) 2017 წლის 03 ოქტომბერს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, (დამოწმების თარიღი 28.09.2017 წელს) აღირიცხა გი----------------ის სახელზე. 2018 წლის 13 აპრილს უძრავი ქონება (ს/კ56.03.56.---) უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა ან–--–-----------ის სახელზე.
სო----------------ი, გი----------------ი და ან–--–-----------ი არიან დედმამიშვილები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; მხარეთა განმარტებები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 102-103-ე, 30917-ე,30920-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50, 316-ე, 317-ე, 361-ე, 992-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურების კუთხით მოსარჩელემ სრულყოფილად მოახდინა მასზე სსსკ-ის 102-ე მუხლით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო მოპასუხემ, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, საპასუხო დამაჯერებელ არგუმენტებზე ვერ მიუთითა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 15 დეკემბერს განხორციელებულმა ცვლილებებმა განსხვავებულად მოაწესრიგა სასამართლო განაჩენის სამართლებრივი დატვირთულობა დელიქტურ ვალდებულებებში. ცვლილებამდე არსებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განაჩენს პრეიუდიციულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ათავისუფლებდა მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისაგან. აღნიშნული კანონის 30917-ე მუხლმა ერთმანეთისაგან გამიჯნა განაჩენის მნიშვნელობა დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში. ზემოთ მოყვანილი 30917-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს სასამართლო განაჩენის დანიშნულებას პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების მტკიცების თვალსაზრისით. სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. ამდენად, თუ პირის მიმართ არსებობს სასამართლო განაჩენი, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იგი იმთავითვე მოიცავს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალიწინებულ ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს აღნიშნული გარემოება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენით სო----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მოსარჩელემ მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებით, მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამდენად, წარმოდგენილი განაჩენი, სრულფასოვნად ადასტურებს სო----------------ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების არსებობას, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია კა--------------–---–ის მიმართ დამდგარ ზიანთან.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებელის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი. ასევე, დადგენილია სო----------------ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მიყენებული ზიანის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული უმძიმესი ზიანი გამოწვეული იყო სო----------------ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ამ ფაქტს მოპასუხე თვითონაც არ უარყოფს. ამრიგად, არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხე სო----------------მა დაადასტურა სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, აღიარა, რომ დიდი ზიანი მიაყენა მოსარჩელეს და მათ შორის მორალური ზიანიც, მის მიმართ წარდგენილ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 6 800 (ექვსი ათას რვაასი) ლარის ნაწილში.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი 6 800 (ექვსი ათას რვაასი) ლარის ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის და 131-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ამ ნაწილში, სარჩელის ცნობის საფუძვლით.
მატერიალური ანაზღაურების დარჩენილი თანხის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი, რადგან მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სატანადო წესით შედგენილი, არ არის სარწმუნო, ვერ ხდება იდენტიფიკაცია, თუ ვისთვის იყო წამლები შეძენილი და შესაბამისად სათანადო მტკიცებულებებად ვერ ჩაითვლება.
6.2. მოსარჩელე მხარე სარჩელში ასევე აყენებს მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს და ითხოვს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის ოდენობით. ასეთი სახის ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით. ამ მუხლის 1-ი ნაწილით: არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე ამუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. მითითებული ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი(მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არა შრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალ დარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა, უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ყველა წინაპირობები, კერძოდ ავტოავარიის შედეგად კა--------------–---–მა მიიღო უმძიმესი სხეულის დაზიანებები რამაც გამოიწვია ქალა თავის მოტეხილობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვა.
რაც შეეხება მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრას, სასამართლო განმარტავს, რომ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში ოდენობის განსაზღვრის რაიმე საერთო კრიტერიუმები დადგენილი არ არის. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მიხედვით მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ვინაიდან მორალური ზიანი თავისი ფორმით სპეციფიკური მოვლენაა, შეუძლებელია აქ ანაზღაურების მიზანი იყოს სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება.
სასამართლო ითვალისწინებს ყველა ფაქტობრივ გარემოებებს და მოპასუხის ფინანსურ შესაძლებლობებს, დაზიანების ხარისხს და მოპასუხის ასაკს და თვლის, რომ კა--------------–---–ის შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მიყენებული არაქონებრივი ზიანის კომპენსაცია უნდა განისაზღვროს 10 000(ათი ათასი) ლარით.
6.3. გარიგებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ უპირველეს ყოვლისა უნდა შეფასდეს წარმოადგენს თუ არა დასახელებული გარიგების ბათილად ცნობის შედეგისადმი დაინტერესებულ პირს მოსარჩელე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო გარიგების ბათილად ცნობის მიმართ უკავშირდება უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ სო----------------ის ცნობას და მოსარჩელის (ფულადი ვალდებულების) მოთხოვნის უზრუნველყოფას. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება სადავო გარიგების მოჩვენებითი ხასიათი, აღნიშნულს შედეგად მისი ბათილად ცნობა მოჰყვება. ამრიგად სახეზეა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მიმართ.
სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადაო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ “ ურთიერთშეთანხმებაზე ”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არა ნამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არა ნამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.
მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და მათ არ სურთ გარიგების შესრულება. ასეთი გარიგების შედეგად კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს.
სასამართლომ დადგინა, რომ გარიგების მონაწილე მხარეები ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან - წარმოადგენენ და-ძმას. როდესაც ასეთი გარიგება იდება ოჯახის წევრების შორის, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილი იყო არსებული შემთხვევის და მის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების თაობაზე. ავტოავარია მოხდა 2017 წლის 16 ივლისს, ხოლო მას შემდეგ რაც დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, სო----------------მა მის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება ს/კ 56.03.56.--- გააჩუქა ძმაზე გი----------------ზე. კა--------------–---–ის სარჩელის სასამართლოში შემოტანის შემდგომ, სანამ მოსარჩელე განახორციელებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, გი----------------მა აღნიშნული უძრავი ქონება ს/კ 56.03.56.--- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა თავის დაზე ან–--–-----------ზე, რომელმაც ეს ქონება სასწრაფოდ იპოთეკით დატვირთა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოსათვის საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ სადავო გარიგების მხარეებს არ სურდათ ნამდვილი გარიგების დადება და ამისათვის არ გააჩნდათ შინაგანი ნება ანუ, ზემო მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ სადავო ხელშეკრულების დადებისადმი მხარეთა შინაგანი ნების არსებობას. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ამ გარიგებების დადებით სო----------------ი შეეცადა თავიდან აერიდებინა შესაძლო პასუხისმგებლობა, რაც შეიძლებოდა დამდგარიყო მისი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების ჯერ ჩუქების და შემდგომ ნასყიდობის ხელშეკრულებების დადება გამოწვეული იყო მხოლოდ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მოტივით, რაც, წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებებს და ორივე გარიგება ბათილად უნდა იქნეს გამოცხადდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელის ფასი შეადგენს 75 000 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ბ “ და „ გ “ პუნქტის შესაბამისი სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 6 800 ლარის ფარგლებში, ამ ნაწილში მოპასუხე მხარე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მოსარჩელე კა--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.2. მოპასუხე სო----------------ს მოსარჩელე კა--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის 6 800 (ექვსი ათას რვაასი) ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე სო----------------ს მოსარჩელე კა--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება 10 000 ( ათი ათასი) ლარის ოდენობით.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სო----------------ის და გი----------------ის შორის 2017 წლის 28 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონების, მდებარე რაიონი სიღნაღი სოფელი ს-----ო, ს/კ:56.03.56.1---
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი გი----------------ის და ან–--–-----------ის შორის საჯარო 2018 წლის 10 აპრილს (უფლების რეგისტრაციის თარიღი: 13.04.2018წ) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონების, მდებარე რაიონი სიღნაღი სოფელი ს-----ო, ს/კ: 56.03.56.1---
1.6. უძრავ ქონება, მდებარე რაიონი სიღნაღი სოფელი ს-----ო, ს/კ:56.03.56.--- კვლავ აღირიცხოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სო----------------ის (პ--------------) სახელზე.
1.7. ზიანის ანაზღაურების დარჩენილ მოთხოვნებზე მოსარჩელე კა--------------–---–ს უარი ეთქვას.
3. მოპასუხე სო----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე