გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/36564-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე დ---თ სა-------ე
წარმომადგენელი ს--------------–-–---–ი
მოპასუხე ლ---- ოთ--–---–ი
წარმომადგენელი დ---თ ჩ---ძე
დ---ს საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ლ---- ოთ--–---–ს, დ---თ სა-------ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტომანქანის ღირებულება, 2900 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (7105 ლარი) და ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადახდილი 121 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის მიხედვით, დ---თ სა-------ე ავტომანქანის შესაძენად დაუკავშირდა ლ---- ოთ--–---–ს, რომელიც დაკავებულია საზღვარგარეთიდან ავტომობილების ჩამოყვანით და მათი რეალიზაციით. მოპასუხეს ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ჰქონდა გასაყიდი ავტომობილის სურათები.
ავტომანქანის მდგომარეობისა და საბოლოო ფასის გარკვევის მიზნით, მხარეებს შორის შედგა მოლაპარაკება. ნასყიდობის საგანი ვიზუალურად იმყოფებოდა ზუსტად ისეთ მდგომარეობაში, როგორც იყო სურათზე აღბეჭდილი, შესამჩნევი დაზიანებები მას არ აღენიშნებოდა. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 2900 აშშ დოლარით. მოპასუხეს თავდაპირველად ხელზე გადაეცა 100 აშშ დოლარის ექვივალენტი 250 ლარი, უფრო მოგვიანებით დარჩენილი 2800 აშშ დოლარის ექვივალენტი 6880 ლარი.
ავტომანქანას ჩამოსვლისას აღმოაჩნდა იმაზე მეტი დაზიანება, ვიდრე იყო შეთანხმებული. მოსარჩელე იძულებული გახდა მისი ტრანსპორტირება მოეხდინა ევაკუატორის საშაულებით. შემოწმებისას გაირკვა, რომ გასაღების ბლოკის გარდა, მანქანას დაზიანებული ჰქონდა ელექტროგაყვანილობა და არ ექვემდებარებოდა აღდგენას. იგი საჭიროებდა მთლიანად შეცვლას, რაც დაკავშირებულია სოლიდურ თანხებთან.
მოსაჩელის განმარტებით მოპასუხემ უარი განაცხადა ხარჯების ანაზღაურებაზე, რის შემდგომაც ავტომანქანა დაუტოვა ლ---- ოთ--–---–ს და მოითხოვა გადახდილი ნასყიდობის ღირებულების სრულად ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ლ---- ოთ--–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირადი საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყვიტა შეეძინა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებული ავტომანქანა საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ნაკლებ ფასად. ამავე ვებ-გვერდზე განთავსებული იყო ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალების ნივთობრივი მდგომარეობის შესახებ. კერძოდ ფოტოები, ასევე ინფორმაცია, რომ მანქანას ესაჭიროებოდა გასაღები და გასაღების ბლოკი.
მანქანის გამოგზავნის უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 30 მარტს შპს „ი----------------ნ“ გაფორმდა საშუამავლო მომსახურების შესახებ #30 ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელს უნდა უზრუნველეყო აუქციონზე შეძენილი მოძრავი ნივთის ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ფოთის პორტამდე.
ავტომანქანა უნდა ყოფილიყო იმავე მდგომარეობაში, როგორც სურათებზე. შუამავალი პასუხისმგებელი არ იყო ავტომობილის რიგი დეტალების (ძარა, ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ელექტრო მოწყობილობები, სავალი ნაწილი, ხიდები, ინტერიერი) ხარისხზე.
შპს „ი----------------ნ“ სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარების მომენტისთვის მოსარჩელეს არ იცნობდა. მას შემდეგ, რაც მოპასუხეს შეექმნა ფინანსური პრობლემები და დასჭირდა თანხა 2017 წლის მაისის თვეში გადაწყვიტა შეძენილი ნივთის გაყიდვა. ჯერ კიდევ, გზაში მყოფი ავტომანქანის მონაცემები და მახასიათებლები, მათ შორის ნივთობრივი ნაკლის შესახებ, ფოტოებთან ერთად განათავსა ერთ-ერთ ქართულ საიტზე. სწორედ საიტის მეშვეობით დაუკავშირდა მოსარჩელე და გამოთქვა სურვილი შეეძინა მანქანა იმ მდგომარეობაში რაც ცნობილი იყო გამყიდველისთვის.
მოსარჩელემ ბეს სახით გადაიხადა 100 აშშ დოლარი, ხოლო შემდგომ 2800 აშშ დოლარი.
მოპასუხემ ბეს მიღებისას გადასცა ყველა დოკუმენტი, მათ შორის შპს „ი----------------ნ“ გაფორმებული საშუამავლო ხელშეკრულება და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. შესაბამისად, მოსარჩელემ ჯერ კიდევ მაისის თვეში იცოდა რა მდგომარეობაში იყო გამოგზავნილი ნივთი და რა დაზიანებები აღენიშნებოდა, ასევე რის თაობაზე იღებდა პასუხისმგებლობას მოპასუხე, რაც დასტურდება ხელშეკრულების მეორე პუნქტით. დ---თ სა-------ეს განემარტა, რომ იმაზე მეტ გარანტიას რაც შპს „ი----------------ნ“ გაფორმებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული ვერ მისცემდა.
2017 წლის 7 ივნისს ავტომანქანა ჩამოვიდა ფოთის პორტში. ამავე წლის 10 ივნისს შეთანხმებისამებრ მოპასუხემ გასცა მინდობილობა მოსარჩელის სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალების განბაჟების და საკუთარ სახელზე აღრიცხვის მიზნით.
თბილისში დაბრუნების შემდგომ ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩნდა, დაზიანებული არამარტო გასაღების ბლოკი, არამედ ელექტრო გაყვანილობა და მის აღდგენას ესაჭიროებოდა 800 ლარი.
მოსარჩელემ მოითხოვა ნივთის ღირებულების სრულად დაბრუნება. დ---თ სა-------ეს განემარტა, რომ იგი შეძენამდე ინფორმირებული იყო დაზიანებების შესახებ, თუმცა მაინც დაპირდა ელექტრო მოწყობილობის აღსადგენად გარკვეული თანხის გადაცემას. მოსარჩელემ აღნიშნულზე განაცხადა უარი და ავტომანქანა დატოვა სახელოსნოში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 30 მარტს ლ---- ოთ--–---–ს (დამკვეთი) და შპს „ი--------------- (შუამავალი) შორის გაფორმდა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შუამავალმა აიღო ვალდებულება დამკვეთს დახმარებოდა ამერიკის შეერთებული შტატებში მის მიერ მოძიებული ავტომანქანის (TOYOTA PRIUS 2008, VIN J----------------) შეძენაში და უზრუნველეყო მისი ტრანსპორტირების ორგანიზება აშშ-დან ქ. ფოთამდე.
დამკვეთი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა შუამავლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.
3.1.2. ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, მხარეებმა განსაზღვრეს უფლება-მოვალეობები, მათ შორის შეათანხმეს ავტომანქანის ნივთობრივი მდგომარეობა.
კერძოდ, „ავტომანქანა უნდა იყოს იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო ვიზუალურად ავტოაუქციონის მიერ გაცემულ სურათებში“.
შუამავალი პასუხისმგებელი არ არის ავტომობილის შემდეგი დეტალების ხარისხზე: ძარა, ძრავი, გადაცემათა კოლფი, ელექტრო მოწყობილობები, სავალი ნაწილი, ხიდები, ინტერიერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება #30 (ს.ფ 16-17)
3.1.3. მოსარჩელის ახსნა-განმარტებებიდან დგინდება, რომ ერთ-ერთ ქართულს ვებ-გვერდზე მოიპოვა ინფორმაცია, რომლითაც მოპასუხე ყიდდა აშშ-დან საქართველოსკენ მომავალ ავტოსატრანსპორტო საშუალებას შემდეგი რეკვიზიტებით: TOYOTA PRIUS 2008, VIN J----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი, 14.03.2019წ. 12:18:33/12:18:46წთ)
3.1.4. უდავოა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის ფასსა და გადახდის პირობებზე: ავტომანქანის ღირებულება განისაზღვრა 2900 აშშ დოლარით, საიდანაც მოპასუხეს გადაეცა ბეს სახით 100 აშშ დოლარის ექვივალენტი 250 ლარი, უფრო მოგვიანებით დარჩენილი 2800 აშშ დოლარის ექვივალენტი 6880 ლარი.
უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ავტომანქანის დაზიანების შესახებ, კერძოდ ავტომანქანას ესაჭიროებოდა გასაღები და გასაღების ბლოკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი, 14.03.2019წ, 12:18:49/12:19:20-32/12:34:47-53წთ)
3.1.5. უდავო გარემოებაა, რომ შეთანხმებისამებრ მოპასუხემ გასცა მინდობილობა მოსარჩელის სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალების განბაჟების და საკუთარ სახელზე აღრიცხვის მიზნით.
მოსარჩელეს გადაეცა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება და ნასყიდობის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი, 14.03.2019წ, 12:27:02-20წთ)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი 14.03.2019წ, 12:34:57-12:35:09წთ)
3.1.6. საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ ავტომანქანის შემოწმებისას დადგინდა, რომ მას აღენიშნებოდა მნიშვნელოვანი დაზიანება, მღრღნელების მიერ განადგურებული იყო ელექტრო მოწყობილობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა აღდგენას, საჭიროებდა მთლიანად შეცვლას, რაც დაკავშირებული იყო სოლიდურ თანხებთან. მოსარჩელემ ავტომანქანის ტრანსპორტირება მოახდინა ევაკუატორის საშუალებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი, 14.03.2019წ, 12:19:35/12:20:07წთ)
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი, 14.03.2019წ, 12:27:44/12:28:05/12:32:03წთ)
3.1.7. მოსარჩელის ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე ირკვევა, რომ ავტომობილის დაზიანების სრულად აღმოსაფხვრელად საჭირო მასალების და მომსახურების საორიენტაციო ღირებულება ყველა ხარჯის გათვალისწინებით შეადგენდა 2300 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი, 14.03.2019წ. 13:01:22-33წთ)
3.1.8. დადგენილია, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ აღმოჩენილი დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯების განაწილებაზე, რის შემდგომაც მოსარჩელემ ავტომანქანა დაუტოვა ლ---- ოთ--–---–ს და მოითხოვა გადახდილი ნასყიდობის ღირებულების სრულად ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი 14.03.2019წ. 12:55:30წთ)
3.1.9. მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან დგინდება, რომ სადავო ავტომანქანა დღეის მდგომარეობით აღრიცხულია ლ---- ოთ--–---–ის სახელზე, თუმცა ფაქტობრივად იმყოფება სახელოსნოში და მას არცერთი მხარე არ ფლობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი 14.03.2019 წ. 12:48:17-22, 12:54:10-20/ 12:54:33წთ)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დ---ს გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს არ დაუსახელებიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლოს დ---თ სა-------ის სასარჩელო მოთხოვნა მიაჩნია დაუსაბუთებლად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე, 352-ე, 405-ე, 477-ე, 490-ე, 491-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვება ქონების გაცვლის, გადაცემის ვალდებულება ფულის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, გადასცეს საქონელი მფლობელობაში და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მხარეთა შეთანხმება ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე როგორიცაა: ნასყიდობის საგანი, ფასი, მისი ღირებულების გადახდის პერიოდი, ნივთის მახასიათებლები და სხვა. ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხემ შეთანხმებისამებრ გასცა მინდობილობა მოსარჩელის სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალების განბაჟების და საკუთარ სახელზე აღრიცხვის მიზნით. დადგენილია მოძრავი ნივთის შემძენის (დ---თ სა-------ე) პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის ფაქტი, რის საფუძველზეც უნდა დავასკვნათ: მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა უნდა შეფასდეს ავტომანქანის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებად, რომლის ფარგლებშიც დ---თ სა-------ე გახდა ავტომობილის მესაკუთრე.
სასამართლო შენიშნავს, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის პირობები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას.
მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, ასევე მოძრავი ნივთის საფასურის გამსხვისებლისთვის და შესაბამისად ავტომობილის შემძენისთვის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა. აქედან გამომდინარე დადასტურებულია, რომ დ---თ სა-------ესა და ლ---- ოთ--–---–ს შორის შედგა გარიგება ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში კვლავ ირიცხება მოპასუხის სახელზე და მოსარჩელემ დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ ავტომობილი დატოვა ერთ ერთ სახელოსნოში, მხარეთა შორის საკუთრების უფლების გადაცემის პროცესი დასრულდა და ლ---- ოთ--–---–ს ავტომობილზე საკუთრების უფლება აღარ გააჩნია.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის დანაწესით თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
გასათვალისწინებელია, რომ დ---თ სა-------ისთვის გადაცემულ ავტომობილს გააჩნია გამოსწორებადი ნაკლი, რომლის აღმოსაფრხველად, მხარეთა ინფორმაციით საკმარისია 2300 ლარი. ამავე გარემოებიდან გამომდინარე სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებიდან სრულად გასვლის და მთლიანი რესტიტუციის განმაპირობებელი ფაქტორები წარმოქმნილი არაა. რაც შეეხება დ---თ სა-------ის მიმართ მიყენებულ ზიანს მისი კომპენსირება შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსის 490-491- ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმებით, როგორიცაა: ნივთის ნაკლის გამოსწორება, ნასყიდობის ფასის შემცირება და ა.შ.
სასამართლოს დასკვნით, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 490-491-ე მუხლების ანალიზს, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე მუხლებით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება. ხელშეკრულებაზე ცალმხრივი უარი გარიგების მონაწილის უკიდურესი გადაწყვეტილებაა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის გათვალისწინებით მხოლოდ მკაცრად რეგლამენტირებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები ვერ წარმოადგინა და დ---თ სა-------ის სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის საფასურისა და სხვა ხარჯების ანაზღაურების შესახებ სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დ---ს საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დ---ს შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით - 2000 ლარამდე ოდენობით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დ---თ სა-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ლ---- ოთ--–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი თანხა - 300 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დ---თ სა-------ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
3. დ---თ სა-------ეს ლ---- ოთ--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი თანხა 300 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე