გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/36960-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 მარტი 2019 წ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ანი ჯაჭვაძე
მოსარჩელე - კ----–-- ბ-------ე
მოპასუხე - მ-------------ე, თ----- ლ---–----ე, თ----- მ---------–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს თ----- მ---------–ს, თ----- ლ---–----ეს და მ-------------ეს მოსარჩელე კ----–-- ბ-------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5516 აშშ დოლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: კ----–-- ბ-------ესა და შპს ,,ს--------------------------------–--ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N1----. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ შპს ,,ს--------------------------------–--ს“ სესხის სახით გადასცა თანხა 4200 აშშ დოლარი, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სარგებელი ყოველთვიურად 109.73 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება დაიდო 12 თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3-----–---ს განაჩენით საქმეზე N1------- დამნაშავედ იქნენ ცნობილი თ----- ლ---–----ე, მ-------------ე და თ----- მ---------–ი. აღნიშნული საქმეზე მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად.
როგორც განაჩენით დასტურდება, მოპასუხეები კომპანიის ფინანსურ აქტივებს იყენებდნენ პირადი მიზნით, რის შედეგადაც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი 5516 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 4200 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირ თანხას, ხოლო 1316 აშშ დოლარი წარმოადგენს სარგებელს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა მ-------------ემ და თ----- მ---------–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, ხოლო მოპასუხე - თ----- ლ---–----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 14 ივნისს შპს ,,ს--------------------------------–--სა“ და კ----–-- ბ-------ეს შორის წერილობით დაიდო სესხის ხელშეკრულება N1----, რომლის თანახმადაც გამსესხებელმა სესხის სახით გადასცა მსესხებელ კომპანიას 4200 ლარი. სესხი იყო სარგებლიანი, გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 33%-ის დარიცხვით (ყოველთვიური პროცენტი - 109.73 აშშ დოლარი). პროცენტის გატანა განხორციელდებოდა სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 14 ივნისის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-21).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3-----–---ს განაჩენით (საქმე N1-------), რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, თ----- ლ---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;
მ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
თ----- მ---------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
აღნიშნულ სისხლის სამართლოს საქმეზე კ----–-- ბ-------ე ცნობილია დაზარალებულად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3-----–---ს განაჩენი (ს.ფ.22-149)
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.18წ განჩინება (ს.ფ 146-150).
- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ს.ფ.151-169 ;
3.1.3. 2016 წლის 14 ივნისის შპს ,,ს--------------------------------–--სა“ და კ----–-- ბ-------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის დაბრუნებისა და საპროცენტო სარგებლის მსესხებლისათვის გადაცემის ვალდებულება კომპანიას არ შეუსრულებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3-----–---ს განაჩენი (ს.ფ.22-149)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
აღნიშნულ ნორმათა ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს; დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა; საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს; ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ; გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3-----–---ს განაჩენის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, მ-------------ის, თ----- ლ---–----ის და თ----- მ---------–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად კ----–-- ბ-------ისათვის 5516 აშშ დოლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს.
უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, სწორედ მოსარჩელე (დაზარალებული) მხარის ვალდებულებაა დაამტკიცოს როგორც მისთვის მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობა.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესის თანახმად, სამოქალაქო დავის განხილვისას, ისევე როგორც კონკრეტული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი და კ----–-- ბ-------ესა და შპს ,,ს--------------------------------–--ს“ შორის 2016 წლის 14 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,ს--------------------------------–--მ“ კ----–-- ბ-------ისგან თორმეტი თვის ვადით ისესხა 4200 აშშ დოლარი, წლიური 33%-ის დარიცხვის პირობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3-----–---ს განაჩენით დასტურდება, რომ თ----- ლ---–----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა მართლზომიერ გამგებლობაში; მ-------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თ----- მ---------–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. მათ მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში: შპს ,,ს--------------------------------–--“ (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულ იქნა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თ----- მ---------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თ----- ლ---–----ე. შპს ,,ს--------------------------------–--ს“ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თ----- მ---------–ის მეუღლე _ მ-------------ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შპს ,,ს--------------------------------–--მ“ მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,ს--------------------------------–--ს“ დირექტორმა თ----- ლ---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ-------------ის წაქეზებით და თ----- მ---------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ-------------ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით მ-------------ეზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10326 096 ლარი, 13904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს"გ--------ზე"- 328000 ლარი და 108300აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მ-------------ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შპს ,,ს--------------------------------–--მ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მოუთხოვია დავის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3თავით დადგენილი წესით განხილვა, რა დროსაც ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილით ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს, არამედ, უდავოდ მიიჩნევა ამავე ნორმით დადგენილი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განაჩენს სასამართლო შეაფასებს , როგორც შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებას, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ცალკეული ელემენტების დადგენის თვალსაზრისით. კერძოდ, სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. შესაბამისად, მართალია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით პირდაპირ დადგენილი პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, თუმცა, მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულვებელყოფილ იქნას ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში, რომლის დანაწესიც განამტკიცებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას.
შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მ-------------ის, თ----- ლ---–----ის, თ----- მ---------–ის მიერ დაზარალებულის (მოსარჩელის) კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერად დაუფლების, განაჩენით დადასტურებული ფაქტი, მოპასუხეების ქმედებაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველია.
რაც შეეხება უშუალოდ დამდგარი ზიანის ოდენობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია სარჩელის საფუძვლად მითითებული სადავო გარემოების, დანაშაულის შედეგად მოსარჩელისათვის 5516 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2016 წლის 14 ივნისის სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ს--------------------------------–--მ“ მოსარჩელისგან ისესხა 4200 აშშ დოლარი წლიური 33%-იანი სარგებლით. სესხი გაცემული იყო 12 თვის ვადით. განაჩენით დადასტურებულია, რომ მოპასუხეები კომპანიის ფინანსურ აქტივებს იყენებდნენ პირადი მიზნით, რის შედეგადაც დაზარალდა 2343 მოქალაქე. მათ შორის საქმეში წარმოდგენილია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა უტყუარად დადასტურება.
საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს რომ კ----–-- ბ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 998-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახედ დელიქტურ ვალდებულებას განსაზღვრავს. ამგვარი ვალდებულებები, არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა.
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3-----–---ს განაჩენით დასტურდება, რომ მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად, შპს"ს--------------------------------–--მ" ვერ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და კომპანიის კრედიტორებს _ 2343 მოქალაქეს, მათ შორის კ----–-- ბ-------ეს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ამდენად, დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას _ მოსარჩელისათვის მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანის მიყენების შესახებ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. იმ პრინციპის მხედველობაში მიღებით, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა სხვა პირს.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ სავარაუდო იყო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, სწორედ მოსარჩელეა ვალდებული დაამტკიცოს არა მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი, არამედ მისი ოდენობაც.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ს--------------------------------–--სა“ და კ----–-- ბ-------ეს შორის 2016 წლის 14 ივნისს წერილობით დადებული N1---- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ სესხის სახით გადასცა მსესხებელ კომპანიას 4200 ლარი. სესხი იყო სარგებლიანი და გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 33%-ის დარიცხვის პირობით. პროცენტის გატანა უნდა განხორციელებულიყო სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას.
დადგენილია, რომ მოპასუხეთა ბრალეული ქმედებით მოსარჩელემ ვერც სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება და ვერც საპროცენტო სარგებლის მიღება ვერ შეძლო.
ამდენად საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხეთა დელიქტური ქმედებით 5516 (4200+1316) აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემების დადასტურება.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით დეფინირებულია სოლიდარული ვალდებულების არსი, რომელიც სახეზეა მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, ამავე კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, განსაზღვრავს დელიქტურ ვალდებულებაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
ხსენებულ ნორმათა ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს ორი ან რამდენიმე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც შედეგად ზიანის დადგომა მოჰყვა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კ----–-- ბ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 440.17 ლარის ოდენობით.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ----–-- ბ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს მ-------------ეს, თ----- ლ---–----ეს, თ----- მ---------–ს მოსარჩელე კ----–-- ბ-------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5516 აშშ დოლარის გადახდა;
2. მ-------------ეს, თ----- ლ---–----ეს, თ----- მ---------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ 440.17 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი