გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32012-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლე ბ ა
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - თი-------------–---–ი
წარმომადგენელი - ინ---–----–----ე
მოპასუხე - თა-----------ა
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, პირგასამტეხლოს შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს 2018 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუს ქე----------------–---–ის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ნაწილში და დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15%-სა განისაზღვროს 0.01%-ით. შესაბამისად სააღსრულებო ფურცლით 2017 წლის 08 მაისიდან 2018 წლის 04 ოქტომბრამდე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 8000 აშშ დოლარი, შემცირდეს და განისაზღვროს - 607.20 აშშ დოლარით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 08 ნოემბერს თი-------------–---–სა და თა-----------ას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რეგისტრაციის №---------), რომლის საფუძველზეც თი-------------–---–ის სასარგებლოდ სესხის სახით გაიცა 12 000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 08 მაისი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის და/ან მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დაყოვნების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაერიცხება საურავი/პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით. იპოთეკით იქნა დატვირთული მსესხებლის, თი-------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–--------------–---------------------------------------------------. 2016 წლის 01 დეკემბერს თი-------------–---–სა და და-–--------–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა და-–--------–---–ი.
2018 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუს ქე----------------–---–ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი №---------, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2017 წლის 08 მაისის მდგომარეობით განისაზღვრა 12 000 აშშ დოლარით, ამას დამატებული პირგასამტეხლო - 18 აშშ დოლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2017 წლის 08 მაისიდან აღსრულებამდე. ასევე, დადგინდა და-–--------–---–ის საკუთრებაში არსებული ზემოთ დასახელებული უძრავი ქონების რეალიზაცია.
ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება №A-------- ძირითადი თანხის 12 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 8000 აშშ დოლარის აღსრულების მიზნით.
მოსარჩელის მოსაზრებით, სააღრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა 0.15% არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს 0.01%-მდე. შესაბამისად, საბოლოოდ 2017 წლის 08 მაისიდან 2018 წლისა 04 ოქტომბრამდე პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველდღიური 1.20 აშშ დოლარის ოდენობით, რაც საბოლოოდ შეადგენს - 607.20 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თა-----------ამ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ პირგასამტეხლოს 4000 აშშ დოლარით შემცირების ნაწილში. ხოლო, დარჩენილ ნაწილში არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 08 ნოემბერს თა-----------ასა და თი-------------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №---------, რომლის თანახმადაც თა-----------ამ თი-------------–---–ს ასესხა - 12 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით სესხისთვის განისაზღვრა სარგებელი ყოველთვიურად 2%-ის ოდენობით. ასევე, პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის და/ან მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 08 მაისი.
სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის თი-------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–--------------–---------------------------------------------------, რომელიც თი-------------–---–სა და და-–--------–---–ს შორის 30.11.2016წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს და-–--------–---–ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.11.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 22-29);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 30-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. თი-------------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და თა-----------ას შორის 08.11.2016წ. დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები, რის გამოც 2018 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუს ქე----------------–---–ის მიერ, 08.11.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, კრედიტორის - თა-----------ას სასარგებლოდ, გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, 2017 წლის 08 მაისის მდგომარეობით, განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 12 000 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 18 აშშ დოლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2017 წლის 08 მაისიდან აღსრულებამდე. სააღსრულებო ფურცლით, ასევე დადგინდა იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–--------------–---------------------------------------------------, აუქციონზე რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.08.2018წ. სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 19-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. 14.08.2018წ. გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება №A-------- შემდეგი ოდენობით დავალიანების აღსასრულებლად: ძირითადი თანხა - 12 000 აშშ დოლარი და 04.10.2018 წლამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 8 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, თი-------------–---–ს 11.10.2018წ. გაეგზავნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A---------004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მიეცა შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადა დავალიანების ნებაყოფლობით გადასახდელად, თუმცა თი-------------–---–ს დავალიანება არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.10.2018წ. წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (იხ. ს.ფ. 37-41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა თი-------------–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით;
სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე მუხლებით;
’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე და 40-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, დაეთანხმა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 4000 აშშ დოლარით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თი-------------–---–ის სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლი, კი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 08 ნოემბერს თა-----------ასა და თი-------------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №---------, რომლის თანახმადაც თა-----------ამ თი-------------–---–ს ასესხა - 12 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით სესხისთვის განისაზღვრა სარგებელი ყოველთვიურად 2%-ის ოდენობით. ასევე, პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის და/ან მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 08 მაისი.
ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
როგორც ზემოთ აღინიშნა მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელემ დაარღვია რა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დანაწესი, კრედიტორმა შეთანხმებისამებრ, გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
6.3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კი ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მისი ’’გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ.
2018 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუს ქე----------------–---–ის მიერ, 08.11.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, კრედიტორის - თა-----------ას სასარგებლოდ, გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, 2017 წლის 08 მაისის მდგომარეობით, განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 12 000 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 18 აშშ დოლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2017 წლის 08 მაისიდან აღსრულებამდე. სააღსრულებო ფურცლით, ასევე დადგინდა იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, ქ-------–--------------–---------------------------------------------------, აუქციონზე რეალიზაცია.
ამასთან, ზემოთ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება №A-------- შემდეგი ოდენობით დავალიანების აღსასრულებლად: ძირითადი თანხა - 12 000 აშშ დოლარი და 04.10.2018 წლამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 8 000 აშშ დოლარი.
6.4. განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის №--------- სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას და ითხოვს მის შემცირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო - ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის და/ან მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ თი-------------–---–მა დაარღვია მასსა და თა-----------ას შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნულის საფუძველზე, კი 2018 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუს ქე----------------–---–ის მიერ, გაიცა სააღსრულებო ფურცელი №---------, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა - 18 აშშ დოლარით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2017 წლის 08 მაისიდან აღსრულებამდე. შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დროისათვის პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 8000 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0.01%-მდე, შესაბამისად 607.20 აშშ დოლარამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო პირგასამტეხლოს 4000 აშშ დოლარით შემცირების ნაწილში, მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უფრო მეტად უნდა იქნეს შემცირებული. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და 14.08.2018წ. სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 8000 აშშ დოლარის ნაცვლად უნდა განისაზღვროს 2 000 აშშ დოლარით, რომელიც თი-------------–---–ის მიერ გადახდილ უნდა იქნეს ანგარიშსწორების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 610 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე კი - 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამდენად, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ ნაწილში (4000 აშშ დოლარი) უნდა განახევრდეს და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, კერძოდ - 163.22 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 163.22 ლარი მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არა მხოლოდ იმ ნაწილში რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, არამედ დამატებით 2000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხე თა-----------ას მოსარჩელე თი-------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 163.22 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
მოპასუხეს, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.
დავის საგნიდან გამომდინარე, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 603.32 ლარს, თუმცა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 610 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - 6.68 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, თი-------------–---–ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ქე----------------–---–ის მიერ 2018 წლის 14 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (№---------) საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გარანტიების შექმნა.
მოცემულ შემთხვევაში, თი-------------–---–ის სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იყო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დასაცავად უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა საჭირო აღარ არის.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თი-------------–---–ის სარჩელი თა-----------ას მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ქე----------------–---–ის მიერ 2018 წლის 14 აგვისტოს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ნაწილში და 2017 წლის 08 მაისიდან 2018 წლის 04 ოქტომბრამდე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 2000 აშშ დოლარით, ანგარიშსწორების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში.
2. მოპასუხე თა-----------ას მოსარჩელე თი-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 326.44 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.
3. თი-------------–---–ს დაუბრუნდეს ინ---–----–----ის მიერ 2018 წლის 01 ნოემბერს სს „თი---------ში“ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 610 ლარიდან - 169.9 ლარი, რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე №300773150; ბანკის კოდი TRESGE22.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ქე----------------–---–ის მიერ 2018 წლის 14 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (№---------) საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე