გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2707199-2/824-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
8 აპრილი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი’’
წარმომადგენელი - ლ--–- ხ------–---–ი
მოპასუხე - ა---------– ს--------ე
მოპასუხე - ე----- მ--–------ (დასწრების გარეშე)
წარმომადგენელი - ა---------– ს--------ე
ა---------– ს--------ე წარმომადგენელი - მ--ა ს--------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს ა---------– ს--------ეს და ე----- მ--–------ს სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 11003.88 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6000 ლარი, პროცენტი - 4919.89 ლარი, პირგასამტეხლო - 83.99 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 4 დეკემბერს ა---------– ს--------ეს და სს ლ-------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 8700 ლარი, წლიური 17%· კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 10.12.2023. პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2013 წლის 4 დეკემებრს ბანკსა და ე----- მ--–------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხიმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 36289 ლარით.
მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი.
მოპასუხეების დავალიანება სს "ლ-------------ის" მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 11003.88 ლარს.
მოპასუხეების გაფრთხილებული იქნენ დავალიანების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხაერემ სარჩელი ცნა ნაწილობრივ და მიუთითა, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა. სადავოდ გახადა პროცენტის მოცულობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 4 დეკემბერს სს ,,ლ-------------სა’’ და ა---------– ს--------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2013/07412, რომლის თანახმადაც, მსესხებელზე გაიცა სესხი 8700 ლარი, 10.12.2023წ-მდე საპროცენტო სარგებელი წლიური - 17%, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. დადგენილია, რომ 2013 წლის 4 დეკემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 4 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც ე----- მ--–------მა იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 36289 ლარით.
3.1.3. მოპასუხე მხარის მხრიდან პირველივე თვიდან იქნა დარღვეული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სესხის დაფარვის გრაფიკი.
3.1.4. სადავო ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე მხარის მიერ გადახდილი იქნა მთლიანობაში 3750 ლარი, მათ შორის ძირი - 2700 ლარი, სარგებელი - 868,7 ლარი, პირგასამტეხლო -181,3 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.12.2013წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მნიშნელოვანი პირობები;
- 4.12.2013წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ე----- მ--–------ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 4.12.2013წ. თავდებობის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 11.12.2013-22.10.2018წ;
- 22.10.2018წ. N03065/43098 ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
- საფოსტო გზავნილები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხეების ა---------– ს--------ის და ე----- მ--–------ის დავალიანება სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ 04.12.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 11003.88 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6000 ლარი, პროცენტი - 4919.89 ლარი, ჯარიმა 83.99 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.12.2013წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მნიშნელოვანი პირობები;
- 4.12.2013წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ე----- მ--–------ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 4.12.2013წ. თავდებობის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 11.12.2013-22.10.2018წ;
- 22.10.2018წ. N03065/43098 ცნობა დავალიანების შესახებ;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე ა---------– ს--------ემ და ე----- მ--–------მა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ა---------– ს--------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლ-------------სა’’ და ა---------– ს--------ეს) შორის გაფორმებული 2013 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ა---------– ს--------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. ნაკისრი ვალდებულება ა---------– ს--------ემ პირველივე თვიდანვე დაარღვია, ასევე, ზედიზედ, სულ ცოტა ორჯერ და მეტჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადა და 2018 წლის მარტის თვის შემდგომ შეწყვიტა გადახდები; ფაქტიურად სარჩელის აღძვრამდე, მოპასუხემ ზედიზედ ორზე მეტ გადახდას გადააცილა და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 6000 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 4919.89 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
მოპასუხემ სადაოდ გახადა მოთხოვნილი სარგებელის მოცულობა და მიუთითა, რომ ძირი თანხის გათვალისწინებით, შეუსაბამოდ დიდი ოდენობით ითხოვს მოსარჩელე სარგებელის თანხას. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ პირველივე თვიდანვე იქნა დარღვეული გრაფიკით გათვალისიწინებული სარგებლის გადახდა. მის მიერ შეტანილი თანხებით ძირითადად იფარებოდა სესხის ძირითადი თანხა. ამასთან, გრაფიკის შესაბამისად 10.01.2014 წლიდან, პროცენტის გადახდის შემთხვევაში, მოპასუხეს ხელშეკრულების შეწყვეტამდე -22.10.218 წლამდე, უნდა გადაეხადა სარგებელი 6336,6 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ მის მიერ გადახდილმა სარგებელმა შეადგინა - 868,7 ლარი. ამდენად 4919.89 ლარი სარგებლის მოთხოვნა ხელშეკრულების პირობების შესაბამისია.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''ლ-------------სა'' და ა---------– ს--------ეს შორის 2013 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ლ-------------სა'' და მეორეს მხრივ ე----- მ--–------ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ე----- მ--–------მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 36289 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2013 წლის 4 დეკემბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების და პირგასამტეხლოს გადახდის ვადლებულება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 83.99 ლარი მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების განწილვადების შესახებ, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.
მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცნობენ ძირითადი თანხის გადახდის მოთხოვნას, რომელსაც გადაიხდიან განწილვადებით 12 თვეში, რადგან ძირითად მსესხებელს - ა---------– ს--------ეს აქვს სხვა ვალდებულებებიც, მასთან მას ჰყავს ხუთი შვილი.
სასამართლოს მიაჩნია, გადაწყვტეილების აღსრულების წესის დადგენის დროს მხარეთა თანასოწორობის პრინციპის საფუძველზე (სსკ მე-5 მუხლი) გათვალისწინებული ორივე მხარის მართლოზმიერი ინტერესები. კერძოდ, მოსარჩელის ინტერესია დროულად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, რეალურად მიაღწიოს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. მოპასუხის ინტერესია მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გონივრული ვადა, რომლის ფარგლებში მოპასუხის მიერ შესრულდება გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის დროს მხარეთა ორმხრივი ინტერების ბალასისი საფუძველზე უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს გადაწყეტილების რეალურად შესრულების ინტერესს და მოპასუხეს მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაუწესდეს გადაწყვეტილების შესრულების გონივრული წესი, დადგინდეს თანხის გადახდის პერიოდულობა. ამ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სესხის ძირითადი თანხის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის 6000 ლარის გადახდაზე განაცხადეს თანხმობა განწილვადებით გადახდით, ხოლო გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის დაკისრებულია მათ მიერ დასახელებულზე მეტი თანხა 11003,88 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის განწილვადების, აღსრულების წესის დადგენის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეებს უფლება აქვთ სასამართლოში მომართონ შუამდგომლობით სსკ 263-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების ან განწილვადების მოთხოვნით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოპასუხე ა---------– ს--------ემ და ე----- მ--–------მა სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნეს, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მათ მოსარჩელე სს ლ-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 241 ლარის, ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული საფოსტო ხარჯის - 22,5 ლარის გადახდა. სს ,,ლიბერთ ბნაკს’’ უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 90 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ლ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ა---------– ს--------ეს (პ/ნ 1----------) და ე----- მ--–------ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 11003.88 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6000 ლარი, პროცენტი - 4919.89 ლარი და ჯარიმა 83.99 ლარი.
3. მოპასუხე ა---------– ს--------ეს და ე----- მ--–------ს მოსარჩელე სს ლ-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 241 ლარის გადახდა.
4. სს ,,ლიბერთ ბანკს’’ დაუბრუნდეს 1.11.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 331 ლარიდან 90 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი