გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.04.2019
საქმის ნომერი
330210018002744265
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34674-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი

 

მოსარჩელე - ნ--------------ე

წარმომადგენელი - ხ---------------ი

 

მოპასუხე - ზ------ შ-----–---–ი

წარმომადგენელი - ნ------–-------ე, მ------------–-–---–ი

 

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ზ------ შ-----–---–ს ნ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის თანხის 6000აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2016 წლის 11 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 6000აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 11 მაისი. ხელშეკრულების თანახმად სესხს სარგებელი არ ერიცხება.

 

სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა გაუარესდა, კერძოდ: 2016 წლის 10 სექტემბერს მოპასუხე ზ------ შ-----–---–სა და ს-------- ქ-----ს შორის გაფორმებულ იქნა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ს-------- ქ-----მ მოპასუხეს ასესხა 14000შშ დოლარი 2 წლის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად ზ------ შ-----–---–მა იპოთეკით დატვირთა მის სახელზე რიცხული ერთადერთი უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ს-----------------–----------–-------------------------------------. მართალია 2018 წლის ივნისის სესხისა და იპოთეკის გაუქმების ხელშეკრულებით დგინდება, რომ მიპასუხემ სრულად დაუბრუნა მოვალეს სესხის სახით აღებული თანხა, თუმცა ამავე წლის 22 ივნისს უკვე სხვა პიროვნებასთან გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, დ------- კ---------მა მოპასუხეს ასესხა 36870 ლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 22 ივნისი. სესხი უზრუნველყოფილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით.

 

როდესაც 2016 წლის 10 სექტემბრისა და 2018 წლის ივნისის ხელშეკრულებების თაობაზე გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის, მან მოსთხოვა მოპასუხეს ვალის დაუყონებლივ დაბრუნება, რაზედაც მოპასუხემ განუმარტა, რომ შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო არათუ ვადაზე ადრე, არამედ ვადის დადგომის მომენტისთვისაც შესაძლოა ვერ დაებრუნებინა სესხი და სთხოვა სსხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.

 

შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ მოპასუხემ სესხის დაბრუნების დროისათვის ვერ შეძლოს ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მოსარჩელეს მიაყენებს მნიშვნელოვან ზიანს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

მოპასუხის სადავოდ არ ხდის როგორც მოსარჩელესთან ასევე მესამე პირებთან სესხის ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტებს; თუმცა ის გარემოება, რომ მესამე პირებთან დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებით გაუარესდა მოპასუხის მდგომარეობა, მოპასუხის განმარტებით სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ღირებულება არსებითად აღემატება სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს; ამასთანავე, ოჯახის საერთო შემოსავალი სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 11 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული და სანოტარო წესით დამოწმებული N1-------- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, გამსესხებელმა _ ნ--------------ემ, მსესხებელს _ ზ------ი შ-----–---–ს ასესხა 6000აშშ დოლარი, სამი წლის ვადით. ხელშეკრულების თანახმად სესხს სარგებელი არ ერიცხება. მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს სესხი დაუბრუნოს ერთიანად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში _ 2019 წლის 11 მაისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.17-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

3.1.2. 2016 წლის 10 სექტემბერს ზ------ი შ-----–---–სა და ს-------- ქ-----ს შორის გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება N1--------, რომლის თანახმად გამსესხებელმა _ ს-------- ქ-----მ მსესხებელს _ ზ------ი შ-----–---–ს ასესხა 14 000აშშ დოლარი 2 წლის ვადით, 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საჯარო რეესტრში ზ------ შ-----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ს-----------------–----------–----------------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N 0---------------, სრული მოცულობით.

 

2018 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის გაუქმების თაობაზე ხელშეკრულებით დგინდება, რომ მოპასუხემ სრულად შეასრულა 2016 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება _ სესხის დაბრუნების თაობაზე და მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება (ს.ფ.22-25);

- სესხისა და იპოთეკის გაუქმების თაობაზე ხელშეკრულება (ს.ფ.27-28)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

3.1.3. 2018 წლის წლის 22 ივნისს ზ------ი შ-----–---–სა და დ------- კ---------ს შორის გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება N1--------, რომლის თანახმად გამსესხებელმა დ------- კ---------მა მსესხებელს _ ზ------ი შ-----–---–ს ასესხა 36870 ლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 22 ივნისამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საჯარო რეესტრში ზ------ შ-----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ს-----------------–----------–-----------------------------, პირველი სართული _ ფართით 97.19კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N 0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება (ს.ფ.29-33);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 132);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დავის განხილვის მომენტისათვის მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ს-----------------–----------–-----------------------------, მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართით 167.00კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით -310კვ.მ (მათ შორის პირველი სართული _ 97.19კვ.მ, მეორე სართული _ 103.08კვ.მ და მესამე სართული _ 110.23კვ.მ), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N 0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.132);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

„სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას“( იხ სუსგ ას -1051-991-2015, 29.12.2015).

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი“ (იხ. სუსგ-ებები: №ას-1326-1252-2012, 25 მარტი, 2013წელი; № ას-1142-1071-2012, 7 მარტი, 2013 წელი).

 

3.2.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სესხად გაცემული თანხის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის არსებული სასესხო ვალდებულების შესრულების ვადამოუსვლელობის მიუხედავად, გაუარესდა მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა, რაც მას სესხის თანხის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის ვალდებულებაა დაამტკოცოს მის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული იმ გარემოების არსებობა, რომელსაც სადავოდ ხდის და კატეგორიულად არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ საქმეში არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, იმის თაობაზე რომ მოპასუხემ მიმართა მსესხებელს, მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადის გაგრძელების თაობაზე ფინანსურ პრობლემებზე მითითებით. რაც შეეხება სადავო გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელე მხარის აპელირებას მის მიერ სარჩელზე თანდართულ, წერილობით მტკიცებულებებზე _ 2016 წლის 10 სექტემბერს მოპასუხე ზ------ შ-----–---–სა და ს-------- ქ-----ს შორის გაფორმებულ და 2018 წლის 22 ივნისს ზ------ შ-----–---–სა და დ------- კ---------თან დადებულ სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებებზე, სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულებები შეაფასა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია: წარმოდგენილ ხელშეკრულებათაგან პირველი 2016 წლის 10 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ასევე მისი გაუქმების თაობაზე 2018 წლის 18 ივნისის ხელშეკრულება, ვერ ადასტურებენ მოსარჩელის პოზიციის მართებულობას, ვინაიდან სანოტარო წესით დამოწმებული კონკრეტული ხელშეკრულებებით დგინდება მსესხებლის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ სესხის ვადამდე დაბრუნების ფაქტი; ხოლო რაც შეეხება 2018 წლის 22 ივნისის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებას და მის საფუძველზე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაახლოვებით 1/3-ის ( 310.5 კვ.მ შენობა-ნაგებობიდან პირველ სართულზე მდებარე 97.19კვ.მ) იპოთეკით დატვირთვის ფაქტს სესხის უზრუნველსაყოფად, იმ პირობებში როდესაც უძრავ ქონებაზე სხვა უფლებრივი შეზღუდვა არ დასტურდება, ხოლო თავად ნ--------------ის მიერ ზ------ შ-----–---–ზე გაცემულია არაუზრუნველყოფილი სესხი 3 წლის ვადით, სარგებლის გარეშე, სასამართლოს მოსაზრებით წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ შეფასდება მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად; ისევე როგორც, მოდავე მხარეთა შორის არსებული სასესხო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა თავისთავად ვერ დააბრკოლებს მოპასუხის კონსტიტუციურ უფლებას - თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ ვერ დადასტურა სესხის ხელშეკრულების დადების შემდგომ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების ფაქტი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.17-19);

- სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება (ს.ფ.22-25);

- სესხისა და იპოთეკის გაუქმების თაობაზე ხელშეკრულება (ს.ფ.27-28)

- სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება (ს.ფ.29-33);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 132);

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ, დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 624-ე, 626-ე, 627-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მათ მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის, 2016 წლის 11 მაისს ერთის მხრივ ნ--------------ეს და მეორეს მხრივ ზ------ შ-----–---–ს შორის წერილობით გაფორმებული სესხის ხელშეკრულებების არსებობა, რომლის თანახმად მსესხებლმა (მოპასუხემ), გამსესხებლისაგან (მოსარჩელე) აიღო სესხი 6000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.

 

2016 წლის 11 მაისის სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაცემულ იქნა სამი წლის ვადით, 2019 წლის 11 მაისის ჩათვლით. მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა მსესხებლის მიერ სესხის გამსესხებლისათვის ერთიანად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დაბრუნების პირობა;

 

უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს შესრულება არ განუხორციელებია. ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაბრუნების ვადა ჯერ არ დამდგარა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვადამდე ითხოვს სესხად გაცემული თანხის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის არსებული სასესხო ვალდებულების შესრულების ვადამოუსვლელობის მიუხედავად, გაუარესდა მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა, რაც გამსესხებელს სესხის თანხის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას ანიჭებდს ანუ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 627-ემუხლი, რომლის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.

 

გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების დადების შემდგომ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების (მით უფრო არსებითად გაუარესების) ფაქტი; საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა მხარეთა შორის 2016 წლის 11 მაისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების გაფორმებას და ამის შესახებ გამსესხებლისათვის ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ. აღნიშნული კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 627-ემუხლის საფუძველზე გამსესხებლის მიერ ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია და შესაბამისად, ნ--------------ეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი--- უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს სასამართლოს 2018 წლის 1------------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--------------ის სარჩელი ზ------ შ-----–---–ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ--------------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნინო მამულაშვილი