გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210018002327879
საქმე №2/365-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო შარაძე
სხდომის მდივანი - თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - თ---რ გ----–-–---–ი
წარმომადგენელი - თ-----ა ტ-–-–--ე, მ---ა გ----–-–---–ი-მ-----–---–ი
მოპასუხე - მ-------ი ხ-------ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე მ------- ხ-------ს მოსარჩელე თ---რ გ----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 13000 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წელს მან მ------- ხ-------თან ზეპირი ფორმით დადო სესხის ხელშეკრულება და სესხის სახით გადასცა 13000 აშშ დოლარი. 2017 წლის 27 თებერვალს მ------- ხ-------მა ხელწერილით აღიარა, რომ მოსარჩელის მიმართ 13000 აშშ დოლარის სასესხო ვალდებულება, რომელსაც დაუბრუნებდა 2022 წლის 27 თებერვლამდე. ხელწერილის შედგენას არ ესწრებოდა თავად მოსარჩელე მხარე, ვინაიდან აღნიშნული პერიოდისათვის არ იმყოფებოდა საქართველში. მოსარჩელეს არ გამოუთქვამს თანხმობა ვალის 2022 წლის 27 თებერვლამდე დაბრუნების შესახებ. მხარეთა შეთანხმებით მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა 2017 წლის ბოლომდე და არა 2022 წლის 27 თებერვლამდე. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა მოპასუხე არ უბრუნებს თანხას, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია მომართოს სასამართლოს მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან ხელწერილი შეადგინა მოსარჩელესთან შეთანხმებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ხელწერილში მითითებული ვადის შესახებ და არ გააჩნია მოთხოვნის უფლება 2022 წლამდე, ვიანიდან არ დამდგარა მის მიერ ვალდებუელბის შესრულების დათქმული თარიღი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2014 წლის მარტის თვეში თ---რ გ----–-–---–სა და მ------- ხ-------ს შორის ზეპირი ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 13000 აშშ დოლარი.
3.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება ასზედ, რომ 2017 წლის 27 თებერვალს შედგენილი ხელწერილით მ------- ხ-------მა აღიარა თ---რ გ----–-–---–თან არსებული სასესხო ავლდებულება და მიუთითა, რომ აღნიშნულ ვალს - 13000 აშშ დოლარს თ---რ გ----–-–---–ს დაუბრუნებდა 2022 წლის 27 თებერვლამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 27 თებერვლის ხელწერილი;
3.3. მოპასუხე მ------- ხ-------ი, რომლისთვისაც სასამართლო სხდომის დღის შესახებ ცნობილი იყო სსსკ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მოსარჩელემ კი იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს განიხილა რა, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ თ---რ გ----––---–-ს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 366-367ე, 624-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის არსებობადა ზეპირი ხელშეკრულება, რომლის არსებობაც მოპასუხის მიერ აღიარებულია 2017 წლის 27 თებერვალს შედგენილი ხელწერილით, თუმცა ხელწერილში მითითებული სესხის დაბრუნების თარიღი არ წარმოადგენს მის უშუალო ნებას და მხარეთა შეთანხმებით სესხის დაბრუნების რეალურ თარიღს წარმოადგენდა არა 2022 წლის 27 თებერვალი, არამედ სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2017 წლის ბოლომდე. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო ხელყო თუ არა მოპასუხემ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან და სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, რადგან შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს.
სასამართლო განმარტავს, რომ იგი თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 366-ე მუხლის თანახმად, თუ განსაზღვრულია დრო, საჭიროებისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. აღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. კრედიტორს მხოლოდ პატივსადები ინტერესის არსებობისას აქვს უფლება, უარი უთხრას მოვალეს ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულებაზე, ხოლო ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულების მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ნორმის მიზანი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია რაიმე ვადა, კრედიტორს შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება, თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა შეამცირა, ანდა იგი საერთოდ ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, აღნიშნული მუხლის შემთხვევაში, როცა აშკარა ხდება ვალდებულების მომავალში შესრულების შეუძლებლობა, ან თუნდაც გაძნელება, კრედიტორი უფლებამოსილია, ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება მოითხოვოს. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ ვადის დაცვა ვალდებულების შესრულებას საფრთხეს შეუქმნის, ვადამდე შესრულების მოთხოვნა მართლზომიერი იქნება. 367-ე მუხლში ვადა, მართალია, მოვალის სასარგებლოდ არის დადგენილი, თუმცა ვადა შესრულების დაბრკოლებად არ უნდა იქცეს, რადგან ვალდებულების შესრულების ვადის პირველადი დანიშნულება ვალდებულების დროული შესრულების უზრუნველყოფაა, ამიტომ, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, კრედიტორი უფლებამოსილია, ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულება მოითხოვოს. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, დაუყოვნებელი შესრულების თაობაზე მოვალის შეტყობინების მტკიცების ტვირთი კრედიტორს ეკისრება. თუ მოვალე ვალდებულებას დაუყოვნებლივ იმ საფუძვლით არ ასრულებს, რომ მას ვადაზე ადრე ვალდებულების შესრულების მოვალეობა არ აქვს, ასეთ შემთხვევაში, ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების მოთხოვნის უფლების არსებობა კრედიტორმა უნდა ამტკიცოს. განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 27 თებერვლის ხელწერილში ვალდებულების შესრულების ვადად მითითებულია 2022 წლის 27 თებერვალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სამართლებრივად არ გააჩნდა მოთხოვნის უფლება, ამასთან, იგი ვერ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებზე და არც ასეთი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია. ამასთან საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოვალის, ამ შემთხვევაში მოპასუხის, ფინასნური მდგომარეობის აშკარა გაუარესება სესხის გადაცემიდან სარჩელის აღძვრამდე. შესაბამისად, სასამართლო მოსარჩელის მხოლოდ ზეპირ მითითებას ვალდებულების შერულების თარიღთან მიმართებაში, ხელწერილში მითითებული თარიღის გამაქარწყლებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ განიხილავს. სასამართლო აფასებს რა, მოსარჩელის ახსნა-განმარტებასა და მიერ წარმოდგენილ ვალის აღიარების ხელწერილს, რომელსაც ეყრდნობა სასარჩელო მოთხოვნა და მიიჩნევს, რომ სარჩელი იურიდიულად არ ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
1.1. თ---რ გ----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე მ------- ხ-------ს დაეკისროს 13000 აშშ დოლარის გადახდა, ეთქვას უარი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე