გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.03.2019
საქმის ნომერი
330210018002580876
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23639-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - ლ-–----------–---–ი, მ-----------–--

წარმომადგენელი - ზ---------------ე

მოპასუხე - ვ-–--–------–---–ი

წარმომადგენელი - ქ---------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელე მ-----------–--ს სასარგებლოდ დაეკისროს 888 853 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეს მოსარჩელე ლ-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 592 568 ლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი: ს.ფ. 1-16; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა: 2019 წლის 22 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი)

1.1.1. 2015 წლის 01 მაისისთვის შპს ,,მ----------ის’’ პარტნიორთა წილები განისაზღვრებოდა შემდეგი სახით: ლ-–----------–---–ს ეკუთვნოდა 20%-იანი წილი საზოგადოებაში, მ-----------–--ს 40%-იანი წილი და ვ-–--–------–---–ს ასევე 40%-იანი წილი;

1.1.2. 2015 წელს მოსარჩელეებმა გადაწყვიტეს ბიზნესის დამოუკიდებლად წარმოება და შპს ,,მ----------ში’’ მათი კუთვნილი წილების მოპასუხისთვის დათმობა, რის საფუძველზეც მხარეებს შორის 2015 წლის 04 მაისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება;

1.1.3. 2015 წლის 04 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ----------ში’’ მ-----------–--ს 40%-იანი წილის ღირებულებად განისაზღვრა 340 000 ლარი, ხოლო ლ-–----------–---–ის 20%-იანი წილის ღირებულებად განისაზღვრა შესაბამისად 170 000 ლარი;

1.1.4. ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული წილის ღირებულება არ ასახავდა მხარეთა შორის ზეპირად შეთანხმებული წილების რეალურ ღირებულებას, ვინაიდან მხარეთა ზეპირი შეთანხმების თანახმად წილების ჯამური საერთო რეალური ღირებულება შეადგენდა 3 600 000 ლარს. ხელშეკრულებაში კი მხარეთა შეთანხმებით დაფიქსირდა წილების მინიმალური ღირებულება;

1.1.5. 2015 წლის 01 მაისისათვის შპს ,,მ----------ის’’ 100%-იანი წილის რეალური ღირებულება შეადგენდა 6 959 700 ლარს. აღნიშნული დასტურდება აუდიტორული ფირმის მიერ შედგენილი წილის შეფასების ანგარიშით;

1.1.6. აღნიშნული ფასის რეალურობა დასტურდება ასევე იმ გარემოებით, რომ მოპასუხემ მისი კუთვნილი 100%-იანი წილი 2017 წლის ნოემბერში მესამე პირზე გაასხვისა 6 000 000 ლარად;

1.1.7. 2015 წლის 4 მაისის ხელშეკრულებაში წილის მინიმალური ღირებულების დაფიქსირება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მხარეებს შორის არსებობდა მეგობრული, ურთიერთნდობაზე დამყარებული ურთიერთობა და მათთვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხეს იმ მომენტისათვის რეალურად არ გააჩნდა წილის რეალური ღირებულების თანხა - 3 600 000 ლარი მათთვის გადასაცემად. აღნიშნულის გათვალისწინებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ წილის რეალური ღირებულება დაიფარებოდა ხელშეკრულების დადებიდან დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში ანუ 2015 წლის ბოლომდე;

1.1.8. მათთვის ცნობილი იყო, რომ ამ დროისთვის მოპასუხეს ექნებოდა თანხის რეალური ღირებულების გადახდის პოტენციალი, ვინაიდან შპს ,,მ----------ს’’ გააჩნდა ღვინის რუსეთში რეალიზაციის ლიცენზია, რაც მის რენტაბელურობასა და პროდუქციის რეალიზაციის გარანტიას განაპირობებდა;

1.1.9. წილის რეალური ღირებულების მოგვიანებით გადახდის თაობაზე შეთანხმება მათთვისაც მისაღები იყო, ვინაიდან ისინი აპირებდნენ სხვა დამოუკიდებელი შპს-ს დაფუძნებას და რუსეთის ფედერაციაში ღვინის რეალიზაციის ლიცენზიის მოპოვებას. სწორედ ამიტომ მხარეთა შორის ასევე შეთანხმებულ იქნა, რომ ისინი გაიყოფდნენ შპს ,,მ----------ის’’ კლიენტებს და მათ ნაწილთან მუშაობას მოგვიანებით უკვე განაგრძობდა მოსარჩელეთა მიერ ახლად დაფუძნებული კომპანია;

1.1.10. მათ 2015 წლის 18 მაისს მართლაც დააფუძნეს ახალი კომპანია - შპს ,,ბ------’’. მათი გათვლებით, კომპანიას სრული ფუქნციონირების დასაწყებად დაახლოებით 8 თვე დასჭირდებოდა და ამ მიზნით უნდა ყოფილიყო სწორედ გამოყენებული მათ მიერ შპს ,,მა----------ს’’ წილების გასხვისებიდან მისაღები 3 600 000 ლარი;

1.1.11. მოპასუხეს არათუ ზეპირი შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხებიც დღემდე არ გადაუხდია;

1.1.12. ვინაიდან ზეპირი შეთახმების თანახმად გასხვისებული წილის რეალური ღირებულება შეადგენდა 3 600 000 ლარს, მოპასუხეს მ-----------–--ს სასარგებლოდ 40%-იანი წილის სანაცვლოდ გადასახდელი ჰქონდა 2 400 000 ლარი, ხოლო ლ-–----------–---–ის 20%-იანი წილის სანაცვლოდ გადასახდელი ჰქონდა 1 200 000 ლარი;

1.1.13. მათსა და შპს ,,მ----------ს’’ შორის არსებული სასესხო ურთიერთობის და მისგან გამომდინარე ვალდებულების გათვალისწინებით კი მათ მიერვე შემცირებული სასარჩელო მოთხოვნით მოპასუხეს მოსარჩელე მ-----------–--ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 888 853 ლარის, ხოლო ლ-–----------–---–ის სასარგებლოდ 592 568 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ს.ფ. 49-57).

შესაგებლის საფუძვლები:

2.1.1. ხელშეკრულების დადებისას მხარეები ნასყიდობის ფასს განსაზღვრავენ ურთიერთშეთანხმებით. ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ნასყიდობის საგნის ღირებულება შესაძლოა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდეს და აღემატებოდეს შეთანხმებულ ფასს;

2.1.2. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას არ ჰქონია რაიმე სხვა შეთანხმებას ადგილი, გარდა იმ შეთანხმებისა, რაც ასახულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში;

2.1.3. მხარეთა შორის რომ ყოფილიყო შეთანხმება ნასყიდობის საგნის საფასურის სხვა ოდენობაზე, აღნიშნული მითითებული იქნებოდა თავად ნასყიდობის ხელშეკრულებაში;

2.1.4. გარდა იმისა რომ სარჩელი უსაფუძვლოა, არსებობს მოთხოვნის განხორცილების შემაფერხებელი გარემოებაც, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია. სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის 08 აგვისტოს. შესაბამისად, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასულია სამ წელზე მეტი დრო, რაც განაპირობებს მოთხოვნათა ხანდაზმულობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2011 წლის 07 აპრილს სსიპ ს-------------------------------–-----------ში განხორციელდა შპს ,,მ----------ის’’ რეგისტრაცია.

2014 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ,,მ----------ის’’ 20%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა ლ-–----------–---–ი, 40%-იანი წილის მესაკუთრეს - მ-----------–--, ხოლო ასევე 40%-იანი წილის მესაკუთრეს - ვ-–--–------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 17-18)

 

3.1.2. 2015 წლის 04 მაისს ვ-–--–------–---–ს, როგორც მყიდველს, და მ-----------–--ს, როგორც გამყიდველს შორის, დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება.

ხელშეკრულების თანახმად, მ-----------–--მ მის მფლობელობაში არსებული შპს ,,მ----------ის’’ საწესდებო კაპიტალის 40%-იანი წილი გადასცა მყიდველს - ვ-–--–------–---–ს.

ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, მ-----------–-- მის მფლობელობაში არსებულ შპს ,,მ----------ის’’ საწესდებო კაპიტალის 40%-ს გადაცემს მყიდველს - ვ-–--–------–---–ს 340 000 ლარის სანაცვლოდ.

ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, წილი მყიდველს გადაეცემა წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ხელშეკრულება (ს.ფ. 20)

 

3.1.3. 2015 წლის 04 მაისს ვ-–--–------–---–ს როგორც მყიდველს, და ლ-–----------–---–ს როგორც გამყიდველს შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება.

ხელშეკრულების თანახმად, ლ-–----------–---–მა მის მფლობელობაში არსებული შპს ,,მ----------ის’’ საწესდებო კაპიტალის 20%-იანი წილი გადასცა მყიდველს - ვ-–--–------–---–ს.

ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, ლ-–----------–---–ი მის მფლობელობაში არსებულ შპს ,,მ----------ის’’ საწესდებო კაპიტალის 20%-ს გადაცემს მყიდველს - ვ-–--–------–---–ს 170 000 ლარის სანაცვლოდ.

ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, წილი მყიდველს გადაეცემა წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 21)

 

3.1.4. 2015 წლის 18 მაისს სსიპ ს-------------------------------–-----------ში განხორციელდა შპს ,,ბ------ს’’ რეგისტრაცია.

2017 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს ,,ბ------ს’’ 75%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს მ-----------–--, ხოლო 25%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს ლ-–----------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 32-33)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებებისგან განსხვავებული ზეპირი შეთანხმების არსებობის ფაქტი, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ არ ეკისრება მოთხოვნილი ოდენობით თანხის დაკისრება.

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის თანხის დაკისრება. ამასთან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ აღნიშნული თანხების გადახდა ეკისრება მხარეთა შორის დადებული ზეპირი შეთანხმებიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზეც მოპასუხისთვის გადაცემული შპს ,,მ----------ის’’ წილების რეალური ღირებულება ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებულისა, განისაზღვრა 3 600 00 ლარად. მოსარჩელეები შესაბამისი პროპორციით მოითხოვენ მოპასუხისთვის თანხის დაკისრებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ, საქმე №ას-533-509-2016).

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასტურად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს ,,აუ--------------ს’’ მიერ 2018 წლის 12 ივლისს შედგენილი წილის შეფასების ანგარიში (ს.ფ. 22-30), რომლის თანახმადაც, შესაფასებელი შპს ,,მ----------ის’’ 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება დამკვეთის მიერ აღნიშნულ კომპანიაში წილის გასხვისების თარიღის - 2015 წლის 01 მაისისთვის შეადგენდა 6 959 700 ლარს. უპირველესად, სასამართლო აფასებს წარმოდგენილ დასკვნას, როგორც მტკიცებულებას.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა, თუმცა საბოლოოდ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ.სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ.სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).

სასამართლო მიუთითებს, რომ შეფასების აღნიშნული სტანდარტი ვრცელდება ასევე აუდიტის დასკვნის, როგორც მტკიცებულების შეფასებისასაც.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს სწორედ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის საკვლევი ნაწილის ნაკლოვანებაზე, რაც გამორიცხავს დასკვნაში მითითებული ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას სასამართლოს მიერ. კერძოდ, წარმოდგენილი დასკვნა შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ კომპანიის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულების დადგენის სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის მოძიება და შეკრება ხდებოდა სამუშაოს დამკვეთისგან მიღებული დოკუმენტაციიდან და ინფორმაციებიდან, ასევე მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებიდან მიღებული, ანალოგიური ქონების გაყიდვების ბაზარზე არსებული სარწმუნო ოფიციალური და არაოფიციალური ინფორმაციებიდან (იხ. ს.ფ. 26). შესაბამისად, წარმოდგენილი შეფასება, რომელშიც მართალია დასკვნამდე მითითებული და ასახულია გარკვეული წილობრივი დაანგარიშებები, არ შეიცავს მითითებას იმ კონკრეტული დოკუმენტების თაობაზე, რომლის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული დასკვნის შედგენა და რომელიც გადაეცა შემფასებელს დამკვეთისგან. დასკვნაში ასევე მითითებულია (იხ. ს.ფ. 28), რომ საბუღალტრო მონაცემების მიხედვით 2015 წლის 01 მაისის მდგომარეობით საწარმოს გააჩნია შემდეგი ღირებულების აქტივები და ვალდებულებები.... თუმცა იგი ასევე არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, საიდან გამომდინარეობს და კონკრეტულად რა დოკუმენტებზე დაყრდნობითაა შედგენილი თუნდაც აღნიშნული გაანგარიშება. შესაბამისად, წარმოდგენილი აუდიტორული შეფასება მითითებული საკვლევი მასალის სიმწირიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, არ ქმნის სასამართლოს მიერ მისი ერთმნიშვნელოვნად გაზიარების საფუძველს.

გარდა აღნიშნულისა, სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მსჯელობისას უმთავრესი განსახილველ შემთხვევაში სწორედ ის გარემოებაა, რომ მოსარჩელემ მხოლოდ მიუთითა მხარეთა შორის ზეპირი გარიგების არსებობის ფაქტზე და ფაქტობრივად სწორედ აღნიშნულს ემყარება სასარჩელო მოთხოვნა, იმ ფონზე, როდესაც არ განხორციელებულა რაიმე სახის მტკიცება მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების არსებობის ფაქტის დადასტურების კუთხით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

ამავე კოდექსის 68-ე მუხლის თანხმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ იგი. 69-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.

შესაბამისად, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი გარიგების როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით დადების შესაძლებლობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზეპირი გარიგების მტკიცების ტვირთი სწორედ ამ გარემოების მიმთითებელ მხარეზეა. შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს მხარეთა შორის ზეპირი გარიგების არსებობის ფაქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

გასათვალისწინებელია რომ ზეპირი ხელშეკრულების არსებობის ფაქტის თაობაზე მოსარჩელის მიერ მითითება ვერ დასტურდება წარმოდგენილი აუდიტორული შეფასების სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაშიც კი, ვინაიდან დადგენილადაც თუ მივიჩნევთ, რომ ხელშეკრულების დადებისას კომპანიის წილების ღირებულება მართლაც გაცილებით მეტი იყო ვიდრე ხელშეკრულებებში მითითებული ღირებულება, აღნიშნული არ განაპირობებს მოპასუხეთათვის მოთხოვნილი ოდენობით თანხის დაკისრებას სამოქალაქო კანონმდებლობით განმტკიცებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რაც განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით. კერძოდ, ხსენებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. სწორედ აღნიშნულს განაპირობებს ხელშეკრულების ნამდვილობისათვის მხარეთა შორის არსებით პირობებზე შეთანხმება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მხარეთა შორის 2015 წლის 04 მაისის ხელშეკრულებებისგან განსხვავებულ წესებზე შეთანხმება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმისათვის გარემოების დამდგენ სათანადო მტკიცებულებად ვერ განიხილება მოსარჩელის მიერ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას აპელირებული დოკუმენტი (ს.ფ. 77) უპირველესად იმის გათვალისწინებით, რომ მას, როგორც ფაქტობრივ გარემოებას არ ემყარება სარჩელი და, ამასთანავე, იგი არ ასახავს ურთიერთობას უშუალოდ მხარეებს - ფიზიკურ პირებს შორის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან განსხვავებული ზეპირი შეთანხმების არსებობის ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ არ ეკისრება მოთხოვნილი ოდენობით თანხა.

 

3.2.2. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი მოთხოვნების ხანდაზმულობა. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელშიც და სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციაშიც მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მათ დაკმაყოფილებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ადენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.

სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება კი დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიწყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეწყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტებო, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო. ამასთან საკასაციო სასამართლოს განმარტებით (იხ. სუსგ, ას-344-329-2016), პირველი ელემენტის არსებობა (როდესაც არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე) გამორიცხავს მეორე ელემენტზე აპელირების საშუალებას (უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ).

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები დადებულია 2015 წლის 04 მაისს. სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას, ამასთან, მოსარჩელეები არ მიუთითებენ ზეპირი ხელშეკრულების დადების განსხვავებულ თარიღზე, პირიქით, მოსარჩელეები მიუთითებენ რომ მხარეთა შორის შედგა ზეპირი შეთანხმება, თუმცა ნასყიდობის საგნის მინიმალური ფასის განსაზღვრა განხორციელდა წერილობითი შეთანხმებით. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით განისაზღვრა გადასაცემი წილის ოდენობა და მათი ღირებულება. ამასთანავე, ორივე ხელშეკრულებით განისაზღვრა რომ წილი მყიდველს გადაეცემა წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომელიც ემყარება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას მყიდველის მიერ გადახდის ვადის თარიღის განსაზღვრასთან მიმართებით და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის დღედ უნდა მივიჩნიოთ ხელშეკრულების დადების დღე განსხვავებული გადახდის თარიღის თაობაზე შესაბამისი მითითების არ არსებობისას.

აღნიშნული დასკვნის საფუძვლიანობისთვის სასამართლო მიუთითებს საკასაციო პალატის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც ,,ორმხრივ (სინალაგმატურ) ხელშეკრულებში თითოეულ მხარეს გააჩნია უფლებებიც და მოვალეობებიც, ე.ი. თითოეული მხარე კრედიტორიცაა და მოვალეც. ხშირად, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე, რომელიც გადასცემს რაიმე ქონებას კონტრაჰენტს მისგან სამაგიერო ქონებრივი სიკეთის მიღების სანაცვლოდ, დაინტერესებულია იმით, რომ „გაცვლის“ დრო მინიმალური იყოს. როგორც წესი, ორივე მხარე ვალდებულია შესრულება განახორციელოს ერთდროულად. ორმხრივ ხელშეკრულებაში შესრულების რიგითობის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ურთიერთკავშირს გამყიდველის შესრულების ნაწილსა (საქონლის გადაცემა) და მყიდველის შესრულების ნაწილს (ფასის გადახდა) შორის, რომელიც შემდეგნაირი შეიძლება იყოს: ა) საქონლის (ქონების) გადაცემა წინ უსწრებს ფასის გადახდას; ბ) ფასის მთლიანად ან ნაწილობრივ (ბე, ავანსი) გადახდა წინ უსწრებს საქონლის (ქონების) გადაცემას. კონტრაჰენტებიდან რომელმა უნდა შეასრულოს პირველმა ვალდებულება, თუ ხელშეკრულებით თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ არის? მიიჩნევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჯერ გამყიდველმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება (გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და შემდეგ კი მყიდველმა უნდა გადაიხადოს ფასი, როგორც წესი, ქონების გადაცემისთანავე. ასეთი მიდგომა განპირობებული იმით, თუ რა ინტერესია ჩადებული ქონების სამოქალაქო და სავაჭრო ბრუნვაში. ქონება, ფართო გაგებით, ფულისაგან განსხვავებით არ წარმოადგენს გაცვლის საყოველთაო საშუალებას. ქონების რეალიზაციისათვის საჭიროა მყიდველის მოძებნა. გამყიდველი კონკურენციის კანონების ძალით დაინტერესებულია იმით, რომ გაყიდოს თავისი საქონელი, ამიტომაც გამართლებულია, რომ მას დაეკისროს ორმხრივი ვალდებულების შესასრულებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა ანუ მყიდველისათვის ქონების (საქონლის) გადაცემა. საკასაციო პალატას მიაჩნია, სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად მოქმედებს პრეზუმცია, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდა ხდება ნაყიდი ქონების მიღებისას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში’’ (იხ. სუსგ, საქმე Nას-515-515-2018).

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, თუმცა სასარჩელო მოთხოვნა ემყარება სწორედ აღნიშნულს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ არ მიიჩნია ამ ხელშეკრულების არსებობა დადასტურებულად, ფაქტია, რომ მოსარჩელეებს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნა მოპასუხის მიმართ წარმოეშობოდათ სწორედ ხელშეკრულების დადების დღეს - ქონების გადაცემისთანავე. სარჩელი კი წარმოდგენილია 2018 წლის 08 აგვისტოს დადგენილი ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის გასვლის შემდგომ.

შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 68-ე, 69-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 361-ე, 400-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

ამავე კოდექსის 68-ე მუხლის თანხმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ იგი. 69-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

შესაბამისად, იმისთვის, რომ სასამართლომ სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნიოს სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე, უპირველესად სავალდებულოა დასტურდებოდეს მხარეთა შორის აღნიშნული ხელშეკრულების დადების ფაქტი, შემდგომ კი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა. განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების არსებობის ფაქტი. აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ არ ეკისრება მოთხოვნილი ოდენობით თანხის დაკისრება, რაც განაპირობებს თანხის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსაფუძვლობას და გამორიცხავს წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც კი, ვინაიდან მოპასუხე სადავოდ ხდის ხანდაზმულობის საკითხს, არ არსებობს თანხის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამოც.

 

7. საპროცესო ხარჯები

თითოეული მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 3 000 ლარი (ს.ფ. 40-41). სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ-–----------–---–ის და მ-----------–--ს სარჩელი მოპასუხე ვ-–--–------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი