გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.10.2018
საქმის ნომერი
010210117001924408
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117001924408

№2-1631/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - შპს ”ბ----------------”

წარმომადგენელი - გ---–-------–-–---–ი

მოპასუხეები - შპს ”L-------”, ა-----–-------ე, რ----------------ე, ზ----------–--ძე, ფ---------–----ე

წარმომადგენელი - ა-------–-–--–---

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს შპს ”L-------”-ს, ა-----–-------ეს, რ----------------ეს, ზ----------–--ძეს და ფ---------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე შპს „ბ----------------ს“ სასარგებლოდ 24 389,53 ლარის გადახდა, საიდანაც 16 572,63 ლარი არის ძირითადი დავალიანება, ხოლო 7816,90 ლარი არის დარიცხული პროცენტი.

 

1.2 მოპასუხეებს შპს ”L-------”-ს, ა-----–-------ეს, რ----------------ეს, ზ----------–--ძეს და ფ---------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე შპს „ბ----------------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 15 მაისიდან გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე ფაქტობრივად არსებული დავალიანების 16 572,63 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

1.3 მოპასუხეებს შპს ”L-------”-ს, ა-----–-------ეს, რ----------------ეს, ზ----------–--ძეს და ფ---------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე შპს „ბ----------------ს“ სასარგებლოდ კურსთა შორის სხვაობა, რაც შეადგენს 13752,84 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეების წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ სასარჩელო განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ შპს ”ბ----------------” წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის საქონლის რეალიზაციას. შპს ”ბ----------------სა” და შპს ”L-------”-ს შორის 2014 წლის 02 ივლისს დადებული იქნა ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოპასუხეს შესაძლებლობა ქონდა მოსარჩელისაგან შეეძინა პროდუქცია შემდგომი გადახდის პირობით. თანხა უნდა გადახდილიყო ყოველი კონკრეტული პროდუქციის შეძენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანებას გამყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაერიცხებოდა საურავი (პირგასამტეხლო) ფაქტობრივად არსებული დავალიანების 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის. საურავის დარიცხვა გაგრძელდებოდა დავალიანების სრულად დაფარვამდე.

 

ამავე ხელშეკრულების 6.3.3. პუნქტის თანახმად მხარეებს შორის ანგარიშსწორება ხდებოდა ლარებში. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის შეძენიდან საქონლის მყიდველის მიერ მისი ღირებულების დაფარვამდე უცხოური ვალუტის კურსი (ამერიკული დოლარი) გაიზრდებოდა 2 მეასედი პუნქტით მაინც, სს „თიბისი ბანკის“ მიერ უცხოური ვალუტის გასაყიდ კურსთან მიმართებაში, გამყიდველს უფლება ქონდა მოეთხოვა მყიდველისათვის ანგარიშსწორება მოეხდინა გაზრდილი კურსის შესაბამისად და საქონლის თანდაპირველ ღირებულებას დაემატებოდა კურსთა შორის სხვაობის ოდენობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება.

 

3.2.2. 2014 წლის 02 ივლისს შპს ”ბ----------------სა” და მოპასუხეებს ა-----–-------ეს, რ----------------ეს, ზ----------–--ძეს და ფ---------–----ეს შორის გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეებმა ა-----–-------ემ, რ----------------ემ, ზ----------–--ძემ და ფ---------–----ემ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა შპს ”L-------”-ის ვალდებულებაზე შპს ”ბ----------------ს” მიმართ. თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 55 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება.

- თავდებობის ხელშეკრულება.

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე შპს ”L-------”-ის მართლაც მიაწოდა საქონელი. მოპასუხე შპს ”L-------” ვალდებული იყო ნასყიდობის ფასი გადაეხადა საქონლის მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა დადგენილია, რომ მოპასუხეს არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური და სარჩელის აღძვრის დროისათვის, ანუ 2017 წლის 16 მაისის მდგომარეობით მოპასუხე შპს ”L-------”-ის ძირითადი დავალიანება შედგენდა 16 572,63 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება.

- დავალიანების შესახებ ცნობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ”ბ----------------ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს შპს ”L-------”-ს, ა-----–-------ეს, რ----------------ეს, ზ----------–--ძეს და ფ---------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ბ----------------ს“ სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანება 16572,63 ლარის ოდენობით. მათვე დაეკისროთ შპს „ბ----------------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 16 მაისიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე ფაქტობრივად არსებული დავალიანების 16572,63 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შპს „ბ----------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებზე სარჩელის აღძვრამდე პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და კურსთა შორის სხვაობის დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 383-ე, 389-ე, 477-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 483-ე, 891-ე, 895-ე, 463-ე და 465-ე მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებმა დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გადასცა მოპასუხეს ქონება, მაგრამ მყიდველის, ამ შემთხვევაში მოპასუხე შპს ”L-------“-ის მიერ არ გადახდილა ნასყიდობის საფასური და სარჩელის აღძვრის დროისათვის, ანუ 2017 წლის 16 მაისის მდგომარეობით მოპასუხე შპს ”L-------”-ის ძირითადი დავალიანება შპს ,, ბ----------------ს”-ს მიმართ შედგენდა 16 572,63 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შპს ”L-------“ მიმართ 16 572,63 ლარის ოდენობით ძირი დავალიანების დაკისრების შესახებ არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს.

 

მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ გადაიხადა ნასყიდობის თანხა შეთანხმებულ ვადაში. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობს მხარეთა მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. კერძოდ, ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანებას გამყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაერიცხებოდა საურავი (პირგასამტეხლო) ფაქტობრივად არსებული დავალიანების 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის. საურავის დარიცხვა გაგრძელდებოდა დავალიანების სრულად დაფარვამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხე შპს ”L-------“-ისათვის პირგასამტეხლო წერილობით სარჩელის აღძვრამდე არ მოუთხოვია, შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელეს სარჩელის აღძვრამდე, ანუ 2017 წლის 16 მაისამდე წერილობით არ მოუთხოვია მოპასუხისათვის პირგასამტეხლო, ხოლო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად მას პირგასამტეხლოს დარიცხვის უფლება წარმოეშობოდა მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის Sემდეგ, ამიტომ არ არსებობს სარCელის არძვრამდე, ანუ 2017 წლის 16 მაისამდე მოპასუხეზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე სარჩელის აღძვრის შემდეგ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 2017 წლის 16 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ფაქტობრივად არსებული დავალიანების, 16 572,63 ლარის 0,07% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ა-----–-------ემ, რ----------------ემ, ზ----------–--ძემ და ფ---------–----ემ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა შპს ”L-------“ -ის ვალდებულებაზე შპს ”ბ----------------ს” მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463 მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ “კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ”.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს ”ბ----------------ს” სარჩელი მოპასუხეებზე სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხებზე სოლიდარულად კურსთა შორის სხვაობის სახით 13752,84 ლარის დაკისრების ნაწილში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში, მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ უცხოური ვალუტაც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. ამავე კოდექსის 389-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დროს იარსებებდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ უცხოური ვალუტის კურსით ვალდებულების განსაზღვრა არ ეწინააღმდეგება კანონს. ფულადი ვალდებულების თანახმად, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს ფულადი ერთეულის განსაზღვრული თანხა. ამ ვალდებულების არსში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მოვალის მიერ კრედიტორისათვის არა ფულადი ნიშნის გადაცემა, არამედ იმ ფასეულობისა, რაც გამოიხატება ფულადი ერთეულებით მოცემულ თანხაში.

 

ფულის ერთეული არის ქვეყანაში კანონმდებლობით დადგენილი ფულის ნიშანი, ქვეყნის ფულადი სისტემის ძირითადი ელემენტი, რომელიც ფულადი გაზომვის ერთეულს წარმოადგენს, ხოლო კურსი არის სხვა ქვეყნის ფულის ერთეულის ან ფასიანი ქაღალდის საბირჟო ფასი, გამოსახული ეროვნულ ფულად ერთეულში, ფასი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდაში ან შემცირებაში იგულისხმება იმ ფასის გაზრდა და შემცირება, რომლის მიხედვითაც ვალუტისა და ფასიანი ქაღალდის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება, ფულის ერთეულის გაცვლის უნარი. ხოლო ვალუტის შეცვლაში იგულისხმება ფულის ნიშნების სრული ან ნაწილობრივი შეცვლა ახალი ნიშნის ფულის გამოშვებით, რაც წარმოადენს ფულის რეფორმის ერთ-ერთ სახეს და ხორციელდება სახელმწიფო ფულის მიმოქცევის მოშლასთან დაკავშირებით და ეროვნული ვალუტის განმტკიცების, ფულის ერთეულის სტაბილიზაციის მიზნით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. არ შეიძლება ფულადი თანხის ოდენობის განსაზღვრა დავაკავშიროთ მის მყიდველუნარიანობასთან. ფულის მყიდველუნარიანობა არის ფულის ერთეულის გაცვლის უნარი საქონლისა და მომსახურების გარკვეულ რაოდებობაზე, რომელიც შეიძლება შეძენილი იქნეს ფულის ამ ერთეულით. ფულის მყიდველუნარიანობა დამოკიდებულია იმ ეკონომიკურ პროცესებზე, რომლებიც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისათვის. აღნიშნულმა პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს ფულის გაუფასურება (ფულის მყიდველუნარიანობის დაცემა), ანუ საქონლის რაოდენობის შემცირება, რომლის შეძენა შეიძლება ფულის ერთეულის ბაზარზე ჩამოყალიბებული ფასების მიხედვით ან მისი სავალუტო კურსის დაცემა. აღნიშნული პროცესები არსებობენ ობიექტურად და არ არიან დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა ნებაზე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მხარეები აცნობიერებენ იმ ობიექტურად არსებულ გარემოებას, რომელიც დამახასიათებელია ხელშეკრულების დროს არსებული ეკონომიკური ვითარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე, რომლის თანახმადაც მყიდველს ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა არა უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების 6.3.3. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის შეძენიდან საქონლის მყიდველის მიერ მისი ღირებულების დაფარვამდე უცხოური ვალუტის კურსი (ამერიკული დოლარი) გაიზრდებოდა 2 მეასედი პუნქტით მაინც, სს „თიბისი ბანკის“ მიერ უცხოური ვალუტის გასაყიდ კურსთან მიმართებაში, გამყიდველს უფლება ქონდა მოეთხოვა მყიდველისათვის ანგარიშსწორება მოეხდინა გაზრდილი კურსის შესაბამისად და საქონლის თანდაპირველ ღირებულებას დაემატებოდა კურსთა შორის სხვაობის ოდენობა. ამავე ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ მხარეები სარგებლოდნენ მხოლოდ სს „თიბისი ბანკის“ სავალუტო კურსის მონაცემებით და არც ერთ მხარეს არ ქონდა უფლება ანგარიშსწორებისას მიეთითებინა სხვა სახელმწიფო ან კერძო დაწესებულების სავალუტო გაცვლით კურსზე. ამ შემთხვევაში მოსარჩელეს კურსთა შორის სხვაობის დაანგარიშებისას მითითებული აქვს მის მიერ დანართი N6 და დანართი N7-ზე, სადაც როგორც ასევე თავად მიუთითებს ეს არის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაანგარიშებით კურსთა შორის სხვაობის გაანგარიშების ცხრილი, თუმცა არც აღნიშნული არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დაანგარიშებას და მას ვერ მიანიჭებს მტკიცებულებით ძალას. ამასთან სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 6.3.3. პუნქტი, რომლითაც გამყიდველი უფლებამოსილია მოეთხოვა მყიდველისათვის გაზრდილი კუსრით ანგარიშსწორება, ანუ თავდაპირველ ღირებულებაზე დაემატებინა კურსთა შორის სხვაობით მიღებული ოდენობა, იმთავითვე ბათილი გარიგებაა, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსს და სასამართლო პრაქტიკასაც. სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი იმპერატიულად მიუთითებს, რომ თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეების შორის ანგარიშსწორება იმთავითვე მიმდინარეობდა ეროვნულ ვალუტაში, ანუ ლარში, გამყიდველს არა აქვს უფლება გაზარდოს გაყიდული პროდუქციის საფასური უცხოური ვალუტის კურსის სხვაობის დამატებით.

 

6.5. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1525 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი იქნა ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ს.ფ. 51), ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა იურიდიული მომსახურების ხარჯი 1525 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 873 ლარის ოდენობით, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1164 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე,53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ბ----------------ს“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. შპს ”L-------”-ს, ა-----–-------ეს, რ----------------ეს, ზ----------–--ძეს, ფ---------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ბ----------------ს“ სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანება 16572,63 ლარის ოდენობით.

 

1.2. შპს ”L-------”-ს, ა-----–-------ეს, რ----------------ეს, ზ----------–--ძეს, ფ---------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ბ----------------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 16 მაისიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე ფაქტობრივად არსებული დავალიანების 16572,63 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

1.3. შპს „ბ----------------ს“ სასარჩლო მოთხოვნა მოპასუხეებზე სარჩელის აღძვრამდე პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და კურსთა შორის სხვაობის დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს შპს ”L-------”-ს, ა-----–-------ეს, რ----------------ეს, ზ----------–--ძეს, ფ---------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ბი ემ სი გეორგიას“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 873 ლარის ოდენობით, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1164 ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე