გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12328-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - პ-------------------------–---------;
წარმომადგენლები - ც----------–----ა, ე------------------ე;
მოპასუხე - შპს ''კ-----------------–------------------------ი'';
წარმომადგენელი - ი-----–--–--–----ე;
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (მოპასუხის მხარეს) - შპს ''G-----------------------s'';
წარმომადგენლები - სო-----------–---–ი, მ-------------ე;
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ''კ-----------------–------------------------ის'' პ-------------------------–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს 4700 აშშ დოლარის ექვივალენტი - 11609 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: შპს ''კ-----------------–------------------------ს'' აქვს უცხოელთათვის სასწავლო პროგრამა, რის შესახებაც აგენტის საშუალებით შეიტყო პ-------------------------–---------მ და შეავსო შესაბამისი განაცხადის ფორმა აგენტის მეშვეობით, რათა სწავლა დაეწყო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე. აპლიკაციაზე პასუხად მოსარჩელემ მიიღო უნივერსიტეტიდან წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ მან ფორმალურად დააკმაყოფილა უნივერსიტეტში ჩარიცხვის წინაპირობები და უნივერსიტეტში სწავლის წლიური საფასური იყო 5000 აშშ დოლარი, საიდანაც 1000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა წინასწარ. აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ უნივერსიტეტი გაუგზავნიდა ოფიციალურ მოწვევას, რაც იქნებოდა ვიზის აღების საფუძველი. ვიზის მიღების შემდეგ კი, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა დარჩენილი 4000 აშშ დოლარი. ამ წერილის შემდეგ დამატებით კიდევ ერთი წერილი მიიღო მოსარჩელემ, რომლითაც უნივერსიტეტმა მეილის მეშვეობით გამოგზავნა შესავსებად ახალი განაცხადი. მოსარჩელემ შეავსო ის და გაუგზავნა უნივერსიტეტს. განაცხადში მითითებული სწავლის საფასური, გადახდის წესი და ასევე აღნიშნული იყო, რომ ამ საფასურში (5000 აშშ დოლარი) შედიოდა საცხოვრებელი ხარჯებიც. პირველადი გადასახადი - 1000 აშშ დოლარის ოდენობით უნივერსიტეტის ანგარიშზე ჩარიცხა მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა, მისმა მამამ 2016 წლის 3 თებერვალს. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელე ელოდებოდა უნივერსიტეტისაგან მოწვევის წერილის გამოგზავნას, თუმცა ის მხოლოდ 2016 წლის 21 მარტს მიიღო. აღნიშნული მოწვევის წერილი უნდა ყოფილიყო ვიზის მიღების საფუძველი. მოსარჩელემ დაუყოვნებლივ მიმართა საელჩოს ვიზის აღების მოთხოვნით, თუმცა ვიზის გაცემა სალჩოს მიერ ფორმალური პროცედურების გამო მოხდა მხოლოდ 2016 წლის 23 აპრილს. ამის შემდეგ მოსარჩელის მამამ გადაურიცხა უნივერსიტეტს დარჩენილი თანხა 4000 აშშ დოლარი და 2016 წლის 8 მაისს მოსარჩელე საქართველოში ჩამოვიდა. ის დაუყოვნებლივ გამოცხადდა უნივერსიტეტში, თუმცა მას განუცხადეს რომ სწავლის დაწყებას ვერ შეძლებდა, რადგან დაიგვიანა, სასწავლო სემესტრი კი 14 მარტს დაიწყო და იგი დროულად უნდა გამოცხადებულიყო. მოსარჩელე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან აღარ ეძლეოდა სწავლის შესაძლებლობა და მის მიერ გავლილმა რთულმა გზამ საქართველოში სასწრაფოდ ჩამოსასვლელად აზრი დაკარგა. მოსარჩელემ დაკარგა რა კ-----------------–------------------------თან დადებული გარიგების მიმართ ინტერესი, მან მიმართა უნივერსიტეტს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით, გავიდა გარიგებიდან 2016 წლის 13 მაისს და შესაბამისად, მოითხოვა მიღებული შესრულებისა და სარგებლის უკან დაბრუნება. თუმცა უნივერსიტეტი უარს ამბობს თავის ვალდებულების შესრულებაზე - უკან დააბრუნოს თანხა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსებულია ყველა შიდა მარეგულირებელი აქტი, მათ შორის ''სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი'', რომლის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი სწავლის საფასური უკან არ დაბრუნდება. ასევე სტუდენტს არაერთხელ განემარტა, რომ ცალმხრივად ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი თანხა არ დაბრუნდებოდა. უნივერსიტეტი უარს არ ამბობდა თავისი მომსახურების გაწევაზე და მოსარჩელეს შესაძლებლობა ჰქონდა სექტემბრიდან ჩართულიყო სასწავლო პროცესში, მაგრამ მას სრულიად დაუსაბუთებლად, არადროულად და უსაფუძვლოდ შეიწყვიტა სტუდენტის სტატუსი, რითად დაკარგა უფლება უკან დაებრუნებინა გადახდილი თანხა.
2.2. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს შპს ''G-----------------------s'' არ ცნობს სარჩელს და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე. მესამე პირის განმარტებით, მოსარჩელისათვის წინასწარ იყო ცნობილი ყველა ვადის და წესის შესახებ და მას არც მათგან და არც უნივერსიტეტისაგან არ მიუღია შეთავაზება, რომ მის ჩართვას სასწავლო პროცესში შეძლებდნენ ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან შეთავაზების წერილში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ვიზისათვის საჭირო დოკუმენტის გაცემა შესაძლებელი იქნება პირველი 1000 აშშ დოლარის ჩარიცხვის შემდეგ. ჩარიცხვის პროცედურები დაწყებულ იქნა მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მხრიდან მიღებულ იქნა ყველა საჭირო დოკუმენტი. შესაბამისად, აღიარების და ჩარიცხვის პროცედურების დაგვიანება გამოწვეულია სტუდენტის მხრიდან ჩარიცხვისა და შემდეგ საჭირო დოკუმენტების დაგვიანებით მიწოდების გამო, რაც არ წარმოადგენს არც მესამე პირის და არც უნივერსიტეტის ბრალეულობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ შპს ''კ-----------------–------------------------ს'' ინდოეთში ჰყავს შუამავალი კომპანია შპს ''G-----------------------s'', რომელსაც აქვს ექსკლუზიური უფლება ინდოეთიდან სტუდენტთა ჩამოყავანაზე. აღნიშნული კომპანიის მიერ 2016 წლის იანვარში მოწოდებული იქნა მოსარჩელის განაცხადი ჩარიცხვაზე, რომელსაც გაეგზავნა სტანდარტული მოწვევის წერილი.
აპლიკაციაში პასუხად მოსარჩელემ მიიღო უნივერსიტეტისაგან წერილი 2016 წლის 18 იანვარს, რომელშიც მითითებული იყო, რომ მან ფორმალურად დააკმაყოფილა უნივერსიტეტში ჩარიცხვის წინაპირობები. აღნიშნულ წერილში გაწერილი იყო მომსახურების პირობები, მათ შორის მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, რაც შეადგენდა 5000 აშშ დოლარს, საიდანაც, 1000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა წინასწარ, რის შემდეგაც უნივერსიტეტი გაუგზავნიდა ოფიციალურ მოწვევას, რაც იქნებოდა ვიზის აღების საფუძველი. აღნიშნული 1000 აშშ დოლარიდან 300 აშშ დოლარი ვიზის მიუღებლობის შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება, რადგან წარმოადგენდა რეგისტრაციის საფასურს. ვიზის მიღების შემდეგ კი მოსარჩელეს უნდა გადაეხადა დარჩენილი - 4000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 18 იანვრის წერილი N147 (ს.ფ. 22-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები.
3.1.2 დადგენილია, რომ პირველადი გადასახადი - 1000 აშშ დოლარის ოდენობით უნივერსიტეტის ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა - 2016 წლის 3 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 3 თებერვლის დეკლარაცია, გადახდის დასტური, ფორმა A2 (ს.ფ 31-34).
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები.
3.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 21 მარტს უნივერსიტეტმა მოსარჩელეს გაუგზავნა მოწვევის წერილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 21 მარტის N1083 მოწვევის წერილი (ს.ფ. 39-40).
3.1.4. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა საელჩოს ვიზის აღების მოთხოვნით, ვიზის გაცემა მოხდა - 2016 წლის 23 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვიზა (ს.ფ. 41-43);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები.
3.1.5. დადგენილია, რომ სწავლის გადასახადის დარჩენილი ნაწილი - 4000 აშშ დოლარი უნივერსიტეტის ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა - 2016 წლის 3 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 3 მაისის დეკლარაცია, გადახდის დასტური, ფორმა A2 (ს.ფ 44-47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები.
3.1.6. დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოში ჩამოვიდა - 2016 წლის 7 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის პასპორტის ქსეროასლი(ს.ფ 48);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები.
3.1.7. დადგენილია, რომ მოპასუხე უნივერსიტეტმა მოსარჩელეს უარი უთხრა გაზაფხულის სემესტრში აკადემიური რეგისტრაციის გავლაზე იმ დასაბუთებით, რომ რეგისტრაცია დაგვიანებული იყო, ვინაიდან სემესტრი - 2016 წლის 14 მარტს დაიწყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.01.2016 წლის N147 წერილი(ს.ფ 22-23);
- უნივერსიტეტის 2017 წლის 5 მარტის წერილი (ს.ფ. 49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები.
3.1.8. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 6 ივლისს წერილობით უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე იმ მოტივით, რომ იგი კარგავდა დროს და სწავლას ვერ იწყებდა შემოდგომის სემესტრამდე, შესაბამისად, მან მოსთხოვა უნივერსიტეტს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. განცხადების საფუძველზე გამოიცა რექტორის N0----- ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის 2016 წლის 6 ივლისის წერილი (ს.ფ 127-129);
- 2016 წლის 7 ივლისის ბრძანება (ს.ფ. 130).
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები.
3.1.9. მოპასუხე უარს აცხადებს მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, თუმცა ადასტურებს, რომ მოსარჩელისათვის სასწავლო/სწავლის კუთხით მომსახურება არ გაუწევია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ პ-------------------------–---------ს სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 319-ე, 352-ე, 405-ე, 629-ე, 636-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქმის მასალებით დადგენილია რომ მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. სასამართლო, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას, ყურადღებას ამახვილებს ნარდობის მომწესრიგებელ ნორმებზე, რომლებიც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, მხარეთათვის მხოლოდ ამგვარი ურთიერთობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ რეგულაციებს ადგენენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შემკვეთი ითხოვს სწავლის საფასურის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, ასევე უდავოა, რომ სტუდენტს მოპასუხე უნივერსიტეტისაგან საგანმანათლებლო კუთხით მომსახურება არ მიუღია. დადგენილია, რომ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მენარდის მიერ შეთავაზებული პირობები, რის საფუძველზეც გადაწყვიტა ხელშეკრულებიდან გასვლა.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის დისპოზიციური ნორმები. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში შეიძლება ვიგულისხმოთ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალურში – დამატებითი ვადის დაწესება და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება.
სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით გათვალისწინებულია არა ხელშეკრულების მოშლის წინამძღვრები, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით დადგენილი შემკვეთის ვალდებულება ( იხ. პალატის 2015 წლის 15 დეკემბრის განმარტება საქმეზე №ას-697-663-2015). სკ-ის 636-ე მუხლით კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წინამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს. ამდენად, სამართლებრივად უნდა შეფასდეს მენარდის სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული დასაბუთებულობა, თუ რამდენადაა ასეთი მოთხოვნა განხორციელებადი.
განსახილველი დავა ნარდობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სსკ-ის 636-ე მუხლით დადგენილია შემკვეთის უფლება უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე. საკასაციო სასამართლომ სწორედ 636-ე მუხლზე მსჯელობისას განმარტა: ''მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი (იხ. სუსგ № ას-901-851-2015, 05.02.2016წ.). ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით.
ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოშობს მონაწილეთა შორის ახალ ვალდებულებას: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საერთო ჯამში მოპასუხისათვის გადახდილ იქნა 5000 აშშ დოლარი, საიდანაც 300 აშშ დოლარი დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა, 4700 აშშ დოლარი კი წარმოადგენდა პირველი წლის სწავლის საფასურს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხე უნივერსიტეტისაგან მომსახურება, რომელიც მოიცავდა სწავლების პროცესს, არ მიუღია. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად მიყენებული ზიანის ფაქტის არსებობის თაობაზე, არც საქმის მასალებით დასტურდება შემკვეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლით მენარდეს მიადგა თუ არა ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს. კერძო სამართლის სუბიექტების ავტონომია თავისუფლად დადონ გარიგებები ყოველთვის შეზღუდულია. შეზღუდვა გამომდინარეობს უპირველეს ყოვლისა კანონის მოთხოვნებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველგვარი გარიგება არსებობს ნების გამოვლენის მეშვეობით. შინაგანი ნების გარეგნული გამოხატვით გარიგების მონაწილეები აფიქსირებენ იმ მიზანს, რომლის მიღწევაც მათ სურთ. ისეთ ვითარებას, როდესაც გარეგნულად გამოვლენილი ნება არ ემთხვევა მისი გამომვლენის ნამდვილ შინაგან ნებას და გარიგება კი ნების გარეგანი გამოვლენის შედეგად დაიდო, ნების ნაკლი ეწოდება. ყოველი ნების გამოვლენა არის ნაკლის მქონე, როდესაც გარეგნულად გამოხატული ნება არ ემთხვევა შინაგან ნებას. ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებებს სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს უკავშირებს. ასეთი გარიგებების ნაწილი დადებისთანავე ბათილია, ხოლო მეორე ნაწილი ე.წ საცილო გარიგებები დამოკიდებულია იმაზე, შეცილებული იქნება თუ არა ეს გარიგება.
უცილოდ ბათილი გარიგებების რიცხვს მიეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებები. აღნიშნული ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მითითებული ნორმით დეფინიცირებული გარიგება უცილოდ ბათილი, ანუ დადებისთანავე ბათილი გარიგებაა და მას მეორე მხრიდან შეცილება (მოთხოვნის წარდგენა) არ სჭირდება.
ამასთან, სასამართლო ვერ გაზიარებს მოპასუხის მითითებას მასზედ, რომ უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი აქტის ''სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის'' 26.6. პუნქტის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი სწავლის საფასური უკან არ დაბრუნდება, ამიტომ მოსარჩელეს არ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი თანხა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასწავლო მარეგულირებელი აქტის ზემოაღნიშნული პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის დანაწესს, შესაბამისად, იგი უცილოდ ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხა უკან. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ - 100 ლარისა. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 348.27 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 348.27 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. პ-------------------------–---------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ''კ-----------------–------------------------ის'' მოსარჩელის პ-------------------------–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს - 4700 აშშ დოლარის ექვივალენტის 11 609 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ''კ-----------------–------------------------ის'' მოსარჩელის პ-------------------------–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 348.27 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი