გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
330210017002131890
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/28090-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე

სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე

მოსარჩელე - შპს ,,ე-----------------“

წარმომადგენელი - გ-----------------–---–ი, ნ---------------–--ე

მოპასუხე - ნ-----–-----------–---–ი

დავის საგანი - დავალიანების გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე ნ-----–-----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 1165 აშშ დოლარის გადახდა. ასევე დაეკისროს ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა 100 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 08 აპრილს, ნ-----–-----------–---–ს და შპს ,,ე-----------------“-ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელ ნ-----–-----------–---–ს 2016 წლის 06 ივლისს გადაეცა სესხი 1400 აშშ დოლარის ოდენობით, თვეში 5 %-იანი სარგებლის დარიცხვით, 18 თვის განმავლობაში გადახდის პირობით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი -CH----------------R .

 

ნ-----–-----------–---–მა დაარღვია საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები,შესაბამისად 2017 წლის 14 მარტს, მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი გაიყიდა 540 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 408 აშშ დოლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, 132 აშშ დოლარი - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.

 

ვინაიდან, გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისთვის, მოპასუხეს შპს ,,ე-----------------“-ს მიმართ ერიცხებოდა სესხის ძირითადი თანხა 1297 აშშ დოლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ, მას კვლავ დარჩა დავალიანება სესხის ძირითადი თანხის 1165 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან (14.03.2017 წელი) გასულია სრული შვიდი თვე და ორი დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 411.63 აშშ დოლარს.

 

სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით, მოსარჩელემ 2016 წლის 15 ნოემბერს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა მოპასუხეს და მისცა დამატებითი ვადა, რომელიც მოპასუხეს არ ჩაბარდა, რის გამოც მოსარჩელემ მისი გამოქვეყნება უზრუნველყო გაზეთ ,,სი---------------–ი“, 2017 წლის 18 ნოემბერს.

 

სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მოპასუხის მხრიდან დამატებით გდახდილია 240 აშშ დოლარის თანხა, საიდანაც 102 აშშ დოლარით დაიფარა სესხის ძირი თანხის ნაწილი, ხოლო 138 აშშ დოლარით სარგებლის ნაწილი. ამასთან მოხსნა მეორე სასარჩელო მოთხოვნა სარგებლის დაკისრების ნაწილში 411.63 აშშ დოლარის ოდენობით.საბოლოოდ მოითხოვა მხოლოდ ძირი თანხის 1165 აშშ დოლარის და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის 100 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ-----–-----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ მიუთითა, რომ მის საკუთრებაში არსებული გირავნობით დატვირთული ავტომანქანა ზეპირი შეთანხმებით გადასცა მოსარჩელეს იმ პირობით, რომ ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვლებოდა, თუმცა მოატყუეს. თვლის, რომ ავტომანქანის რეალიზაციით და თანხის გადახდებით, მან ვალდებულება შპს ,,ე-----------------“-ს მიმართ სრულად შეასრულა. შესაბამისად, შპს ,,ე-----------------“-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

(იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 08 აპრილს, ნ-----–-----------–---–ს და შპს ,,ე-----------------“-ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელ ნ-----–-----------–---–ს 2016 წლის 06 ივლისს გადაეცა სესხი 1400 აშშ დოლარის ოდენობით, თვეში 5 %-იანი სარგებლის დარიცხვით, 18 თვის განმავლობაში გადახდის პირობით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი -CH----------------R .

 

ხელშეკრულების მეექვსე მუხლის მე-4 პუნქტით თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N13-----T ხელშეკრულება(ს.ფ 15-20)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. N1------T სესხის გადაცემის შესახებ მხარეთა შეთანხმებით ირკვევა, რომ საკრედიტო ხაზის ფარგლებში გამსესხებელმა მსესხებელს სრულად და ჯეროვნად გადასცა სესხი 1400 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის გადაცემისთანავე მსესხებელმა სრულად და ჯეროვნად გადაუხადა სესხის გაცემის საკომისიო 12 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარებში) ოდენობით (შეთანხმების 1-ლი და მე-2 პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N1------T სესხის გადაცემის შესახებ მხარეთა შეთანხმება (ს.ფ. 21-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ.23-24).

 

3.2.3. ნ-----–-----------–---–მა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში, რის შედეგადაც შპს ,,ე-----------------“-ის #14/03/17-4 გადაწყვეტილებით, განხორციელდა კომპანიის სასარგებლოდ დაგირავებული, მოპასუხის კუთვნილი ავტომობილის რეალიზაცია 540 აშშ დოლარად, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - CH----------------R, ვინ კოდი - 3C-------------1, სახელმწიფო ნომერი - VV----W, გამოშვების წელი - 2001.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება #14/03/17-4 (ს.ფ. 25);

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

-გაფრთხილების წერილები, შეტყობინებები გამოქვეყნებულ იქნა საჯაროდ გაზეთ ,,სი---------------–ი“.

 

3.1.4. დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული, გირავნობით დატვირთული ავტომობილი, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - CH----------------R, ვინ კოდი - 3C-------------1, სახელმწიფო ნომერი - VV----W, გამოშვების წელი - 2001, 2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით დამრგვალებით შეფასდა 600 აშშ დოლარად, ხოლო მისი ლიკვიდური ფასი განისაზღვრა 400 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან შემფასებლის სრული მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეფასების ანგარიში (ს.ფ. 26-31);

- 2016 წლის 30 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 32);

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,ე-----------------“-ის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთული ნ-----–-----------–---–ის ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით, რამაც შეადგინა 540 აშშ დოლარი, დაიფარა ნ-----–-----------–---–ის შპს ,,ე-----------------“-ის წინაშე არსებული სასესხო დავალიანების ნაწილი, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხა- 132 აშშ დოლარით და დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 408 აშშ დოლარით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან დამატებით გდახდილია 240 აშშ დოლარის თანხა, საიდანაც 102 აშშ დოლარით დაიფარა სესხის ძირი თანხის ნაწილი, ხოლო 138 აშშ დოლარით სარგებლის ნაწილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მსესხებლის ამონაწერი ;

- გადაწყვეტილება N14/03/17-4 (25);

- შეფასების ანგარიში (ს.ფ.24-31);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.32);

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ.33-38);

- ამონარიდი გაზეთ ,,სი-----------------ან“ (ს.ფ. 40-41);

- ცნობა (ს.ფ. 42);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. მოპასუხე ნ-----–-----------–---–ის დავალიანება შპს ,,ე-----------------“-ის მიმართ შეადგენს 1165 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მსესხებლის ამონაწერი ;

- ცნობა (ს.ფ. 42);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე, 625-ე, 254-ე,256-ე, 280-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 08 აპრილს, ნ-----–-----------–---–ს და შპს ,,ე-----------------“-ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელ ნ-----–-----------–---–ს 2016 წლის 06 ივლისს გადაეცა სესხი 1400 აშშ დოლარის ოდენობით, თვეში 5 %-იანი სარგებლის დარიცხვით, 18 თვის განმავლობაში გადახდის პირობით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი -CH----------------R .

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ მან შეთანხმებით სესხის სრულად დაფარვის მიზნით მოსარჩელეს გადასცა გირავნობის საგანი -ავტომობილი CH----------------R, - რითიც ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვალა, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე. ამასთან მისივე მითითება, რომ დამატებით თანხების გადახდით სრულად შეასრულა ვალდებულება, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნულის საწინააღმდეგო გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

 

ნ-----–-----------–---–მა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მხარეთა შორის 2016 წლის 8 აპრილს, შპს ,,ე-----------------“-სსა და ნ-----–-----------–---–ს შორის დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მეექვსე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახაა, რომ შპს „ევ--------------ი +“-ის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთული ნ-----–-----------–---–ის ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით, რამაც შეადგინა 540 აშშ დოლარი, დაიფარა ნ-----–-----------–---–ის შპს „ე-----------------“-ის წინაშე არსებული სასესხო დავალიანების ნაწილი, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხა- 132 აშშ დოლარით და დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 408 აშშ დოლარით. ასევე მოპასუხის მიერ 9/9/2016 წელს გადახდილ 240 აშშ დოლარიდან 102 აშშ დოლარით დაიფარა სესხის ძირი თანხის ნაწილი, ხოლო 138 აშშ დოლარით საპროცენტო სარგებლის ნაწილი. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხის მიერ მოხდა ვალდებულების შესრულება, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამასთან, 2016 წლის 8 აპრილს დეკემბერს დადებული N13-----T ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულება შპს „ე-----------------“-ის მიმართ შეადგენს 1165 აშშ დოლარს სესხის ძირ თანხას. აღნიშნულის საწინააღმდეგო დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი პუნქტის გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება რეალიზაციის ხარჯები და დაკმაყოფილდება რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „ე----------------“-ის მიერ გადახდილია ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასების აქტის მომზადების საფასური 100 ლარის ოდენობით. რაც ვერ იქნა გაბათილებული მოპასუხის მიერ. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ შპს „ე----------------“-ის სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ შპს „ე-----------------“-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, მოსარჩელე შპს ,,ე-----------------“-მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 411.63 აშშ დოლარით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120.33 ლარის ნაწილი, 30.62 ლარი, ხოლო 2.99 ლარი როგორც ზედმეტად გადახდილი. მოპასუხე ნ-----–-----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 86.72 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს, მოპასუხისთვის ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების საფასურის 100 ლარის დაკისრებას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება, მიღება-ჩაბარების აქტი წარმოდგენილი აქვს სარჩელთან ერთად. შესაბამისად, მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა ასევე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ე-----------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ-----–-----------–---–ს შპს ,,ე-----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 1165 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. ნ-----–-----------–---–ს შპს ,,ე-----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ავტომობილის შეფასების საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

4. ნ-----–-----------–---–ს შპს ,,ე-----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 86.72 ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელე შპს ,,ე-----------------“-ს დაუბრუნდეს, მის მიერ 16/10/2017 წელს, #15-------3 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120.33 ლარის ნაწილი, 33.61 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე