გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7295-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი - ლალი მიქელაძე
მოსარჩელე - გ-------------–---–ი
წარმომადგენელი - ს--–----------------
მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - ი----------------–---–-
მესამე პირი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია(ასკ 16.2 მუხლი)
წარმომადგენელი - თ--------–---
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №Q-------- გადაწყვეტილება(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 149-162; 2019 წლის 03 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.2. დაევალოს მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ-------------–---–ის უძრავი ქონების მიმართ, რომლითაც დაკმაყოფილებული იქნება კანონიერი მესაკუთრის ინტერესი, საკუთარი ქონების პირველადი მონაცემების მიხედვით აზომვა/დაკვალვის შესახებ(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ს.ფ.149-162; 2019 წლის 03 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელის განმარტებით, 20-- წელს საკუთრებაში შეიძინა მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქალაქ თბილისში, კ--–----------------–--------------------- ფართობით 466კვ.მეტრი; აღნიშნული მიწის ფართობი, შეძენამდე წარმოადგენდა ერთიან მიწის ნაკვეთს, რომელიც საკუთრებაში ჰქონდა გ---------------–---–ს, რომლისგანაც შეიძინა გ-------------–---–მა მთლიანი ნაკვეთის ნაწილი. საკუთრების გასხვისებამდე, ანუ სანამ გ-------------–---–ი გახდებოდა ამ მიწის მესაკუთრე, 2001 წლიდან, მიწის ნაკვეთების აზომვა/დაკვალვა ხდებოდა, ე.წ------------------–----------------’ მეშვეობით, რომლის დასაშვები ცდომილების მაქსიმალური სიდიდე იყო მაქსიმუმ პლიუს/მინუს 3 მეტრი. აღნიშნული მიწის აზომვის/დაკვალვის დროს, მოხდა ცდომილება და მიწამ ადგილმდებარეობა რეალურად შეიცვალა, 6 მეტრიანი საზღვრის გადაწევით, ანუ მაქსიმალურად დასაშვებზე ორჯერ დიდი ცდომილებით. მისივე განმარტებით, მიწის ხარვეზიანი აზომვა მოხდა, სწორედ გ---------------–---–ის საკუთრების ფარგლებში, მან კანონიერად მოიპოვა საკუთრება აღნიშნულ ნაკვეთზე, თუმცა არასწორად აზომილი საზღვრებით.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ 20-- წელს განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საზღვრების კორექტირების მოთხოვნით, რომელზედაც მიიღო პასუხი, რომ აღნიშნული საკითხი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას არ მიეკუთვნებოდა. 2016წელს მიმართა, როგორც ქონების მართვის სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრს, საჯარო რეესტრის მიერ გამოგზავნილი აზმოვნითი ნახაზებიდან ჩანს, რომ გადაფარვა სადავო მიწებზე რეალურად ჩანს და მიწას პირველადი არასწორი აზმოვით, მთლიანად შეეცვალა ადგილმდებარეობა. 2016 წელს ქონების მართვის სააგენტომ №--------- პასუხით, უარი უთხრა განცხადებელს, მის საკუთრებაში და აწ უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მოქცეული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირებაზე, რაც მხარეს არ გაუსაჩივრებია სასამართლო წესით, რადგან ჯერ კიდევ ცდილობდა ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიეღწია სასურველი შედეგისათვის. მოსარჩელემ 2018 წლის აპრილში ხელმეორედ მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იგივე მოთხოვნით, თუმცა №Q-------- გადაწყვეტილებით კვლავ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის პოზიცია
2.2.1. მესამე პირს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, წერილობითი ფორმით შესაგებელი გ-------------–---–ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2018წლის 08 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, გ--------–--------------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №----------------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 466 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------, 20--წლის 21 აპრილიდან, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ-------------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1---------(ს.ფ. 34-35)
3.1.2. 20-- წლის 17 ნოემბერს, გ-------------–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში,----------–---------------------–- არსებული მიწის ნაკვეთების(საკ.კოდი: №----------------- №----------------) საზღვრების კორექტირება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 26 ნოემბრის №------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის კორექტირებისას ხდებოდა ზედდება მომიჯნავედ თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან და აღნიშნულ საკითხზე უნდა მიემართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 26 ნოემბრის №------- გადაწყვეტილება(ს.ფ. 52-53)
3.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 01თებერვლის №--------- გადაწყვეტილებით გ-------------–---–ს ეცნობა, რომ განცხადებაში დასმული საკითხი განხილული იქნა შესაბამისი კომისიის მიერ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება, განაცხადის საფუძველზე მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 01 თებერვლის №--------- გადაწყვეტილება(ს.ფ. 43)
3.1.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 თებერვლის №----- წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 29 ნოემბერს წარდგენილი იქნა გ-------------–---–ის სარეგისტრაციო განცხადება №------------, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, რომელიც წარმოადგენს დანაყოფ ნაკვეთს. ამავე წერილის თანახმად, №---------------- საკადასტრო კოდზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2001 წლის 14 სექტემბერს გაცემული №--------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია და ეთხოვა კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განხილვა.
აღნიშნულ წერილის პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018წლის 15 თებერვლის №------ წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა(წინააღმდეგი იყო) დაეკმაყოფილებინა განცხადებაში დასმული საკითხი, ვინაიდან უძრავი ქონების დაზუსტებული საზღვრები დადგენილი იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის №------------ გადაწყვეტილებით. ამასთან, კონფიგურაციის მიხედვით, ქონება ზედდებაში იყო №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01თებერვლის №----- წერილი(ს.ფ. 96)
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15თებერვლის №------ წერილი(ს.ფ. 95)
3.1.5. 2018 წლის 26 აპრილს, გ-------------–---–მა №Q-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 08მაისის №Q-------- გადაწყვეტილებით, გ-------------–---–ს ეცნობა, რომ უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ცვლილება საჭიროებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ამ საკითხებში გასათვალისწინებელია მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, განცხადებით წარდგენილი არ არის. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, უძრავი ქონების(№----------------) საზღვრები დადგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, დაზუსტებული კონფიგურაციით, მომიჯნავე საკადასტრო ერთეულებთან რაიმე ზედდების გარეშე და მისი კორექტირებული საზღვრებით რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე ვერ იქნება განხილული თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ასევე, დაზუსტებული საზღვრებით რეგისტრირებული უძრავი ქონების(№----------------) საკადასტრო მონაცემების კორექტირების საკითხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ-------------–---–ის 2018 წლის 26 აპრილის №Q-------- ელექტრონული განცხადება(ს.ფ. 86)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018წლის 08 მაისის №Q-------- გადაწყვეტილება(ს.ფ. 15)
3.1.6. 2018 წლის 08 ივნისს გ-------------–---–ის წარმომადგენელმა სალომე ქურდიანმა №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №Q-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 ოქტომბრის №---0---------- წერილით საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ ვინაიდან განსახილველი საკითხი სასამართლო განსჯადი იყო, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხილა იგი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უკან უბრუნებდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 08ივნისს წარდგენილ №----------------- ადმინისტრაციული საჩივარს თანდართულ მასალებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ-------------–---–ის წარმომადგენლის ს--–----------------ს 2018წლის 08 ივნისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 19-22)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 ოქტომბრის №---0---------- წერილი(ს.ფ. 16-18)
3.1.7. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2019 წლის 06 თებერვლის №--------- დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში,----------–---------------------–- სამრეწველო-სავაჭრო ფირმა ,,ნადიკვარის’’ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმის მიხედვით, ,--------- და მასთან არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა არ შეესაბამება დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2019 წლის 06 თებერვლის №--------- დასკვნა(ს.ფ. 165-168)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ,- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №Q-------- გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ-------------–---–ის მიერ 2018წლის 26 აპრილს წარდგენილ №Q-------- განცხადებაზე ქ.თბილისში,----------–---------------------–- მდებარე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე(საკადასტრო კოდი: №----------------) რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების შესახებ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულება’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №Q-------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.
დასახელებული კანონის 106-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა)მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ)სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ)ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.
სასამართლო ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 16 თებერვლის №----- დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულებაზე’’, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო(შემდგომში - სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.
მითითებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება(ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის(ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების ან უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების პროცედურები გაატაროს ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მისი ინიციატივით. მე-4 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია, გაატაროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების(ფართობის უცვლელად) ან/და მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სერვიტუტის დადგენის პროცედურები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირის მომართვისას ან საკუთარი ინიციატივით.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი გადაწყვეტილება საზღვრების შეცვლის-კორექტირების შესახებ(ფართობის შემცირებით), თუკი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნება კანონით განსაზღვრული დოკუმენტები. ამავე დროს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გააჩნია უფლებამოსილება უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების პროცედურები გაატაროს კანონით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენის გარეშეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მისი ინიციატივით.
6.3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- 20-- წლის 17 ნოემბერს გ-------------–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში,----------–---------------------–- არსებული მიწის ნაკვეთების(საკ.კოდი: №----------------- №----------------) საზღვრების კორექტირება, ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 26 ნოემბრის №------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის კორექტირებისას ხდებოდა ზედდება მომიჯნავედ თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან და აღნიშნულ საკითხზე უნდა მიემართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის;
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 თებერვლის №----- წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 29 ნოემბერს წარდგენილი იქნა გ-------------–---–ის სარეგისტრაციო განცხადება №------------, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, რომელიც წარმოადგენს დანაყოფ ნაკვეთს. ამავე წერილის თანახმად, №---------------- საკადასტრო კოდზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2001 წლის 14სექტემბერს გაცემული №--------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია და ეთხოვა კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განხილვა. აღნიშნული წერილის პასუხად კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15თებერვლის №------ წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა(წინააღმდეგი იყო) დაეკმაყოფილებინა განცხადებაში დასმული საკითხი, ვინაიდან უძრავი ქონების დაზუსტებული საზღვრები დადგენილი იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის №------------ გადაწყვეტილებით. ამასთან, კონფიგურაციის მიხედვით, ქონება ზედდებაში იყო №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან;
-2018 წლის 26 აპრილს, გ-------------–---–მა №Q-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №Q-------- გადაწყვეტილებით, გ-------------–---–ს ეცნობა, რომ უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ცვლილება საჭიროებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ამ საკითხებში გასათვალისწინებელია მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, განცხადებით წარდგენილი არ არის. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, უძრავი ქონების(№----------------) საზღვრები დადგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, დაზუსტებული კონფიგურაციით, მომიჯნავე საკადასტრო ერთეულებთან რაიმე ზედდების გარეშე და მისი კორექტირებული საზღვრებით რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე ვერ იქნება განხილული თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ასევე დაზუსტებული საზღვრებით რეგისტრირებული უძრავი ქონების(№----------------) საკადასტრო მონაცემების კორექტირების საკითხი;
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკადასტრო მონაცემების კორექტირებაზე მხარეს უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ცვლილება საჭიროებდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ამ საკითხებში გასათვალისწინებელი იყო მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, განცხადებით წარდგენილი არ იყო. ასევე, უძრავი ქონების(№----------------) საზღვრები დადგენილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, დაზუსტებული კონფიგურაციით, მომიჯნავე საკადასტრო ერთეულებთან რაიმე ზედდების გარეშე და მისი კორექტირებული საზღვრებით რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე ვერ იქნებოდა განხილული თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ასევე, დაზუსტებული საზღვრებით რეგისტრირებული უძრავი ქონების(№----------------) საკადასტრო მონაცემების კორექტირების საკითხი. მოპასუხე მხარის პოზიციას დასახელებული საფუძვლით კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამეთუ დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტაციის წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მარტოოდენ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, უფრო მეტიც, მას გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით თავად ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, თავად გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, შეაგროვოს საჭირო ცნობები, დაათვალიეროს ადგილი, საჭიროების შემთხვევაში საკითხის სრულყოფილად გარკვევის მიზნით დანიშნოს ექსპერტიზა და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. წარმოდგენილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან კი იკვეთება, რომ აღნიშნული მის მიერ სრულყოფილად არ განხორციელებულა. ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე განმარტავს, რომ მის საკუთრებაში ექცევა საზოგადოებრივი სარგებლობის კიბე, რომელიც აკავშირებს ორ ქუჩას და რომლითაც დღესაც სარგებლობს ხალხი, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემოღობვის შემთხვევაში კი, ხალხს შეეზღუდება კიბით სარგებლობის უფლება. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2019წლის 06 თებერვლის №--------- დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში,----------–---------------------–- სამრეწველო-სავაჭრო ფირმა ,,ნადიკვარის’’ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმის მიხედვით, ,--------- და მასთან არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა არ შეესაბამება დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. აღნიშნული დაადასტურა ასევე სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა- გ----------------–----ც, რომელმაც განმარტა, რომ 2001 წლის მიწის ნაკვეთის გეგმის მიხედვით, სადავო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა შეუსაბამოა დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან.
სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესზე, რომელსაც ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კერძოდ,- მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.
უპირველეს ყოვლისა სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების(ფართობის შემცირებით) საკითხის განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დაფუძნება მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითებაზე საკმარისი არ არის, საჭიროა საქმის გარემოებების შესაბამისი გამოკვლევა და შესწავლა. ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტისათვის საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია სრულყოფილად, არ განუხორციელებია კანონით განსაზღვრული ნებისმიერი პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. აქედან გამომდინარე სასამართლოს მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი). რამეთუ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფის შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. გარდა ამისა, დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება კი წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და შესაბამისად აქტის გაუქმების საფუძველს.
დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, შესაბამისად მან ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №Q-------- გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და იგი მოსარჩელის უფლებას საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №Q-------- გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ-------------–---–ის მიერ 2018 წლის 26 აპრილს წარდგენილ №Q-------- განცხადებაზე ქ.თბილისში,----------–---------------------–- მდებარე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე(საკადასტრო კოდი: №----------------) რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების შესახებ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მოსარჩელე- გ-------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №Q-------- გადაწყვეტილება.
3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ-------------–---–ის მიერ 2018წლის 26 აპრილს წარდგენილ №Q-------- განცხადებაზე ქ.თბილისში,----------–---------------------–- მდებარე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე(საკადასტრო კოდი: №----------------) რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების შესახებ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
4. მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მოსარჩელე- გ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი