გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
170210018002713016
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/257-18

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 აპრილი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

შესავალი ნაწილი

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,, ლ--------------“ (ს/ნ 2--------)

წარმომადგენელი - ლ--–---------–---–ი

მოპასუხეები - ბ--------------- (პ/ნ 5----------), ამ--------------–--ე (პ/ნ 6----------), მა-–---------–--–--ე (პ/ნ 3----------), და------------–--ე (პ/ნ 6----------)

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბ---------------ს, ამ--------------–--ეს, მა-–---------–--–--ეს და და------------–--ეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1197,20 ლარი.

 

1.2. ბ---------------ს, ამ--------------–--ეს, მა-–---------–--–--ეს და და------------–--ეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სახელწიფო ბაჟი და საფოსტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 48,00 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლები

 

სარჩელის თანახმად, ერთის მხრივ სს „ლ-------------სა“ და მეორეს მხრივ ბ---------------ს (შემდგომში მსესხებელი) შორის 2013 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა №0002/2013/32798 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 13300 ლარი. ხელშეკრულება განისაზღვრა წლიურ 22%-ად, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20.11.2023-მდე. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, თავდებმა პირებმა - ამ--------------–--ემ, მა-–---------–--–--ემ და და------------–--ემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა ბ---------------სთან ერთად. ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრულ იქნა 65978 ლარით. მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა არ უზრუნველყო სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხით და საპროცენტო სარგებლით გათვალისწინებული თანხის ბანკისთვის დაბრუნება. მსესხებელმა სესხის გადახდის გრაფიკი დაარღვია 21.05.2018 წელს და შესაბამისად ვადაგადაცილებაშია აღნიშნული პერიოდიდან და დავალიანება დაანგარიშებულია 2018 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით.

 

ბანკმა 2018 წლის წერილებით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს და განუმარტა, რომ 5 დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველყოთ ხელშკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე მხარეების მიერ არ შესრულდა ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ იქნა დაბრუნებული საკრედიტო თანხები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ვადებში და ამასთან ბანკის მიერ მხარეები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებულნი არსებული დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვასთან დაკავშირებით, რამაც არსებითი შედეგი არ გამოიღო, ბანკი იძულებულია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თავისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება სასამართლო წესით.

 

მოპასუხეთა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან №0002/2013/32798 გამომდინარე დავალიანება, „დავალიანების შესახებ“ ცნობის გაცემის თარიღისათვის შეადგენს 11974.20 (აქედან: ძირითადი თანხა - 10689.13 ლარი; % - 1139.59 ლარი; ჯარიმა - 145.48) ლარს, რომლის დაკისრებასაც ითხოვს ბანკი მოპასუხეებისათვის სოლიდარულად. მოსარჩელე ასევე ითხოვს სახელმწიფო ბაჟის და საფოსტო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ბ---------------მ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ მას ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით პირადად გადახდილი აქვს 9374 ლარი, ხოლო თავდების ამ--------------–--ის მიერ გადახდილია 10 007 ლარი, ანუ სესხის დაფარვის მიზნით სულ გადახდილია 19 381 ლარი და 13300 ლარის სესხის ძირითად თანხა მოაკლდა მხოლოდ დაახლოებით 2000 ლარი. მის მიერ აღებულ 13300 ლარ სესხზე გადახდილი 19381, 00 ლარი უნდა ჩაითვალოს ვალდებულების შესრულებად და მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ასევე, სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა მა-–---------–--–--ემ და ამ--------------–--ემ. მოპასუხე და------------–--ეს არ წარმოუდგენია შესაგებელი და არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს "ლ-------------სა" და ბ---------------ს შორის 2013 წლის 13 ნოემბერს გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2013/32798 შემდეგი პირობებით: კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 13300 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 22%, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 20.11.2023-მდე, 120 თვე, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #№0002/2013/32798 (ს.ფ.19-24)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 25-28)

 

3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ: 2013 წლის 13 ნოემბერს სს ,,ლ-------------სა“ და ამ--------------–--ეს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №0002/2013/32798/1, 2013 წლის 13 ნოემბერს სს ,,ლ-------------სა“ და მა-–---------–--–--ეს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №0002/2013/32798/2 და 2013 წლის 13 ნოემბერს სს ,,ლ-------------სა“ და და------------–--ესთან გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №0002/2013/32798/3, რის საფუძველზეც ამ--------------–--ემ, მა-–---------–--–--ემ და და------------–--ემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა თითოეულისათვის შეადგენს 65978,00 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ამ--------------–--ის თავდებობის ხელშეკრულება №0002/2013/32798/1 (ს.ფ. 29-30)

- მა-–---------–--–--ის თავდებობის ხელშეკრულება №0002/2013/32798/2 (ს.ფ. 31-32)

- და------------–--ის თავდებობის ხელშეკრულება №0002/2013/32798/3 (ს.ფ. 33-34)

 

3.1.3 მოპასუხეების დავალიანება 2018 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით #№0002/2013/32798 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 11974.20 (აქედან: ძირითადი თანხა - 10689.13 ლარი; % - 1139.59 ლარი; ჯარიმა - 145.48) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 18)

- ამონაწერი სესხის ანგარიშიდან (ს.ფ.35-36)

 

3.1.4. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- გაფრთხილების წერილები, საფოსტო უკუგზავნილები (ს.ფ. 37-44)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ლ---------------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგელოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 11974.20 (აქედან: ძირითადი თანხა - 10689.13 ლარი; % - 1139.59 ლარი; ჯარიმა - 145.48) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 400-ე, 405-ე, 411-412-ე, 417-418-ე, 463-464-ე, 625-ე, 867-868-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სს ,,ლ-------------სა“ (ს/კ 2--------) და ბ---------------ს შორის 2013 წლის 13 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 13300.00 ლარი, 2023 წლის 20 ნოემბრამდე ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 22%-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გასცა მსესხებელზე შესაბამისი კრედიტი. მოპასუხის მხრიდან ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, მოპასუხემ მიიღო კრედიტი, 2018 წლის 21 მაისის შემდგომ მოპასუხე უწყვეტ ვადაგადაცილებაშია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

ამავე კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი ვალდებულია წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ორმხრივი ხელშეკრულების პირობების დამრღვევ მხარეს და განუსაზღვროს ვადა ხელსეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და ამის შემდეგ ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. სს ,,ლ--------------“-ს მხრიდან მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინების წერილები ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების - ძირითადი თანხის, პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის მოთხოვნით. მოპასუხის მხრიდან აღნიშნულს არ მოჰყოლია რაიმე სახის რეაგირება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების, ასევე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

სოლიდარული ვალდებულება შეიძლება დადგინდეს მხარეთა ნებით, როცა ეს განსაზღვრულია ხელშეკრულებით. ამ შემთხვევაში მხარეთა ნება გამოხატულია თავდებობის ხელშეკრულებებით.

 

შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის 10689, 13 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

6.2. მოსარჩელე სს ,,ლ--------------“ წარმოდგენილი სარჩელით ასევე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ 2013 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული №0002/2013/32798 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 1139,59 ლარის გადახდას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საბანკო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალზე აპელირება სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან მისი ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. შესაბამისად, მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ლ-------------სა“ და მეორე მხრივ ბ---------------ს (შემდგომში მსესხებელი) შორის 2013 წლის 13 ნოემბერს გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2013/32798. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 13300 ლარი, წლიურ 22,00% პროცენტად და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 ნოემბრამდე.

 

ასევე დადგენილია, მოპასუხე ბა-------------ის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის 0002/2013/32798 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება 2018 წლის 21 მაისიდან. ამის შემდეგ აღარ განხორციელებულა თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. რის შედეგადაც მას ერიცხება დავალიანება კრედიტორის სასარგებლოდ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის 2013 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის 0002/2013/32798 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის - 1139,59 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 13 ნოემბრის 0002/2013/32798 საკრედიტო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დავალიანების თანხის 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებლი დღისათვის.

 

შესაბამისად, მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს პირგასამტეხლოს თანხის 145, 48 ლარის დაკისრება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2013 წლის 13 ნოემბრის №0002/2013/32798 ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 145,48 ლარი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრულია და მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლოდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულევის საგნის განუყოფელობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ: 2013 წლის 13 ნოემბერს სს ,,ლ-------------სა“ და ამ--------------–--ეს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №0002/2013/32798/1, 2013 წლის 13 ნოემბერს სს ,,ლ-------------სა“ და მა-–---------–--–--ეს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №0002/2013/32798/2 და 2013 წლის 13 ნოემბერს სს ,,ლ-------------სა“ და და------------–--ესთან გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №0002/2013/32798/3, რის საფუძველზეც ამ--------------–--ემ, მა-–---------–--–--ემ და და------------–--ემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა თითოეულისათვის შეადგენს 65978,00 ლარს. ასევე დადგენილია, რომ ბა-------------ის მიერ არ მომხდარა ვალდებულების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, მოსარჩელის მიერ წინამდებარე სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს ბ---------------ს, ამ--------------–--ეს, მა-–---------–--–--ეს და და------------–--ეს სოლიდარულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაღებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო 52-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯები, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

წარმოდგენილ საქმეზე მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 360 ლარის ოდეობით.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მის მიერ შპს ,,საქართველოს ფოსტის“ საფოსტო საკურიერო მომსახურებისათვის გაწეულია ხარჯი 24,00 ლარის ოდენობით, ხოლო შპს ,,სკს“ მეშვეობით გაგზავნილი ორი გზავნილის გაგზავნისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

შესაბამისად მოპასუხეებს - ბ---------------ს, ამ--------------–--ეს, მა-–---------–--–--ეს და და------------–--ეს მოსარჩელე სს ,,ლ---------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟის 360, 00 ლარის და სასამართლო ხარჯის სახით საკურიერო მომსახურებისათვის გადახდილი 24,00 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

მოსარჩელე სს ,,ლ--------------“-ს სარჩელი მოპასუხეების ბა-------------ის, ამ--------------–--ის, მა-–---------–--–--ის და და------------–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხეებს - ბ---------------ს (პ/ნ 5----------), ამ--------------–--ეს (პ/ნ 6----------), მა-–---------–--–--ეს (პ/ნ 3----------) და და------------–--ეს (პ/ნ 6----------) სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 11974,20 (აქედან: ძირითადი თანხა -10689,13 ლარი, პროცენტი 1139,59 ლარი, ჯარიმა 145,48 ლარი) ლარის გადახდა მოსარჩელე სს ,,ლ---------------“-ს სასარგებლოდ.

 

მოპასუხეებს - ბ---------------ს (პ/ნ 5----------), ამ--------------–--ეს (პ/ნ 6----------), მა-–---------–--–--ეს (პ/ნ 3----------) და და------------–--ეს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე სს ,,ლ---------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟის 360, 00 ლარის და სასამართლო ხარჯის სახით საკურიერო მომსახურებისათვის გადახდილი 24,00 ლარის ანაზღაურება.

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა