გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
330210019002844336
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/2414-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე შპს „ვ-----–----------------ი“

წარმომადგენელი ნ----------–--ე

მოპასუხე შპს „დ---“

წარმომადგენელი თ--------------–---–ი

დავის საგანი დავალიანების გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „დ---ს“ შპს „ვ-----–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 9 202 ლარის გადახდა. სარჩელის საფუძვლად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებია მითითებული: 2017 წლის 28 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით შპს „დ---მ“ შპს „ვ-----–----------------ისაგან“ შეიძინა სხვადასხვა დასახელების საქონელი. მიწოდებული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 9 238.50 ლარი, რაზეც გამოწერილ იქნა შესაბამისი ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები. მხარეთა შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს ყოველ ეტაპზე შეძენილი საქონლის ღირებულება უნდა გადაეხადა შესაბამისი სასაქონლო ზედნადების გამოწერიდან ოცდაათი კალენდარული დღის განმავლობაში. მიუხედავად მხარეთა შეთანხმებისა მოპასუხეს დღემდე არა აქვს გადახდილი შეძენილი საქონლის ღირებულება 9 202 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ მარტივი შედავებით არ ცნო სარჩელი, ხოლო წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ თანახმანი იყვნენ მხარეთა შორის შემდგარიყო მორიგება და თანხას გადაიხდიდნენ დადგენილი გრაფიკით, რაც მიღწეული ვერ იქნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 28 მარტს, 31 მარტს, 8 აპრილს, 12 აპრილს, 24 აპრილსა და 26 აპრილს შპს „დ---მ“ (მყიდველი) შპს „ვ-----–----------------ისაგან“ (გამყიდველი) ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სხვადასხვა დასახელების ავტომობილის ნაწილები და ზეთები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 15-28).

 

3.1.2 . 2017 წლის 28 მარტიდან 26 აპრილამდე მიწოდებული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 9 238.50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 15-28).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მყიდველს არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური - 9 202 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ ას-867-834-2016).

 

მტკიცების ტვირთის განაწილება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამოკიდებულია არა მხარის პროცესუალურ როლზე, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სადავოა ნასყიდობის საფასურის გადახდა, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების, ფასზე შეთანხმებისა და ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემის ფაქტი, ხოლო მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა მოთხოვნის შემწყვეტი ან გამომრიცხავი გარემოებების არსებობა.

 

სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.

 

საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება ნასყიდობის საგნის გადაცემა. ამავე დოკუმენტებში მითითებულია საქონლის ღირებულება.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მას არ მიუთითებია რაიმე კონკრეტული გარემოებები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაგებელში მონიშნულია მხოლოდ „არ ვეთანხმები“ გრაფა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით შესაგებელი, როგორც სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალება, შეიძლება დავყოთ შემდეგ სახეებად: სარჩელის უარყოფა (არცნობა), საპროცესო შესაგებელი და მატერიალურსამართლებრივი შესაგებელი. შესაგებლის წარუდგენლობის წინაპირობების ანალიზისათვის, საყურადღებოა სარჩელის უარყოფის (არცნობის), როგორც შესაგებლის სრუქტურული კომპონენტის დახასიათება. უნდა აღინიშნოს, რომ არც პროცესუალურსამართლებრივი და არც მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი არ არსებობს შესაგებლის ისეთი აუცილებელი კომპონენტის გარეშე, როგორიცაა სარჩელის უარყოფა (არცნობა), მაგრამ ამ უკანასკნელი კომპონენტის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ ასეთი უარყოფითი შესაგებლით ავტორი გამოხატავს თავის პროცესუალურ დამოკიდებულებას, რომელიც საკმარისია გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომისათვის, კერძოდ, ამ უარყოფის შედეგად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძენენ სადავო ხასიათს. ზუსტად ეს გარემოება (სარჩელის უარყოფა (არცნობა) განაპირობებს იმას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შედის მტკიცების საგანში. სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას), ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან (საქმე №ას-121-117-2016).

 

„მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას“ (სუსგ ას-1686-2018).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია კვალიფიციური შედავება, არამედ ზოგადად არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს, რაც საკმარისი არ არის მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფისათვის და მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტები დადასტურებულად მიიჩნევა.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მყიდველს ყოველ ეტაპზე შეძენილი საქონლის ღირებულება უნდა გადაეხადა შესაბამისი სასაქონლო ზედნადების გამოწერიდან ოცდაათი კალენდარული დღის განმავლობაში.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ეს გარემოება სადავოდ გახადა და მიუთითა, რომ ასეთი შეთანხმება მხარეებს შორის არ არსებობდა.

 

მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, ახსნა-განმარტებისას მხარეები ვერ მიუთითებენ ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შედავება საქმის მომზადების დასრულებამდე განხორციელდებოდა, დავის გადაწყვეტისათვის არავითარი მნიშვენლობა არ აქვს ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენას. სარჩელის დაკმაყოფილება/არადაკმაყოფილების საკითხი რაიმე ფორმით არ უკავშირდება მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტს. თუნდაც დადგენილად იქნეს მიჩნეული, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადაზე მხარეები არ შეთანხმებულან, ეს გარემოება სასარჩელო მოთხოვნას საფუძველს არ აცლის. სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მყიდველს არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური - 9 202 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 477-ე, 365-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

დადგენილია, რომ შპს „ვ-----–----------------სა“ და შპს „დ---ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს საქონელი, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა შესაბამისი ღირებულება.

 

დადგენილია ასევე, რომ მყიდველს ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია.

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მხარეები არ შეთანხმებულან ნასყიდობის ფასის გადახდის ვადაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

შპს „დ---მ“ არ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულების პირველადი მოთხოვნა - არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური, რის გამოც სარჩელის საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შპს ,,დ---ს" შპს ,,ვ-----–----------------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 276.06 ლარისა და 50 ლარის ანაზღაურება;

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ვ-----–----------------ის" სარჩელი შპს ,,დ---ს" მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს ,,დ---ს" შპს ,,ვ-----–----------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 9202 ლარის ანაზღაურება;

 

3. შპს ,,დ---ს" შპს ,,ვ-----–----------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 276.06 ლარისა და 50 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია