გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/812-2017
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 აპრილი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ნ---- თ------ე
წარმომადგენელი სოფიო ბერძენიშვილი
მოპასუხე კ---- თ------ე
წარმომადგენელი ბელა ბერაძე
დავის საგანი გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2009 წლის 16 ივნისს კ---- თ------ესა და ევ--–--- ლ---–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ნ---- თ------ის აღიარება უძრავი ქონების – რუსთავში, 1-----------------------------ის (კოდი 0------------------) 1/2 წილის თანამესაკუთრედ.
(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 65 )
სარჩელის საფუძვლები
2009 წლის 16 ივნისს დედამ ევ--–--- ალ---–---–მა შვილს კ---- თ------ეს ნასყიდობის ხელშეკრულებით გაუფორმა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. ევ--–--- ლ---–---–ი იყო დიაბეტით დაავადებული, რის გამოც სერიოზულად დაუქვეითდა მხედველობა. ამის გამო მან არ იცოდა რაზე აწერდა ხელს. ასევე აშკარაა, რომ კ---- თ------ეს ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია, რაც ხელშეკრულების ბათილობის ერთერთი საფუძველია. სამკვიდრო მოწმობით მიღებული აქვს დედის ევ--–--- ლ---–---–ის სამკვიდრო უფლება-მოვალეობების 1/2 წილი, ხოლო სადაო ბინას სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ვერ დაირეგისტრირებს საკუთრებად, რადგან ქონების მესაკუთრედ აღრიცხულია კ---- თ------ე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე კ---- თ------ემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს სადაო გარიგების ბათილად ცნობა, რადგან თავად ევ--–--- ლ---–---–ს გააჩნდა ეს უფლება და სიცოცხლეში ეს გარიგება სადაო არ გაუხდია. მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, ხელშეკრულება დადებულია 2009 წლის 16 ივნისს, რის შემდეგ გასულია 6 წელი. მოსარჩელისთვის დედის სიცოცხლეშივე იყო ცნობილი, რომ სადაო ბინაზე კ---- თ------ესთან დაიდო ხელშეკრულება, რადგან მოსარჩელეს უცხოეთიდან სისტემატიურად ჰქონდა დედასთან სატელეფონო კომუნიკაცია. ევ--–--- ლ---–---–ს ჰქონდა მხედველობის პრობლემები, მაგრამ მას შეეძლო დამოუკიდებლად ტექსტის წაკითხვა და მისი შინაარსის გაცნობიერება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნათა თ------ე და კ---- თ------ე არიან ევ--–--- ლ---–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები. მათ ევ--–--- ლ---–---–ის სამკვიდროზე მიღებული აქვთ სამკვიდრო მოწმობა თითოეულს სამკვიდრო უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობის 1/2 წილზე, კ---- თ------ეს სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს 2016 წლის 21 ივლისს, ხოლო ნ---- თ------ეს 2019 წლის 8 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სამკვიდრო მოწმობების ასლები (ს.ფ. 51.61-64. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 42-45. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.3. 2009 წლის 16 ივნისს ევ--–--- ლ---–---–სა და კ---- თ------ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ევ--–--- ლ---–---–მა გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავში, 1---------------------------- (კოდი 0------------------). ხელშეკრულების დადების დროს ევ--–--- ლ---–---–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეძლო დამოუკიდებლად გამოევლინა ხელშეკრულების დადების ნება.
2009 წლის 15 ივნისს ევ--–--- ლ---–---–სა და კ---- თ------ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ევ--–--- ლ---–---–მა გაასხვისა უძრავი ქონება უძრავი ქონება – რუსთავში, 1---------------------------- (კოდი 0------------------). ნასყიდობის ფასია 10 000 აშშ დოლარი. ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ხელშეკრულების საფუძველზე ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია კ---- თ------ე
მოსარჩელის განმარტებით, მხედველობის დაქვეითების გამო ევ--–--- ლ---–---–ს არ შეეძლო ტექსტის წაკითხვა, შესაბამისად, იგი ხელშეკრულების შინაარსს არ გასცნობია.
საქმეში წარმოდგენილია ევ--–--- ლ---–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტები, კერძოდ, ქალაქ რუსთავის N სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის მიერ წარმოებული სამედიცინო ისტორია.
სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, ევ--–--- ლ---–---–ი დაავადებული იყო დიაბეტით, რამაც გამოიწვია მხედველობის დაქვეითება. სამედიცინო ჩანაწერებში მხედველობის დაქვეითების შესახებ ჩივილი ფიქსირდება 2008 წლიდან. 2008 წლის 3 აპრილს ჩანაწერებში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის მხედველობის დაქვეითებას. არის დაავადებული დიაბეტით, ესაჭიროება ოფთალმოლოგის კონსულტაცია. 2008 წლის 3 მაისს დაფიქსირებულია მხედველობის მაჩვენებლები: V0d=0.1. VOS-0.08. თვალის ფსკერი მხედველობის ნერვის დისკი ბაცი მოვარდისფრო. კონტურები მკაფიო, არტერიები და ვენები უთანაბრო, აღენიშნება ნეოვასკულირაცია (ვარსკვლავები). დიაგნოზია დიაბეტური რეთინოპათია. დაენიშნა მკურნალობა მედიკამენტებით- დოქსიჰემი, სინტეს კაპსულები.
2008 წლის 5 ნოემბერს მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის მხედველობის გაუარესებას. საჭიროებს ოკულისტის კონსულტაციას.
2009 წლის 6 თებერვალს ფიქსირდება მხედველობის შემდეგი სამედიცინო მაჩვენებლები Vοd=0.1. VOS-0.1. შეერჩა საკითხავი სათვალე ou sph+6.0 D. ბროლზე გამჭვირვალობა დაქვეითებულია. თვალის ფსკერზე ბადურაზე აღენიშნება დისტრფიული კერები. დიაგნოზია დიაბეტური რეთინოპათია, დაწყებითი კატარაქტა. დაენიშნა მკურნალობა მედიკამენტებით- ჩერნიკა, ტრენტალი, ასევე ტაუფონის წვეთები.
ოფთალმოლოგის მიერ ჩანაწერები გაკეთებულია ასევე 2009 წლის 15 ოქტომბერს, მხედველობის მაჩვენებელია Vοd=0.06. VOS-0.01. რქოვანა სუფთა. ბროლში აღენიშნება ნაზი შემღვრევები (ბურუსი). თვალის ფსკერის მხედველობის ნერვის დისკი ბაცი ვარდისფერია, კონტურები მკაფიო, სისხლძარღვები უთანაბრო კალიბრის, ბადურაზე აღენიშნება დისტროფიული კერები. ბროლის გამჭვირვალობა დაქვეითებული, ფსკერი ჩანს ბურუსში.
ამდენად, სამედიცინო ჩანაწერების თანახმად, ხელშეკრულების დადების დროს 2008 წლის ივნისის თვის მდგომარეობით ევ--–--- ლ---–---–ის მხედველობა დაქვეითებული იყო დიაბეტით დაავადების გამო, მაგრამ მას შენარჩუნებული ჰქონდა მხედველობა იმ ზომით, რომ შეეძლო ტექსტის წაკითხვა. სამედიცინო ჩანაწერებში 2008 წლის 6 თებერვალს მითითებულია, რომ ევ--–--- ლ---–---–ს შეერჩა საკითხავი სათვალე, ხოლო მხედველობის მაჩვენებლები წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია და შეადგენს V0d=0.1. VOS-0.1.
ევ--–--- ლ---–---–ის მხედველობის უფრო მკვეთრი გაუარესების შესახებ სამედიცინო ჩანაწერებში ფიქსირდება 2009 წლის ოქტომბრიდან, სადაო ხელშეკრულება კი დადებულია 2008 წლის ივნისში.
სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა სპეციალისტმა მარინა გონგლიაშვილმა (რუსთავის N სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტის ოფთალმოლოგმა) განმარტა, რომ ევ--–--- ლ---–---–ის მხედველობის დაქვეითება დიაბეტით დაავადებამ გამოიწვია. თვალის ფსკერზე სისხლჩაქცევების გამო გარკვეული ზომით ბუნდოვანი ჰქონდა მხედველობა, მაგრამ რადგან მას შერჩა საკითხავი სათვალე, იგი ტექსტს კითხულობდა და წაკითხვის ფუნქციის გაუმჯობესებისათვის დაენიშნა სათვალე. მხედველობის მაჩვენებლების გამო მას შეეძლო გზაზე დამოუკიდებლად გადასვლა, არა მარტო სადაო ხელშეკრულების ტექსტის წაკითხვა, არამედ სტანდარტული საგაზეთო ტექსტის წაკითხვაც.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და სპეციალისტის განმარტებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის ევ--–--- ლ---–---–ს მხედველობის მდგომარეობის გამო შეეძლო ტექსტის წაკითხვა, იგი იყენებდა საკითხავ სათვალეს, მას ხელშეკრულების ტექსტის შინაარსის გასაცნობად არ ესაჭიროებოდა დამხმარე. არ საჭიროებდა, რომ მისთვის გაეცნოთ ხელშეკრულების ტექსტი და შემდეგომ მის ნაცვლად ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა დამხმარეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 23. ტომი 1)
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 24-25. ტომი 1)
- სამედიცინო ისტორია (ს.ფ. 88-103. ტომი 1)
- სპეციალისტის განმარტებები (02.04.2019 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დასტურდება ევ--–--- ლ---–---–ის ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის გამოც მას არ შეეძლო თავისუფლად ნების გამოვლენა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1328-ე, 1306-ე, 1433-ე მუხლები, 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 130-ე , 54-ე, 50-ე, მე-12, 170-ე, 56-ე, 55-ე, 115-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გარიგების შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. სასამართლო განმარტავს, რომ დაინტერესებულ პირად მიიჩნევა პირი, რომლის კანონიერი ინტერესი და უფლება გარიგებით შეილახა, ასეთი შეიძლება იყოს როგორც გარიგების მხარე, ასევე მესამე პირი, რომელიც არ არის ხელშეკრულების მხარე, მაგრამ სხვა პირების მიერ გარიგების დადებით შეილახა მისი კანონიერი უფლება.
განსახილველ სარჩელში სადაოა ევ--–--- ლ---–---–სა და კ---- თ------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო მოსარჩელე არის გამყიდველის ევ--–--- ლ---–---–ის პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი. მას სამემკვიდრეო ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება აქვს მოითხოვოს მამკვიდრებლის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობა სარჩელში მითითებული საფუძვლით და შედეგად ქონებაზე განახორციელოს მემკვიდრეობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის მიხედვით, 1. სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორ ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელი მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 2. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო თუ ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის შესაბამისად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
კ---- თ------ე და ნ---- თ------ე არიან ევ--–--- ლ---–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეები, მათ მიღებული აქვთ სამკვიდრო მოწმობა სამკვიდროზე თანაბარწილად. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე, როგორც დედის მემკვიდრე შეძლებს სადაო ქონებაზე საკუთრების უფლება მემკვიდრეობით მოიპოვოს.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგოდ მიუთითებს ხანდაზმულობას იმ არგუმენტაციით, რომ გარიგების დადებიდან 2009 წლის 15 ივნისიდან 6 წლის ვადაში თავად ევ--–--- ლ---–---–ს არ მოუთხოვია ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოპასუხის განმარტებით, მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ექვს წლიანი ვადა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობა გარიგების დადების მომენტთან არ არის დაკავშირებული.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ნორმის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეულია არა მარტო ის მომენტი როცა პირმა გაიგო უფლების დარღევის შესახებ, აღნიშნული ნორმით გასათავლისწინებელია აგრეთვე ობიექტური მომენტი, ანუ შეეძლო თუ არა პირს დროულად გაეგო მისი უფლების დარღვევის შესახებ. თუ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა პირს უნდა შეეტყო მისი უფლებების დარღვევის შესახებ.
მოსარჩელე ევ--–--- ლ---–---–ის მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესად მიუთითებს მემკვიდრეობის მიღებას. სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება დაკავშირებულია სამკვიდროს გახსნის მომენტთან და მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან, მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს 2015 წლის 28 სექტემბრიდან, ვინაიდან ევ--–--- ლ---–---–ის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელეს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს უნდა განეცხადებინა პრეტენზია მემკვიდრეობაზე. შესაბამისად, მას ამ მომენტიდან ჰქონდა შესაძლებლობა გაეგო სადავო ხელშეკრულების შესახებ.
განსახილველი სარჩელი აღძრულია 2017 წლის 20 აპრილს, ხოლო მანამდე ამავე ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ამავე საფუძვლით ნ---- თ------ემ სარჩელი აღძრა 2016 წლის 21 იანვარს. ეს სარჩელი დატოვებულია განუხილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით.
ამდენად, მოსარჩელეს სადაო გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის უფლება წარმოეშვა დედის მამკვიდრებელ ევ--–--- ლ---–---–ის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღების შემთხვევაში მემკვიდრის მოთხოვნაზე სამკვიდროდან წილის განსაზღვრის შესახებ ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება (მათ შორის ფაქტობრივი ფლობით) მემკვიდრეს აყენებს განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში. სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმდებით) ან ნოტარიუსში განცხადების წარდგენით მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესის თანახმად, ასეთ შემთხვევაში საკუთრების უფლება წარმოიშობა კანონის საფუძველზე. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები შეეხება ფარდობით უფლებებს (მაგალითად, ხელშეკრულების შესრულების, ხელშეკრულების ბათილობის) და არა აბსოლუტურ უფლებას. მემკვიდრეობით ქონების მიღებით მემკვიდრეს კანონის საფუძველზე წარმოეშობა საკუთრების უფლება, რომლის განხორციელების უფლება ხანდაზმულობით შეზღუდული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილი წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე დროს სამოქალაქო კოდექსით აღიარებულია მხარეთა შესაძლებლობა კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი). ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ.
ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულება არის ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება, ხოლო ნების გამოვლენა ნამდვილია თუ იგი გარიგების დადების გადაწყვეტილება მიღებულია მხარის თავისუფალი განსჯის პირობებში. სამართლებრივ შედეგს იწვევს ისეთი ნების გამოვლენა, რომელიც მხარის სურვილის და მიზნის გამომხატველია, მიღებულია თავისუფალი განსჯის შედეგად, რაიმე არამართლზომიერი ზეგავლენის გარეშე, მხარისათვის განსაზღვრულია და აღქმადია ნების გამოვლენის შედეგად სამართლებრივი შედეგის წარმოშობა, გაცნობიერებული აქვს ნების გამოვლენის შედეგები და რისკები.
ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოთხოვნილია იმ საფუძვლით, რომ ევ--–--- ლ---–---–ს მხედველობის მნიშვნელოვანი დაქვეითების გამო არ შეეძლო ტექსტის გაცნობა და მისი შინაარსის გაცნობიერება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გაცნობიერების შეფასების უნარის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია არჩევანის დასაბუთება, მიღებული ინფორმაციის დამახსოვრება, გამეორება, შინაარსის გააზრება, ინფორმაციის მიწოდების მიზეზის გააზრება.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილი გარიგების დეფინიციიდან გამომდინარე ნების გამოვლენა გარიგების აუცილებელი ელემენტია. ამით სამოქალაქო კოდექსი გარიგების რეგულირებისას ნების თეორიას ეყრდნობა. ნების გამოვლენა არის სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვა კანონით დადგენილი ფორმით. ნების გამოვლენით გარიგების მონაწილე აფიქსირებს იმ მიზანს, რომლის მიღწევაც სურს მისი შინაგანი ნების საფუძველზე.
სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები - მატერიალური თუ ფორმალური. მატერიალურ წინაპირობებს განეკუთვნება ნების გამომვლენი პირის გონებრივი შესაძლებლობები (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო ფორმალურს - ნების გამოვლენის კანონით დადგენილი ფორმის დაცვა (ნების გამოვლენა წერილობით, ზეპირად, ნოტარიუსის მონაწილეობით, კანონის შესაბამისად და ა.შ.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით, ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. ამ მუხლში მოცემულია ზოგადი ქმედუნარიანობის ცნება. კერძოდ, ესაა ზოგადად პირის უნარი, საკუთარი ნებით განახორციელოს (მართოს) ესა თუ ის სამართლებრივი შედეგის მომტანი მოქმედებანი და არა მისი უნარი, განახორციელოს ერთი რომელიმე კონკრეტული მოქმედება. ზოგადი ქმედუნარიანობის ფორმებია გარიგებაუნარიანობა და დელიქტუნარიანობა. გარიგებაუნარიანია პირი, რომელსაც შესწევს უნარი თავისი ნებით დადოს ნებადართული გარიგება, რაც შესაძლებელია კერძო ავტონომიის პირობებში. სამოქალაქო კოდექსი ქმედუნარიანობას მიიჩნევს გარიგების ნამდვილობის აუცილებელ პირობად (63, 67). თუ არ არის პირი ქმედუნარიანი, ის ვერც გარიგებაუნარიანი იქნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითებული, რომ გარიგების დადებისას არსებობს იმის პრეზუმფცია, რომ გარიგების მხარეთა ნამდვილ ნებას გამოხატავს მხარეების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება. შესაბამისად, საწინააღმდეგო გარემოებები უნდა დაადასტუროს იმ პირმა, ვინც გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვს, არ მიიჩნევს გარიგების ნამდვილ ხელშეკრულებად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას, მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს, აცნობიერებს ამ ხელშეკრულების სამართლებრივ შედეგებს და სურს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომა. მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, ჯანმრთელობის იმგვარი მდგომარეობის დროს, როცა პირს არ შეუძლია გარიგების შინაარსის და მისი შედეგების გაცნობიერება. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს. ნების გამოვლენა ნაკლიანია, თუ ნების გამომვლენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ეცნობა ხელშეკრულების შინაარსს. ამ საფუძვლით ნების გამოვლენის ნაკლი მხოლოდ პირის ფსიქიური დაავადებით განპირობებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება და ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე სხვაგვარი მიზეზით პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვით – წერა-კითხვის უცოდინარობა, მხედველობის დაქვეითება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ხელშეკრულების დადების დროს ევ--–--- ლ---–---–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად შეეძლო გარიგების დადების ნება გამოევლინა, რადგან არ დასტურდება, რომ ევ--–--- ლ---–---–ის მხედველობის იმგვარად დაქვეითება, რომლის გამოც მას არ შეეძლო დამოუკიდებლად ნასყიდობის ხელშეკრულების ტექსტის წაკითხვა და აქედან გამომდინარე მისი შინაარსის და შედეგების გაცნობიერება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება ის ფაქტი, რომ კ---- თ------ეს არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური. ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ მხარეებს შორის სინამდვილეში დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რადგან ევ--–--- ლ---–---–ის მიერ სრული ქმედუნარიანობის პირობებშია გამოვლენილი ქონების განკარგვის ნება, ხოლო უსასყიდლოდ ქონების განკარგვა სინამდვილეში ჩუქების ხელშეკრულების დადებაზე მიუთითებს.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). ზემოთაღნიშნული ხელშეკრულების თვალთმაქცურად აღიარება და ჩუქების ხელშეკრულების წესების გამოყენება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის რეალიზაციას ვერ გამოიწვევს, ქონებაზე მისი თანასაკუთრების უფლების აღიარების საფუძველი არ არის, რადგან ევ--–--- ლ---–---–ის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების განკარგვის ნება ნამდვილია და მისი ბათილად აღიარების და კ---- თ------ისაგან ქონების გამოთხოვის საფუძველი არ არსებობს.
გარიგება ასევე არ არის ბათილი გავლენის ბოროტად გამოყენების საფუძვლით. 2009 წლის 16 ივნისს მოქმედი რედაქციით, 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არის მხოლოდ ის ფაქტი, რომ სადაო გარიგება დადებულია ოჯახის წევრებს, დედა-შვილს შორის. მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ გარიგების დადებამდე ევ--–--- ლ---–---–ის ოჯახის წევრებს შორის, მის შვილებს შორის არსებობდა რაიმე სახის უთანხმოება ან კონფლიქტური ურთიერთობა, რის გამოც კ---- თ------ემ არამათლზომიერად გამოიყენა დედა-შვილური ურთიერთობა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმ მიზნით, რომ სამომავლოდ ქონება ევ--–--- ლ---–---–ის მემკვიდრეებს შორის არ გაყოფილიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძველი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. შესაბამისად, სადაო ხელშეკრულების ბათილობის საკითხი ამ ნორმების ერთობლივად განმარტებით უნდა გადაწყდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს უფლების ბოროტად გამოყენებას და ამავე კოდექსის მე-8 მუხლთან ერთად ადგენს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მთავარ პრინციპს - უფლების კეთილსინდისიერად განხორცილების პრინციპს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
სახელშეკრულებო ავტონომიის ფარგლებში სუბიექტი უფლებამოსილია თავისუფლად დადოს ხელშეკრულებები მხარეთათვის მისაღები და სასურველი შინაარსით, ხოლო კეთილსინდისიერების პრინციპი „ინდივიდის თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა.“ სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპი (10-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 319-ე მუხლები) პირს ანიჭებს თავისუფლებას, კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი ქმედება, თუმცა უფლების კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპით შეზღუდულია ნების ავტონომიის ფარგლები, რადგან აკრძალულია მესამე პირთა უფლებების ხელყოფა.
115-ე მუხლის მეორე წინადადებით დაკონკრეტებულია, რას გულისხმობს კანონი უფლების არამართლზომიერად გამოყენებაში - „დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მართლსაწინააღმდეგოდ უნდა ჩაითვალოს უფლების განხორციელება, რომელიც სხვა პირს ზიანს აყენებს და არ ისახავს უფლების განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება საქმეზე # ას-1535-1438-2012).
115-ე მუხლის მიხედვით, უფლების განხორციელების მართლზომიერების შესაფასებლად უნდა დადგინდეს უფლების გამოყენების მიზანი, ნების გამომვლენს რა მოტივაცია გააჩნდა უფლების განსახორციელებლად, რა კანონიერი საფუძველი გააჩნდა უფლების განხორციელებისათვის, სადაო შემთხვევაში რა გარემოებამ წარმოშვა ხელშეკრულების დადების გზით უფლების განხორციელების აუცილებლობა. 115-ე მუხლის მიხედვით, უფლების გამოყენების მართლზომიერების შეფასებისათვის არსებითია უფლების მფლობელის მიზანი, მისი მოტივაცია, რაც კონკრეტული უფლების განხორციელებას ამართლებს.
115-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს უფლების გამოყენებას მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამ ნორმაში მითითებული ტერმინი «მარტოოდენ» იმაზე მიუთითებს, რომ თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ უფლების მფლობელის ძირითადი მიზანი და მამოძრავებელი ინტერესი სწორედ მესამე პირისათვის ზიანი მიყენება ან ზიანის დაშვებაა. სხვა დამატებითი მოტივაცია იმდენად უმნიშვნელო უნდა იყოს მესამე პირის ინტერესთან მიმართებით, რომ მისი ფორმალურად დასახელება არ უნდა ამართლებდეს უფლების განხორციელებას. ამდენად, უფლების განხორციელების მართლზომიერების შეფასებისათვის უნდა დადგინდეს, რა ობიექტური წინაპირობა განაპირობებდა უფლების განხორციელებას, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დადების შესახებ ნების გამოვლენას, რა ობიექტური ვითარება განაპირობებდა ევ--–--- ლ---–---–ზე იმგვარი ზეგავლენის მოხდენის ვარაუდს, რომ მას გამოევლინა ქონების შვილზე გასხვისების ნება. მოსარჩელეს არ მიუთითებია ოჯახის წევრებს შორის არსებული ისეთი ურთიერთობის შესახებ, რომლის გამოც კ---- თ------ეს გააჩნდა მოტივაცია გავლენა მოეხდინა დედაზე მისთვის ქონების გადაფორმების მიზნის მისაღწევად და მოეპოვებინა ქონებაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლება და ამით შემდგომში ხელი შეშლოდათ ოჯახის სხვა წევრებს მემკვიდრეობის უფლების განხორციელებაში.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. არ დაკმაყოფილდეს ნ---- თ------ის სარჩელი;
2. ნ---- თ------ეს უარი ეთქვას სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი