გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2019
საქმის ნომერი
340210019002838443
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210019002838443

საქმე #2/56-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

23.04.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - ხა-–---------------–---–ი

წარმომადგენელი - ნი-------------ე

მოპასუხე - დუ----–--------–--ე

წარმომადგენელი - რო-------------ე, ზუ--------–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოპასუხე დუ----–-------–--ეს მოსარჩელე ხა-–---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3 520 აშშ დოლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოპასუხის მიერ 2016 წელს შედგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ გააჩნია სასესხო დავალიანება 24 420 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 10 900 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი 13 520 აშშ დოლარი. ხელწერილის დაწერის დროს ზეპირად შეთანხმდნენ, რომ თანხა ერთი წლის ვადაში უნდა დაბრუნებულიყო. ვინაიდან მოპასუხეს პრობლემები ჰქონდა, თანხის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ ხდებოდა. მოპასუხემ ბოლო გადახდა 2018 წლის აგვისტოში განახორციელა. ამის შემდეგ დარჩენილი თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. მოპასუხის დავალიანება 3 520 აშშ დოლარს შეადგენს. (იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 57-70)

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხად 10 900 დოლარი კი არა არამედ ლარი მიიღო, რომელსაც დაემატა პროცენტი 13 520 ლარი. თანხის დაფარვა ორი წლის ვადაში უნდა მომხდარიყო. ხელწერილი 2016 წლის აგვისტოს ბოლოდ დაიდო. ვინაიდან ოჯახს ფინანსურად უჭირდა 19.10.2016 წლიდან დაიწყო ვალის დაფარვა. თანხას მოსარჩელეს ხელზე აძლევდნენ. თანხის მიღებას მოსარჩელე ხელწერილით ადასტურებდა. მოსარჩელე არ დაკმაყოფილდა გადახდებით და ვალის გაანგარიშება დოლარში დაიწყო. მიუხედავად ამისა მოსარჩელეს მთლიანობაში ვალის სახით 19 200 აშშ დოლარი და 4 800 ევრო გადაუხადა, რაც ვალს აღემატება. ამიტომ მოსარჩელეს თანხა იქით აქვს დასაბრუნებელი.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ, 2016 წელს შედგენილი ხელწერილით, მოსარჩელის წინაშე ფულადი ვალდებულების არსებობა დაადასტურა. ამავე ხელწერილით თანხის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ უნდა მომხდარიყო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ. 16);

- დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 57-70; 22-31).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 10.04.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება აშშ დოლარით განისაზღვრა.

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით უნდა დადასტურდეს. მტკიცების ტვირთი მხარეებზე თანაბრადაა განაწილებული და მათი გადასაწყვეტია რომელი მტკიცებულებით შეეცდებიან მათთვის სასურველი ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას. სასამართლოს მიერ კი მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასება და შინაგან რწმენის საფუძველზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის დადასტურება ან უარყოფა ხდება. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი, თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარეთა შორის ფულადი ვალდებულება ეროვნული ვალუტით განისაზღვრა თუ უცხოური ვალუტით.

მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ფულადი ვალდებულება აშშ დოლარში განისაზღვრა, რასაც მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ხელწერილში მითითებული ფულადი ვალდებულება ეროვნულ ვალუტაში - ლარში განისაზღვრა.

საქმეში წარმოდგენილ ხელწერილში არ არის მითითებული რომელ ვალუტაში განისაზღვრა ფულადი ვალდებულება. ხელწერილი შეიცავს ჩანაწერს მხოლოდ თანხის ოდენობაზე, თუმცა ვალუტასთან დაკავშირებით ინფორმაცია მასში მითითებული არ არის. ვინაიდან მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან, ამიტომ ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი ხელწერილით შეუძლებელია განისაზღვროს თუ რომელ ვალუტაში დადგინდა ფულადი ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებით, კერძოდ კრედიტორის მიერ გაცემული ხელწერილებით, რომლის მიხედვით თანხის დაბრუნებას მოპასუხე უცხოურ ვალუტაში - ევროში და აშშ დოლარში ახორციელებდა. ამავე ხელწერილის მიხედვით, თანხის დიდი ნაწილი აშშ დოლარშია გადახდილი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ არცერთ მხარეს ვალდებულების ევროში განსაზღვრაზე არ მიუთითებია. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფულადი ვალდებულება აშშ დოლარით განისაზღვრა და არა ლარით, რადგან თანხის დაბრუნება უცხოურ ვალუტაში და უმეტესად აშშ დოლარში ხდებოდა. ამასთან აშშ დოლარში დაბრუნებული თანხის ოდენობა ეროვნულ ვალუტაში გადააანგარიშების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ლარით განსაზღვრულ ვალდებულებას. სწორედ ამიტომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად შექმნილი შინაგანი რწმენით სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა უცხოურ ვალუტაში, კერძოდ კი აშშ დოლარში განისაზღვრა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ. 16);

- თანხის მიღების ხელწერილი (ს.ფ.121-122).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 10.04.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)

3.2.2. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლის ხელწერილით აღიარებული ფულადი ვალდებულება მოპასუხის მხრიდან შესრულებულია. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მტკიცების ტვირთი, მხარეებს შორის, თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლმა დაადგინა, რომ თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოპასუხის რძალი ირ------–--ე დაიკითხა, რომელმაც განმარტა, რომ პირადად ახორციელებდა დუ----–-------–--ის მიერ გადასახდელი თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნებას. ყოველი თანხის დაბრუნებაზე რვეულში იწერებოდა დაბრუნებული თანხის ოდენობა და ხა-–---------------–---–ი თანხის მიღებას ხელმოწერით ადასტურებდა. ბოლოს 1 000 აშშ დოლარი გადაიხადა, რის შემდეგ დაიწერა ხელწერილი, რომ ვალი სრულად იქნა გადახდილი და ხა-–---------------–---–მა ხელი მოაწერა.

საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი ხელწერილი 500 აშშ დოლარის მიღების თაობაზე. აგრეთვე წარმოდგენილია რვეული, სადაც მითითებულია როდის, რომელ ვალუტაში და რა ოდენობით ხდებოდა მოსარჩელისათვის თანხის დაბრუნება. მხოლოდ რვეულში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, მოსარჩელეს მთლიანობაში მიღებული აქვს 19 200 აშშ დოლარი და 4 800 ევრო. იგივე რვეული შეიცავს შემდეგი შინაარსის ჩანაწერს - ,,მე ირ------–--ე, დუ----–-------–--ის წარმომადგენელი თანხის მიცემაში რაც ეხება პროცენტიანს პირნათლად შესრულებულია ბოლო დოლარამდე თავის პროცენტიან ძირიან ევროიანად მიმღები 1 000 დოლარი“ ჩანაწერს ბოლოში აქვს მოსარჩელის ხელმოწერა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ რვეულში მითითებული 4 800 ევროდან 800 ევრო დუ----–-------–--ის ვალდებულების ფარგლებშია გადახდილი, ხოლო 4 000 ევრო ირ------–--ემ სხვა სესხის ფარგლებში გადაიხადა, რომელიც მას ნათესავისთვის ჰქონდა აღებული. სწორედ ამიტომ ეს ხელწერილი რვეულში ცალკე ფურცელზეა შესრულებული. მოწმე ირ------–--ემ უარყო სხვა სასესხო ურთიერთობის არსებობა და განმარტა, რომ ეს თანხაც (4000 ევრო) დუ----–-------–--ის ვალის დასაფარად გადაიხადა.

სასამართლო განმარტავს, რომ 4 000 ევრო შესაძლოა სხვა ვალდებულების შესრულების მიზნით იყოს გადახდილი, თუმცა ეს გარემოება მაინც ვერ გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტის არსებობას, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დუ----–-------–--ის ვალდებულების ნაწილში ზემოთ მითითებული ჩანაწერი, თავისი შინაარსით, ადასტურებს მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებას.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებულია მტკიცების პოზიტიური ვალდებულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ფაქტის არსებობაზე უთითებს და არა მას, ვინც უარყოფს. ფულადი ვალდებულებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობებში მოსარჩელეს ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურება ევალება, ხოლო მოპასუხეს ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება.

სასამართლო მიუთითებს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების ნაწილში მატერიალური სამართლის ნორმებით დადგენილია მტკიცების სპეციალური სტანდარტი. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების მათ შორის ფულადი ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. ამავე კოდექსის 430-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელწერილში მითითებული ტექსტი - ,,რაც ეხება პროცენტიანს პირნათლად შესრულებულია ბოლო დოლარამდე თავისი პროცენტიან ძირიანად ევროიანად მიმღები“ და რომელიც შემდგომ მოსარჩელის მიერაა ხელმოწერილი, მიუთითებს იმაზე, რომ დუ----–-------–--ის ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული. მართალია ეს ჩანაწერი არ შეიცავს თარიღს და მთლიანი ვალის მოცულობას, მაგრამ ეს გარემოება ვერ გახდება ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტის არსებობის დამაკნინებელი გარემოება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ. 16);

- თანხის მიღების ხელწერილი (ს.ფ.121-122).

- მოწმე ირ------–--ის ჩვენება (იხ. სასამართლოს 10.04.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. სამოქალაქო კოდექსი.

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

სამოქალაქო სამართალით განმტკიცებულია მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ფულის სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვადამოსულობისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა. ამდენად, ფულის სესხი განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომელიც სესხის ხელშეკრულების დადებას უკავშირებდა გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის ფულის გადაცემას შესაბამისად, გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხის შეთანხმებული ოდენობა. მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შესაბამის ვალუტაში, სასყიდლიანი სესხის შემთხვევაში კი ასევე გადაიხადოს შეთანხმებული სარგებელი.

დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. 2016 წელს შედგენილი ხელწერილით მოპასუხემ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების არსებობა დაადასტურა და თანხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნების ვალდებულება იკისრა. საქმის განხილვის შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობამ 24 420 აშშ დოლარი შეადგინა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 3 520 აშშ დოლარი, რომლის დაკისრებაც წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვა. მოპასუხემ თავის მხრივ სარჩელის უსაფუძვლობაზე მიუთითა და განმარტა, რომ ფულადი ვალდებულება სრულად ჰქონდა შესრულებული.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ვალდებულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს ვალდებულების შესრულება წარმოადგენს. ფულად ვალდებულებებში შესრულების ფაქტის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად კი კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი განიხილება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით: 1. კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია. 3. როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხა-–---------------–---–ის მიერ ხელმოწერილი ტექსტი შემდეგი შინაარსით - ,,რაც შეეხება პროცენტიანს პირნათლად შესრულებულია ბოლო დოლარამდე თავისი პროცენტიან ძირიანად ევროიანად“ არსებითად არის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი და რადგან ამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი დარჩენილ ვალდებულებაზე (გადასახდელ თანხაზე), იგულისხმება, რომ მოვალემ ფულადი ვალდებულება მთლიანად შეასრულა. სასამართლოს აზრით, ამგვარი შინაარსის ხელწერილი უზრუნველყოფს მოვალის მიერ ვალის გადახდის დამტკიცებას, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ვალდებულების შესრულების საეჭვოობისას, შესრულების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება და მას ამ ვალდებულების რეალიზაცია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტით შეუძლია. ამასთან, ვალდებულების შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას კრედიტორი უფლებამოსილია მიუთითოს შესრულებული ვალდებულების მოცულობა. ანუ, კრედიტორს შეუძლია მიუთითოს მთლიანად შესრულდა ვალდებულება თუ ნაწილობრივ. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული. ეს უკანასკნელი კი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.ამ პრეზუმფციას უფრო სარწმუნოს ხდის წარმოდგენილი ტექსტის შინაარსი, რომლის მიხედვით ,,ვალდებულება შესრულებულია პირნათლად", ,,ბოლომდე", ,,პროცენტიან ძირიანად".

ამდენად, საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სრულად შეასრულა. შესაბამისად, მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყვეტილია და მოსარჩელეს აღარ აქვს იმავე ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების ხელახლა შესრულების მოთხოვნის უფლება. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,, „ პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყველა სარჩელზე.

საქმეში წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვით მოსარჩელე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და იღებს სოციალურ პაკეტს. შესაბამისად, იგი გათავისუფლებულია სახლმწიფო ბაჟის გადახდისგან.

რაც შეეხება იურიდიული მომსახურების ხარჯს, რომელიც მოსარჩელემ გასწია, სსსკ-ის 53-ე მუხლის მიხედვით ამ ხარჯის დაკისრება ხდება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ არ არსებობს ამ ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე ხა-–---------------–---–ის სარჩელი მოპასუხე დუ----–--------–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე