გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----------------
საქმე №3/925-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენლები- მ-------------ა
მოპასუხე - შპს „ზ-------ი“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - შპს ,,ზ-------ს’’, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს აპარატურის - 635,05 ლარის, დაცვის მომსახურების დავალიანების - 1845,00 ლარის და პირგასამტეხლოს სახით - 512,50 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა (შემდგომში „დაცვა“) და მეორეს მხრივ შპს „ზ-------“-ს (შემდგომში „დამკვეთი") შორის 2013 წლის 9 დეკემბერს გაფორმებული იქნა N1----- ხელშეკრულება ობიექტზე მდებარე ქ. თბილისი ლ--–-----------–--ა მე-4 კვ. N1---ში არსებულ მაღაზიაში დაცვითი სიგნალიზაცის მონტაჟის შესახებ - შემდგომში მისი დაცვის მიზნით.
ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად „შემსრულებელი“ ვალდებული იყო „დამკვეთის" ობიექტზე უზრუნველეყო დაცვითი სიგნალიზაციის სამუშაოების შესრულება საკუთარი ინვენტარითა და საკუთარი ძალებით. სამუშაოს შესრულების შემდგომ 3.1.6 პუნქტის თანახმად გაფორმდა სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟის მიღება-ჩაბარების აქტი იმის თაობაზე, რომ მონტაჟ-ინსტალაცია შესრულდა ჯეროვნად, რაზედაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ.
2013 წლის 12 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად დამკვეთს დროებით სარგებლობაში გადაეცა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი სისტემის 4 ზონიანი რადიოგადამცემი, რომელსაც დაცვის პოლიცია დაიბრუნებდა ობიექტთან დაცვის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, ხოლო აღნიშნული აპარატურის დაზიანების შემთხვევაში იგი ვალდებულია აანაზღაუროს მისი ღირებულება – 635.05 ლარი. ობიექტის მიერ ასევე არ შესრულდა ობიექტის დაცვის მომსახურების N1----- ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. 1.3. 1.4. პუნქტების თანახმადაც „დაცვა” ვალდებულებას იღებდა ობიექტის დაცვა განეხორციელებინა როგორც „დამკვეთის” მიერ „ობიექტის” დაცვის ცენტრალიზებულ პუნქტზე ჩაბარებისა და „დაცვის” მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ, ასევე საგანგაშო სიგნალიზაციით მეშვეობით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 205 ლარს. 2.2. პუნქტის თანახმად კი ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელებულიყო საგადახდო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. „დაცვამ" თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო „ობიექტის" მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.1. 2.2. პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და შეადგინა 1845 ლარი, რაზედაც ობიექტი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული თუმცა უშედეგოდ.
დაცვის მომსახურების 2013 წლის No1----- ხელშეკრულება დეპარტამენტის N1----- წერილის საფუძველზე 2018 წლის 1 თებერვლიდან .N2----- ბრძანებით გაუქმებული იქნა, თუმცა აპარატურის მოხსნა და მისი დაბრუნება დაცვის პოლიციისათვის დღემდე არ განხორციელებულა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო იმის გარკვევა დაზიანდა, დაიკარგა თუ რა მდგომარეობაშია დროებით სარგებლობაში გადაცემული აპარატურა გაურკვეველია აღნიშნული კი მატერიალურ ზარალს აყენებს დეპარტამენტს და მომსახურების ხელშეკრულების 3.1.1; 2.6 პუნქტის თანახმად იგი ვალდებულია აანაზღაუროს დეპარტამენტისისათვის მიყენებული ზარალი.
ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით", რაც 2018 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 512.50 ლარს. პირგასამტეხლო წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე განსაზღვრულ პირობას, კერძოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, პირგასამტეხლო-მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მოპასუხისათვის დაცვის მომსახურების დავალიანების - 1845,00 ლარის, პირგასამტეხლოს სახით - 512,50 ლარის და ზიანის ანაზღაურების სახით, აპარატურის ღირებულების - 635,05 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,ზ-------ს’’ წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე არ გამოცხადდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 09 დეკემბერს, შპს ,,ზ-------სა“ (შემდგომში ,,დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,შემსრულებლად’’ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იღებდა ვალდებულებას უზრუნველყო შპს ,,ზ-------ის“ ობიექტის - სუპერმარკეტის (მდებარე: ქ. თბილისი, ი-----------------------ი, ლ--–-----------–--ამ მე-4 კვ., N1--) დაცვა, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო მოეხდინა ანგარიშწორება საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში. დაცვის მომსახურების ღირებულება ყოველთვიურად განისაზღვრა - 205,00 ლარი, დ.ღ.გ-ს ჩათვლით (მათ შორის ერთი გასაღების ღირებულება შეადგენდა 135,00 ლარს, ხოლო დამატებითი გასაღების ღირებულება 68,00 ლარს)
ამავე ხელშეკრულებით (6.7. პუნქტი) მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 09 დეკემბრის ხელშეკრულება N1----- (იხ. ს.ფ. 15-17).
3.1.2. 2013 წლის 09 დეკემბერს შპს ,,ზ-------სა“ (შემდგომში ,,დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,შემსრულებლად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აიღო ვალდებულება განეხორციელებინა შპს ,,ზ-------ის“ ობიექტზე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის მონტაჟი (მდებარე: ქ. თბილისი, ი-----------------------ი, ლ--–-----------–--ამ მე-4 კვ., N1--), რომლის ღირებულებაც შეადგენდა 53,20 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 09 დეკემბრის ხელშეკრულება N1----- (იხ. ს.ფ. 12-13).
3.1.3. 2013 წლის 12 დეკემბრის დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ - ინსტალაციის მიღება - ჩაბარების აქტით დგინდება, რომ „დამკვეთმა“ შპს „ზ-------ის“ დირექტორმა გ------------ამ და „შემსრულებელმა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს, პირველი სამმართველოს, ტექნიკური სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა ჯ------–---------მ, 2013 წლის 09 დეკემბრის N1----- დაცვითი მომსახურეობის ხელშეკრულების 3.2.2 და 2013 წლის 09 დეკემბრის N1----- დაცვის ხელშეკრულების 6.1 პუნქტების თანახმად, შეადგინეს წინამდებარე მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ შპს ,,ზ-------ის’’ სუპერმარკეტში (მდებარე: ქ. თბილისი, ი-----------------------ი, ლ--–-----------–--ამ მე-4 კვ., N1--) შესრულდა დაცვის-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია.
ამავე მიღება-ჩაბარების აქტი მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული აპარატურის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში, ,,დამკვეთი„ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აუნაზღაურებდა მიყენებულ ზარალს - 635,05 ლარის ოდენობით („ბ“ ქვეპუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 12 დეკემბრის დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ - ინსტალაციის მიღება - ჩაბარების აქტი (18).
3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 12 დეკემბრის N2------ ბრძანების თანახმად, 2013 წლის 12 დეკემბრიდან ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს „125“-ის განყოფილებას დაევალა უზრუნველეყო ქ. თბილისში, ლ--–-----------–--ა მე-4 კ--------–-------ში მდებარე შპს „ზ-------ის“ ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება და ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზაში შეყვანა რიგითი ნომრით N0-------. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალა დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს ,,125-ის’’ განყოფილების უფროსს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 12 დეკემბრის N2------ ბრძანება (ს.ფ. 19).
3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 23 იანვრის M----------1----- წერილით შპს ,,ზ-------ის'' დირექტორს გ------------ეს ეცნობა, რომ შპს ,,ზ-------ის“ მხრიდან დაცვის მომსახურების დავალიანების გამო, ურთიერთშორის 2013 წლის 09 დეკემბერს გაფორმებული N1----- ხელშეკრულების 6.9 პუნქტის საფუძველზე (,,დამკვეთის'' მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება) შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, 2018 წლის 01 თებეერვლიდან, ცალმხრივად წყვიტავს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 31 იანვრის M----------2----- ბრძანებით, 2018 წლის 01 თებერვლიდან შეწყვეტილი იქნა შპს ,,ზ-------ის’’ ობიექტის (მდებარე: ქ. თბილისი, ი-----------------------ი, ლ--–-----------–--ამ მე-4 კვ., N1--) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ,,125-ის’’ განყოფილებას დაევალა უზრუნველეყო ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან 0------- რადიოგადამცემზე ჩართული ობიექტის გათიშვა. ამავე ბრძანებით დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკურ სამსახურს დაევალა, რომ უზრუნველეყო მეორე პუნქტში აღნიშნული რადიოგადამცემის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 23 იანვრის M----------1----- წერილი (ს.ფ. 24);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 31 იანვრის M----------2----- ბრძანება (ს.ფ. 25).
3.1.6. შპს ,,ზ-------ს’’ (ს/კ 4--------), შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ, 2013 წლის 09 დეკემბრის N1----- ხელშეკრულების (მუხლის 2.1 და 6.7) საფუძველზე, 2018 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 2357,50 ლარი, საიდანაც - 512,50 ლარი წარმოადგენს პირგასამტელოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 27 თებერვლის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 20);
- თანხის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 21-22).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-22 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.
რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულებული იქნა 2013 წლის 09 დეკემბრის N1----- ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებები, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გადახდილი დაცვის მომსახურების ღირებულება 1845,00 ლარი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,ზ-------ს’’ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 1845,00 ლარის ოდენობით.
6.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგადამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნევს და თვლის, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და შპს ,,ზ-------ს“ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 200 ლარის გადახდა.
6.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის აპარატურის ღირებულების ზიანის ანაზღაურების სახით 635,05 ლარის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის შესაბამისად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 31 იანვრის M----------2----- ბრძანებით, 2018 წლის 01 თებერვლიდან შეწყვეტილი იქნა შპს ,,ზ-------ის’’ ობიექტის (მდებარე: ქ. თბილისი, ი-----------------------ი, ლ--–-----------–--ამ მე-4 კვ., N1--) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება, დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ,,125-ის’’ განყოფილებას დაევალა უზრუნველეყო ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან 0------- რადიოგადამცემზე ჩართული ობიექტის გათიშვა და დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკურ სამსახურს დაევალა, რომ უზრუნველეყო მეორე პუნქტში აღნიშნული რადიოგადამცემის დემონტაჟი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება აპარატურის დემონტაჟის შეუძლებლობა, ასევე არ დგინდება მისი დაზიანების და განადგურების ფაქტი, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას ზიანის სახით აპარატურის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში. ამასთან, სასამართლო განუმარტავს მოსარჩელე მხარეს, რომ როგორც აღნიშნული აპარატურის მესაკუთრეს, შეუძლია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-173 მუხლების საფუძველზე მოითხოვოს აპარატურის გამოთხოვა შპს „ზ-------ის“უკანონო მფლობელობიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ითხოვდა მოპასუხე - შპს ,,ზ-------ისგან’’ 2992,55 ლარის გადახდას მოსარჩელის სასარგებლოდ, თუმცა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს - შპს ,,ზ-------ს’’, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 2045,00 ლარის გადახდა, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულად, რაც შეადგენს 68,35 ლარს (2045 ლარი წარმოადგენს 2992 ლარის 68,35%-ს, რის გამოც მოპასუხეს დაკისრა მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან, 68,35%-ის ანაზღაურება)
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე - შპს „ზ-------ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 2045 (ორი ათას ორმოცდახუთი) ლარის ანაზღაურება, საიდანაც - 1845 (ათას რვაას ორმოცდახუთი) ლარი არის დაცვის მომსახურების ღირებულება, ხოლო - 200 (ორასი) პირგასამტეხლო;
3. მოპასუხე - შპს ,,ზ-------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 68,35 (სამოცდარვა ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი