გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.04.2019
საქმის ნომერი
330210118002670344
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
26.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29552-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - შპს ,,ე--------’’

წარმომადგენელი - ო----------–------ი, გ--------------, დ----------–-----

მოპასუხე - შპს ,,შ----------------ი’’

წარმომადგენელი - კ--------------–---–ი, შ----------------–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 12 777.08 აშშ დოლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი, ს.ფ. 2-20):

1.1.1. მხარეებს შორის 2018 წლის 27 ივლისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან მოპასუხეს მიჰყიდა 6 235.85 კვადრატული მეტრი სენდვიჩ პანელები და აქსესუარები;

1.1.2. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, საქონლის ღირებულება განისაზღვრა 130 698.4 აშშ დოლარით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური გაცვლითი კურსით;

1.1.3. ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განისაზღვრა გადახდის წესი. კერძოდ, განისაზღვრა, რომ მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს საქონლის მთლიანი ღირებულების 40%, წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 48 საათის ვადაში. მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს საქონლის მთლიანი ღირებულების 50% 2 დღის ვადაში, მას შემდეგ რაც გამყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით შეატყობინებს საქონლის მწარმოებელ ქარხანაში დატვირთვის შესახებ. მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს საქონლის მთლიანი ღირებულების 10% საქონლის საქართველოში შემოსვლიდან 2 დღის ვადაში;

1.1.4. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველის მიერ თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო უნაღდო ანგარიშსწორებით, ხელშეკრულებაში მითითებულ მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით;

1.1.5. მოპასუხის მიერ შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი ტრანშის გადახდის ვალდებულება, ხოლო მესამე ტრანშის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია;

1.1.6. ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 15 აგვისტოს. შესაბამისად, მოპასუხეს მესამე ტრანშის - 12 777.08 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 2018 წლის 17 აგვისტოს;

1.1.7. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მოპასუხე უარს აცხადებს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (შესაგებელი ს.ფ. 53-66; დაზუსტებული შესაგებელი ს.ფ. 77-88):

2.1.1. მის მიერ მართლაც შესრულებულია მხარეთა შორის 2018 წლის 27 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ორი ტრანშის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, ხელშეკრულებით დადგენილი პირობების სრული დაცვით ჯეროვნად და კეთილსინდისიერად წინასწარ გადაუხადა მოსარჩელეს საქონლის ღირებულების 90%;

2.1.2. ისე რომ არ გაუფრთხილებია წინასწარ, მოსარჩელემ 2018 წლის 15 აგვისტოს მიაწოდა მას სენდვიჩ-პანელი და შესაბამისი აქსესუარები. ტვირთის გადაზიდვა განახორციელეს მისთვის უცნობმა პირებმა. ტვირთს მოსარჩელის წარმომადგენელი არ მოჰყოლია და მას არ მიწოდებია სასაქონლო ზედნადები და შესაბამისი ანგარიშფაქტურა;

2.1.3. არ წარმოშობია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესამე ტრანშის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან მოსარჩელემ საქონლის საქართველოში შემოსვლისთანავე მიაწოდა მას საქონელი, ისე რომ არ მოუთხოვია დარჩენილი 10%-ის ღირებულების გადახდა.

2.1.4. მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონელი ნაკლის მქონე იყო, კერძოდ, საქონელს აკლდა ის ძირითადი აქსესუარები, რაც საჭიროა მისი შესაბამისი გამოყენებისათვის. საქონელი ასევე იყო დაზიანებული და მისი მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელემ არანაირი ზომა არ მიიღო ნაკლის გამოსასწორებლად. ასევე იმ გარემოების გამო, რომ მოსარჩელემ საქონლის მიწოდებისას არ მიაწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია - საგადასახადო ზედნადები და ანგარიშფაქტურა, უხეშად დაირღვა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა და აღნიშნული დოკუმენტები მიაწოდა მას მხოლოდ ოქტომბრის თვეში - 2018 წლის 02 ოქტომბერს;

2.1.5. საქონლის მიღებისთანავე აცნობა მოსარჩელეს, რომ სენდვიჩ-პანელები იყო დაზიანებული, ხოლო დამატებითი აქსესუარები დიდი რაოდენობით აკლდა ტვირთს. არაერთხელ სთხოვა მოსარჩელეს, მისულიყო და ადგილზე ენახა ტვირთის ნივთობრივი ნაკლი, ასევე წარმოედგინა შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია, რაც მოსარჩელემ არ განახორციელა;

2.1.6. შესყიდული პროდუქციით მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განახორციელა ორი შენობის მშენებლობა. აღნიშნული მშენებლობა განახორციელა შპს ,,ა----–----–------------მა’’;

2.1.7. 2018 წლის 23 თებერვალს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელმა განახორციელა ასაწყობი კონსტრუქციის დამზადება, დამუშავება, მონტაჟი, შეღებვა და სენდვიჩ-პანელების გაკვრა. კომპანიისგან მიღებული წერილით დასტურდება, რომ მან მოსარჩელისგან მიიღო არა 6 235.85 კვ.მ სენდვიჩ-პანელი, როგორც ამას მოსარჩელე უთითებს ზედნადებში, არამედ დაახლოებით 5 600 კვ.მ, ამასთანავე 150 კვ.მ სენდვიჩ-პანელი იყო დაზიანებული. დანაკლისი აქსესუარების ღირებულებამ კი შეადგინა დაახლოებით 12 000 ლარი;

2.1.8. ნასყიდობის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად შესრულების მიზეზით დაზიანდა მის საწარმოში განხორციელებული იატაკის მოპირკეთება, რითიც მას მიადგა 40 000 ლარის ზიანი;

2.1.9. მოსარჩელის მიერ მისთვის ნასყიდობის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად შესრულების მიზეზით, წარმოეშვა დამატებითი ხარჯები სენდვიჩ-პანელის გაკვრის მომსახურების სამუშაოებთან და უხარისხო საქონლის შეცვლასთან დაკავშირებით, რითიც მას მიადგა 36 000 ლარის ზიანი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მხარეებს შორის 2018 წლის 23 ივლისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა, რომ მოპასუხე, როგორც მყიდველი, მიმწოდებლისგან ყიდულობს 6 235.85 კვადრატულ მეტრ სენდვიჩ-პანელსა და დამატებით აქსესუარებს (რომელიც ასახულია თანდართულ ინვოისში).

ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, განისაზღვრა მხარეთა შორის ანგარიშსწორებისა და გადახდის პირობები. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, საქონლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 130 698.42 აშშ დოლარს. ანგარიშსწორება განხორციელდება გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით ლარში.

ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისათვის ანგარიშსწორება მხარეთა შორის იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით, შემდეგი სახით:

- მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს საქონლის მთლიანი ღირებულების 40%, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 48 საათის ვადაში;

- მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს საქონლის მთლიანი ღირებულების 50%, 2 დღის ვადაში, მას შემდეგ რაც გამყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით შეატყობინებს საქონლის მწარმოებელ ქარხანაში დატვირთვის შესახებ;

- მყიდველი დარჩენილ 10% დაფარავს საქონლის საქართველოში შემოსვლის შემდეგ 2 დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, ინვოისი (ს.ფ. 21-24)

 

3.1.2. 2018 წლის 23 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანდართული ინვოისის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მისაწოდებელ აქსესუარებს შეადგენს სახურავის კეხი (ფერი RAL 5010), AC-6 (ფერი RAL 9002), AC-6 (ფერი RAL 5018), სახურავის კეხი (ფერი RAL 9006), კუთხოვანა (ფერი RAL 5018) და კუთხოვანა (ფერი RAL 9002), ჭანჭიკები შესაბამისი წინასწარ გათვალისწინებული რაოდენობითა და მახასიათებლებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინვოისი (ს.ფ. 24)

 

3.1.3. მოპასუხის მიერ 2018 წლის 06 აგვისტოს შესრულებულია მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ორი გადახდა, რაც მოიცავს ჯამში ხელშეკრულების ღირებულების 90%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 25-26)

 

3.1.4. 2018 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელის მიერ განხორციელდა 6 372.65 კვ.მ ლითონის სენდვიჩ-პანელების, სენდვიჩ-პანელების აქსესუარების, ჭანჭიკების საქართველოს საზღვარზე შემოტანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბაჟო დეკლარაციები (ს.ფ. 27-28)

 

3.1.5. მოსარჩელემ მოპასუხისთვის პროდუქციის მიწოდება განახორციელა 2018 წლის 15 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.6. მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის არ არის ანაზღაურებული 2018 წლის 23 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესამე გადახდის შესაბამისი ღირებულება - ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 10% -12 777.08 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მოპასუხისთვის 2018 წლის 23 ივლისის ხელშეკრულების დანართით (ინვოისით) გათვალისწინებული სენდვიჩ-პანელების აქსესუარების მიწოდება, გარდა ჭანჭიკებისა.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა მხარეთა შორის შეთანხმებულ საგანზე - სენდვიჩ-პანელებზე და დამატებით აქსესუარებზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 15 აგვისტოს განახორციელა გარკვეული დასახელების და რაოდენობის პროდუქციის საქართველოში შემოტანა და მიწოდება მოპასუხისთვის. ასევე უდავოა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის არ ანაზღაურებულა ხელშეკრულებით დადგენილი წესით ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 10% - 12 777.08 აშშ დოლარი. მოპასუხე არ უარყოფს მოსარჩელისგან პროდუქციის მიღების ფაქტს, თუმცა მიუთითებს მიწოდებული პროდუქციის ნაკლოვანებაზე. ამასთან, მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავებით ნასყიდობის საგნის ნაკლოვანება გამოიხატა ერთის მხრივ, მოსარჩელის მიერ სენდვიჩ-პანელის აქსესუარების მიუწოდებლობაში, ხოლო მეორედ მხრივ, მიწოდებული სენდვიჩ-პანელების სრულად მიუწოდებლობასა და უხარისხობაში. შესაბამისად, განხორციელებული შედავების ფარგლებში უპირველესად დასადგენ გარემოებას წარმოადგენს მართლაც განხორციელდა თუ არა მოპასუხისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული პროდუქციის მიწოდება სრულად და ჯეროვნად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

სასამართლო მიუთითებს, რომ ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს, გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე - ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე - მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. როგორც უკვე აღინიშნა, სასარჩელო მოთხოვნას შემძენის მიერ ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება წარმოადგენს და სარჩელით გამყიდველი მიუთითებს, როგორც ხელშეკრულების დადების, ისე - ამ ხელშეკრულების ობიექტის შემძენისათვის გადაცემის ფაქტზე. სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლის შესწავლით კი დასტურდება, რომ მოპასუხემ სადავო გახადა, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის - სენდვიჩ-პანელების აქსესუარების მიღების ფაქტი (მოთხოვნის გამომრიცხავი შედავება), ისე სენდვიჩ-პანელების სრულად და შეთანხმებული ხარისხით მიწოდების ფაქტი. ამ გარემოებათა შეფასებით შეიძლება განვსაზღვროთ მტკიცების საგანი და მასში შემავალი სადავო გარემოებათა წრე: აღსანიშნავია, რომ შემძენის მიმართ საპასუხო შესრულების მოთხოვნის უფლებას გამყიდველის მხრიდან ნივთის/ნივთზე ნამდვილი უფლების გადაცემის ფაქტი განაპირობებს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში შედავებულია, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, გამყიდველის მხრიდან მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება (გამყიდველის მტკიცების ტვირთთან მიმართებით იხ. მსგავსად განვითარებული მსჯელობა სუსგ, საქმე №ას-671-642-2016).

დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2018 წლის 23 ივლისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა, რომ მოპასუხე, როგორც მყიდველი, მიმწოდებლისგან ყიდულობს 6 235.85 კვადრატულ მეტრ სენდვიჩ-პანელსა და დამატებით აქსესუარებს (რომელიც ასახულია თანდართულ ინვოისში). ხელშეკრულებაში არსებული შესაბამისი დათქმის საფუძველზე ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 23 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანდართული ინვოისის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მისაწოდებელ აქსესუარებს შეადგენს სახურავის კეხი (ფერი RAL 5010), AC-6 (ფერი RAL 9002), AC-6 (ფერი RAL 5018), სახურავის კეხი (ფერი RAL 9006), კუთხოვანა (ფერი RAL 5018) და კუთხოვანა (ფერი RAL 9002) შესაბამისი წინასწარ გათვალისწინებული რაოდენობითა და მახასიათებლებით. ამავე ინვოისის თანახმად, უნდა მომხდარიყო 8 000 ერთეული ჭანჭიკის მიწოდება. მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის მიერ აქსესუარების მიწოდების ფაქტი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გარდა ახსნა-განმარტებისა, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ მართლაც განხორციელდა მოპასუხისთვის სენდვიჩ-პანელების აქსესუარების მიწოდება, გარდა ჭანჭიკებისა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციის დოკუმენტები (ს.ფ. 27-28), სადაც მართალია მითითებულია მის მიერ აქსესუარების საქართველოში შემოტანის თაობაზე ინფორმაცია, არ წარმოადგენს ამ საგნების მოპასუხისთვის მიწოდების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი სტანდარტიდან გამომდინარე განხორციელებული შედავების ფარგლებში, მით უფრო, მასში არ არის მითითება ყველა შეთანხმებულ კონკრეტულ აქსესუარებზე, არამედ არის მითითება მხოლოდ ჭანჭიკებზე 8 000 ერთეულის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ნასყიდობის საგნის მიწოდების ფაქტის სადავოდ გახდის მიუხედავად, მოსარჩელის მიერ არ არის რაიმე სახის ჯეროვანი მტკიცებულება წარმოდგენილი შეთანხმებული აქსესუარების სრულად მიწოდების თაობაზე მასზე, როგორც გამყიდველზე, არსებული მტკიცების ტვირთის დასაძლევად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მოპასუხისთვის 2018 წლის 23 ივლისის ხელშეკრულების დანართით (ინვოისით) გათვალისწინებული სენდვიჩ-პანელების აქსესუარების სრულად მიწოდება, გარდა ჭანჭიკებისა.

 

3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2018 წლის 23 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული სენდვიჩ-პანელები ნაკლის მქონე იყო.

სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთი ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.

მოპასუხე ეთანხმება ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის სენდვიჩ-პანელების მიწოდების ფაქტს, თუმცა სადავოდ ხდის მიწოდებული ნივთის ნაკლოვანებას. სასამართლო მიუთითებს, რომ განმარტებული მტკიცებულების ტვირთიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის მიღებისას, ნივთის ნაკლოვანების დადასტურება მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. ამასთან, მხარეთა თანასწორუფლებიანობიდან და სამოქალაქო დავისთვის დამახასიათებელი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება და მითითება ნივთის ნაკლოვანებაზე ასევე არ წარმოადგენს მითითებული გარემოების დადგენის საკმარის და სათანადო საფუძველს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში უკვე მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მასზე არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა მიღებული საგნის ნაკლოვანება, მათ შორის რომ მიწოდებული იყო არასრულად და დაზიანებული სახით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2018 წლის 23 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული სენდვიჩ-პანელები ნაკლის მქონე იყო.

 

3.2.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 10 410.91 აშშ დოლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 130 698.42 აშშ დოლარით. ამასთან, განისაზღვრა, რომ ანგარიშსწორება განხორციელდება გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით ლარში. უდავოა, მოპასუხის მიერ პირველი ორი გადახდის (ტრანშის) განხორციელების, ისევე როგორც ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების - 12 777.08 აშშ დოლარის გადაუხდელობის ფაქტი.

წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მხარეებმა ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულება განსაზღვრეს ხელშეკრულებაზე თანდართული ინვოისის (ს.ფ. 24) თანახმად. საქმის მასალებით ვერ დადასტურდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის სენდვიჩ-პანელების აქსესუარების - სახურავის კეხი (ფერი RAL 5010), AC-6 (ფერი RAL 9002), AC-6 (ფერი RAL 5018), სახურავის კეხი (ფერი RAL 9006), კუთხოვანა (ფერი RAL 5018) და კუთხოვანა (ფერი RAL 9002) მიწოდების ფაქტი. წარმოდგენილი ინვოისის თანახმად, სახურავის კეხის სახელშეკრულებო ღირებულებაა - 546.25 აშშ დოლარი, AC-6 -ის (ფერი RAL 9002) ღირებულებაა - 981.26 აშშ დოლარი, AC-6-ის (ფერი RAL 5018) ღირებულებაა - 408.20 აშშ დოლარი, სახურავის კეხის ღირებულებაა - 218.50 აშშ დოლარი, კუთხოვანას (ფერი RAL 5018) ღირებულებაა - 78.50 აშშ დოლარი და კუთხოვანას (ფერი RAL 5018) ღირებულებაა - 133.46 აშშ დოლარი. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ჯამში 2 366.17 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 10 410.91 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 477-ე, 487-ე, 488-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.

 

6.2. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნით ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას, კერძოდ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან გადაუხდელი დავალიანების - 12 777.08 ლარის გადახდას, რაც წარმოადგენს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების აუნაზღაურებელ ნაწილს.

იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

ამავე კოდექსის 488-ე მუხლის თანახმად: "1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. 2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი მყიდველს გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე."

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის - სენდვიჩ-პანელების აქსესუარების სრულად მიწოდების თაობაზე და ამასთანავე ვერ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მიწოდებული საგნის - სენდვიჩ-პანელების ნაკლოვანებასთან დაკავშირებით (მისი როგორც არასრულად, ისე დაზიანებულ მდგომარეობაში მიწოდებასთან დაკავშირებით). სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 10 410.91 აშშ დოლარის გადახდა.

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე არსებობს თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1 095.47 ლარის ოდენობით (ს.ფ. 38), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი (ს.ფ. 50). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 81.48%. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 892.6 ლარის ანაზღაურება, ამასთან, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი (ს.ფ. 41-46).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ე--------ს'' სარჩელი მოპასუხე შპს ,,შ----------------ის'' მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე შპს ,,შ----------------ს'' მოსარჩელე შპს ,,ე--------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 10 410.91 აშშ დოლარის გადახდა;

3. მოპასუხე შპს ,,შ----------------ს'' მოსარჩელე შპს ,,ე--------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 892.6 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი