გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/13611-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - ე-- ჩ-------–---–ი
წარმომადგენელი - შო---------–------
მოპასუხე - ლ------ ც----ე
წარმომადგენელი - თ----------------------ე
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ვალდებულების
ოდენობის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს მე-----------–---–-ს მიერ 23/01/2017 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოსარჩელე ე-- ჩ-------–---–ის ვალდებულება განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირი თანხა 4418 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 962 აშშ დოლარი.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
30/04/2014 წელს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ე-- ჩ-------–---–მა იპოთეკარ ლ------ ც----ისგან სესხის სახით მიიღო 6500 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, 3.6% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ------------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. ფოთი, მ------–ის ქ. 34, საკ. კოდი #0-----------.
მოსარჩელის განმარტებით, მან ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, 01.09.2014 წელს კრედიტორს გადაუხადა 200 აშშ დოლარი, 11.03.2015 წელს 100 აშშ დოლარი, 06.05.2015 წელს 135 აშშ დოლარი, 13.04.2016 წელს 100 აშშ დოლარი, 01.02.2016 წელს 1300 აშშ დოლარი, 06.06.2015 წელს 70 აშშ დოლარი, 31.12.2014 წელს 100 აშშ დოლარი, 23.02.2015 წელს 100 აშშ დოლარი, 24.06.2017 წელს 150 აშშ დოლარი, 24.04.2017 წელს 150 აშშ დოლარი, 02.11.2016 წელს 80 აშშ დოლარი, 31.12.2015 წელს 100 აშშ დოლარი, 08.12.2015 წელს 82 აშშ დოლარი, 14.04.2015 წელს 220 აშშ დოლარი, 04.05.2015 წელს 100 აშშ დოლარი, 16.09.2015 წელს 50 აშშ დოლარი, 07.09.2015 წელს 130 აშშ დოლარი, 20.07.2015 წელს 140 აშშ დოლარი, 08.06.2015 წელს 100 აშშ დოლარი, 04.06.2015 წელს 100 აშშ დოლარი, 18.05.2015 წელს 140 აშშ დოლარი, 22.01.2014 წელს 200 აშშ დოლარი, 09.12.2014 წელს 70 აშშ დოლარი, 17.09.2014 წელს 100 აშშ დოლარი, 21.08.2014 წელს 20 აშშ დოლარი, 23.03.2015 წელს 150 აშშ დოლარი, 15.01.2015 წელს 150 აშშ დოლარი, 12.01.2015 წელს 70 აშშ დოლარი, 08.01.2015 წელს 280 აშშ დოლარი.
მოსარჩელე მხარის მითითებით, ვინაიდან ხელშეკრულება სამი თვის ვადით იყო დადებული, მოსარჩელეს სარგებლის სახით უნდა გადაეხადა 702 აშშ დოლარი, თუმცა მსესხებელმა მოპასუხეს გადაუხადა 2784 აშშ დოლარი, საიდანაც 702 აშშ დოლარი არის 3 თვის სარგებელი, ხოლო დარჩენილი 2082 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს ძირ თანხაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ------ ც----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქმეში მოიპოვება საეჭვო საგადასახადო დავალიანების ქვითრები, საიდანაც არ დგინდება გადამხდელის ვინაობა, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა, რომელზეც აღბეჭდილია საბანკო ოპერაცია 2014 წლის 22 იანვრის მდგომარეობით. ამ დროს მოსარჩელე და მოპასუხე არ იცნობდნენ ერთმანეთს და არანაირი ურთიერთობა არ გააჩნდათ, თუმცა მოსარჩელე ამ ქვითარს, როგორც სხვა დანარჩენს საგადახდო დავალებებს თავისად ასაღებს.
მოპასუხე მხარის მითითებით, მოსარჩელე მხარს თანხების გადარიცხვა-გადახდა დაწყებული აქვს 2014 წლის 30 ივნისს და სულ გადახდილი აქვს 2784.92 აშშ დოლარი.
მოპასუხე მხარის მითითებით საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობა სრულ შესაბამისობაშია არსებულ კანონმდებლობასთან და მისი რაიმ საფუძვლით შემცირების საფუძველი არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება შესრულებული არ აქვს, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 30 აპრილს, ე-- ჩ-------–---–მა ლ------ ც----ესთან და ნა----–-------ესთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნა----–-------ისგან ისესხა 2000 აშშ დოლარი და ლ------ ც----ისგან 6500 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი, რომლის ყოველთვიური გადასახდელი შეადგენდა 3.6%-ს. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებელ ე-- ჩ-------–---–ს სესხი უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 30 ივლისს. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა რ------------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. ფოთი, მ------–ის ქუჩა #35. ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკა უზრუნველყოფდა სესხის თანხას, მასზე დარიცხულ სარგებელს, პირგასამტეხლოს და შესაძლო ზიანს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.04.2014 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22);
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.2. ნოტარიუს მე-----------–---–-ს მიერ 23.01.2017 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, განისაზღვრა მოვალე ე-- ჩ-------–---–ის ვალდებულების მოცულობა კრედიტო ლ------ ც----ის წინაშე: სესხის ძირითადი თანხა 6500 აშშ დოლარი, ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლო 13 აშშ დოლარი (სესხის 0.2%) 2015 წლის 30 სექტემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124.36 ლარი.
ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დადგენილ იქნა, იპოთეკით დატვირთული, რ------------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე: ქ. ფოთი, მ------–ის ქუჩა #35 აღსასრულებლად მიქცევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 26.102.017 წლის #A1--------------- გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების საფუძველზე, მოვალე ე-- ჩ-------–---–ს განესაზღვრა 7 დღის ვადა, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით.
მოვალეს განემარტა, რომ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, სარეალიზაციოდ მიექცეოდა იპოთეკის საგანი, უძრავი ქონება მდებარე: ქ. ფოთი, მ-----–ის ქ #5, საკადასტრო კოდი #0-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღმასრულებლის 26.102.017 წლის #A1--------------- წინადადება (ს.ფ. 27-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ე-- ჩ-------–---–მა კრედიტორ ლ------ ც----ის მიმართ, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება სესხის ძირ თანხასთან მიმართებაში ნაწილობრივ შეასრულა, რამაც მთლიანობაში შეადგინა 2082 აშშ დოლარი. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს, კერძოდ, შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა სესხის ძირი თანხის სახით უნდა განისაზღვროს 4418 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე უარყოფს მოსარჩელის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტს და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერებში თანხის გადამხდელად მითითებულია მ------ ქ----ა, რომელიც არ წარმოადგენს მოსარჩელე მხარეს. შესაბამისად, აღნიშნული პირის მიერ გადახდილი თანხები, მოსარჩელეს არ უნდა ჩაეთვალოს, 2014 წლის 30 აპრილის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების შესრულებაში. მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა მოპასუხე მხარის განმარტებას და მიუთითა, რომ მ------ ქ----ა წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის წევრს, რომელიც მისი დავალებით ურიცხავდა თანხებს კრედიტორ ლ------ ც----ეს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების ვადა დასრულდა 2014 წლის 30 ივლისს, მაშინ როცა სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2017 წლის 23 იანვარს. რომ არა მოსარჩელე მხარის მიერ დროის სხვადასხვა მონაკვეთში, გარკვეული პერიოდულობით თანხების კრედიტორისთვის ჩარიცხვა, მოპასუხე ლ------ ც----ე ასეთი ხანგრძლივი დროით არ დაელოდებოდა მოსარჩელის მიერ სესხის თანხის დაბრუნებას და უფრო მოკლე ვადებში მიმართავდა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გამოწერის მოთხოვნით.
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება, რაც მოსარჩელე მხარემ მის მიერ წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერების საფუძველზე დაადასტურა კიდეც. მოპასუხე მხარემ კი გარდა სიტყვიერი განმარტებისა, ვერ შეძლო საპირისპირო გარემოების დადასტურება. მოპასუხე მხარემ სასამართლოს შეკითხვაზე, თუ რა ვალდებულების ფარგლებში ახორციელებდა მ------ ქ----ა ლ------ ც----ისთვის თანხების გადარიცხვას, ცალსახა პასუხი ვერ გასცა. უფრო მეტიც, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის პასუხი იყო ბუნდოვანი და ორაზროვანი, რომელიც მხოლოდ შემოიფარგლა ზოგადი განმარტებით, რომ მ------ ქ----ა არ წარმოადგენს მოცემული დავის მხარეს და რომ აღნიშნულ პირს შეუძლია სხვა სასარჩელო წარმოების წესით იდავოს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე მითითებით და მოითხოვოს გადახდილი თანხების უკან დაბრუნება, რაც ამ დავის ფარგლებს სცილდება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოვლენების განვითარების ქრონოლოგია მიუთითებს სწორედ იმ მოცემულობაზე, რომ მ------ ქ----ა, ე-- ჩ-------–---–ს და ლ------ ც----ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ასრულებდა გადახდებს. ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2014 წლის 30 ივლისს, ხოლო გადახდები განხორციელებულია სწორედ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, დროის სხვადასხვა მონაკვეთში.
სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია აღიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას, რომ თავად მოპასუხე მხარე საქმეზე წარმოდგენილი შესაგებელში არაერთგზის აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადებიდან პირველი სამი თვე არ ხდებოდა ანგარიშსწორება და მხოლოდ მოგვიანებით ახდენდა მხარე გადარიცხვებს და ჯამში გადახდილი იქნა მისი მხრიდან 2784.92 აშშ დოლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად მისი მხრიდან წარმოდგენილი იქნა საბანკო ამონაწერიც. სსკ-ის 131- მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის ტანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. ხოლო ამავე კოდექსის 133-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას.
წარმოდგენილ შემთხვევაში ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებული იქნა შესაგებლით და მოგვიანებით სასამართლო განხილვისას გაკეთებული ორაზროვანი და ბუნდოვანი მითითებებით ვერ მოხდება აღნიშნული ფაქტის გაქარწყლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის მიერ 23/01/2017 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ვალდებულების ოდენობა სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში უნდა განისაზღვროს 4418 აშშ დოლარის ოდენობით. წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე/მოვალე მხარის მიერ გადახდილი იქნა ჯამში 2784 აშშ დოლარი, რომელსაც უნდა გამოაკლდეს 3 თვის საპროცენტო სარგებელი - 702 აშშ დოლარი და დარჩენილი თანხის ნაწილი 2082 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს სესხის ძირ თანხას - 6500 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.04.2014 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22);
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23-26);
- აღმასრულებლის 26.102.017 წლის #A1--------------- წინადადება (ს.ფ. 27-31);
- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 105-106);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე და 624-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, 2014 წლის 30 აპრილს, ე-- ჩ-------–---–მა ლ------ ც----ესთან და ნა----–-------ესთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნა----–-------ისგან ისესხა 2000 აშშ დოლარი და ლ------ ც----ისგან 6500 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი, რომლის ყოველთვიური გადასახდელი შეადგენდა 3.6%-ს. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელ ე-- ჩ-------–---–ს სესხი უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 30 ივლისს. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა რ------------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. ფოთი, მ------–ის ქუჩა #35. ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკა უზრუნველყოფდა სესხის თანხას, მასზე დარიცხულ სარგებელს, პირგასამტეხლოს და შესაძლო ზიანს.
ნოტარიუს მე-----------–---–-ს მიერ 23.01.2017 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, განისაზღვრა მოვალე ე-- ჩ-------–---–ის ვალდებულების მოცულობა კრედიტო ლ------ ც----ის წინაშე: სესხის ძირითადი თანხა 6500 აშშ დოლარი, ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლო 13 აშშ დოლარი (სესხის 0.2%), 2015 წლის 30 სექტემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124.36 ლარი, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 26.102.017 წლის #A1--------------- გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების საფუძველზე, მოვალე ე-- ჩ-------–---–ს განესაზღვრა 7 დღის ვადა, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით.
ასევე დადგენილი გარემოებაა, რომ მოსარჩელე ე-- ჩ-------–---–ს მიერ 30.04.2014 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულების შესრულების მიზნით, ლ------ ც----ისთვის გადარიცხული აქვს სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში ჯამში 2082 აშშ დოლარი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მოსარჩელე (მოვალე) ე-- ჩ-------–---–ის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ მოხდა ვალდებულების სრულად შესრულება.
ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ პირობებს, რომელიც შეთავაზებული იქნა კრედიტორის მიერ და მიიღო შეთანხმებული სესხის თანხა სრული მოცულობით. ვინაიდან, მსესხებელმა ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 4418 აშშ დოლარს, ხოლო სააღსრულებო ფურცლით მოვალეს ეკისრება სესხის ძირი თანხის 0.2%-ს (13 აშშ დოლარი) გადახდა ყოველდღიური პირგასამტეხლოს სახით, 2015 წლის 30 სექტემბრიდან აღსრულებამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს სესხის ყოველდღიური გადასახდელის 3 აშშ დოლარის ოდენობით, 2015 წლის 30 სექტემბრიდან აღსრულებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ე-- ჩ-------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 746.59 ლარის ოდენობით, უნდა დაეკისროს მოპასუხე ლ------ ც----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო ე-- ჩ-------–---–ს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 54.66 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ასევე, ვინაიდან მოსარჩელე მხარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მხარის მოთხოვნა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლაის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს მე-----------–---–-ს მიერ 2017 წლის 23 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №1-------- აღსრულება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 208-ე, 2 43-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ე-- ჩ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს 2017 წლის 23 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი მე-----------–---–-) და სააღსრულებო ფურცლით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 4418 აშშ დოლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო - 3 აშშ დოლარი 2015 წლის 30 სექტემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთევ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124.36 ლარი; 2017 წლის 23 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
3. მოპასუხე ლ------ ც----ეს მოსარჩელე ე-- ჩ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 746.59 ლარის ანაზღაურება.
4. ე-- ჩ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 54.66 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე