გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.04.2019
საქმის ნომერი
330310019002797751
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/95-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

მოსარჩელე – ო-–---------------–-----------------ი

მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ა------------–--ე

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 ნოემბრის N0---------- გადაწყვეტილება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის N0---------- გადაწყვეტილება;

 

1.3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ: 2019 წლის 14 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:09:15).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მისთვის სხდომის თარიღი ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ო-–---------------–-----------------ი (დაბადებული 1----–-–------------) არის ნ-------------------–---------------–--ის მოქალაქე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პასპორტის ასლი (ს.ფ. 73);

- 29.10.2018 წლის განცხადება საქართველოში ყოფნის ვადის გადავადების შესახებ (ს.ფ. 71).

 

3.1.2. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის N---------- გადაწყვეტილებით ო-–---------------–-----------------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 30 ნოემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 75).

 

3.1.3. 2018 წლის 29 ოქტომბერს ო-–---------------–-----------------მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში ყოფნის ვადის გადავადება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.10.2018 წლის განცხადება საქართველოში ყოფნის ვადის გადავადების შესახებ (ს.ფ. 71).

 

3.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 ნოემბრის N0---------- გადაწყვეტილებით ნ-------------------–---------------–--ის მოქალაქე ო-–---------------–-----------------ის 2018 წლის 29 ოქტომბრის N---------- განცხადება საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 ნოემბრის N0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 59-60).

 

3.1.5. დადგენილია, ასევე რომ ო-–---------------–-----------------მა 2018 წლის 22 ნოემბერს N------ საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 ნოემბრის N0---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის N0---------- გადაწყვეტილებით ო-–---------------–-----------------ის 2018 წლის 22 ნოემბრის N------ ადმინისტრაციული საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

 

2018 წლის 7 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ო-–---------------–-----------------ის 2018 წლის 22 ნოემბრის N------ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც ო-–---------------–-----------------ის წარმომადგენელი, ანა კორინთელი დაეთანხმა ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მოთხოვნასა და იმ გარემოებებს, რომელსაც აფუძნებდა მოთხოვნას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ადმინისტრაციული საჩივარი N------ (ს.ფ. 56-57);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის N0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 68);

- ო-–---------------–-----------------ის 2018 წლის 22 ნოემბრის N------ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (ს.ფ. 86-88).

 

3.1.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის N0---------- გადაწყვეტილებით ო-–---------------–-----------------ის 2018 წლის 22 ნოემბრის N------ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის N0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 95-98).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ო-–---------------–-----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 ნოემბრის №0---------- და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის N0---------- გადაწყვეტილებებს. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. თავის მხრივ, საქართველოში კანონიერად ყოფნის დეფინიცია ასახულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტი, რომელიც განმარტავს, რომ საქართველოში ყოფნის ვადა არის საქართველოს ვიზაში ან საქართველოში ბინადრობის ნებართვაში აღნიშნული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში ყოფნის უფლება. საქართველოში ყოფნის ვადა აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან.

 

ამავე კანონის 48-ე მუხლით განსაზღვრულია საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება, რომლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას (უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე), შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება, თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

 

ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის გაგრძელება, თავისი შინაარსით გულისხმობს უცხოელისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებას იმ პირობით, რა ვადაშიც იგი შეძლებს საკუთარი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გარკვეული ღონისძიებების გატარებას და შემდგომ ქვეყნის დატოვებას, რათა შეასრულოს მასზე ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით’’ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ოქტომბერს ო-–---------------–-----------------მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში ყოფნის ვადის გადავადება. ამასთან, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის N---------- გადაწყვეტილებით მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადავადებული ჰქონდა 2018 წლის 30 ნოემბრამდე. ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 ნოემბრის N0---------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ ვინაიდან ო-–---------------–-----------------ს შეეძლო საქართველოში ლეგალურად ყოფილიყო 2018 წლის 30 ნოემბრამდე, შესაბამისად არ არსებობდა მისთვის საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე N---------- განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-------------------–---------------–--ის მოქალაქე ო-–---------------–-----------------ის 2018 წლის 29 ოქტომბრის N---------- განცხადება საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის’’ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ უცხოელს, ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტში, დარჩენილი უნდა ჰქონდეს საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 კალენდარული დღე.

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის დასკვნას მასზედ, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების მექანიზმი წარმოადგენს სამართლებრივ გარანტს, დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, უზრუნველყოს თავისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მის მიმართ მიმდინარე წარმოების ფარგლებში და არა ბინადრობის ნებართვის მოთხოვნისას 40 კალენდარული დღის შევსების საშუალებას.

 

6.6. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178–ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ; 201-ე მუხლის შესაბამისად კი, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №0---------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი ნ-------------------–---------------–--ის მოქალაქე, ო-–---------------–-----------------ის საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების N---------- განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 ნოემბრის №0---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ო-–---------------–-----------------ის საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების N---------- განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 ნოემბრის №0---------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის N0---------- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილებები, სასამართლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რის გამოც ო-–---------------–-----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ო-–---------------–-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე