გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2019
საქმის ნომერი
180210018002532586
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 2/5---18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

 

მოსარჩელე - პ--------------–---–ი

წარმომადგენელი - ნ---------–-------ი, თ--------------–---–ი, ს--–---------------ი

 

მოპასუხე - ნ---------------ე

მოპასუხის წარმომადგენელი - ი---------–--–---–ი

 

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ანდერძით მიკუთვნებულ წილზე მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2009 წლის 29 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ო--------------–---–მა სადავო ქონების ნახევარი ჩუქებით გადასცა დ-------------–---–ს;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი 2013 წლის 31 ივლისის სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც დ-------------–---–ისთვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული წილი მთლიანად აღირიცხა ნ---------------ის სახელზე;

1.3. პ--------------–---–ი ცნობილი იქნას სადავო მიწის ნაკვეთის, მდებარე დ--–----ს რაიონი, სოფელი ბ-----–---ი, საკადასტრო კოდი 7-----------, მისთვის ანდერძით მიკუთვნებული წილის, ½ ნაწილის მესაკუთრედ;

1.4 მოპასუხე ნ---------------ეს დაეკისროს პ--------------–---–ის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით და უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი ბაჟი 50 ლარის ოდენობით;

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე პ--------------–---–ს 1996 წლის 09 თებერვალს ბაბუამ, ლ-------------–---–მა ანდერძით დაუტოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნახევარი, მდებარე დ--–----ს რაიონი, სოფელი ბ-----–---ი, საკადასტრო კოდი: 7-----------, ხოლო ზემოთხსენებული უძრავი ქონების მეორე ნახევარი მოანდერძემ დაუტოვა მის შვილს, ო--------------–---–ს. ო--------------–---–ი იმყოფებოდა მეორე ქორწინებაში ნ---------------ესთან, საიდანაც ყავდა შვილი დ-------------–---–ი. ო--------------–---–ი და მისი მეუღლე ნ---------------ე არ აღიარებდნენ ლ-------------–---–ის ანდერძს და მათ მთლიანი ქონება დაირეგისტრირეს საკუთრებაში, რადგან დამალეს ანდერძის არსებობა, უფრო მეტიც, იმისთვის რომ პ--------------–---–ისთვის წაერთვათ მემკვიდრეობის უფლება, ო--------------–---–მა პ--------------–---–ს უჩივლა მემკვიდრეობის უფლებისა და სავალდებულო წილის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით, თუმცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ო--------------–---–ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ო--------------–---–ი გარდაიცვალა 2018 წლის 05 თებერვალს. დღეის მდგომარეობით უძრავი ქონება, მდებარე დ--–----ს რაიონი, სოფელი ბ-----–---ი, საკადასტრო კოდი 7----------- საკუთრების უფლებით მთლიანად რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე, რომელსაც არ სურს ანდერძის აღსრულება და პ--------------–---–ისთვის მისთვის ანდერძით კუთვნილი წილის გადაცემა. მან საკუთრების უფლება უძრავ ქონების მთლიან წილზე მიიღო მისი შვილის, დ-------------–---–ის გარდაცვალების შემდგომ კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ხოლო მეორე ნახევარზე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეცდომაში შეყვანის გზითა და ყალბი საკომლო ჩანაწერის საფუძველზე. ლ-------------–---–ი წარმოადგენდა კომლის უკანასკნელ წარმომადგენელს და მას სრული უფლება ჰქონდა გაეცა ანდერძი და მისი კომლის კუთვნილი ქონება ანდერძის საფუძველზე გადაეცა დასახელებული მემკვიდრეებისთვის. ო--------------–---–ის შესახებ საკომლო წიგნში ჩანაწერი ჩნდება 1996 წლის მერე, რაც ლ-------------–---–მა, როგორც კომლის უკანასკნელმა წევრმა დაწერა ანდერძი და განკარგა ქონება, რაც დასტურდება არქივის მიერ გაცემული ცნობით.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან მოსარჩელეს ლ-------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ პ--------------–---–ი ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდრო ქონების მართვას, რითიც დადასტურდებოდა, რომ მან მიიღო სამკვიდრო. ამასთან, მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ანდერძის ნამდვილობას, თუმცა მიუთითებს, რომ ლ-------------–---–ი არ იყო უფლებამოსილი ერთპიროვნულად განეკარგა კომლის ქონება, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ იყო კომლის ერთპიროვნული და უკანასკნელი წევრი და ამავე კომლში ირიცხებოდნენ ო--------------–---–ი და ნ---------------ეც.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ქონების რეგისტრაციისას ო--------------–---–ს არ გამოუყენებია ანდერძი, არამედ საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საარქივო ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ კი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია; შესაბამისად, მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ლ---ა დ------–---–მა თავის შვილს ო--------------–---–ს უანდერძა უძრავი ქონების (მდებარე: დ--–----ს რაიონი, სოფელი ბ-----–---ი, საკადასტრო კოდი 7-----------) ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი - შვილიშვილს, პ--------------–---–ს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანდერძი (ს.ფ 21)

- მარინა ნატრაძის ახსნა-განმარტება ს.ფ. 26;

- მოსარჩელე მხარის ახსნა - განმარტება;

3.1.2. მამკვიდრებელი ლ-------------–---–ი გარდაიცვალა 1997 წლის 20 ივნისს, ხოლო ო--------------–---–ი - 2018 წლის 5 თებერვალს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობები ს.ფ. 22; 23;

 

3.1.3 ო--------------–---–მა პ--------------–---–ის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი მემკვიდრეობის უფლებისა და სავალდებულო წილის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ 33-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სადავო უძრავი ქონება, (მდებარე: დ--–----ს რაიონი, სოფელი ბ-----–---ი, საკადასტრო კოდი: 7-----------,) 2009 წელს საარქივო ცნობის საფუძველზე თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა ო--------------–---–ისა და ნ---------------ის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 24-25);

- საარქივო ცნობა ს.ფ. 36-38; 99-102;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

3.2.2. ო--------------–---–მა თავისი კუთვნილი წილი 2009 წლის 29 დეკემბერს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა თავის შვილს - დ-------------–---–ს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.2.3. დ-------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ ნ---------------ემ 2013 წლის 31 ივლისის სამკვიდრო მოწმობით მიიღო შვილის კუთვნილი წილი სადავო ქონებიდან, რის შემდეგაც გახდა სადავო ქონების (მდებარე: დ--–----ს რაიონი, სოფელი ბ-----–---ი, საკადასტრო კოდი: 7-----------) ერთპიროვნული მესაკუთრე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა ს.ფ. 27-28;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ. 19-20;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.2.4. საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული საარქივო ცნობის მიხედვით დ--–----ს რაიონის, სოფელ ბ-----–---ის 1986-2000 წლებში კომლის უფროსად ჩაწერილია ლ-------------–---–ი (გადახაზულია), ო----- ლ---ას ძე დ------–---–ი, ხოლო კომლის წევრებად ირიცხებიან:

დ------–---–ი ლ---ა ვასილის ძე -ოჯახის უფროსი (გადახაზულია) გარდაიცვალა

დ------–---–ი ვალენტინა ტიმო (გაურკვევლადაა) ასული - ცოლი (გადახაზულია) გარდაიცვალა

დ------–---–ის ო-----ი ლ---ას ძე - ოჯახის უფროსი

გ-------------------–----- ასული- ცოლი

დ------–---–ი დიანა ო-----ის ასული - შვილი;

 

სოფელ ბ-----–---ის 1996-2005 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ო-----ი ლ---ას ძე დ------–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

დ------–---–ის ო-----ი ლ---ას ძე - ოჯახის უფროსი, ჩაწერილია 27.12.04 წ.

გ-------------------–----- ასული- ცოლი

დ------–---–ი დიანა ო-----ის ასული - შვილი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქართველოს ეროვნული არქივიდან გაცემული საკომლო წიგნის ჩანაწერის ასლი (ს.ფ. 36-38, 99-102);

 

3.3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 ნაწილით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობა სამოქალაქო სამართალწარმოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ, დამოუკიდებლად განსაზღვროს მოთხოვნის სახე და ფარგლები. აღნიშნული პრინციპი სრულიად გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას ჩაერიოს მოსარჩელის მოთხოვნის საზღვრებში ან თავად განავითაროს სასარჩელო მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი ორიენტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები და ყოველგვარი რისკი, რომელიც ამ ნორმის ფარგლებში გამოვლენილ ნებას შეიძლება თან სდევდეს, ნების გამომვლენს აწევს (სუსგ №ას-1023-2018 30/11/18 წ.).

 

3.3.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.

 

3.3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-1307-ე, 1319-1320-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. მიუხედავად კონსტიტუციის დათქმისა, იგი აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ განეკუთვნება და ნორმით დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია საკუთრების უფლების ობიექტის სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე. დაცულ სფეროში ჩარევა ლეგიტიმურია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

6.2. ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლში ასახული პოზიტიური ვალდებულება მოითხოვს საკუთრების უფლების დასაცავად კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, ფიზიკურ პირებსა თუ კომპანიებს შორის სამართალწარმოების შემცველ საქმეებთან მიმართებითაც კი. ეს კი კონკრეტულად იმას გულისხმობს, რომ „სახელმწიფოები ვალდებული არიან უზრუნველყონ სასამართლო პროცედურები, რომლებიც სთავაზობს აუცილებელ პროცედურულ გარანტიებს და, შესაბამისად, შესაძლებელს ხდის ეროვნული სასამართლოებისთვისა და ტრიბუნალებისთვის, კერძო პირებს შორის ნებისმიერ დავაზე აწარმოონ სამართალწარმოება ეფექტიანად და სამართლიანად“ (სოვტრანსავტო ჰოლდინგი უკრაინის წინააღმდეგ Sovtransavto Holding v. Ukraine, No. 48553/99, 25.9.02. 96).

 

6.3. სასამართლო ამავე დროს განმარტავს, რომ საკუთრების უფლებაში შეცილება, უფლებადამდგენი დოკუმენტის შეცილებით უნდა მოხდეს. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

მნიშვნელოვანია ის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტისადმი ნდობა გულისხმობს იმას, რომ უფლება, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ნამდვილად ეკუთვნის გამსხვისებელს, ანუ იმ პირს, რომელიც გამოხატავს ნებას, გაასხვისოს მის სახელზე რეგისტრირებული უფლება. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მითითებული გარემოება, სხვა რაიმე სახის ფაქტისა თუ მტკიცებულების არარსებობის პირობებში, არ წარმოადგენს უპირობოდ მხარის ნებისა და მის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს; ამდენად, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა ნიშნავს სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეთა მიმართ ნდობასა და კეთილსინდისიერებას, რაც უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორისა და სისრულის პრეზუმფციით.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს, რომლის თანახმად რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს. 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. 4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას.

 

6.5. დადგენილია, რომ ლ-------------–---–ის გარდაცვალებით 1997 წლის 20 ივნისს გაიხსნა სამკვიდრო. ასევე დადგენილია, რომ 1996 წლის 9 თებერვალს ლ-------------–---–ის მიერ შედგენილ იქნა ანდერძი, რომლითაც მან სამკვიდროს ნახევარი უანდერძა შვილს- ო--------------–---–ის, ხოლო მეორე ნახევარი - შვილიშვილს, პ--------------–---–ს; ეს ფაქტი ორივე ანდერძისმიერი მემკვიდრისთვის თავიდანვე იყო ცნობილი; ამასთან, სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დადგინდა, რომ სამკვიდროს გახსნიდან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არც ო--------------–---–ს და არც პ--------------–---–ს არ მიუმართავთ სანოტარო ორგანოსთვის ანდერძის საფუძველზე სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, ხოლო წარმოდგენილი სასარჩელო დავის ფარგლებში პ--------------–---–ს არ დაუდასტურებია სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. ამ კუთხით მას არ უდავია და გარდა ახსნა-განმარტებისა, არც შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენია სასამართლოსთვის; ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა; ამასთან, სარჩელიდან უნდა ირკვეოდეს მოსარჩელის სწორი იურიდიული ინტერესის არსებობა. იურიდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. იურიდული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად და წარმოდგენილი სარჩელი არის ამ სამართლებრივი შედეგის მიღების ეფექტიანი მექანიზმი.

 

6.6. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე პ--------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნაა სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ანდერძით მიკუთვნებულ წილზე მესაკუთრედ ცნობა. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია მოპასუხე მხარე ანდერძის არსებობას სადავოდ არ ხდის (აღნიშნული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გარდა დადასტურებულია ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მარინა ნატრაძის ჩვენებითაც), ამასთან მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არც ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა მიუღია კანონით დადგენილ ვადაში და არც ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულება წარმოუდგენია სასამართლოსთვის.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ სასარჩელო სამართალწარმოების გზით ერთი სუბიექტიდან მეორეს საკუთრებაში გადავიდეს ქონება, პირველ რიგში შედავებული უნდა იქნეს ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც მოხდა სადავო ქონების მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვა. აღნიშნული კი, პირველ რიგში გულისხმობს, სასარჩელო მოთხოვნის იმგვარ ფორმულირებას, რომელსაც მოჰყვება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება. სწორედ, ამის შემდეგ არის შესაძლებელი სასამართლომ ცნოს სადავო ქონებაზე მოდავე მხარის საკუთრების უფლება.

მიკუთვნებითი სარჩელის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, შედეგი დგება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სადავო ჩანაწერის შეცილება, შესაბამისი ფაქტობრივი და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების მითითების გზით, რასაც მოჰყვება სადავო რეგისტრაციის გაუქმება და მხარისათვის სადავო ქონების მიკუთვნება. საკუთრების უფლების მიკუთვნება, სადავო ჩანაწერის უზუსტობის დამტკიცების გარეშე, კი, შეუძლებელია და ეწინააღმდეგება საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას.

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ არის შედავებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ო--------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, საარქივო ცნობის ნამდვილობა - ამ კუთხით მოპასუხე მხარეს არ უდავია კანონით დადგენილი წესით. იმ პირობებში კი, როდესაც ამ დროისთვის ჯერ კიდევ ძალაშია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი და იგი ბათილად არ არის ცნობილი კანონით დადგენილი წესით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და ამ უკანასკნელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ქონებაზე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების შენარჩუნების პირობებში, სასამართლო ვერ განიხილავს სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციის შესაძლებლობას, ვინაიდან სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი). სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში, სასამართლო სასარჩელო მოთხოვნას ვერც შეცვლის და ვერც ტრანფორმირებას მოახდენს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზნის მიღწევა შეუძლებელია წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფარგლებში და ამ კუთხით მას იურიდიული ინტერესი არ გააჩნია მის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც მიზნად ისახავს მოსარჩელე - საკუთრების უფლების მოპოვება ანდერძით მიკუთვნებულ წილზე, არჩეული გზით - წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში შეუძლებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოსარჩელე პ--------------–---–ს არ აქვს იურიდიული ინტერესი 2009 წლის 29 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებისა და 2013 წლის 31 ივლისის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მიმართ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით მოსარჩელე პ--------------–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ნ---------------ეს (პ/ნ 16001018007) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე - დ--–----ს რაიონი, სოფელი ბ-----–---ი, 1034.00 კვ,მ ს/კ 7----------- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1/2 წილის გასხვისება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 53-ე, 1911-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე პ--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

3. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასმართლოს მიერ 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც მოპასუხე ნ---------------ეს (პ/ნ 16001018007) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე - დ--–----ს რაიონი, სოფელი ბ-----–---ი, 1034.00 კვ,მ ს/კ 7----------- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1/2 წილის გასხვისება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა