გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2019
საქმის ნომერი
351210018002385346
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

# 351210018002385346

საქმე №2-109-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2019 წელი ქ. გარდაბანი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

 

მოსარჩელე - ვუ---------------

წარმომადგენელი - ლე-–--------–---

 

მოპასუხე - ის------------------

წარმომადგენელი - გი--------------

 

მოპასუხე - ბა----------------

 

მოპასუხე - ირ-------–----

 

თარჯიმანი - ორხან რამაზანოვი

 

დავის საგანი - ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგენილ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები.

 

მოსარჩელის განმარტებით, მიმდინარე წლის მარტში მოსარჩელისთვის გახდა ცნობილი, რომ მის ყოფილ სახლში, რომელიც მდებარეობს გარდაბანი, სოფელ ქესალოში, მივიდა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი და------------–---–- და მოითხოვა სახლის დათვალიერება, რაზეც მოსარჩელის ოჯახის წევრებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. აღმასრულებლის მიერ შედგა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომელზეც ხელი მოაწერა ბაირამ ომაროვმა, რომელმაც ქართული არ იცის. აქტში აღმასრულებელმა მიუთითა, რომ დაყადაღდა ბა----------------ს კუთვნილი ქონება, რაც არ არის სწორი. მართალია მითითებულ სახლში ცხოვრობს ბა----------------, მაგრამ სახლი თითქმის ერთი წელია გაიყიდა. რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, ისინი შეძენილია მოსარჩელის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას. მოძრავი ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას. კერძოდ: სარეცხი მანქანა ვესტელის ფირმის, ტელევიზორი ვესტელის ფირმის, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, დივიდი ფლეირი ვეტელის ფირმის, ტელევიზორი ესტელის ფირმის, შავი მაგიდა ტელევიზორის დასადგამი და მაცივარი ვესტელის ფირმის ყველა შეძენილია 2010 წელს ქალაქ თბილისში წერეთლის #79-ში; მოყვითალო ფერის რბილი სამეული, ნაცრისფერი ორ და სამ ადგილიანი ნაჭრის დივანი და კრემისფერი სამეული შეეძენილია თბილისში სავაჭრო ცენტრში; საძინებლის კომპლექტი შეძენილია საქორწინო საჩუქრის სახით ქ. თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის #4-ში მდებარე მაღაზიიდან (შპს რომა-2010); სამზარეულოს კედელი, მაგიდა და სკამები, კომოდი, ტელევიზორის კედელი, ზალის კედელი შეძენილია მოსარჩელის მიერ; ქენონის ფირმის პრინტერი შეძენილია სამსახურებრივი საჭიროებისთვის.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ბაირამ ომაროვმა შესაგებლით სარჩელი ცნო სრულად და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას (ს.ფ. 55-63).

 

2.2. მოპასუხე ის------------------მ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთები არ არის ინდივიდუალური მოხმარების, ისინი არის ოჯახის საერთო მოხმარების ნივთები და წარმოადგენს ოჯახის საერთო საკუთრებას, იმის მიუხედავად, თუ მაღაზიაში ოჯახის რომელმა წევრმა შეისყიდა ისინი. არ არის გამორიცხული, რომ ეს ნივთები ის------------------სგან ნასესხები ფულითაც იყოს ნაყიდი.

 

2.3. მოპასუხე ირ-------–---- შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა - და------------–---–-- 20.02.2018 წელს, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული ნოტარიუსის მიერ 08.11.2017 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის #171312013 შესაბამისად, რომლითაც ბა---------------- დაეკისრა თანხის გადახდა ის------------------ს სასარგებლოდ, მოახდინა შემდეგი ნივთების აღწერა და დაყადაღება: 1. რბილი სამეული (დივანი და 2 სავარძელი), ნაჭრის, მოყვითალო ფერის; 2. ფერადი ტელევიზორი ,,ვესტელის“ ფირმის, შავი ფერის, მომცრო ზომის; 3. ტელევიზორის დასადგამი მაგიდა, შავი ფერის; 4. დივიდი ,,ვესტელის“ ფირმის, შავი ფერის, მომცრო ზომის; 5. ფერადი ტელევიზორი ,,ვესტელის“ ფირმის, შავი ფერის დიდი ზომის; 6. ორ განყოფილებიანი მაცივარი ,,ვესტელის“ ფირმის, თეთრი ფერის; 7. სარეცხი მანქანა ,,ვესტელის“ ფირმის, თეთრი ფერის; 8. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,ვესტელის“ ფირმის, თეთრი ფერის; 9. სამზარეულოს კედელი, ბეჟი ფერის; 10. მაგიდა 6 სკამით, სკამები გაწყობილი ტყავში; 11. ტელევიზორი ,,სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის; 12. ნაჭრის 3 ადგილიანი დივანი და 2 ადგილიანი დივანი, ნაცრისფერი; 13. კომოდი სარკით, ნაცრისფერი; 14. ტელევიზორის კედელი შუშის; 15. ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით, შავი ფერის; 16. ნაჭრის სამეული დივანი და 2 სავარძელი, კრემისფერი; 17. საძინებლის კომპლექტი, ყავისფერი თეთრში (ლოგინი, ტანსაცმლის კარადა, 2 ტუმბო, ტრილიაჟი სარკით); 18. პრინტერი ,,ქენონის“ ფირმის; 19. ზალის კედელი, ყავისფერი; 20. საძინებლის კომპლექტი (ტანსაცმლის კარადა, ტრილიაჟი, ლოგინი, 2 ტუმბო, კომოდი). ნივთების აღწერა და დაყადაღება განხორციელდა ასევე სააღსრულებო ბიუროში რეგისტრირებულ საქმის წარმოებაზე #17120646, კრედიტორ ირ-------–----ს სასარგებლოდ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 24-26; 159-161).

 

3.1.2. სარეცხი მანქანა ,,აურა 800 ტ“, ღირებული 509 ლარად, თეფშების სარეცხი მანქანა ,,პეარლ 6 (დვ)“, ღირებული 666 ლარად, ,,დივიდი პლეიერი 7500“, ღირებული 79 ლარად, შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა ,,ეცო 003“, ღირებული 313 ლარად, ტელევიზორი ,,სუპერ სლიმ 21 ტრია რფ“, ღირებული 210 ლარად და ტელევიზორი ,,ეიჩ დი - რ ელსიდი 32“ 847“, ღირებული 629 ლარად, ყველა ნაყიდია 26.12.2010 წელს ვუ---------------ს მიერ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

,,ვესტელის“ საგარანტიო ფურცლები და 27.12.2010 წლის #1211637 სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 15-21).

 

3.1.3. რბილი სამეული (დივანი და 2 სავარძელი), ნაჭრის, მოყვითალო ფერის; ფერადი ტელევიზორი ,,ვესტელის“ ფირმის, შავი ფერის დიდი ზომის; მაგიდა 6 სკამით, სკამები გაწყობილი ტყავში; ნაჭრის 3 ადგილიანი დივანი და 2 ადგილიანი დივანი, ნაცრისფერი; ნაჭრის სამეული დივანი და 2 სავარძელი, კრემისფერი; პრინტერი ,,ქენონის“ ფირმის ვუ---------------ს საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე წლის წინა გადატანილი იქნა მისი მამის ბა----------------ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფელი ქესალო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

მოწმე ილ--------------- ჩვენება (05.03.2019 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 120-134).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მოწმის ჩვენება წარმოადგენს მტკიცებულებას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია მოწმის ჩვენება, იმასთან დაკავშირებით, რომ დივანი, სავარძელი, სამზარეულოს ავეჯი - მაგიდები, სარეცხი მანქანა და ,,ქენონის“ ფირმის პრინტერი მან ვუ---------------ს საცხოვრებელი სახლიდან (ქ. თბილისი, ორთაჭალა) გადაატანინა ავტომანქანით ვუ--------------- მამის საცხოვრებელ სახლში, მდებარე სოფელ ქესალოში.

 

რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს, რომელთა ყადაღისაგან გათავისუფლებასაც ითხოვს მოსარჩელე, მოწმემ ზოგადად ისაუბრა მათზე, კერძოდ მან განმარტა, რომ სამზარეულოში რა ნივთებიც არის, მათი ერთი სახლიდან მეორეში გადატანაშიც მოეხმარა ვუ---------------, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნივთები გადააატანინა მან. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ამ ნივთების მისდამი კუთვნილების ფაქტი.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები: 2 განყოფილებიანი მაცივარი ,,ვესტელის“ ფირმის, თეთრი ფერის; სამზარეულოს კედელი, ბეჟი ფერის; ტელევიზორი ,,სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის; კომოდი სარკით, ნაცრისფერი; ტელევიზორის კედელი შუშის; ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით, შავი ფერის; საძინებლის კომპლექტი ყავისფერი თეთრში; ზალის კედელი, ყავისფერი; საძინებლის კომპლექტი - არ წარმოადგენს მოსარჩელე ვუ---------------ს საკუთრებას, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამასთან, ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ნივთების დაყადაღება განხორციელდა მოპასუხე - ბა----------------ს საცხოვრებელ ბინაში, რომელიც ფლობს და სარგებლობს აღნიშნული ნივთებით, მოიაზრება, რომ ეს ნივთები წარმოადგენს ამ ქონების საკუთვნებელს და შესაბამისად მესაკუთრედ მიიჩნევა ბა----------------.

 

რაც შეეხება საძინებლების კომპლექტებს, რაზეც მოსარჩელე მიუთითებს, რომ ისინი ვუ---------------ს საქორწინო საჩუქარს წარმოადგენს, საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების თანახმად, საძინებელი კ-ტი ,,ნოვა“ შესყიდული აქვს აფგან სულეიმანოვს (ს.ფ. 22).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ვუ---------------ს სასარჩელო მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 171-ე, 186-ე მუხლები.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე, 40-ე, 44-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის მიხედვით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვუ---------------- ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სარჩელით მომართა სასამართლოს, მოპასუხეების: ის------------------ს, ირ-------–----სა და ბა----------------ს მიმართ.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა - და------------–---–-- 20.02.2018 წელს, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული ნოტარიუსის მიერ 08.11.2017 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის #171312013 შესაბამისად, რომლითაც ბა---------------- დაეკისრა თანხის გადახდა ის------------------ს სასარგებლოდ, მოახდინა ნივთების აღწერა და დაყადაღება. ნივთების აღწერა და დაყადაღება განხორციელდა ასევე სააღსრულებო ბიუროში რეგისტრირებულ საქმის წარმოებაზე #17120646, კრედიტორ ირ-------–----ს სასარგებლოდ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოძრავი ნივთების აღწერა და დაყადაღება მოხდა 20.02.2018 წელს მოპასუხე - ბა----------------ს საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული გარემოება იმის თაობაზე, რომ საცხოვრებელი სახლი გაიყიდა თითქმის ერთი წლის წინ. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვუ---------------ს მამის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე განხორციელდა მოძრავი ნივთების აღწერა და დაყადაღება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №ას-290-276-2013) განმარტა, რომ საკუთრება თავის თავში სამ კომპონენტს მოიცავს: ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას. ფლობა ნივთის უშუალო პყრობას ნიშნავს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მესაკუთრედ მივიჩნევთ ნებისმიერ პირს, რომელიც კონკრეტულ მომენტში ფლობს ნივთს, შესაძლოა, სახეზე იყოს ცდომილება და მესაკუთრის ინტერესების შელახვა. თუმცა, მფლობელიც სარგებლობს მთელი რიგი უფლებებით. ფლობასთან ერთად მესაკუთრეს აქვს ნივთით სარგებლობის უფლება, რაც მოიცავს როგორც ნივთით უშუალო სარგებლობას, მისი მეშვეობით შემოსავლის მიღებას და ა.შ. აგრეთვე მესაკუთრის უფლებას, არ ისარგებლოს კუთვნილი ნივთით. ამასთან, არც მხოლოდ მფლობელობისა და სარგებლობის კომბინაციაა სრულად საკუთრების ცნების გამომხატველი. აუცილებელია საკუთრების ცნების მესამე კომპონენტის არსებობა, ესაა განკარგვა, რაც გულისხმობს ნივთის ბედის გადაწყვეტის უფლებას, რაშიც იგულისხმება მისი გაყიდვა, გაჩუქება, განათხოვრება და საერთოდ მისი ბედის განკარგვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების არსებობისათვის სახეზე უნდა იყოს სამივე კომპონენტი. საკუთრების ცნების ამგვარი განსაზღვრა აუცილებელია საიმისოდ, რომ პირმა შეიძინოს საკუთრების უფლება უძრავ ან მოძრავ ნივთზე. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია წერილობითი გარიგების დადება და ამ გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების (შემძენის, როგორც მესაკუთრის) რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. სწორედ ამ უფლების ნამდვილობის გარკვევის საშუალებაა ზემოაღნიშნული სამი კომპონენტის ერთდროულად სახეზე არსებობის ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მესაკუთრე არის პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

 

6.4. საგარანტიო ფურცლებითა და სასაქონლო ზედნადებით დადასტურდა, რომ ვუ---------------- 26.12.2010 წელს შეიძინა: სარეცხი მანქანა ,,აურა 800 ტ“; თეფშების სარეცხი მანქანა ,,პეარლ 6 (დვ)“; ,,დივიდი პლეიერი 7500“; შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა ,,ეცო 003“; ტელევიზორი ,,სუპერ სლიმ 21 ტრია რფ“; ტელევიზორი ,,ეიჩ დი - რ ელსიდი 32“ 847“, რომლებიც ჯერ ინახებოდა ვუ---------------ს საცხოვრებელ ადგილზე ქალაქ თბილისში, ხოლო მოგვიანებით იქნა გადატანილი გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოში მდებარე მამის - ბა----------------ს საცხოვრებელ სახლში. ხოლო რბილი სამეული (დივანი და 2 სავარძელი); ფერადი ტელევიზორი ,,ვესტელის“ ფირმის; მაგიდა 6 სკამით; ნაჭრის 3 ადგილიანი დივანი და 2 ადგილიანი დივანი; ნაჭრის სამეული დივანი და 2 სავარძელი და პრინტერი ,,ქენონის“ ფირმის ვუ---------------ს საცხოვრებელი სახლიდან მამის ბა----------------ს საცხოვრებელ სახლში გადატანის ფაქტი დაადასტურა მოწმე - ილგამ მამედოვმა.

 

შესაბამისად, სარჩელი ზემოაღნიშნული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან იგულისხმება რომ ისინი წარმოადგენენ მოსარჩელე ვუგარ ბაირამოვის საკუთრებას.

 

რაც შეხება დანარჩენ ნივთებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ამ ნივთების მისდამი კუთვნილების ფაქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სარჩელზე - დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი - სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის - ლე-–--------–---- მიერ ვუ---------------ს სარჩელზე 15.03.2018 წელს გადახდილია 100 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით, ასევე 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის.

 

შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი ბაჟის (100 ლარის) ნახევარი - 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი ბაჟი. ხოლო სარჩელზე გადახდილი ბაჟის დანარჩენი ნაწილიდან (50 ლარიდან), იმ პირობებში, როცა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 25 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად, ხოლო დანარჩენი 25 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებაზე გადახდილ ბაჟს (50 ლარი), აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამ საქმეზე 2018 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ვუ---------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - და------------–---–-ს მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგენილი ,,მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში“ მითითებული შემდეგი ნივთები: ა) რბილი სამეული (დივანი და 2 სავარძელი), ნაჭრის, მოყვითალო ფერის; ბ) ფერადი ტელევიზორი ,,ვესტელის“ ფირმის, შავი ფერის, მომცრო ზომის; გ) ტელევიზორის დასადგამი მაგიდა, შავი ფერის; დ) დივიდი ,,ვესტელის“ ფირმის, შავი ფერის, მომცრო ზომის; ე) ფერადი ტელევიზორი ,,ვესტელის“ ფირმის, შავი ფერის დიდი ზომის; ვ) სარეცხი მანქანა ,,ვესტელის“ ფირმის, თეთრი ფერის; ზ) ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,ვესტელის“ ფირმის, თეთრი ფერის; თ) მაგიდა 6 სკამით, სკამები გაწყობილი ტყავში; ი) ნაჭრის 3 ადგილიანი დივანი და 2 ადგილიანი დივანი, ნაცრისფერი; კ) ნაჭრის სამეული დივანი და 2 სავარძელი, კრემისფერი; ლ) პრინტერი ,,ქენონის“ ფირმის;

 

3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - და------------–---–-ს მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგენილი ,,მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში“ მითითებული შემდეგი ნივთების: ა) 2 განყოფილებიანი მაცივარი ,,ვესტელის“ ფირმის, თეთრი ფერის; ბ) სამზარეულოს კედელი, ბეჟი ფერის; გ) ტელევიზორი ,,სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის; დ) კომოდი სარკით, ნაცრისფერი; ე) ტელევიზორის კედელი შუშის; ვ) ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით, შავი ფერის; ზ) საძინებლის კომპლექტი ყავისფერი თეთრში; თ) ზალის კედელი, ყავისფერი; ი) საძინებლის კომპლექტი - ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ;

 

4. მოპასუხეებს: ის------------------ს, ირ-------–---- და ბა---------------- სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე - ვუ---------------ს სასარგებლოდ 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის ნაწილს სარჩელზე;

 

5. მოპასუხეებს: ის------------------ს, ირ-------–---- და ბა---------------- სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე - ვუ---------------ს სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟს სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე;

 

6. მოსარჩელე - ვუ--------------- უკან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი ბაჟი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადახდის თარიღი: 15.03.2018 წელი, გადამხდელი: ლე-–--------–---, გადამხდელის ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი“, მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 30-------- მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TR------, გადახდის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი