გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210118002534313
#2/2285-18 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11.04.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს ,,მ---------------------ი'';
წარმომადგენელი - თ------------ე;
მოპასუხე - მ-----–-–----–---–---ი, კ-------------------–--ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მ-----–-–----–---–---ს და კ-------------------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 4391.26 ლარის, სარგებლის 1343.72 ლარის და პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა. (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებული იქნა 01.02.2019წ სასამართლო სხდომაზე, იხ. სხდომის ოქმი).
1.2. თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით. მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავისი ქონებით.
1.3. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 18 ივლისს კომპანიას და მ-----–-–----–---–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #კულე 17016369 და საკრედიტო შეთანხმება #კულე 17016369, რომელთა საფუძველზე მოსარჩელემ მ-----–-–----–---–---ს სესხის სახით გადასცა 4700 ლარი, ყოველთვიურად 5.4 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად 299 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მ-----–-–----–---–---ის კუთვნილი ავტომობილი MERCEMES-BENZ E 320. მ-----–-–----–---–---ის მიმართ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით კ-------------------–--ესთან 2017 წლის 18 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. ხსენებული ხელშეკრულებით კ-------------------–--ემ მოსარჩელის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხიმგებლობა მ-----–-–---------–---ის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში უზრუნველეყო კრედიტორის წინაშე ვალის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე კ-------------------–--ემ და მ-----–-–----–---–---მა სარჩელი ნაწილობრივ 3000 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნეს და განმარტეს, რომ კ-------------------–--ემ სესხის სახით მოსარჩელისაგან მიიღო 4700 ლარი. მოპასუხეები სადაოდ ხდიან სესხის ძირ თანხაზე დარიცხულ სარგებელსა და პირგასამტეხლოს, განმარტავენ, რომ კ-------------------–--ის მიერ გადახდილი 2691 ლარიდან სესხის ძირი თანხის დასაფარად მიმართულ იქნა მხოლოდ 308,74 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხით დაიფარა სესხზე რიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო. მოპასუხეები ითხოვენ სესხზე რიცხული პირგასამტეხლოს შემცირებას, ასევე სარგებლის 2%-მდე შემცირებას. (იხ. შესაგებელი. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 18 ივლისს მ-----–-–----–---–---სა და შპს ,,მ---------------------ს’’ შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის ხელშეკრულება. საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 6000 ლარით. განისაზღვრა რომ სესხი იყო სარგებლიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით.
2017 წლის 18 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მ-----–-–----–---–---ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის შესახებ.
- გირავნობის ხელშეკრულება.
3.1.2. 2017 წლის 18 ივლისს მ-----–-–----–---–---სა და შპს „მ---------------------„-ს შორის გაფორმდა საკრედიტო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით დადგენილია, რომ შპს „მ---------------------მა„ მ-----–-–----–---–---ს გადასცა სესხი 4700 ლარის ოდენობთ, სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 64,8%-ის ოდენობით, ხოლო ეფექტური საპროცენტო სარგებელი 98,72%, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 36 თვე. მსესხებელს ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ უნდა დაეფარა სესხი და სარგებელი გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მსესხებლის მიერ დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
-საკრედიტო შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობები;
-საკრედიტო შეთანხმება;
-სესხის გადახდის გრაფიკი;
3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ივლისს შპს „მ---------------------ს„ და კ-------------------–--ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულებით კ-------------------–--ემ იკისრა ვალდებულება მ-----–-–----–---–---ის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად, იმგვარად რომ მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებს უნდა უზრუნველეყო კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შესრულება. თავდებობის ხელშეკრულებით განმარტებული იქნა, რომ „ძირითადი ვალი„ შეადგენს მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის დასაბრუნებელი სესხის ან/და გადასახდელი სესხის სარგებელს, ან/და სესხისა და საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა/პირგასამტეხლოს. მხარეთა შეთანხმებით თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 18 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ
3.1.4. მ-----–-–----–---–---ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელე განმარტავს, რომ გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება არის უვარგის მდგომარეობაში – დამტვრეულია. შესამაბისად ვერ მოხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ვალდებულების დაფარვა. მოპასუხეებს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება ვალდებულების ნაბაყოფილობით შესრულების შესახებ, თუმცა უშედეგოდ, მოპასუხეთა მიერ დავალაინების დაფარვა არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
-მოსარჩელის ახსნა განმარტება;
-გაფრთხილების წერილი;
3.1.5. დადგენილია, რომ სესხის დაფარვის მიზნით, მოპასუხე მხარის მიერ სულ გადახდილი იქნა 2691 ლარი, აღნიშნული თანხით დაიფარა გრაფიკით გათვალისწინებული ექვსი თვის ვადამოსული გადასახდელი თანხა სრულად 1799 ლარი, 1485,26 ლარი გაიქვითა სარგებელში, 308,74 ლარით შემცირდა სესხის ძირი თანხა, ხოლო 897 ლარი ლარით დაიფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
-შპს „მ---------------------ი„-ს მიერ გაცემული ცნობა სესხის დაფარვის მიზნით განხორციელებული გადახდების თაობაზე.
3.2.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით სარგებლობისათვის შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის და სარგებლის მოთხოვნის უფლებას.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს – ძირითადი თანხა 4391.26 ლარის, სარგებელი 1343 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 100 ლარს.
მოპასუხე მხარე სარჩელს არ ცნობს საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ასევე არ ეთანხმებიან სესხის ძირი თანხის ოდენობას. განმარტავენ, რომ კო-----------------–--ის მიერ გადახდილი 2691 ლარიდან სესხის ძირი თანის დასაფარად მიმართულ იქნა მხოლოდ 308,74 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხით დაიფარა სესხზე რიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო. მოპასუხეები ითხოვენ სესხზე რიცხული პირგასამტეხლოს და სარგებლის შემცირებას.
საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 361-ე, 625-ე, 54-ე, 62-ე, 891-ე, 892-ე, 463-465-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 18.07.2017.წლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ივლისს, შპს „მ---------------------ს„ და მ-----–-–----–---–---ს შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა სესხის სახით 4700 ლარი, 36 თვის ვადით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 64,8% (თვეში 5.4 %).
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსეხებელს მ-----–-–----–---–---ს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია. მის მიერ არ გადახდილი სესხზე რიცხული სარგებელი და არ მომხდარა სესხის ძირი თანხის დაბრუნება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 3000 ლარის მოცულობით;
6.3. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 64,8%. სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას, შესაბამისად სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5,4%-ს დარიცხვის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 18 ივლისის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ--ა ს--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ (სუსგ:№ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს შპს ''მ---------------------ი''-ს წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება.
სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 32,4%, აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს უკვე გადახდილი საპროცენტო სარგებლის შემცირება და გადახდილი თანხის ძირითად ვალდებულების ანგარიშში ჩათვლა. კერძოდ, დადგენილია რომ მოპასუხე მხარის მიერ გადახდილია ჯამში 2691 ლარი. აღნიშნული თანხით დაიფარა გრაფიკით გათვალისწინებული ექვსი თვის ვადამოსული გადასახდელი თანხა სრულად 1799 ლარი, 1485,26 ლარი გაიქვითა სარგებელში, 308,74 ლარით შემცირდა სესხის ძირი თანხა, ხოლო 897 ლარით დაიფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. გადახდილი 1485,26 ლარიდან 742,63 უნდა ჩაითვალოს საპროცენტო სარგებლის ანგარიშში, ხოლო დარჩენილი თანხა 742,63 ლარი უნდა გამოაკლდეს ძირითდ თანხას 4391,26 ლარს, შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის მოცულობა უნდა განისაზღვროს 3648,63 ლარის ოდენობით. ასევე, დარჩენილი ძირითადი თანხის წლიური 32,4%-ის გაანგარიშებით მითითებულ პერიოდზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის მოცულობა შეადგენს 558,24 ლარს.
6.4. შპს „მ---------------------ი„ ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, მ-----–-–----–---–---თან ერთად კ-------------------–--ის ვალდებულება შპს „მ---------------------ი„-ს წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.
ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 36 თვის ვადაში 2020 წლის 18 ივლისს. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.
დადგენილია, რომ მოპასუხე კ-------------------–--ემ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 18000 ლარით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-------------------–--ეს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა წლიური 150%.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მოპასუხე მხარისათვის პირგასამტეხლოს სახით 100 ლარის დაკისრება, რაც სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ-----–-–----–---–---ს და კ-------------------–--ეს შპს ,,მ---------------------ი’’-ს სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 3648,68 ლარის, სარგებლის 558, 24 ლარის, და პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა.
6.6. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.3. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
გირავნობის ხელშეკრულების 3.10. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგნის ტექნიკური მდგომარეობის, ლიკვიდურობის ან/და ბაზარზე მისი მოთხოვნადობადობის გათვალისწინებით მოგირავნეს შეუძლია საერთოდ უარი თქვას გირავნობის საგანზე და მოითხოვოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფლება მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. შესაბამისად, აღსრულება დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.12. პუნქტით და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების 5.11. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები.
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ამიტომ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 113,96 ლარი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, სარჩელი სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში კმაყოფილდება ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ 39,20 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. დანარჩენ ნაწილში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მ---------------------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მ-----–-–----–---–---ს და კ-------------------–--ეს - შპს ,,მ---------------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა 3648,63 ლარის გადახდა;
3. მ-----–-–----–---–---ს და კ-------------------–--ეს - შპს ,,მ---------------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებელის 558,24 გადახდა;
4. მ-----–-–----–---–---ს და კ-------------------–--ეს - შპს ,,მ---------------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა;
5. მ-----–-–----–---–---ს და კ-------------------–--ეს - შპს ,,მ---------------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 89,20 ლარის ოდენობით. (39,20 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფაზე).
6. მ-----–-–----–---–---ზე და კ-------------------–--ეზე დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
7. შპს ,,მ---------------------ს’’ (ს/ნ 4--------- დაუბრუნდეს 2018 წლის 09 ივლისს სს 'თ----------–ი' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 113,10 ლარი (საგადასახადო დავალება №1---------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
8. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე №2/2285-18) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
10. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე