გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.04.2019
საქმის ნომერი
330310018002649482
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/6079-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,უ---“

წარმომადგენელი - ი---------------ი

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობა

წარმომადგენლები - მ------–-----ე, ნ--------------–ი

 

მესამე პირი (16.1) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ი-------------------ე

 

მესამე პირი (16.2) - კ-----------ე

 

დავის საგანი - დ------------- საკრებულოს 2013 წლის 10 დეკემბრის №6-- ცნობის არარა აქტად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არარად იქნეს აღიარებული დ------------- საკრებულოს 2003 წლის 10 დეკემბრის №6-- ცნობა

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს „უ---მ“ 2017 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას, როგორც ყოფილი გარდაბნის რაიონის დ------------- საკრებულოს უფლებამონაცვლეს, დ------------- საკრებულოს მიერ კ-----------ეზე 2003 წლის 10 დეკემბერს გაცემული ცნობა №6---ის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარების შესახებ, სადაც განმარტებული იყო შპს ,,უ---ს’’ კანონიერი ინტერესიც. მისივე განმარტებით, მთაწმინდის რაიგამგეობამ, მიუხედავად იმისა, რომ არ უარყო დ------------- საკრებულოს უფლებამონაცვლეობა, არსებითად მაინც არ შეისწავლა საკითხი და არ მისცა დასაბუთებული პასუხი, რაზეც მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი ქ. თბილისის მერიაში, რომელიც ასევე თავს არიდებს საკითხის არსებითად განხილვას.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურები დღემდე ხელმძღვანელობენ არარა და სინამდვილის შეუსაბამო დოკუმენტით, ფერხდება შპს „უ---ს“ ქონების რეგისტრაციის აღდგენა-განხორციელება ნამდვილი მდგომარეობის მიხედვით. კერძოდ, ფერხდება კ-----------ის მიერ შპს ,,უ---ზე’’ რეგისტრიარებული ნაკვეთიდან 871 კვ.მ ფართობის ნატურით გატანის შემდეგ დარჩენილი 25299 (26170-1871) კვ.მ ნაკვეთის სრულად რეგისტრირება.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დ------------- საკრებულოს 2003 წლის 10 დეკემბრის №6-- ცნობა გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს (პირის) მიერ და მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო, რის გამოც არარად უნდა იქნეს აღიარებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას წერილობითი ფორმით შესაგებელი შპს ,,უ---ს“ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენლებმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წერილობითი ფორმით შესაგებელი შპს ,,უ---ს’’ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

 

3.2. მესამე პირს - კ-----------ეს წერილობითი ფორმით შესაგებელი შპს „უ---ს’’ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირმა კი განმარტა, რომ 1999 წელს ეს ქონება შეიძინა შპს „უ---ს“ ყოფილი დირექტორისგან, ეს იყო ფიქტიურად შექმნილი შპს, რომ მესაკუთრეებს თავისი კუთვნილი მიწები და კოტეჯები გაეფორმებინათ. იმის გამო, რომ ვერ ხერხდებოდა ამ ქონების გაფორმება, ყოფილმა დირექტორმა მიმართა საკრებულოს და საკრებულომ გასცა სადავო ცნობა, რათა მას დაერეგისტრირებინა მისი კუთვნილი კოტეჯი, ამის შემდეგ კი დაიწყო შპს-დან, როგორც სამეწარმეო სუბიექტისგან, პარტნიორის გასვლის პროცესი, რისთვისაც შეხვდა ი---------------ს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. გარდაბანში, დ-------------–- მდებარე 26170 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება (გამაჯანსაღებელი კომპლექსი) აღრიცხულია შპს „უ---ს“ საკუთრებად (უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი - 8----------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად ამონაწერში მითითებულია: 25.12.1---წ. დადგენილება; მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2--12.1998წ. N4----- თანხმობა; 02.10.1998წ. N------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; 16.02.1998წ. N-- მიღება-ჩაბარების აქტი; 16.02.1998წ. N-- საიჯარო ხელშეკრულება. ამონაწერს ერთვის შესაბამისი ფართის მიწის ნაკვეთის ამსახველი საკადასტრო რუკა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 28.12.1998 (ტომი 1, ს.ფ. 16-17);

 

4.1.2. საქმეში წარმოდგენილია გარდაბნის რაიონის დ------------- საკრებულოს გამგებლის მიერ 2003 წლის 10 დეკემბერს კ-----------ის სახელზე მიწის მართვის სამმართველოში წარსადგენად, გაცემული იქნა №6-- ცნობა, სადაც მითითებულია, რომ მის სახელზე დ-------------–- ირიცხება 0,1 ჰა მიწის ნაკვეთი და საგადასახადო დავალიანება არ ირიცხება (კატეგორია - არასასოფლო-სამეურნეო მიწა).

 

4.1.3. 2003 წლის 23 დეკემბრის შპს ,,უ---ს“ პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, შპს „უ---ს“ პარტნიორს კ-----------ეს ნება დაერთო, გასულიყო შპს „უ---ს“ შემადგენლობიდან, შპს „უ---ს“ კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონებით: კოტეჯი N-, კუთვნილი მიწის ნაკვეთით, რომელიც განლაგებულია გარდაბნის რაიონის დ-------------–- მდებარე დაახლოებით 0,1 ჰა მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, დადგინდა, რომ საწესდებო კაპიტალი შემცირდებოდა 1814 ლარით.

 

4.1.4. 2004 წლის 24 თებერვალს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კ-----------ის სახელზე გაცემულია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის თანახმად, გარდაბანში, დ-------------–- მდებარე 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის (დაუზუსტებელი) მესაკუთრეა კ-----------ე. ამავე თარიღით ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის მიხედვით, 2003 წლის 23 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 23.02.2004წ. დადგენილების საფუძველზე, კ-----------ის სახელზე თბილისში, დ-------------–- ირიცხება საცხოვრებელი სახლი, მდებარე 1000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე.

 

4.1.5. საქმეში წარმოდგენილი, N---0--9--0-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთთან დაკავშირებით გაცემული სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, 2003 წლის 29 დეკემბერს, კ-----------ის სახელზე დარეგისტრირდა თბილისში, დ-------------–- მდებარე 1000 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება, ხოლო 20-- წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით - ამავე მისამართზე მდებარე 871 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად გარდაბნის რაიონის დ--------------------------–ოს 2003 წლის 10 დეკემბრის N6-- ცნობასთან ერთად მითითებულია 2003 წლის 23 დეკემბრის შპს „უ---ს“ კრების ოქმი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ------------- საკრებულოს 2003 წლის 10 დეკემბრის №6-- ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 15);

- 2003 წლის 23 დეკემბრის შპს ,,უ---ს“ პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 21);

- 2004 წლის 24 თებერვლის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 158);

- 2004 წლის 24 თებერვლის ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი (ტომი 1, ს.ფ. 159-60);

- N---0--9--0-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთთან დაკავშირებით გაცემული სააღრიცხვო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 213-214).

 

4.1.6. 2006 წლის 30 ოქტომბერს შპს „უ---ს“ დირექტორმა ი---------------მა №1--- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 1998 წლის 28 დეკემბრიდან საჯარო რეესტრში მასზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო 26 170 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, 2003 წლის 23 დეკემბერს შპს „უ---ს“ პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ერთ-ერთი პარტნიორის - კ-----------ის საზოგადოებიდან გასვლაზე, რომელმაც თავისი წილი გაიტანა ნატურით (1810 ლარის ღირებულების ერთი ხის კოტეჯი და 1000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი). განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საზოგადოების საკუთრებიდან გამოყოფილი მიწის ნაკვეთი დადგენილი წესით დარეგისტრირდა კ-----------ის სახელზე, თუმცა შესაბამისი ცვლილებები არ ყოფილა შეტანილი შპს „უ---ზე“ აღრიცხული მიწის ნაკვეთის მონაცემებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა შესაბამისი ცვლილების შეტანა რეგისტრირებულ მონაცემებში და შპს „უ---ს“ სახელზე 25 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.

 

4.1.7. ზემოაღნიშნული განცხადების პასუხად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 13 ნოემბრის №--- წერილით შპს „უ---ს“ ეცნობა, რომ მის სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების მიზნით სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ნოტარიულად დამოწმებული შპს „უ---ს“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, ვინაიდან კ-----------ეს 1000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვს არა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, არამედ დ------------- საკრებულოს მიერ გაცემული 2003 წლის 10 დეკემბრის №6-- ცნობის საფუძველზე. განმცხადებელს ასევე დაევალა კომპანიის წესდების, სამეწარმეო რეესტრიდან ახალი ამონაწერის, საკადასტრო რუკის, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერის დედანის და კ-----------ის მიერ აღებული მიწის სარეგისტრაციო მოწმობის დედანის წარდგენა.

 

4.1.8. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გარდაბანში, დ-------------–- მდებარე 871 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე სააგარაკე კოტეჯი N-) დაზუსტებული მონაცემებით აღრიცხულია კ-----------ის კერძო საკუთრებად (უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი - 8--------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად ამონაწერში მითითებულია კ-------------------–ოს 10.12.03წ. N6-- ცნობა და 23.12.03წ. პარტნიორთა კრების ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „უ---ს“ დირექტორის ი---------------ის 2006 წლის 30 ოქტომბერს №1--- განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 156);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 13 ნოემბრის №--- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 157);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 22.11.20-- (ტომი 1, ს.ფ. 23).

 

4.1.9. 2016 წლის 7 ივნისს შპს „უ---ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) წარმომადგენელმა ი---------------მა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებულ რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა გარდაბანში, დ-------------–- მდებარე, 8--0-----0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

 

სარეგისტრაციო განცხადებას ერთვოდა შპს „--------------------------- მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №7--- (17.0--2012) გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაციის №8-----------) და ი---------------ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

 

2016 წლის 17 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8-------------- გადაწყვეტილება და განმცხადებელს განუმარტა, რომ შპს „უ---ზე“ სახელმწიფოს მიერ განკარგული იყო 18000 კვ.მ უძრავი ნივთი, აქედან შპს „უ---ს“ პარტნიორთა №1----- (23.12.2003) კრების ოქმის საფუძველზე, კ--------------- გადაეცა 8--0--9--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1000 კვ.მ უძრავი ნივთი. მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს მოსთხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა დარჩენილ 17000 კვ.მ უძრავ ნივთზე.

 

ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 2016 წლის 21 ივლისის №1----- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს „უ---ს“ ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №8-------------- (17.06.2016) გადაწყვეტილება, ვინაიდან დადგენილ იქნა, რომ შპს „უ---“-მ თავის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, დ-------------–- მდებარე 1.8 ჰა მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სააგარაკე კოტეჯებიდან, კ-----------ეს გადასცა კოტეჯი №- დაახლოებით 0.1 ჰექტარი მიწის ნაკვეთით, კ-----------ის მიერ აღნიშნული უძრავი ნივთის ფართობისა და საზღვრების დაზუსტების შედეგად კი დადგინდა, რომ მასზე გადაცემული ფართი შეადგენს 871 კვ.მ-ს. ამდენად, შპს „უ---ს“ საკუთრებაში დარჩენილი ჰქონდა 17129 კვ.მ უძრავი ნივთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. თბილისში, დ-------------–- მდებარე 17129 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა შპს „უ---“-ს საკუთრების უფლება. უძრავ ნივთს მიენიჭა 8--0--2--0-- საკადასტრო კოდი. მომზადდა საკადასტრო გეგმა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ივლისის №1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 215-218);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 26.07.2016 (ტომი 1, ს.ფ. 36).

 

4.1.10. 2017 წლის 13 თებერვალს შპს „უ---ს“ დირექტორმა ი---------------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, ხელახლა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება კომპანიის მიერ 28.10.10წ., 06.0--11წ. და 18.0--11წ. განცხადებებზე, რაზეც სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია 2011 წლის 28 იანვარს. საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული განცხადებებით მის მოთხოვნას წარმოადგენდა შპს „უ---ს“ საკუთრებაში 1998 წლიდან რეგისტრირებული 26 170 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განახლება. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება არ შესრულდა და არც მისი განცხადებები განხილულა პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე მის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე. სააგენტომ პოზიცია გამოხატა მოგვიანებით, 2012 წლის 17 მაისის აქტში, რომლის თანახმად, N2- ბრძანებულების გამოყენება ხორციელდება 2011 წლის პირველ ივლისამდე, რაც მათი მოსაზრებით დაუშვებელი იყო, რადგან განცხადება დაგვიანებით წარადგინეს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 მარტის №8---- გადაწყვეტილებით შპს „უ---ს“ უარი ეთქვა 2017 წლის 13 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „უ---ს“ დირექტორის ი---------------ის 2017 წლის 13 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 26-28);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 მარტის №8---- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 29-35).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,უ---ს’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, რომ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში შპს ,,უ---ს“ მოთხოვნას წარმოადგენს დ------------- საკრებულოს გამგებლის მიერ გაცემული 2003 წლის 10 დეკემბრის №6-- ცნობის არარად აღიარება და შესაბამისად, მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გაუქმების ერთ-ერთი სამართლებრივი ფორმა _ არარად აღიარებაა. არარა ადმინისტრაციული აქტი იმთავითვე ბათილია და არ არის შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, შესაბამისად, ამგვარი აქტის საფუძველზე განხორციელებული სამართალურთიერთობანი ან მოქმედებანი ვერ შეიძენს ლეგიტიმურ ხასიათს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აქტის არარად აღიარების საფუძვლების დადგენისას კანონმდებელი მიზნად ისახავს ადმინისტრირების კანონიერებისა და პირის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას. ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლო წესით აქტის არარად აღიარება, ანუ აქტის არარად აღიარების ერთ-ერთი საფუძვლის დადგენა _ დადასტურება იწვევს მძიმე იურიდიულ შედეგს, რადგან მის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებები ასევე მიიჩნევა არალეგიტიმურად.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, მე-601 და 61-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ერთმანეთისგან გამიჯნა არარა, უკანონო და კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რათა დადგინდეს თითოეულის სამართლებრივი შედეგების გაუქმების საკითხი, კერძოდ, არარა აქტს მიღებისთანავე არა აქვს იურიდიული ძალა და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, ხოლო კანონიერ (მე-601 ) და უკანონო (61-ე) ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს შეუძლიათ შეიძინონ შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი მათი ადრესატისათვის“.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ოთხი შემთხვევა, რომლებიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძველს, კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს „უ---ს“ წარმომადგენელი დ------------- საკრებულოს გამგებლის მიერ 2003 წლის 10 დეკემბერს გაცემული №6-- ცნობის არარად აღიარების საფუძვლად მიუთითებს, რომ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ და მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო. შესაბამისად, მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანი დადგინეს დ------------- საკრებულოს გამგებელი უფლებამოსილი იყო თუ არა გაეცა წარმოდგენილი შინაარსის ცნობა და შესაძლებელია თუ არა მისი შესრულება.

 

სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ საფინანსო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში – ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებასა და მის შესრულებაზე კონტროლს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებასა და გაუქმებას; დაქვემდებარებული ტერიტორიის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებას, დამტკიცებასა და შესრულებას; დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტას; გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ და ვეტერინარულ ღონისძიებათა გატარების ორგანიზებას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონების ფლობას, განკარგვას და ამ ქონებით სარგებლობას; ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების შექმნასა და ლიკვიდაციას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებას; სახელმწიფო პროგრამების შედგენაში მონაწილეობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ წილობრივ დაფინანსებას და ადგილებზე მათი განხორციელების უზრუნველყოფას;

 

ამავე კანონის, მე-9 მუხლის თანახმად: 1. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოა სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულო, რომელიც შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით მაჟორიტარული სისტემით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან. 2. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს თანამდებობის პირები საკრებულოს ბ) საკრებულოს მდივანი; 3. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომელიც იქმნება ამ კანონით გათვალისწინებული წესით, არა უმეტეს 7 წევრის შემადგენლობით. იმ სოფელსა და თემში, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 3000 კაცს, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა არ იქმნება და მის ფუნქციას ახორციელებს უშუალოდ გამგებელი. 4. საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს გამგეობის თანამდებობის პირები არიან: ა) სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის გამგებელი. იმ ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, გამგებელი ირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით; ბ) სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებლის მოადგილე (მოადგილეები), აპარატის უფროსი და ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებსაც ნიშნავს გამგებლი საკრებულოსთან შეთანხმებით. 5. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს (გამგეობის) სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის (გამგებლის) წარდგინებით.

 

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მე-12 მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს ზოგადი უფლებამოსილება; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დებულებების მიღება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების დადგენა და სხვა.

 

ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა (მთავრობა), 24-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ გამგებელი (მერი) წარმოადგენს აღმასრულებელი ორგანოს მეთაურს, რომლის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს 24-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 25 მუხლი, სადაც მითითებულია, რომ 24-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად უფლებამოსილებათა გარდა სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებელი: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით ორგანიზაციას უწევს და უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხების გადაწყვეტას; ბ) საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით განკარგავს ადგილობრივ ფინანსებს, კოორდინაციას უწევს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ამოღებას; გ) წარუდგენს საკრებულოს წინადადებებს ადგილობრივი სამსახურების და შესაბამისი საწარმოების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ, უზრუნველყოფს ლიკვიდირებულ საწარმოთა დაცვასა და შენახვას; დ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნასა და განკარგვას, საერთო ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს კომუნალური მეურნეობის საქმიანობას; ე) უზრუნველყოფს ადგილობრივი არქივის შექმნას; ვ) ორგანიზაციას უწევს მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებას; ზ) უზრუნველყოფს ადგილობრივი საინფორმაციო სამსახურის ორგანიზებას და მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობას; თ) ორგანიზაციას უწევს დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს; ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მშენებლობის დაგეგმვასა და განხორციელებას, ასრულებს დამკვეთის ფუნქციებს; კ) ორგანიზაციას უწევს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმების შედგენასა და განხორციელებას; ლ) ხელმძღვანელობს წყალმომარაგების ადგილობრივი სისტემის ორგანიზებას, მის შენახვასა და განვითარებას; მ) უზრუნველყოფს შიგა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოთა ჩატარებას; ასრულებს დამკვეთის ფუნქციებს; ნ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ორგანიზაციას უწევს სოციალურ მომსახურებას, ზედამხედველობს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას; ო) ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას; პ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ზემოაღნიშნული ნორმებისა და სადავო ცნობის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ------------- საკრებულოს გამგებელი უფლებამოსილი იყო გაეცა იმ შინაარსის ცნობა, რაც გაცემული იქნა 2003 წლის 10 დეკემბეს (№6--), რაც ასევე დასტურდება 2006 წლის 20 სექტემბერს შპს „უ---ს“ მიმართ გაცემული იმავე შინაარსის N1-- ცნობით (იხ. ტ2. ს.ფ. 4) და თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ცნობა გაცემულია არასწორად, შპს „უ---ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული წარმოადგენს არა ცნობის არარად აღიარების მოთხოვნით, არამედ სადავო ცნობის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის წარმოდგენის საფუძველს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე უსაფუძვლოა სადავო აქტის არარად აღიარება ფაქტობრივი მიზეზების გამო მისი შესრულების შეუძლებელობის მოტივით, რადგან როგორც მოსარჩელეც მიუთითებს და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება, სწორედ დ------------- საკრებულოს გამგებელის მიერ 2003 წლის 10 დეკემბრის გაცემული N6-- ცნობა დაედო საფუძვლად საჯარო რეესტრის მიერ კ-----------ის 0,1 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრაციას 2003 წლის 29 დეკემბერს, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ცნობის საფუძველზე შედეგი დამდგარია და ადგილი არ აქვს შესრულების შეუძლებელობას.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ და გ“ პუნქტების საფუძველზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად ცნობის საფუძველი, რის გამოც შპს ,,უ---ს’’ სარჩელი დ------------- საკრებულოს 2003 წლის 10 დეკემბრის №6-- ცნობის არარად აღიარების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლების მოსალოდნელი დარღვევის აღკვეთის მიზნით, მაგრამ თუ ასეთი უფლება უკვე დაირღვა, მაშინ მოსარჩელემ უნდა მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, ან ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე, ან კიდევ ისეთი ქმედების განხორციელების ან მისგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, შპს „უ---ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „უ---ს“ სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „უ---ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გოგიშვილი