გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
120210019002810294
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2810294-2/023-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 აპრილი 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - ქ------- ჭ---–-----ე

მოპასუხე - ა-–-- კლ----ი (დასწრების გარეშე)

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ა-–-- კლ----ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 5 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს – 2115.20 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 800 ლარი, პროცენტი – 400 ლარი, პირგასამტეხლო – 915.20 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 5 მაისს ა-–-- კლ----ზე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 12 თვის ვადით. სესხის პირობების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა 40 ლარით. პერიოდულობა თვეში ერთხელ ყოველი თვის 5 რიცხვში.

 

სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად. მსესხებელზე გაიცა სესხის თანხა 800 ლარი. სესხის პირობების თანახმად, მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის საკომისიოს დაფარვა უნდა ეწარმოებინა სარჩელზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა.

 

მსესხებელს 2018 წლის 5 მარტის შემდეგ არ უწარმოებია სესხზე გადახდები. გადაიხადა მხოლოდ პირველი თვის საკომისიო. დღეის მდგომარეობით მოპასუხემ შეწყვიტა თანხის დაფარვა.

 

მოპასუხეს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა და მიეცა ორი კვირის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად, მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ა-–-- კლ----ის მიერ სასამართლოში შესაგებელი არ ყოფილა წარმოდგენილი, მოპასუხე ასევე არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 5 მაისს ა-–-- კლ----ზე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 12 თვის ვადით. თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა 40 ლარით. პერიოდულობა თვეში ერთხელ ყოველი თვის 5 რიცხვში.

 

3.1.2. ა-–-- კლ----მა ისარგებლა ,,სმს’’ /ვირტუალური სესხით. სესხი გააქტიურა ბანკომატის მეშვეობით. აღნიშნული სესხი წარმოადგენს იმ კრედიტის კატეგორიას, რომელზეც საკრედიტო დოკუმენტაცია არ ფორმდება, ხელშეკრულება, გრაფიკი და სხვა სახის მატერიალური დოკუმენტაცია სს ,,ს----------–--------სა და მსესხებელს შორის არ გაფორმებულა.

 

3.1.3. სს ,,ს----------–--------სა’’ და ა-–-- კლ----ს შორის წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ ყოფილა.

 

3.1.3. მოპასუხემ დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.4. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო მომსახურების პირობები;

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- შეტყობინებები;

- 16.01.2019წ. ცნობა დავალიანების დაფარვის შესახებ;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხე ა-–-- კლ----ის დავალიანება 2018 წლის 5 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ შეადგენს – 1200 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 800 ლარი, პროცენტი – 400 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო მომსახურების პირობები;

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- შეტყობინებები;

- 16.01.2019წ. ცნობა დავალიანების დაფარვის შესახებ;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 623-ე 625-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ შემოუტანია შესაგებელი, არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები სესხის პირგასამტეხლოს ნაწილში იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას ვინაიდან მხარეთა შორის ზეპირად მოხდა პირგასამტეხლოზე შეთანხმება, შესაბამისად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''ს----------–--------ის'' მიერ ა-–-- კლ----ზე სესხის გაცემით, მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ა-–-- კლ----ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სესხის გაადხდის ვალდებულება დარღვეული იქნა ა-–-- კლ----ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ შეასრულა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 800 ლარი. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 400 ლარს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პრგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს. პირგასამტეხლო არის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოვალის მიერ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხის გადახდას გულისხმობს. ამასთან, პირგასამტეხლო ფორმა სავალდებულო გარიგებაა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ აუცილებლად წერილობით უნდა გაფორმდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. სასამართლომ არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მიიჩნია რომ მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში (915.20 ლარის ოდენობით) იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა წერილობითი ფორმით შეთანხმება პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა პირგასამტეხლოს ოდენობა კრედიტით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის. უფრო მეტიც, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შორის შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, წერილობით არ დადებულა, დაიდო ზეპირად. სამოქალაქო კოდექსი კი აუცილებელ პირობად ადგენს წერილობით შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები წერილობით შეთანხმდებოდნენ პირგასამტეხლოზე, ანუ განსაზღვრულ ფულად თანხაზე;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე არ არის პირგასამტეხლოზე კანონით დადგენილი სპეციალური ფორმით შეთანხმება, რაც გამორიცხავს ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს ა-–-- კლ----ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა. ამასთან, მოსარჩელეს უნდ დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ა-–-- კლ----სსს ,,საქართველოს ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1200 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 800 ლარი, პროცენტი - 400 ლარი.

 

2. მოსარჩელე სს „ს----------–--------ს“ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს დაკისრებაზე.

 

3. მოპასუხე ა-–-- კლ----ს სს ,,საქართველოს ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

4. სს ,,ს----------–--------ს’’ დაუბრუნდეს 2019 წლის 16 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, რეფერენსის N190116030.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი