გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3203 - 19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - ჯ---–--------–-----ი
წარმომადგენელი - რ------------–---ი
მოპასუხე - მ--–-------–----ი
წარმომადგენელი - მ---------------ე
დავის საგანი - თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაეკისროს მოპასუხე მ--–-------–----ს, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების, სატრანსპორტო საშუალების - ავტომანქანა ტოიოტა პრადო, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2008, საინდენტიფიკაციო ნომერი - J----------------, რეგისტრაციის მოწმობა - A--------, სახ. ნომერი A------, საბაზრო ღირებულების ნახევრის - 6895 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელე ჯ---–--------–-----ი და მოპასუხე მ--–-------–----ი დაქორწინდნენ 2014 წლის 18 ოქტომბერს. მათ შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით, 2017 წლის 25 ოქტომბერს. მხარეებმა ერთად ცხოვრების პერიოდში, კერძოდ, 12.07.2015 წელს შეიძინეს სატრანსპორტო საშუალება - ა/მანქანა, ტოიოტა პრადო, რუხი ფერი - 1/8, გამოშვების წელი - 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი J----------------, რეგისტრაციის მოწმობის ნომერი - A--------, სახ. ნომერი A------, რომელიც ირიცხება მოპასუხე მ--–-------–----ის სახელზე. აღნიშნული ა/მანქანის საბაზრო ღირებულება შეადგენს 13 791.57 აშშ დოლარს. მოპასუხე მხარეს აქვს კარგი შემოსავალი. იგი არის შპს ,,K--“-ის (ს-------------) დამფუძნებელი, ხოლო საწარმოს დირექტორია მოპასუხის მამა ა--------–----ი. შპს ,,K--“ დღემდე ფუნქციონირებს და გააჩნია კარგია შემოსავალი. მოსარჩელე მხარე მოითხოვს ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების სატრანსპორტო საშუალების (ტოიოტა პრადო, სახ. ნომერი A------) ღირებულების ნახევრის მოპასუხისათვის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელს არ ეთანხმება. მ--–-------–----მა 2014 წლის 18 ოქტომბერს იქორწინა ჯ---–--------–-----ზე. მათ ერთი წელიც არ უცხოვრიათ ერთ ოჯახად. მხარეებს საერთო შვილი არ ჰყავთ და მათ შორის 2015 წლის გაზაფხულიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია საქორწინო ურთიერთობა. მითითებული პერიოდიდან ისინი აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. სადავო ავტომანქანა მოპასუხეს აჩუქა მამამ. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება არ არის შეძენილი მხარეთა მიერ ქორწინების პერიოდში. ა/მანქანა გამოსულია მწყობრიდან და საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას, რაზედაც საჭიროა დაახლოებით 7894 ლარი. აუდიტორული ფირმა ,,ს--–-----“ საექსპერტო დასკვნით, საბაზრო ფასი განსაზღვრულია ახალი ავტომანქანის. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ავტომანქანა არის დაზიანებული, საჭიროებს შეკეთებას და აქვს გარბენი 161000 კმ., რაც საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. მამისგან ნაჩუქარი მოძრავი ქონება არის ინდივიდუალური საკუთრება და არ წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ჯ---–--------–----- და მოპასუხე მ--–-------–----ი დაქორწინდნენ 2014 წლის 18 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს ქ. თბილისის N1 ქორწინების სახლის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15);
3.1.2. მხარეებმა 2017 წლის 18 ოქტომბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვეს განქორწინების რეგისტრაცია. ჯ---–--------–-----ი და მ--–-------–----ი განქორწინდნენ 2017 წლის 25 ოქტომბერს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.10.2017 წლის განცხადება განქორწინების რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 59);
- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 16).
3.1.3. შპს ,,K--“-ის (ს-------------) დირექტორს წარმოადგენს ა--------–----ი, ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრეს - მ--–-------–----ი. საწარმო რეგისტრირებულია 10.05.2012 წლიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 02.07.2015 წელი (ს.ფ. 17);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - A------, მარკა-მოდელი - ტოიოტა პრადო, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2008, საინდენტიფიკაციო ნომერი J----------------, რეგისტრაციის მოწმობის ნომერი - A--------, 13.10.2008 წლიდან 12.07.2015 წლამდე მესაკუთრედ რეგისტრირებულია ა--------–----ი, ხოლო 12.07.2015 წლიდან დღემდე, მესაკუთრეს წარმოადგენს მ--–-------–----ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 12.02.2019 წელს გაცემული ცნობა, დანართი (ს.ფ. 18-19);
- რეგისტრაციის მოწმობა, გაცემული 12.07.2015 წელს (ს.ფ. 62);
3.2.2. აუდიტორული ფირმა ,,ს--–-----“ მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, შესადარებელი მოძრავი ქონების (სადავო სატრანსპორტო საშუალების - ტოიოტა პრადო, სახ. ნომერი - A------) საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შედარებითი ანალიზის მეთოდით. შესაფასებლად წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთო საშუალო საბაზრო ღირებულებამ 2019 წლის 15 თებერვლისათვის შეადგინა - 36547.66 ლარი.
აღნიშნულ შეფასებას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე და მიუთითა, რომ მოპასუხის სახელზე რიცხული სადავო ავტომანქანის გამოშვების წელია 2008, მისი გარბენია 161 000 კმ. ასევე, ა/მანქანა არის დაზიანებული, საჭიროებს შეკეთებას. სათადარიგო ნაწილების ღირებულების დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა შპს ,,თ-------------------“ ინვოისი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 17 აპრილის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 17 აპრილის სხდომის ოქმი);
- აუდიტორული ფირმა ,,ს--–-----“ მიერ 15.02.2019 წელს გაცემული საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 20-24);
- შპს ,,თ-------------------“ მიერ 07.03.2019 წელს გაცემული ინვოისი (ს.ფ. 63-68);
სასამართლო სადავო სატრანსპორტო საშუალების (ტოიოტა პრადო, სახ. ნომერი - A------) საშუალო საბაზრო ღირებულების დასადგენად ვერ გაიზიარებს ავტოსატრანსპორტო საშუალების ,,ტოიოტა პრიუსის“ (რეგისტრაციის ნომერი O--------) საბაზრო ღირებულების შესახებ, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ შეფასების დასკვნაში (ს.ფ. 84-99) მითითებულ მონაცემებს, ვინაიდან, აღნიშნული შეფასება ჩატარებულია სხვა მოდელის ავტომანქანაზე, რომლის გამოშვების წელია 2011, აქვს სხვა დამახასიათებელი ნიშნები, სათადარიგო ნაწილები და სხვა ოდენობის გარბენი, რაც განაპირობებს მისი საბაზრო ღირებულების ოდენობას.
3.2.3. მოპასუხე მ--–-------–----ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა-მოდელი - ტოიოტა პრადო, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2008, საინდენტიფიკაციო ნომერი J----------------, რეგისტრაციის მოწმობის ნომერი - A--------, სანომრე ნიშანი - A------, არ წარმოადგენს ჯ---–--------–-----ის და მ--–-------–----ის ქორწინების პერიოდში მათი ერთობლივი შრომით, საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად შეძენილ ქონებას. მოსარჩელე ჯ---–--------–-----ს არ გააჩნია ქონებრივი უფლება 12.07.2015 წელს მ--–-------–----ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალების ნახევარზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 17 აპრილის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 17 აპრილის სხდომის ოქმი);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალება - მარკა-მოდელი - ტოიოტა პრადო, სანომრე ნიშანი - A------, არ წარმოადგენს მხარეთა მიერ საერთო მეურნეობის წარმოებისა და ოჯახის საკეთილდღეოდ გაწეული ერთობლივი შრომის შედეგად შეძენილ უძრავ ქონებას, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1158-ე-1160-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე მ--–-------–----ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული სატრანსპორტო საშუალების - ავტომანქანა ტოიოტა პრადო, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2008, საინდენტიფიკაციო ნომერი - J----------------, რეგისტრაციის მოწმობა - A--------, სახ. ნომერი A------, საბაზრო ღირებულების ნახევრის - 6895 აშშ დოლარის გადახდა. მისი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ქონება შეძენილია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს ჯ---–--------–-----ის და მ--–-------–----ის საერთო საკუთრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).
"საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - A------, მარკა-მოდელი - ტოიოტა პრადო, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2008, საინდენტიფიკაციო ნომერი J----------------, რეგისტრაციის მოწმობის ნომერი - A--------, 13.10.2008 წლიდან 12.07.2015 წლამდე მესაკუთრედ რეგისტრირებულია ა--------–----ი, ხოლო 12.07.2015 წლიდან დღემდე მესაკუთრეს წარმოადგენს მ--–-------–----ი.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული სადავო ა/მანქანა შეძენილი იქნა მეუღლეების ჯ---–--------–-----ისა და მ--–-------–----ის ქორწინების პერიოდში, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და მიუთითებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება - ტოიოტა პრადო, სანომრე ნიშანი - A------, შეძენილი იქნა 2008 წელს მოპასუხის მამის, აზიზ ალიევის მიერ, რომელმაც თავის შვილს, მ--–-------–----ს ჩუქებით გადასცა საკუთრებაში 12.07.2015 წელს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ავტომანქანა 2008 წლიდან რეგისტრირებული იყო მოპასუხის მამის სახელზე, რაზეც მოსარჩელე მიუთითებს, რომ მართალია, ავტომანქანა გაფორმებული იყო აზიზ ალიევის (მოპასუხის მამის) მიერ, თუმცა რეალურად ქონების შემძენი და ამ ქონების მფლობელი, მოსარგებლე იყო მოპასუხე მ--–-------–----ი.
საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ, დავის არსებობის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის. თუმცა არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც უტყუარად არ დგინდება მეუღლეთა საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად, მათი ერთობლივი თანხებით ქონების შეძენის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ნივთზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება, ეკისრება მოპასუხეს, რომელმაც სარწმუნოდ უნდა ადასტუროს, რომ სადავო ქონების ნახევარზე არ წარმოშობილა მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლება.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას (უძრავი ან მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შემქნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზეა ქონება აღრიცხული. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა - ტოიოტა პრადო, სახ. ნომრით - A------, შეძენილი იქნა 2008 წელს, რა დროსაც საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხის მამის ა--------–----ის სახელზე. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით, მოპასუხე მ--–-------–----ი 2008 წლისათვის იყო არასრულწლოვანი და იგი თავისი ასაკის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალებას ვერ შეიძენდა. მოპასუხე მოსარჩელე ჯ---–--------–-----თან არის საქორწინო ურთიერთობაში 2014 წლის 18 ოქტომბრიდან, ხოლო მოპასუხის სახელზე სადავო მანქანა რეგისტრირებული იქნა 2015 წლის 12 ივლისს. თავად მოპასუხის განმარტებით ეს ქონება მიიღო მამისგან ჩუქებით იმ პერიოდში, როდესაც მხარეებს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ. საქმის მასალებით არ ჩანს მოპასუხე მ--–-------–----ის სახელზე ქონების აღრიცხვის საფუძველი, თუმცა, როგორც აღინიშნა, მისი განმარტებით, ქონება მიიღო მამისგან საჩუქრად, მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის მიხედვით, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის მესამე ნაწილით, სასამართლოს შეუძლია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს შეძენილი ქონება ცნოს თითოეული მეუღლის საკუთრებად. მოსარჩელე მხარეს, მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებათა საწინააღმდეგო ფაქტზე არ მიუთითებია და არც სათანადო მტკიცებულება წარმოუდგენია, რაც მოპასუხის სახელზე სადავო ნივთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის პერიოდისათვის მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრების, ერთიანი საოჯახო მეურნეობის არსებობას დაადასტურებდა.
მხარეთა შორის სადავოა ასევე, ავტომანქანის საბაზრო ღირებულება, რომლის მიხედვითაც დაყენებული აქვს მოსარჩელე მხარეს სასარჩელო მოთხოვნა. აუდიტორული ფირმა ,,ს--–-----“ მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, შესადარებელი მოძრავი ქონების (სადავო სატრანსპორტო საშუალების - ტოიოტა პრადო, სახ. ნომერი - A------) საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შედარებითი ანალიზის მეთოდით. შესაფასებლად წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთო საშუალო საბაზრო ღირებულებამ 2019 წლის 15 თებერვლისათვის შეადგინა - 36547.66 ლარი. აღნიშნულ შეფასებას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე და მიუთითა, რომ მოპასუხის სახელზე რიცხული სადავო ავტომანქანის გამოშვების წელია 2008, მისი გარბენია 161 000 კმ. ასევე, ა/მანქანა არის დაზიანებული, საჭიროებს შეკეთებას, რომლის ღირებულების დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა შპს ,,თ-------------------“ ინვოისი, სადაც მითითებულია სათადარიგო ნაწილების ღირებულება. სამოქალაქო პროცესუალური კანონმდებლობით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სადავო სატრანსპორტო საშუალების (ტოიოტა პრადო, სახ. ნომერი - A------) საშუალო საბაზრო ღირებულების დასადგენად ვერ გაიზიარებს ავტოსატრანსპორტო საშუალების ,,ტოიოტა პრიუსის“ (რეგისტრაციის ნომერი O--------) საბაზრო ღირებულების შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ შეფასების დასკვნაში მითითებულ მონაცემებს, ვინაიდან, აღნიშნული შეფასება ჩატარებულია სხვა მოდელის ავტომანქანაზე, რომლის გამოშვების წელია 2011, აქვს სხვა დამახასიათებელი ნიშნები, სათადარიგო ნაწილები და სხვა ოდენობის გარბენი, რაც განაპირობებს მისი საბაზრო ღირებულების განსხვავებულ ოდენობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მოძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა მიერ ამ ქონების ერთობლივად შეძენა. ქორწინების პერიოდში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივად გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი ანალიზით, არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო ქონების შეძენა მოხდა მხარეთა მიერ ერთობლივად, ერთიანი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის პირობებში. სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება 2008 წელს აღრიცხული იქნა მოპასუხის მამის სახელზე იმ პერიოდში, როდესაც მოპასუხე იყო არასრულწლოვანი, ხოლო 2015 წლის 12 ივლისს, მოპასუხის მამის მიერ გასხვისდა ქონება მოპასუხის სახელზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შესძლო მოპასუხის მიერ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძვლად მითითებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება საწინააღმდეგო სახის მტკიცებულებით. კერძოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ მის სახელზე ქონება აღირიცხა ჩუქებით მეუღლესთან ჯ---–--------–-----თან ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს საოჯახო-სამართლებრივი საფუძვლით არ აქვს ქონებრივი უფლება ავტომანქანაზე, როგორც მეუღლეთა საერთო ქონებაზე. განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მ--–-------–----ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა-მოდელი - ტოიოტა პრადო, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2008, საინდენტიფიკაციო ნომერი J----------------, რეგისტრაციის მოწმობის ნომერი - A--------, სანომრე ნიშანი - A------, არ წარმოადგენს ჯ---–--------–-----ის და მ--–-------–----ის ქორწინების პერიოდში ერთობლივი შრომით, საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად შეძენილ ქონებას. საქმის მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელე მხარის მიერ რაიმე სახით მონაწილეობის მიღება სადავო ქონების შეძენაში, რაც დაკავშირებული იქნებოდა სადავო ქონებაზე საოჯახო-სამართლებრივი საფუძვლით, მისი, როგორც ერთ-ერთი მეუღლის, თანასაკუთრების უფლების წარმოშობასთან.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხე მ--–-------–----ის მიმართ, ჯ---–--------–-----ის სასარგებლოდ, თანხის დაკისრების შესახებ, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ჯ---–--------–-----ის სარჩელი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე მ--–-------–----ისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის (სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის) ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ საქმეზე მოპასუხემ მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ჯ---–--------–-----ს მოპასუხე მ--–-------–----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების შესაბამისად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ჯ---–--------–-----ის მოთხოვნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მ--–-------–----ს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა ტოიოტა პრადოს, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------, რეგისტრაციის მოწმობა - A--------, სახ. ნომერი A------. გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
იმის გათვალისწინებით, რომ ჯ---–--------–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო აუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯ---–--------–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ--–-------–----ს (პირადი N-----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა ტოიოტა პრადოს, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------, რეგისტრაციის მოწმობა - A--------, სახ. ნომერი A------. გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
3. მოპასუხე მ--–-------–----ს არ გადახდეს მოსარჩელე ჯ---–--------–-----ის მიერ გაღებული პროცესის ხარჯი. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. მოსარჩელე ჯ---–--------–-----ს მოპასუხე მ--–-------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა