გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.04.2019
საქმის ნომერი
330210118002534601
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20530-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 05 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - შპს ,,პ-----------ი’’

წარმომადგენელი - ნ-----------–--ე

მოპასუხე - შპს ,,მ-----’’

წარმომადგენელი - ნ-----------------, გ--------–---, ს--–--------------–--ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 18 064 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-18):

1.1.1. 2018 წლის 16 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნორმით - ,,U------’’ მძღოლის, დ---------–----ას ბრალეული ქმედებით მოხდა მის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკა, მოდელი - ,,F---’’, სახელმწიფო ნომრით - ,,V------’’) შეჯახება;

1.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება;

1.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანია - 16 000 ლარი, საექსპერტო მომსახურების ხარჯი - 1 920 ლარი, სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანის და დგომის ხარჯი - 144 ლარი. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზიანმა სულ შეადგინა - 18 064 ლარი;

1.1.4. ს----------–-------–-–-------------------ის მიერ დ---------–----ას მიმართ გამოიცა დადგენილება №ს------- ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ და შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი №ს-------;

1.1.5. ვინაიდან დ---------–----ა არ არის გადახდისუნარიანი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

1.1.6. მოპასუხეს წარუდგინა წერილობითი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, თუმცა მან უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების უშუალო მფლობელი სხვა პირია;

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 75-86):

2.1.1. ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,მ-------------–--------’’, სარეგისტრაციო ნომრით ,,U------’’ წარმოადგენს ლიზინგის საგანს მასსა და ლიზინგის მიმღებს - ნ----------------ს შორის 2018 წლის 05 იანვარს გაფორმებული №F-------------- ლიზინგის ხელშეკრულების და აღნიშნული ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე ამავე თარიღში გაფორმებული ავტომობილის გადაცემის №P-------------- ხელშეკრულების საფუძველზე;

2.1.2. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, მოხდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ლიზინგის მიმღებისათვის გადაცემა ფლობის, სარგებლობის და მომავალში მისი გამოსყიდვის უფლებით;

2.1.3. 2018 წლის 06 თებერვალს მას, ნ----------------ს და ნ-----------–---–ს შორის გაფორმდა ვალის გადაკისრების სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მასსა და ნ----------------ს შორის 2018 წლის 05 იანვარს გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით წარმოშობილ სალიზინგო - სამართლებრივ ურთიერთობებში ლიზინგის მიმღების - ნ----------------ის ადგილი დაიკავა ნ-----------–---–მა;

2.1.4. 2018 წლის 16 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ლიზინგის მიმღების - ნ-----------–---–ისთვის იყო გადაცემული ავტომობილის ფლობის, სარგებლობის და მომავალში გამოსყიდვის უფლება, შესაბამისად იგი არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილ სარჩელზე პასუხისმგებელ პირს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 05 იანვარს შპს ,,მ-----ს’’, როგორც ლიზინგის გამცემს და ნ----------------ს, როგორც ლიზინგის მიმღებს შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება №F--------------. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ამავე თარიღში გაფორმდა ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულება №P--------------. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, ლიზინგის საგანს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალება: M--------------------, VIN კოდი W----------------, გამოშვების წელი 1998, ძრავის მოცულობა 3199, ფერი ლურჯი 2/8, სანომრე ნიშნით - ,,U------’’.

ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, მას შედეგ, რაც შპს ,,მ-----’’ მიიღებს სატრანსპორტო საშუალებას საკუთრებაში, ,,მ-----’’ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს ლიზინგის მიმღებს უფლებას ფლობდეს, სარგებლობდეს და აგრეთვე გამოისყიდოს სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ლიზინგის მიმღები კი იღებს სატრანსპორტო საშუალებას ლიზინგით. ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების 4.4. პუნქტის მიხედვით, „მ-----’’ იძენს საკუთრების უფლებას სატრანსპორტო საშუალებაზე და „მ-----’’ გადასცემს, ხოლო ლიზინგის მიმღები იღებს ფაქტობრივ მფლობელობაში სატრანსპორტო საშუალებას ხელშეკრულების პირობათა შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულებები (ს.ფ. 87-98)

 

3.1.2. 2018 წლის 06 თებერვალს შპს ,,მ-----ს’’, ლიზინგის მიმღებს - ნ----------------ს და ლიზინგის ახალ მიმღებს - ნ-----------–---–ს შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახალი ლიზინგის მიმღების სურვილია შევიდეს ხელშეკრულებაში მხარედ და ჩაანაცვლოს ლიზინგის მიმღები შპს ,,მ-----სთან’’ არსებულ ხელშეკრულებაში იგივე წესითა და პირობებით (შესაძლოა შეიცვალოს გადახდის გრაფიკი კლიენტის მოთხოვნისამებრ) და იტვირთოს იგივე ვალდებულებები და ისარგებლოს იგივე უფლებებით, რაც გაწერილია შესაბამის ხელშეკრულებაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებაა: M--------------------, VIN კოდი W----------------, გამოშვების წელი 1998, ძრავის მოცულობა 3199, ფერი ლურჯი 2/8, სანომრე ნიშნით - ,,U------’’.

ხელშეკრულების მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ლიზინგის მიმღები თანახმაა დაუთმოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები ახალ ლიზინგის მიმღებს. შპს ,,მ-----’’ თანახმაა ახალი ლიზინგის მიმღები გახდეს მხარე არსებულ ხელშეკრულებაში ნაცვლად ლიზინგის მიმღებისა წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და საფუძველზე შპს ,,მ-----’’ შევა ახალ ლიზინგის მიმღებთან სამართალურთიერთობაში იმ წესითა და პირობებით, რაც გაწერილია შესაბამის ლიზინგის ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ჩაითვლება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად შეცვლილად, კერძოდ, ახალი ლიზინგის მიმღები ჩაანაცვლებს ლიზინგის მიმღებს შპს ,,მ-----ს’’ წინაშე ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა უფლებასა და ვალდებულებაში, ამავდროულად, ლიზინგის მიმღები კარგავს ხელშეკრულების მხარის სტატუსს და გადის შესაბამისი სამართალურთიერთობიდან. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღები ამ ხელშეკრულების გაფორმებით იღებს ვალდებულებას ლიზინგის ახალ მიმღებს გადასცეს, ხოლო ლიზინგის ახალი მიმღები იღებს ვალდებულებას ფლობის, სარგებლობისა და მომავალში მისი გამოსყიდვის უფლებით მიიღოს ლიზინგის საგანი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება. ცალკე აქტის გაფორმება სატრანსპორტო საშუალების გადაცემაზე საჭირო არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, გრაფიკი (ს.ფ. 99-100)

 

3.1.3. 2018 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს შეეჯახნენ ავტოსატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშნით - ,,U------’’, მარკა/მოდელი - ,,მ-------------–--------’’, რომელსაც მართავდა მძღოლი დ---------–----ა და მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა/მოდელი - ,,F---’’, სახელმწიფო ნომრით - ,,V------’’.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება, სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 29-30)

3.1.4. ს----------–-------–-–-------------------ის მიერ 2018 წლის 27 აპრილს გაცემული №ს------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამართალდარღვევა ჩადენილია დ---------–----ას მიერ მართული ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო ნორმით - ,,U------’’, შესაბამისად, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილია დ---------–----ა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება, დადგენილება, სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 29-30)

 

3.1.5. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მარკა/მოდელი - ,,F---’’, სახელმწიფო ნომრით - ,,V------’’ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 18 064 ლარი, საიდანაც საექსპერტო მომსახურების ხარჯია 1 920 ლარი, საექსპერტო დასკვნით დადგენილი ზიანის ოდენობაა 16 000 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის ხარჯები შეადგენს 144 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება, სააღსრულებო ფურცელი, ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 29-30; 32-38)

 

3.1.6. 2018 წლის 27 აპრილს შსს ს----------–-------–-–-------------------ის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ №ს------- დადგენილების თანახმად, დ---------–----ას მიმართ გამოიცა სააღსრულებო ფურცელი და შპს ,,პ-----------ის’’ სასარგებლოდ დაეკსრა ზიანის - 18 064 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული დადგენილების საფუძველზე 2018 წლის 27 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი №ს-------, რომელშიც სამართალდამრღვევად მითითებულია დ---------–----ა, ხოლო დაზარალებულად (კრედიტორად) მოსარჩელე - შპს ,,პ-----------ი’’.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება, სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 29-30)

 

3.1.7. ავტოსატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშნით - ,,U------’’, მარკა/მოდელი - ,,მ-------------–--------’’, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რეგისტრირებული იყო შპს ,,მ-----ს’’ სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 26)

3.1.8. 2018 წლის 15 მაისს მოსარჩელის მიერ მოპასუხეს გაეგზავნა მიმართვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის - 18 064 ლარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით. მოპასუხემ უარი განაცხადა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ მას ავტოსაგზაო შემთხვევისას ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის საგნის - სატრანსპორტო საშუალების მფლობელობის უფლებამოსილება გადაცემული ჰქონდა ლიზინგის მიმღების - ნ-----------–---–ისთვის, შესაბამისად, აღარ უნდა იქნეს განხილული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელად პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნებისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ. 40-44)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. შპს „მ-----ს’’ არ ეკისრება შესაბამისი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა.

მოპასუხემ მიუთითა, რომ იგი არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის პასუხისმგებელ პირს, ვინაიდან მართალია იგი ავტოსაგზაო შემთხვევისას რეგისტრირებული იყო ლიზინგის საგნის მესაკუთრედ, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევამდე და მის დროსაც, ავტომობილით სარგებლობის და მფლობელობის უფლება შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე მას გადაცემული ჰქონდა ნ-----------–---–ისთვის, რაც გამორიცხავს მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ არსებითად შედავებულია ის გარემოება, რომ იგი არ წარმოადგენს სარჩელზე პასუხისმგებელ პირს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სარჩელზე პასუხისმგებელ სუბიექტთა დიფერენცირება სამართალურთიერთობის როგორც ფაქტობრივი ისე იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მოპასუხის სამართლებრივი კავშირი და ურთიერთობა. შესაბამისად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა, თუ ვინ მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალების მფლობელად და რა შემთხვევაში ეკისრება მას პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად მიყენებული ზიანისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010).

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია, მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამავე ნორმის მესამე წინადადების თანახმად, ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), სხვას მიაყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს (არამართლზომიერ მფლობელს) და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის მიერ მოსარგებლისათვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა მართლზომიერია და სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვება ზიანი. ასეთ დროს შესაძლებელია გამოიყოს ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. კერძოდ, როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს და არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი’’ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე’’ (პირდაპირი მფლობელი). სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება მას და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტი მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება (იხ. სუსგ, №ას-39-38-10, 15 ივლისი 2010 წელი).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული იყო შპს ,,მ-----ს’’ სახელზე, თუმცა იგი ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული იყო ლიზინგის მიმღებისათვის - ნ-----------–---–ისთვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც მესაკუთრეს, ამ შემთხვევაში შპს „მ-----ს’’, სატრანსპორტო საშუალების გადაცემის უფლებამოსილება გადაცემული აქვს მესამე პირისთვის - ნ-----------–---–ისთვის შესაბამისი ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, ის აღარ უნდა იქნეს განხილული მფლობელად წარმოდგენილ სარჩელზე პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნებისთვის.

სასამართლო მიუთითებს, რომ ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, მფლობელობის გადაცემა იმგვარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებაა, რომელიც დელიქტური ვალდებულებისაგან ათავისუფლებს მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეს (სკ-ის 999.4 მუხლი) (იხ. სუსგ, საქმე №ას-1453-1373-2017). ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალების პირდაპირ მფლობელთან (მძღოლი) ერთად ეკისრება ლიზინგის მიმღებს იმდენად რამდენადაც ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღები მესაკუთრისამებრ ფლობს ნივთს, აღიჭურვება ნივთის მესაკუთრის უფლებებში და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამგვარი ურთიერთობის ფარგლებში მისთვის გარანტირებულია ნივთით სარგებლობის შედეგად მატერიალური სიკეთის მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული მახასიათებლებით ლიზინგის მიმღების უფლებები უთანაბრდება მოიჯარის უფლებებს და ხშირად ადგილი აქვს ლიზინგისა და საიჯარო ურთიერთობების გაიგივებას. სალიზინგო ურთიერთობაში აღიარებული პრინციპების მიხედვით ლიზინგის მიმღები ეკონომიკური/იურიდიული მესაკუთრის სტატუსით არის ცნობილი. ლიზინგის ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა, ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის თანმხვედრი უფლებებითა და მოვალეობებით. შესაბამისად, რადგან ლიზინგის მიმღები უფლების თვალსაზრისით უთანაბრდება მესაკუთრეს, მანვე უნდა ზღოს მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ტვირთი (იხ.საქმე №2ბ/6433-2016).

ზემოაღნიშნული განმარტებები ცხადყოფს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხე არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს. მართალია სასამართლომ მოპასუხის პასუხიმგებლობის გამომრიცხველ გარემოებებზე მსჯელობისას მიუთითა ლიზინგის ხელშეკრულების არსებობისას პასუხისმგებელ სუბიექტთა წრე (მძღოლი, ლიზინგის მიმღები), თუმცა წარმოდგენილი სარჩელის და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლოს მიერ დასადგენ გარემოებას არ წარმოადგენს არსებობს თუ არა სამოქალაქო კოდექსის 999-ე (4), 992-ე და 998-ე მუხლებით გათვალისწინებული მძღოლისა და ლიზინგის მიმღების დამოუკიდებელი ან ერთობლივი - სოლიდარული პასუხისმგებლობის წინაპირობები, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა წარმოდგენილია მხოლოდ შპს ,,მ-----ს’’ მიმართ. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის მიზნებისათვის არსებითია დადგინდეს არსებობს თუ არა უშუალოდ მოპასუხის პასუხისმგებლობის საფუძველი.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის განმარტებაზე, იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მძღოლი დ---------–----ა გადახდისუუნაროა, აღნიშნული გახდა მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელის წარმოდგენის საფუძველი. მიუხედავად მოსარჩელის სურვილისა, განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებები არ განაპირობებენ მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს, ვინაიდან ლიზინგის ხელშეკრულების არსებობა, ავტომობილზე სხვა პირისათვის მფლობელობის გადაცემა განაპირობებს ზიანის ანაზღაურებაზე მოპასუხის პასუხისმგებლობის გამორიცხვას. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „მ-----ს’’ არ ეკისრება შესაბამისი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა.

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 999-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველია დელიქტური ვალდებულება.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილით, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

სსკ 999-ე მუხლი სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ქცევის წესია და ერთგვარად საგამონაკლისო ხასიათის ნორმაცაა, რადგან განსაზღვრავს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლებს. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი, ვისი ბრალით იყო გამოწვეული ზიანი.

პასუხისმგებლობის ამ წესით განსაზღვრა და პასუხისმგებელ სუბიექტთა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი კვალიფიკაცია განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, რა დროსაც ადამიანის მხრიდან მისი გამოყენების შემთხვევაში სრული და გარანტირებული კონტროლის განხორციელება შეუძლებელია და ექსპლუატაციისას ადამიანისა თუ ნივთისადმი რაიმე სახის ზიანის მიყენების გარკვეული შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის გამოყენება სწორედ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის თვისებებით, რის გამოც იგი მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, ანუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მხოლოდ მაშინ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ დარღვეულია მისი ექსპლუატაციის წესები.

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია, მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამავე ნორმის მესამე წინადადების თანახმად, ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე, სხვას მიაყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. სწორედ ასეთ რეგულირებას შეიცავს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადება. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო, რასაც ითვალისწინებს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მეორე წინადადება. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის მიერ მოსარგებლისათვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა მართლზომიერია და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ზიანი. ასეთ შემთხვევაში 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადება მიჯნავს მფლობელის ნებით სატრანსპორტო საშუალების სამართავად დანიშნული პირის მიერ ზიანის მიყენებას და მფლობელის მიერ პირისათვის სხვა საფუძვლით გადაცემული სატრანსპორტო საშუალებით ზიანის მიყენებას. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მფლობელის ნებით სატრანსპორტო საშუალების გადაცემით მისი მიმღები ხდება მართლზომიერი მფლობელი, მაგრამ კანონი განსახილველი ნორმით მფლობელის ნების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მიმღებ პირად გულისხმობს მოსარგებლეს, რომელსაც ამ ნორმის თანახმად, არ ეკისრება პასუხიმგებლობა მის მიერ მიყენებული ზიანისათვის, 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევის მსგავსად.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, შესაძლებელია გამოვყოთ ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს: როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მფლობელს, რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.

ხსენებული ნორმების განმარტების საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „მ-----ს’’ არ ეკისრება შესაბამისი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 543.15 ლარი (ს.ფ. 48). სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელისთვის წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის დაკისრება დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ არ ეკისრება წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაბამისი ხელშეკრულების და ხარჯის რეალურად გაღების თაობაზე სათანადო დოკუმენტის მოპასუხის მიერ წარმოუდგენლობის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში იგი მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ მინდობილობას, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ წარმომადგენელს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასურის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ს.ფ. 53-56) უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,პ-----------ის’’ სარჩელი შპს ,,მ-----ს’’' მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს ”მ-----ს” (ს/ნ4--------) აეკრძალა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის 18 064 ლარის განკარგვა, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემისა. ასევე, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდოს უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით;

4. მოსარჩელე შპს ,,პ-----------ს’’ მოპასუხე შპს ,,მ-----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი