გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/29427-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ი“
წარმომადგენელი - ზუ------------–---–ი
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) - შო------------–--ე
წარმომადგენლები - ხა--------–------ი, ნა-----------–--ე, ლე-----------ე
დავის საგანი (თავდაპირველი სარჩელით) - თანხის დაკისრება
დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - ხელშეკრულების დანართის ბათილად ცნობა და სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შო------------–--ეს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 1800 ლარის გადახდა.
2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
2.1. ბათილად იქნას ცნობილი №3--- ხელშეკრულების 21.06.2018წ. დანართი №- და შო------------–--ე გათავისუფლდეს 1800 ლარის ოდენობით სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდისაგან.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 20 ივნისს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ს“ სამედიცინო მომსახურებისათვის მიმართა შო------------–--ემ, რომელთანაც იმავე დღეს გაფორმებულ იქნა №3--- ხელშეკრულება. შესაბამისად, შო------------–--ეს 20-21 ივნისს გაეწია სამედიცინო მომსახურება, რომლის საფასურმა ჯამში შეადგინა 4210 ლარი (ანგიოლასტიკა 3 სტენტის იმპლანტაციით 2310 ლარი, სტანდარტზედა მომსახურების საფასური 100 ლარი, 3 წამლით დაფარული სტენტის საფასური 1800 ლარი). ანგიოლასტიკის საფასურიდან - 2310 ლარიდან 2079 ლარი ექვემდებარებოდა ჯანდაცვის სახ. პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას 18.06.2018წ. გაცემული №------- მიმართვის საფუძველზე, ხოლო 231 ლარი წარმოადგენდა პაციენტის გადასახდელ წილს. რაც შეეხება სტანდარტზედა მომსახურების საფასურს - 100 ლარს და 3 წამლით დაფარული სტენტის საფასურს - 1800 ლარს, აღნიშნული საერთოდ არ ექვემდებარებოდა სახ. პროგრამით დაფინანსებას და წარმოადგენდა პაციენტის გადასახდელს, რისი გათვალისწინებითაც სულ პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხა შეადგენდა 2131 ლარს, რომლიდანაც პაციენტის მხრიდან გადახდილ იქნა 331 ლარი. შესაბამისად, დარჩენილი თანხა შეადგენს 1800 ლარს, რომლის გადახდის ვალდებულებაც ეკისრება მოპასუხეს 2018 წლის 20 ივნისის №3--- ხელშეკრულების 3.5., 4.2.1., 4.2.5. პუნქტებისა და 2018 წლის 21 ივნისის დანართი №--ის საფუძველზე.
ძირითადი სარჩელით მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე შო------------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 20 ივნისს მას ჩაუტარდა დაგეგმილი ოპერაცია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ოპერაცია ჩატარდებოდა უწამლო სტენტით. კერძოდ, 2018 წლის 18 ივნისს მოსარჩელემ ანგარიშფაქტურა და კალკულაცია გადასცა მოპასუხეს, სადაც ასახული იყო ის თანხა, რაც დადჯებოდა ოპერაცია სამი წამლიანი სტენტის ჩადგმის შემთხვევაში, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა უსახსრობის გამო და შესაბამისად არც ხელი მოაწერა აღნიშნულ ანგარიშფაქტურას. მოპასუხის მიერ თანხმობა გაცხადებულ იქნა სწორედ უწამლო სტენტებზე, რისი ნაწილიც ანაზღაურდა საყოველთაო ჯან. დაცვის პროგრამით, ხოლო სხვაობა 231 ლარი და დამატებული სტანდარტზედა მომსახურება გადახდილ იქნა პაციენტის მიერ ოპერაციამდე, ვინაიდან მოსარჩელის შინაგანაწესით სტენტირების საფასური აუცილებლად ოპერაციამდე უნდა ყოფილიყო გადახდილი. ამდენად, მოპასუხემ ოპერაციამდე მთლიანად დაფარა უწამლო სტენტის ხარჯები.
20.06.2018წ. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, გეგმიური ინტერვენციული ჩარევებისა და გეგმიური ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში, საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს მკურნალობის დაწყებამდე ცენტრში არსებული სტანდარტების მიხედვით. სტენტირება წარმოადგენს ქირურგიულ ინტერვენციას, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი კონსულტაციების შედეგად. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციის საფასური შო------------–--ემ ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დაფარა. კლინიკასა და მოპასუხეს შორის არსებობდა შეთანხმება უწამლო სტენტირების შესახებ, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მას წინასწარ გადაახდევინეს მხოლოდ 331 ლარი, რაც არის უწამლო სტენტირების და სტანდარტზედა მომსახურების საფასური. თუკი არსებობდა შეთანხმება წამლიანი სტენტირებით ოპერაციაზე, რატომ არ გადაახდევინეს შო------------–--ეს 1800 ლარი? შო------------–--ე ისე გამოწერეს კლინიკიდან, რომ მასთან არც დამატებითი ხელშეკრულება დაუდიათ და არც მკურნალობის ხარჯების დაფარვა მოუთხოვიათ. იგი კლინიკიდან გამოწერეს ყოველგვარი დამატებითი ანგარიშსწორების მოთხოვნის გარეშე.
20.06.2018წ. №3--- ხელშეკრულების დანართ №--ზე ხელმოწერა მოხდა მოტყუების შედეგად და მასში ასახულია ის მონაცემი სტენტის შესახებ, რაც რეალობას არ შეესაბამება. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული ხელშეკრულება პალატის ექიმმა შო------------–--ეს გადასცა 2018 წლის 21 ივნისს, ოპერაციის მეორე დღეს და გააცნო, როგორც კლინიკიდან გაწერის ფორმალური პროცედურა და არა წამლიანი სტენტის საფასურის ანაზღაურებაზე რაიმე ვალდებულების წარმოშობის წინაპირობა. მოპასუხისათვის თანხის გადახდის ვალდებულების შესახებ არ გამხდარა ცნობილი 21 ივნისს. იგი იმყოფებოდა პოსტ-ოპერაციულ მდგომარეობაში და ვერ შეძლო ანაზღაურების პირობებს არსებითად გაცნობოდა. საავადმყოფოდან გაწერამდე, არათუ არავის მოუთხოვია სადავო თანხის გადახდა არც წინასწარ და არც გამოწერისას, არამედ არც კი უხსენებიათ, რომ წამლიანი სტენტის ჩადგმა მოხდა.
მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შო------------–--ეს გაუკეთდა სტენტირების ოპერაცია, თუმცა განმარტავს, რომ მას გაუკეთდა სტენტირება არა წამლიანი, არამედ უწამლო სტენტით.
2018 წლის 18 ივნისის №------- მიმართვის საფუძველზე საყოველთაო ჯან. დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ იქნა შო------------–--ისათვის ჩატარებული ოპერაციის ღირებულება 2079 ლარის ოდენობით. მიმართვაში აღნიშნულია, რომ უნდა ჩატარებულიყო სტენტირების ოპერაცია, თუმცა წამლიანი სტენტები ნახსენები არ არის, რაც მოწმობს იმას, რომ მხარეთა შორის დაიდო წინასწარი შეთანხმება ოპერაციის უწამლო სტენტებით ჩატარების შესახებ.
შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 20 ივნისს შო------------–--ეს ჩაუტარდა გეგმიური ოპერაცია, კერძოდ გულის უწამლო სტენტირება. ჩა-----ს კლინიკის მკაცრი შინაგანაწესისა და პაციენტსა და კლინიკას შორის დადებული №3--- ხელშეკრულების 3.2. პუნქტის შესაბამისად, შო------------–--ემ წინასწარ გადაიხადა ოპერაციის ღირებულება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუტარდა მას ოპერაცია. შო------------–--ე 21 ივნისს გამოწერეს კლინიკიდან ყოველგვარი ანგარიშსწორების მოთხოვნის ან დამატებითი ხელშეკრულების დადების გარეშე. გაწერისას, კი მას პალატის ექიმმა მოტყუებით მოაწერინა ხელი ხელშეკრულების დანართზე, რაც შო------------–--ეს გააცნო, როგორც კლინიკიდან გაწერის ფორმალური პროცედურები. არანაირ დამატებით ფინანსურ ვალდებულებაზე პაცინეტს არავინ გასაუბრებია. იგი დანართზე ხელმოწერის დროს იმყოფებოდა პოსტ-ოპერაციულ მდგომარეობაში და არ ჰქონდა შესაძლებლობა სრულად გაეაზრებინა თუ რა ვალდებულებას აწერდა ხელს. ასევე, მას გააჩნდა ნდობა პალატის ექიმის მიმართ, რომელიც ზედამხედველობდა და ზრუნავდა პაციენტზე. შო------------–--ემ არ იცოდა, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენდა სამედიცინო მომსახურების ფინანსურ პირობებს. ამის თაობაზე რომ სცოდნოდა, იგი არ მოაწერდა ხელს ფინანსურ ვალდებულებას, რადგან, როგორც აღინიშნა, მას ოპერაციის ჩატარებამდე სრულად ჰქონდა დაფარული ყველანაირი ხარჯი.
ამასთან, საერთოდ არ დასტურდება წამლიანი სტენტის რეალურად ჩადგმის ფაქტი. ოპერაციამდე ორი დღით ადრე შო------------–--ე ქალიშვილთან ერთად მისული იყო კლინიკაში, სადაც განემარტა წამლიანი დ უწამლო სტენტის ღირებულება და მათ შორის სხვაობა. თუმცა, შო------------–--ემ არაერთხელ აღნიშნა ჩა-----ს კლინიკაში, რომ მას სურდა ოპერაციის გაკეთება უწამლო სტენტებით.
შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი (შეგებებული) არ ცნო და განმარტა, რომ ის გარემოება, რომ შო------------–--ეს ჩაუტარდა სტენტირება არა წამლით დაფარული სამი სტენტით, არამედ სტანდარტული სტენტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. შო------------–--ეს მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის პაციენტის თანაგადახდის წილიდან - 2131 ლარიდან გადახდილი აქვს მხოლოდ ნაწილი - 331 ლარი, შესაბამისად დარჩენილი დავალიანება შეადგენს - 1800 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 0- მაისს შო------------–--ემ სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით, მიმართა შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ს“, სადაც ჩაუტარდა გეგმიური კორონაროგრაფია. კორონაროგრაფიის შედეგად გამოვლინდა კორონარული არტერიების მრავლობითი დაზიანებები. შედგა კარდიო-ვასკულარული კოლოქვიუმი და რეკომენდირებულ იქნა შემდეგი: 1. კორონარული შუნტირება; 2. კორონარული სტენტირება. პაციენტმა თანხმობა განაცხადა სტენტირების ჩატარებაზე.
ამასთან, პაციენტს მიეცა შემდეგი სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: კორონარული სტენტირება სამი წამლით დაფარული 5 CAR (კორონარული არტერიების ანატომიის, დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, სასწრაფო დაყოვნებულ რეჟიმში). პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 2018 წლის 09 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-11.05.2018წ. გაცემული №4--- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. 14.03.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.1.2. 2018 წლის 20 ივნისს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------სა“ და შო------------–--ეს შორის გაფორმდა №3--- ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც ამავე დღეს შო------------–--ეს ჩაუტარდა გეგმიური კორონარული სტენტირება.
ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, გეგმიური ინტერვენციული ჩარევების (ანგიოგრაფები, ანგიოპლასტიკა, ბალონირება და სხვა) და გეგმიური ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში, საფასურის გადახდა/საგარანტიო წერილის წარდგენა უნდა განხორციელდეს მკურნალობის დაწყებამდე ცენტრში არსებული სტანდარტების მიხედვით.
ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, გეგმიური ინტერვენციული ჩარევების (ანგიოგრაფები, ანგიოპლასტიკა, ბალონირება და სხვა) და გეგმიური ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში, საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 24 საათში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ან/და პაციენტის წარმომადგენელი ვერ უზრუნველყოფენ ამ პუნქტში მითითებული თანხის 24 საათში გადახდას ან სრულად გადახდას, მომსახურების ღირებულების (დარჩენილი ნაწილის) გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს პაციენტის ცენტრიდან გაწერამდე, ცენტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე.
ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, მესამე პირთა (სადაზღვევო კომპანია, სახელმწიფო და სხვა) მიერ მომსახურეობის საფასურის ნაწილის დაფინანსების შემთხვევაში, პაციენტი ან/და პაციენტის წარმომადგენელი მკურნალობის ღირებულების შესაბამის ნაწილს თანაგადახდის წესით იხდის 3.1., 3.2. და 3.3. პუნქტების შესაბამისად.
ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, მესამე პირთა (სადაზღვევო კომპანია, სახელმწიფო და სხვა) მიერ მომსახურეობის საფასურის დაუფინანსებლობის (სრულიად ან/და ნაწილობრივ) შემთხვევაში, პაციენტი ან/და პაციენტის წარმომადგენელი ვალდებულია გადაიხადოს მომსახურეობის საფასური იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსება რაიმე მიზეზით არ განხორციელდა მომსახურების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ხელშეკრულების 3.10. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ან/და პაციენტის წარმომადგენელი ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურეობის ღირებულების ხელშეკრულების მე-3 პუნქტის პირობების შესაბამისად გადახდას, პაციენტთან/პაციენტის წარმომადგენელთან შესაძლოა გაფორმებულ იქნეს დამატებითი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება სამედიცინო მომსახურეობის ღირებულების ანაზღაურების დამატებითი ვადა და პირობები.
ხელშეკრულების 4.1.6. პუნქტის თანახმად, პაციენტი უფლებამოსილია მიიღოს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია განხორციელებული/განსახორციელებელი სამედიცინო მომსახურების ფინანსური მხარის, ცენტრში მოქმედი სახელმწიფო პროგრამებისა და შეღავათებით სარგებლობის წესის და გადასახდელი თანხების შესახებ.
ხელშეკრულების 4.2.5. პუნქტის თანახმად, პაციენტი/პაციენტის წარმომადგენელი ვალდებულია გაეცნოს ცენტრში არსებული მომსახურების ტარიფებს, ჩატარებული მკურნალობის ფინანსურ მხარეს და დაადასტუროს აღნიშნული ხელშეკრულების დანართი №--ზე ხელმოწერით. სამედიცინო მომსახურების გაცნობაზე და დანართ №--ზე ხელმოწერაზე უარი არ ათავისუფლებს პაციენტს/პაციენტის წარმომადგენელს მკურნალობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.06.2018წ. №3--- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 15-16);
- 25.06.2018წ. გაცემული №6--- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 17-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. 2018 წლის 20 ივნისს შო------------–--ემ შესაბამის დოკუმენტზე (პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა კორონარული ინტერვენციის ჩატარებაზე) ხელმოწერით ინფორმირებული თანხმობა განაცხადა კორონარული ინტერვენციის (კორონაროგრაფია, კორონარული ანგიოპლასტიკა და სტენტირება) ჩატარების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.06.2018წ. წერილობითი თანხმობა (იხ. ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.1.4. შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის 20.06.2018წ. (16:05-16:50) კორონარული ანგიოპლასტიკის ოქმი №4---ისა (ს/ბარათი №3---) და 25.06.2018წ. გაცემული №6--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, შო------------–--ისათვის ჩატარებული კორონარული სტენტირების შედეგად, მოხდა შემდეგი სამიზნე სისხლძარღვების დაზიანების ლოკალიზაცია, შემდეგი სტენტის იმლანტაციის გზით:
1. მარჯვენა კორონარული არტერია/RCA/- დისტალური სეგმენტი/99%
ჩატარებულია: ბალონური დილატაცია, სტენტირება/4.0x18 mm BioMatrix
2. მარჯვენა კორონარული არტერია/RCA/- შუა სეგმენტი/75%
ჩატარებულია: ბალონური დილატაცია, სტენტირება/4.0x18 mm BioMatrix
3. შემომხვევი არტ./CX/- პროქსიმალური სეგმენტი/90%
ჩატარებულია: ბალონური დილატაცია, სტენტირება/2.5x12 mm Resolute
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კორონარული ანგიოპლასტიკის ოქმი №4-- (იხ. ს.ფ. 21);
- 25.06.2018წ. გაცემული №6--- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 17-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. 2018 წლის 21 ივნისს შო------------–--ის მიერ ხელმოწერილ იქნა მასსა და შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ს“ შორის 20.06.2018წ. დადებული №3--- ხელშეკრულების დანართი №- - სამედიცინო მომსახურების ფინანსური პირობების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ შო------------–--ეს 2018 წლის 20 ივნისს ჩაუტარდა კორონარული სტენტირება წამლით დაფარული 3 სტენტის იმპლანტაციით, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 4210 ლარი, საიდანაც სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელია - 2079 ლარი, ხოლო პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი - 2131 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №3--- ხელშეკრულების დანართი №- (იხ. ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.6. შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ში“ 2018 წლის 20 ივნისს შო------------–--ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურებულ იქნა ანგიოპლასტიკის ღირებულება (2310 ლარი) ნაწილობრივ 2079 ლარის ოდენობით, ხოლო თავად პაციენტის მიერ ანაზღაურებულ იქნა 331 ლარი, რაც მოიცავდა ანგიოპლასტიკის დარჩენილ ღირებულებას 231 ლარს და სტადარტზედა მომსახურების საფასურს 100 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიმართვა №------- (იხ. ს.ფ. 19);
- ანგარიშ-ფაქტურა (იხ. ს.ფ. 44);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.7. მოწმე ნინ----–-–-ის ჩვენების თანახმად:
ნინ----–-–-ი არის კარდიოლოგი და მუშაობს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ში“.
ნინ----–-–-ი შო------------–--ეს შეხვდა ორჯერ. პირველად, როდესაც გაკეთდა გეგმიური კორონაროგრაფია, ხოლო მეორედ როდესაც პაციენტი დაგეგმილ სტენტირებაზე მივიდა კლინიკაში.
შო------------–--ეს გაუკეთდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც გამოვლინდა მძიმე დაზიანებები. პაციენტს პირველი რიგის ჩვენებად ერჩია კორონარული შუნტირება, ხოლო ალტერნატივად კორონარული სტენტირება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა პაციენტს, რომელმაც უარი განაცხადა შუნტირებაზე. შესაბამისად, ვინაიდან ალტერნატივად რჩებოდა სტენტირება, პაციენტმა სტენტირებაზე თანხმობა განაცხადა. კონკრეტულ შემთხვევაში, პირდაპირ ნაჩვენები იყო წამლიანი სტენტი, იმიტომ რომ პაციენტი იყო მძიმე.
არსებული დაზიანებების პირობებში, სტანდარტული სტენტის ჩაყენება იქნებოდა უშედეგო და უფრო მეტი გართულება შეიძლება მოჰყოლოდა. სახეზე იქნებოდა რესტენოზის მაღალი რისკი.
მოწმის განმარტებით, პაციენტი თავიდანვე იყო ინფორმირებული რომ წამლიანი სტენტი უყენდებოდა. მას განემარტა ის, თუ რა რეკომენდაცია გაიცა კონსილიუმის მიერ და რატომ იყო წამლიანი სტენტი საჭირო. განემარტა, ასევე წამლიან და უწამლო სტენტს შორის განსხვავება. შო------------–--ეს ნინ----–-–-ისათვის არ განუცხადებია, რომ მას არ ჰქონდა წამლიანი სტენტის ჩაყენების საშუალება. ამას ექიმი არ არკვევს, ეს არის ფინანსური საკითხი, რომელთანაც ექიმს შეხება არ აქვს. ექიმი მოვალეა პაციენტს განუმარტოს მხოლოდ სამედიცინო ჩვენების შესახებ. იგი როგორც კარდიოლოგი, პაციენტს აცნობს რა არის სამედიცინო ჩვენებით აუცილებელი და რა ჩატარდა. ხელშეკრულება და ფინანსური კუთხე არ არის კარდიოლოგის საქმე.
ყველა დოკუმენს პაციენტი ხელს აწერს ექიმის ახსნა-განმარტების შემდეგ. ბოლოს №3--- ხელშეკრულების №- დანართიც მან გადასცა შო------------–--ეს. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი მოაწერინა, თუმცა ფინანსური მხარე არ არის კარდიოლოგის საქმე და ეს საკითხები მას არ გაუცვნია პაციენტისათვის.
პაციენტი გაეცნო საკუთარ მდგომარეობას და წერილობით მოხდა მისი დადასტურება. იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებდა წერილობითი თანხმობის გაცემაზე, მას ოპერაცია არ ჩაუტარდებოდა. მკურნალობის სტრატეგიას ექიმი განსაზღვრავს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პაციენტი არ ეთანხმება არჩეულ სტრატეგიას, მას ეს მკურნალობა ვერ ჩაუტარდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 01.04.2019წ. სხდომის ოქმი);
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ 2018 წლის 20 ივნისს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ში“ შო------------–--ისათვის ჩატარებული გეგმიური კორონარული სტენტირების შედეგად, მისთვის იმპლანტირებულ იქნა წამლით დაფარული 3 სტენტი.
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ შო------------–--ესა და შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ს“ შორის არსებობდა შეთანხმება უწამლო სტენტის ჩადგმის შესახებ და მას ოპერაციის ჩატარებამდე თანხმობა არ განუცხადებია წამლით დაფარული 3 სტენტის იმპლანტაციის თაობაზე.
3.2.3. სამართლო ადგენს, რომ შო------------–--ის მიერ სრულად არ არის გადახდილი შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ში“ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ღირებულება და მისი დავალიანება კლინიკის მიმართ შეადგენს - 1800 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 0- მაისს შო------------–--ემ სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით, მიმართა შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ს“, სადაც ჩაუტარდა გეგმიური კორონაროგრაფია, რის შედეგადაც გამოვლინდა კორონარული არტერიების მრავლობითი დაზიანებები. შედგა კარდიო-ვასკულარული კოლოქვიუმი და რეკომენდირებულ იქნა შემდეგი: 1. კორონარული შუნტირება; 2. კორონარული სტენტირება. პაციენტმა თანხმობა განაცხადა სტენტირების ჩატარებაზე. ამასთან, პაციენტს მიეცა შემდეგი სამკურნალო და შრიმითი რეკომენდაციები: კორონარული სტენტირება სამი წამლით დაფარული 5 CAR (კორონარული არტერიების ანატომიის, დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, სასწრაფო დაყოვნებულ რეჟიმში). პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 2018 წლის 09 მაისს. აღნიშნულის შემდგომ, 2018 წლის 20 ივნისს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------სა“ და შო------------–--ეს შორის გაფორმდა №3--- ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც ამავე დღეს შო------------–--ეს ჩაუტარდა გეგმიური კორონარული სტენტირება.
მოსარჩელის განმარტებით, შო------------–--ეს მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, ჩაუდგეს სამი წამლით დაფარული სტენტი. თუმცა, მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნულ გარემოებას და განმარტავს, რომ მას ჩაუდგეს არა წამლით დაფარული, არამედ უწამლო სტენტი, ვინაიდან უსახსრობის გამო უარი განაცხადა წამლით დაფარული სტენტის იმპლანტაციაზე. შესაბამისად, მასსა და შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ს“ შორის შეთანხმებაც სწორედ ამის თაობაზე შედგა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შო------------–--ის მიერ 2018 წლის 20 ივნისს ხელმოწერილი თანხმობის დოკუმენტი, საიდანაც დგინდება, რომ შო------------–--ემ ინფორმირებული თანხმობა განაცხადა კორონარული ინტერვენციის (კორონაროგრაფია, კორონარული ანგიოპლასტიკა და სტენტირება) ჩატარების შესახებ. ასევე, შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ მიერ 2018 წლის 25 ივნისს გაცემული №6--- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ შო------------–--ეს 2018 წლის 20 ივნისს ჩაუტარდა გეგმიური კორონარული სტენტირება და იმპლანტირებულ იქნა სამი სტენტი წამლით დაფარული. აღნიშნულ ცნობაში კონკრეტულადაა მითითებული ინფორმაცია სამიზნე სისხლძარღვების, ლოკალიზაციის ხარისხისა და იმპლანტირებული სტენტების შესახებ: 1. მარჯვენა კორონარული არტერია/RCA/-დისტალური სეგმენტი/99%, ჩატარებულია: ბალონური დილატაცია, სტენტირება/4.0x18 mm BioMatrix; 2. მარჯვენა კორონარული არტერია/RCA/-შუა სეგმენტი/75%, ჩატარებულია: ბალონური დილატაცია, სტენტირება/4.0x18 mm BioMatrix; 3. შემომხვევი არტ./CX/-პროქსიმალური სეგმენტი/90%, ჩატარებულია: ბალონური დილატაცია, სტენტირება/2.5x12 mm Resolute. აღნიშნული ინფორმაცია ასევე დასტურდება, შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის კორონარული ანგიოპლასტიკის ოქმი №4---ით. წარმოდგენილია, ასევე შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------სა“ და შო------------–--ეს შორის 20.06.2018წ. გაფორმებული ხელშეკრულება №3----ის დანართი №- - სამედიცინო მომსახურების ფინანსური პირობების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ შო------------–--ეს 2018 წლის 20 ივნისს ჩაუტარდა კორონარული სტენტირება 3 წამლით დაფარული სტენტის იმპლანტაციით. დანართი შედგენილია ოპერაციის შემდგომ - 2018 წლის 21 ივნისს და ხელმოწერილია პირადად შო------------–--ის მიერ.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმის სახით დაკითხულ იქნა შო------------–--ის მკურნალი ექიმი ნინ----–-–-ი, რომელმაც განმარტა, რომ შო------------–--ეს გაუკეთდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც გამოვლინდა მძიმე დაზიანებები. პაციენტს პირველი რიგის ჩვენებად ერჩია კორონარული შუნტირება, ხოლო ალტერნატივად კორონარული სტენტირება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა პაციენტს, რომელმაც უარი განაცხადა შუნტირებაზე, შესაბამისად, ვინაიდან ალტერნატივად რჩებოდა სტენტრება, პაციენტმა სტენტირებაზე თანხმობა განაცხადა. კონკრეტულ შემთხვევაში, პირდაპირ ნაჩვენები იყო წამლიანი სტენტი, იმიტომ რომ პაციენტი იყო მძიმე. არსებული დაზიანებების პირობებში, სტანდარტული სტენდის ჩაყენება იქნებოდა უშედეგო და უფრო მეტი გართულება შეიძლება მოჰყოლოდა. სახეზე იქნებოდა რესტენოზის მაღალი რისკი. პაციენტი თავიდანვე იყო ინფორმირებული რომ წამლიანი სტენტი უყენდებოდა. მას განემარტა ის, თუ რა რეკომენდაცია გაიცა კონსილიუმის მიერ და რატომ იყო წამლიანი სტენტი საჭირო. განემარტა, ასევე წამლიან და უწამლო სტენტს შორის განსხვავება. შო------------–--ეს ნინ----–-–-ისათვის არ განუცხადებია, რომ მას არ ჰქონდა წამლიანი სტენტის ჩაყენების საშუალება.
რაც შეეხება მოპასუხეს, მას მისი პოზიციისა და სადავოდ გამხდარი გარემოებების დასადასტურებლად გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია სხვა უკეთესი მტკიცებულება. ზემოთ აღნიშნული მტიცებულებების არსებობის პირობებში, კი მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. მხოლოდ იმ გარემოებით, რომ შო------------–--ის მიერ ზუსტად იქნა გადახდილი ანგიოპლასტიკის დარჩენილი ღირებულება - 231 ლარი და სტადარტზედა მომსახურების საფასური 100 ლარი, უტყუარად ვერ დადასტურდება ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება უწამლო და არა წამლიანი სტენტის იმპლანტაციის შესახებ და შო------------–--ეს ჩაუტარდა კორონარული სტენტირება უწამლო სტენტის ჩადგმით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად არ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
ამასთან, მოპასუხე განმარტავს, რომ მას 21.06.2018 წელს ისე მოაწერინეს №3--- ხელშეკრულების დანართ №--ზე ხელი, რომ არ განუმარტეს აღნიშნული დნართის შინაარსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ მოაწერდა მასზე ხელს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: მხარეთა შორის 2018 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების 4.1.6. პუნქტის თანახმად, პაციენტი უფლებამოსილია მიიღოს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია განხორციელებული/განსახორციელებელი სამედიცინო მომსახურების ფინანსური მხარის, ცენტრში მოქმედი სახელმწიფო პროგრამებისა და შეღავათებით სარგებლობის წესის და გადასახდელი თანხმების შესახებ. აღნიშნული უფლება-მოვალეობა, ასევე განმტკიცებულია პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილით. თუმცა, ხელშეკრულებისა და კანონის აღნიშნული დანაწესი არ გულისხმობს კლინიკის მხრიდან ამ ინფორმაციის უპირობოდ მიწოდების ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც შესაძლოა გამორიცხული იყოს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. გარდა ამისა, ზემოთ დასახელებული ხელშეკრულების 4.2.5. პუნქტის თანახმად, პაციენტი/პაციენტის წარმომადგენელი ვალდებულია გაეცნოს ცენტრში არსებული მომსახურების ტარიფებს, ჩატარებული მკურნალობის ფინანსურ მხარეს და დაადასტუროს აღნიშნული ხელშეკრულების დანართი №--ზე ხელმოწერით. სამედიცინო მომსახურების გაცნობაზე და დანართ №--ზე ხელმოწერაზე უარი არ ათავისუფლებს პაციენტს/პაციენტის წარმომადგენელს მკურნალობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ასევე განმარტოს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე (სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი) თითოეული მხარე მიიჩნევა კანონის მცოდნედ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულია დადგინდეს ჩარჩო რომელშიც კანონის არცოდნა საპატიოდ მიიჩნევა. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი რისკის მატარებელია, რომელიც მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რაც ამავდროულად, კონტრაჰენტის შერჩევის თავისუფლებასაც გულისხმობს. შესაბამისად, მხარეები ამყარებენ რა ერთმანეთთან სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებს ივარაუდება რომ მათ იციან ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ.
რაც შეეხება, გაწეული სამედიცინო მომსახურების გადაუხდელ ღირებულებას, მოსარჩელის განმარტებით, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი დავალიანების ოდენობა - 1800 ლარი, მოიცავს კორონარული სტენტირების შედეგად მოპასუხისათვის იმპლანტირებული, წამლით დაფარული სამი სტენტის ღირებულებას, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, არ ექვემდებარებოდა საყოველთაო ჯან. დაცვის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას. მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი აქვს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------სა“ და შო------------–--ეს შორის 20.06.2018წ. გაფორმებული ხელშეკრულება №3----ის დანართი №- - სამედიცინო მომსახურების ფინანსური პირობების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ შო------------–--ეს 2018 წლის 20 ივნისს ჩაუტარდა კორონარული სტენტირება 3 წამლით დაფარული სტენტის იმპლანტაციით, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 4210 ლარი, საიდანაც სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელია - 2079 ლარი, ხოლო პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი - 2131 ლარი. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიმართვა №-------, საიდანაც დგინდება, რომ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებულ იქნა 2079 ლარი. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს რომ შო------------–--ის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან ანაზღაურებულ იქნა 331 ლარი, რაც მოიცავდა ანგიოპლასტიკის დარჩენილ ღირებულებას - 231 ლარს და სტადარტზედა მომსახურების საფასურს 100 ლარს. ზემოთ აღნიშნული გარემოებები, ასევე დასტურდება შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ მიერ 18.06.2018წ. შედგენილი ანგარიშ-ფაქტურით, რომლის თანახმადაც 3 წამლით დაფარული სტენტის საფასურია - 1800 ლარი, კორონარული სტენტირების ღირებულების ნაწილი შეადგენს - 231 ლარს, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2079 ლარს, რომელიც ანაზღაურებულ იქნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
ამასთან, მხარეთა შორის 20.06.2018წ. დადებული №3--- ხელშეკრულების 3.2.-3.4. პუნქტების თანახმად, გეგმიური ინტერვენციული ჩარევების (ანგიოგრაფები, ანგიოპლასტიკა, ბალონირება და სხვა) და გეგმიური ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში, საფასურის გადახდა/საგარანტიო წერილის წარდგენა უნდა განხორციელდეს მკურნალობის დაწყებამდე ცენტრში არსებული სტანდარტების მიხედვით; გეგმიური ინტერვენციული ჩარევების (ანგიოგრაფები, ანგიოპლასტიკა, ბალონირება და სხვა) და გეგმიური ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში, საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 24 საათში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ან/და პაციენტის წარმომადგენელი ვერ უზრუნველყოფენ ამ პუნქტში მითითებული თანხის 24 საათში გადახდას ან სრულად გადახდას, მომახურების ღირებულების (დარჩენილი ნაწილის) გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს პაციენტის ცენტრიდან გაწერამდე, ცენტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე; მესამე პირთა (სადაზღვევო კომპანია, სახელმწიფო და სხვა) მიერ მომსახურეობის საფასურის ნაწილის დაფინანსების შემთხვევაში, პაციენტი ან/და პაციენტის წარმომადგენელი მკურნალობის ღირებულების შესაბამის ნაწილს თანაგადახდის წესით იხდის 3.1., 3.2. და 3.3. პუნქტების შესაბამისად.
ამდენად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შო------------–--ეს 2018 წლის 20 ივნისს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ში“ ჩაუტარდა გეგმიური კორონარული სტენტირება, რომლის შედეგადაც იმპლანტირებულ იქნა წამლით დაფარული 3 სტენტი, ზემოთ აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო, ასევე ადგენს, რომ შო------------–--ის დავალიანება კლინიკის მიმართ შეადგენს - 1800 ლარს და აღნიშნული დავალიანების გადახდის ვალდებულება სწორედ მას ეკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.06.2018წ. №3--- ხელშეკრულება და დანართი №- (იხ. ს.ფ. 15-16);
- 25.06.2018წ. გაცემული №6--- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 17-18)
- 11.05.2018წ. გაცემული №4--- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. 14.03.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება);
- 20.06.2018წ. წერილობითი თანხმობა (იხ. ს.ფ. 20);
- კორონარული ანგიოპლასტიკის ოქმი №4-- (იხ. ს.ფ. 21);
- 18.06.2018წ. ანგარიშ-ფაქტურა (იხ. ს.ფ. 44);
-სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიმართვა №------- (იხ. ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სხდომის ოქმი);
3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს შო------------–--ის მითითებას მასზედ, რომ მის მიერ 2018 წლის 21 ივნისს №3--- ხელშეკრულების №- დანართზე ხელმოწერა განხორციელდა შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ მხრიდან მოტყუების შედეგად. (სამართლებრივი დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების 6.4. პუნქტში)
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შო------------–--ის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 629-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს.
დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ივნისს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------სა“ და შო------------–--ეს შორის გაფორმდა №3--- ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 20 ივნისს შო------------–--ეს ჩაუტარდა გეგმიური კორონარული სტენტირება. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ შო------------–--ეს ოპერაციის ჩატარებამდე თანხმობა არ განუცხადებია წამლით დაფარული 3 სტენტის იმპლანტაციის თაობაზე და დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 20 ივნისს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ში“ შო------------–--ისათვის ჩატარებული გეგმიური კორონარული სტენტირების შედეგად, მისთვის იმპლანტირებულ იქნა სწორედ წამლით დაფარული 3 სტენტი. ამდენად, სახეზეა მომსახურების (ნარდობის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება: ა) თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების გადაუხდელი ღირებულების - 1800 ლარის ანაზღაურება, რაც სტენტირების შედეგად იმპლანტირებული წამლით დაფარული სამი სტენტის ღირებულებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ 2018 წლის 20 ივნისს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ში“ შო------------–--ისათვის ჩატარებული გეგმიური კორონარული სტენტირების შედეგად, მისთვის იმპლანტირებულ იქნა წამლით დაფარული 3 სტენტი. ამასთან, სადავო არაა ის, რომ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან საყოველთაო ჯან. დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებულ იქნა - 2079 ლარი, ხოლო პაციენტის მიერ გადახდილ იქნა - 331 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს პს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ში“ გაწეული სამედიცინო მომსახურების დარჩენილი ღირებულების - 1800 ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრება მოპასუხე შო------------–--ეს, რომელიც დღემდე ანაზღაურებული არ არის.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ სარჩელი მოპასუხე შო------------–--ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 1800 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული მუხლის შესაბამისად, მოტყუებით დადებულ გარიგებას იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუ მხარის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დებს მეორე მხარე გარიგებას. გარიგების საფუძვლად ქცეული მცდარი წარმოდგენა პირს ანიჭებს შეცილების უფლებას, თუ ის გამოწვეულია მისი კონტრაჰენტის მხრიდან მოტყუებით. გარიგების დადებისას მოტყუება ხელყოფს გარიგების მონაწილის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ხელყოფს ნების გამოვლენის თავისუფლებას. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით დადებული გარიგების ბათილობის შემთხვევაში, მხარემ უნდა დაამტკიცოს არასწორი ცნობების მიწოდების ფაქტი. ამასთან, იმისათვის, რათა მოტყუებულ მხარეს ჰქონდეს სსკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება, აუცილებელია, რომ მოტყუება გახდეს გარიგების დადების გადამწყვეტი მოტივი, ანუ აშკარა იყოს, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შო------------–--ე განმარტავს, რომ მას გაწერისას, 2018 წლის 21 ივნისს პალატის ექიმმა მოტყუებით მოაწერინა ხელი №3--- ხელშეკრულების №- დანართზე. აღნიშნული დოკუმენტი მას გააცნო, როგორც კლინიკიდან გაწერის ფორმალური პროცედურა და არაფერი განუმარტა დამატებით ფინანსურ ვალდებულებაზე. იგი დანართზე ხელმოწერის დროს იმყოფებოდა პოსტ-ოპერაციულ მდგომარეობაში და არ ჰქონდა შესაძლებლობა სრულად გაეაზრებინა თუ რა ვალდებულებას აწერდა ხელს. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის აღნიშნული მითითება დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია შემდეგი გარემოებების გამო:
საქმეში წარმოდგენილია შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------სა“ და შო------------–--ეს შორის 20.06.2018წ. გაფორმებული №3--- ხელშეკრულების დანართი №- - სამედიცინო მომსახურების ფინანსური პირობების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ შო------------–--ეს 2018 წლის 20 ივნისს ჩაუტარდა კორონარული სტენტირება 3 წამლით დაფარული სტენტის იმპლანტაციით, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 4210 ლარი, საიდანაც სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელია - 2079 ლარი, ხოლო პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი - 2131 ლარი. ხელშეკრულების აღნიშნულ დანართს ხელს აწერს შო------------–--ე და შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ ექიმი. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შო------------–--ესა და შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ს“ შორის არსებობდა შეთანხმება უწამლო და არა წამლით დაფარული სტენტის იმპლანტაციის შესახებ და დაადგინა, რომ შო------------–--ეს 2018 წლის 20 ივნისს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ში“ ჩაუტარდა გეგმიური კორონარული სტენტირება, რომლის შედეგადაც იმპლანტირებულ იქნა წამლით დაფარული 3 სტენტი.
მოსარჩელე შო------------–--ეს, ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა და მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 21 ივნისს №3--- ხელშეკრულების დანართ №--ზე ხელმოწერა განხორციელდა შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ მხრიდან არასწორი ინფორმაციის მიწოდების/მოტყუების საფუძველზე, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.
ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს მხარეთა შორის 2018 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულების 4.2.5. პუნქტზე, რომლის თანახმადაც პაციენტი/პაციენტის წარმომადგენელი ვალდებულია გაეცნოს ცენტრში არსებული მომსახურების ტარიფებს, ჩატარებული მკურნალობის ფინანსურ მხარეს და დაადასტუროს აღნიშნული ხელშეკრულების დანართი №--ზე ხელმოწერით. სამედიცინო მომსახურების გაცნობაზე და დანართ №--ზე ხელმოწერაზე უარი არ ათავისუფლებს პაციენტს/პაციენტის წარმომადგენელს მკურნალობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, ხელშეკრულების დანართ №--ზე ხელმოწერაზე უარი, ვერ გაათავისუფლებდა შო------------–--ეს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შო------------–--ის შეგებებული სარჩელი შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ მიმართ ხელშეკრულების დანართის ბათილად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შო------------–--ეს მოსარჩელე შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 50 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე ითხოვს მის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის - სარჩელის ჩაბარების ხარჯის, მოპასუხისათვის დაკისრებას, თუმცა მას არ წარმოუდგენია აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, რის გამოც მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შეგებებული სარჩელის საპროცესო ხარჯი
მოპასუხე შო------------–--ის მიერ შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 63.93 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შო------------–--ის შეგებებული სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ამასთან, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს შო------------–--ის ფულადი ვალდებულებისაგან (1800 ლარი) გათავისუფლება, სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, რის გამოც ზემოთ აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 50 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შეგებებულ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი თანხა - 13.93 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ სარჩელი შო------------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შო------------–--ეს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 1800 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შო------------–--ეს შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა.
4. შო------------–--ის შეგებებული სარჩელი შპს „აკ----------------------–-------------------–------------–-------–------ის“ მიმართ ხელშეკრულების დანართის ბათილად ცნობისა და სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.
5. შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
6. შო------------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ლე-----------ის მიერ 2018 წლის 06 დეკემბერს სს „თი---------ში“ N0 საგადასახადო დავალებით შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 63.93 ლარიდან - 13.93 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხდდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე