გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/362-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე სს “ ლ-------------ი”
წარმომადგენელი ნ---- ქ-----–---–ი
მოპასუხე ნ---- ღ----------
დავის საგანი თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ---- ღ----------ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 18 778.40 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 13 150 ლარი, პროცენტია - 1898.88 ლარი, პირგასამტეხლოა - 3409.52 ლარი, დამატებითი ხარჯი - 220 ლარი.
1.2. ვალდებულების უზრუნველსაყოფად სარეალიზაციოდ მიექცეს გირავნობით დატვირთული ავტომანქანა შემდეგი რეკვიზიტებით: M---------------- სახ. ნომერი - M--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------.
1.3. იმ შემთხვევაში თუ ვერ იქნება მოძიებული გირავნობის საგანი ან/და იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგანის რეალიზაციის შედეგად, მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებაზე.
1.4. მოსარჩელე ასევე მოითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
(დამატებითი ხარჯის ნაწილში დაზუსტდა თანხის ოდენობა, 4.04.2019 წ, სხდომის ოქმი, 12:17:23წთ)
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ---- ღ----------მ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის - 13 150 ლარის და სარგებლის - 1898.88 ლარის ნაწილში. მის მიმართ წარდგენილი სხვა მოთხოვნები არ ცნო.
(4.04.2019წ, სხდომის ოქმი, 12:12:31წთ/12:13:21წთ)
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 11 აგვისტოს სს ლ-------------ს და ნ---- ღ----------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #1------4, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტის თანხა 13 150 ლარი, წლიური 48%-ის სარგებლის დარიცხვით, კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გათალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2018 წლის 12 თებერვლამდე.
აქვე ცვლილება შევიდა წინამდებარე ხელშეკრულებაში და მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 12 აგვისტომდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 17)
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ავტო ლომბარდი) (ს.ფ 18-20)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 21)
- შეთანხმება გარიგებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ 22)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 23)
- კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ 24-41)
3.1.2. 2017 წლის 11 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ლ-------------სა“ და ნ---- ღ----------ს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა შემდეგი რეკვიზიტებით: M---------------- სახ. ნომერი - M--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 43-47)
- გირავნობის ხელშეკრულების დანართი #1 (ს.ფ 42)
3.1.3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2018 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს: 18 678.4 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 13 150 ლარი, პროცენტია - 1898.88 ლარი, პირგასამტეხლოა - 3409.52 ლარი, დამატებითი ხარჯის თანხაა - 220 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 16)
- ამონაწერი დამატებითი ხარჯის გაწევის შესახებ (ს.ფ 50-51)
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (52-53)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები სადავო გარემოებებს არ ასახელებენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ლ-------------ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 254-ე, 276-ე, 417-ე 418-ე, 420-ე, მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნ---- ღ----------მ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის - 13 150 ლარის და სარგებლის - 1898.88 ლარის ფარგლებში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე ამავე ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული არსებული საკრედიტო ხელშეკრულება ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - 3409.52 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ავალდებულებს კიდეც სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით რომ ეს გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი მოცემულობის და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობის გათვალისწინებით, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით - 50 ლარის დაკისრება შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს.
სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
დადგენილია, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ლ-------------სა“ და ნ---- ღ----------ს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა შემდეგი რეკვიზიტებით: M---------------- სახ. ნომერი - M--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------.
სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით, ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის და სასამართლოს მოსაზრებით ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით დაგირავებული მოძრავი ნივთების რეალიზაციის მოთხოვნა დასაბუთებულია სრულად. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების 7.3 პუნქტს, რომლის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არაა საკმარისი სესხის და მასზე დარიცხული გადასახადების დასაფარად, კლიენტი პასუხს აგებს დავალიანების სრულად ანაზღაურებაზე მისი კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით.
საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას გამოირკვა, რომ გირავნობის საგანი მსესხებელმა გაასხვისა და მოძრავი ნივთი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება. დასახელებული ფაქტობრივი გარემოების, სახელშეკრულებო პირობის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ასევე დასაბუთებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მსესხებლის სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილშიც.
ამასთან, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია, მოსარჩელის მოთხოვნა ავტომანქანის მოძიების მიზნით, გაწეული დამატებითი ხარჯების - 220 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილშიც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 11.3 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ და სასამართლოს დასკვნით სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დასაბუთებულია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ (მომზადების და მთავარ ეტაპებზე), შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი - 425,70 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 28,65 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ლ-------------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ნ---- ღ----------ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 15 318.88 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 13 150 ლარი, პროცენტია - 1898.88 ლარი, პირგასამტეხლოა - 50 ლარი, დამატებითი ხარჯია - 220 ლარი.
1.2. ვალდებულების უზრუნველსაყოფად სარეალიზაციოდ მიექცეს გირავნობით დატვირთული ავტომანქანა შემდეგი რეკვიზიტებით: M---------------- სახ. ნომერი - M--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------.
1.3. იმ შემთხვევაში თუ ვერ იქნება მოძიებული გირავნობის საგანი ან/და იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგანის რეალიზაციის შედეგად, მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. სს ლ-------------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 3359.52 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. სს „ლ-------------ს“ დაუბრუნდეს 10.01.2----–--–------------9 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 425,70.
4. ნ---- ღ----------ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 28,65 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე