გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210118002707117
საქმე № 2/2119-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - სს „ლ-------------ი“
წარმომადგენელი - ნ--------------
მოპასუხეები - დ--------------–---–ი, ვ------------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხეებს დ--------------–---–ს და ვ-–---------–---–ს სს „ ლ-------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 10178.41 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი 5630.85 ლარი, სარგებელი - 3647.51 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი, რომელიც მოსარჩელე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა.
2. მოსარჩელის პოზიცია
2013 წლის 03 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე დ--------------–---–ს შორის 48 თვის ვადით გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 11025 ლარის ოდენობით, წლიური სარგებელი განისაზღვრა 18%-ით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 03 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე ვ-–---------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზაღვარი განისაზღვრა 15553.24 ლარით. მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მოპასუხეთა (მოვალე) მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მიუხედავად გაფრთხილებისა ისინი აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ვ------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, რაც ასევე დაადასტურა მოსამზადებელ სხდომაზე. რაც შეეხება დ--------------–---–ს მას შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა და მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი. ამდენად, სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს მხოლოდ დარიცხული სარგებლის ½ ნაწილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 03 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე დ--------------–---–ს შორის 48 თვის ვადით გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 11025 ლარის ოდენობით, წლიური სარგებელი განისაზღვრა 18%-ით, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.01.2013 წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება
3.1.2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 03 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე ვ-–---------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა სოლიდარული ვალდებულება ძირითად მოვალესთან ერთად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 15553.24 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.01.2013 წ. თავდებობის ხელშეკრულება
3.1.3. მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც გამოიხატა გადახდის გრაფიკის დარღვევაში და ისინი კრედიტორის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილები წერილები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- ცნობა დავალიანების შესახებ
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 მოპასუხეებს დ--------------–---–ს და ვ-–---------–---–ს მოსარჩელის მიმართ, გარდა მათ მიერ აღიარებული ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოსი, დავალიანების სახით ერიცხებათ 3547.51 ლარი (საიდანაც სადავოა ½ ნაწილი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- მოსარჩელის ახსნა - განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ლ-------------ის“ დაზუსტებული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე 420-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 131-ე, 201-ე, 215-ე, 219-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2013 წლის 03 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე დ--------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 11025 ლარის ოდენობით; ხელშერულების მოქმედების ვადა იყო 48 თვე; სესხი იყო სარგებლიანი და სარგებლის ოდენობა შეადგენდა წლიურ 18%-ს; ხელშეკრულებით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების (სესხის ხელშეკრულების) საფუძველზე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა, აღნიშნული გარემოება თვით მოპასუხეთა მხრიდანაც არ გამხდარა სადავო მათ მოსამზადებელ სხომაზე დაადასტურეს გადახდის გრაფიკის დარღვევის ფაქტი.
გარდა არნიშნული გარემოებებისა, საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, კერძოდ, მსესხებელმა დ--------------–---–მა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნული გარემების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ლ-------------ის'' მოთხოვნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი კრედიტის ძირითადი თანხის - 5630.85 ლარის ანაზღაურებისაფუძვლიანია, მითუმეტეს, რომ მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო დავალიანების არსებობა ძირი თანხის ნაწილში.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლოს მიიჩნევს, რომ სარჩელი ასევე საფუძვლიანია საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის, 3547.51 ლარის ნაწილშიც, ვინაიდან მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით ეკისრებოდათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია ან არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საუძველი სარგებლის შემცირებისა. გარდა ამისა მოპსაუხე მხარემ სარგებლის ½ ნაწილის გადახდის ვალდებულება აღიარა მოსამზადებელ სხდომაზე.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. კერძოდ დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დასტურდება, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და დაზუსტებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 1000 ლარით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სრულად აღიარეს დაზუსტებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება 1000 ლარის ოდენობით, რის გამოც არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
6.10. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 03 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე ვ-–---------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა, 15553.24 ლარის ფარგელებში, იკისრა სოლიდარული ვალდებულება ძირითად მოვალესთან ერთად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.13. რაც შეეხება მოპასუხეთა მხრიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. ამასთან, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
6.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვ-–---------–---–ის წარმოდგენილ შესაგებელში მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არაფერია ნაქვამი, რაც შეეხება დ--------------–---–ს მას შესაგებელი საერთოდ არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოპასუხეები მოექცნენ 219-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის ფარგლებში, რადგან მათ ხანდაზმულობის თაობაზე მიუთითეს მხოლოდ მთავარ სხდომაზე და ისიც პაექრობის ეტაპზე. აღსანიშნავია რომ მათ არ მუთითებიათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 215-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზე, რითაც უფლებამოსილი იქნებოდნენ გაეკეთებინათ მსგავი გარემოების მითითება საქმის არსებითი განხილვის დროს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ ერთერთ განჩინებაში განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მხრიდან მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენა, ეწინააღმდეგება პროცესის პრინციპებს (შეჯიბრებითობა) (იხ. სუსგ №ას-1132-1088-2016, 17 თებერვალი, 2017 წელი).
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავიშრებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
7.2. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 331.67 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. ამასთან, მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 10 178.41 ლარამდე, მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, 8404.605 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 331.67 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 278.65 ლარი, ხოლო დანარჩენი 53.02 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხეების: დ--------------–---–ის (პ/ნ: 59001004952) და ვ-–---------–---–ის (პ/ნ: 59001024593) კუთვნილ საბანკო ანგარიშებს, დავის საგნის 11 055.36 ლარის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა სს "ლ-------------ში" გახსნილი ანგარიშებს ისე, რომ საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა არ გავრცელებულიყო საარსებო მინიმუმსა და სხვა საბანკო დაწესებულებებთან არსებულ ვალდებულებებზე, ხოლო 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით ცვლილება შევიდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განჩინებაში და ყადაღა დაედო მოპასუხე ვ-–---------–---–ის (პ/ნ: 59001024593) სახელზე არსებულ ფულად სახსრების/ანგარიშებზე არსებული თანხების 50%-ს დავის საგნის 11 055.36 ლარის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა სს "ლ-------------ში" გახსნილი ანგარიშებს ისე, რომ საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა არ გავრცელდეს საარსებო მინიმუმსა და სხვა საბანკო დაწესებულებებთან, მათ შორის სს „ლ-------------თან“ არსებულ სხვა ვალდებულებებზე. იმ გარემოების გათვალისწინებიტ, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე სს “ლ-------------ის” დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების: დ--------------–---–ის და ვ-–---------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს: დ--------------–---–ს და ვ-–---------–---–ს მოსარჩელე სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 10 178.41 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა არის 5630.85 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3547.51 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი.
3. მოსარჩელე სს „ლ-------------ს“ (ს/კ: 203828304) დაუბრუდეს 2018 წლის 1 ნოემბერს, შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 331.67 ლარიდან (საგადასახადო დავალება №5148974152) 278.65 ლარი, დანარჩენი 53.02 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხეებს: დ--------------–---–ს და ვ-–---------–---–ს მოსარჩელე სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ, მის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 103.02 ლარის გადახდა.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ დარჩეს ძალაში.
6. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.
7. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი