გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310019002894714
3/13-19
gadawyvetileba
saqarTvelos saxeliT
19 აპრილი, 2019 wელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ არარატ ესოიან
სხდომის მდივანი _ ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე: ა------- პ-------ი;
წარმომადგენელი: ნ------------------, ს----------------ი;
მოპასუხე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლა;
წარმომადგენელი: დირექტორი ლ---------------;
მესამე პირი: სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა” (არ გამოცხადდა);
დავის საგანი: სწავლის ფაქტის აღიარება;
განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომაზე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
აღიარებული იქნას ა------- ს---------ის - (ქორწინების შემდგომი გვარი პ-------ი, დაბადებული: 0--0--1--- წ., პ/ნ 0----------) მიერ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლაში, 1990 წლიდან -1999 წლამდე სწავლის და ზოგადი საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის დასრულების ფაქტი.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 1990 წელს ა------- ს---------ი (პ-------ი ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიკუთვნებული გვარი) შევიდა სასწავლებლად სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლაში და 1999 წელს დაამთავრა ამავე სკოლის მე-9 კლასი, სადაც შესაბამისად მის სახელზე გაიცა ატესტატი. ა------- პ-------მა გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა ატესტატი და მისი დუბლიკატის მისაღებად მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სადაც მას უპასუხეს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ა------- პ-------ის მიმართ ვერ ხერხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება ა------- პ-------ისათვის ატესტატის გაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლას არა აქვს წარმოდგენილი შესაგებელი, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა სკოლის დირექტორმა სარჩელი ცნო.
2.1. მესამე პირმა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 26 დეკემბერს 1660321 წერილით მიმართა ქალაქ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდგომში რესურსცენტრი) და სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლიდან (შემდგომში სკოლა) გამოითხოვა მოქალაქის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რესურსცენტრის 2018 წლის 26 დეკემბერს 1661850 წერილით გადმოგზავნილი სკოლის 2018 წლის 26 დეკემბრის 1661769 კორესპონდენციის თანახმად, მოქალაქის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ ინახება და არც სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მართვის სისტემის მიერ ვერ მოხერხდა მოქალაქე ა------- პ-------ის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე 2018 წლის 31 დეკემბერს 1673810 წერილით ეცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქალაქ ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ა------- გრიგორის ასული ს---------ი დაბადებულია 0--0--1--- წ., ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 12);
3.2. 2001 წლის 4 ივნისს ა------- ს---------ი (დაბადებული 0--0--1--- წ., პ/ნ 0----------) დაქორწინდა აშიკ პ-------თან და მას მიეკუთვნა გვარი პ-------ი, შესაბამისად ამჟამად წარმოადგენს ა------- პ-------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 13);
- პირადობის მოწმობა (ს.ფ. 11)
3.3. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, სრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლაში არ ინახება და არც სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
თუმცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ა------- ს---------ი (პ/ნ 0----------) დაბადებული 0--0--1--- წ., ნამდვილად ჩაირიცხა 1990 სასაწავლო წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლაში (სოფელ ღ------–---ის ყოფილი საშუალო სკოლაში) და 1999 წელს დაამთავრა ამავე სკოლის მე-9 კლასი.
სასამართლო სხდომაზე სკოლის დირექტორმა აღიარა აღნიშნული ფაქტი და სცნო სარჩელი.
სკოლის დირექტორმა ასევე განმარტა, რომ მართალია სკოლაში არ არის შენახული სკოლაში ჩარეცხვის და დამთავრების შესახებ ბრძანებები, თუმცა სკოლაში შენახულია იმ პერიოდის ანბანური წიგნი, რომლის ჩანაწერის მიხედვით 1990-1999 წლებში ა------- ს---------ი ნამდვილად ირიცხებოდა სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლაში (სოფელ ღ------–---ის ყოფილი საშუალო სკოლაში). აღნიშნულის თაობაზე სკოლამ წერილით მიმართა (შეატყობინა) სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას 2018 წლის 26 დეკემბერს.
შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ა------- ს---------ის (დაბადებული 0--0--1--- წ., პ/ნ 0----------) 1990 წლიდან -1999 წლამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლაში (სოფელ ღ------–---ის ყოფილი საშუალო სკოლაში) სწავლის ფაქტი, კერძოდ, რომ იგი ჩაირიცხა აღნიშნულ სკოლაში 1990 სასაწავლო წელს და 1999 წელს დაამთავრა ამავე სკოლის მე-9 კლასი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
- აღნიშნული ცნობა (ს.ფ. 14);
- სკოლის 2018 წლის 26 დეკემბრის წერილი (ს.ფ. 45);
- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაგებელი (ს.ფ. 32-40).
3.4. მოსარჩელის განმარტებით, მის სახელზე გაიცა ატესტატი, მან გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა ეს ატესტატი და მისი დუბლიკატის მისაღებად მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოსარჩელეს უარი უთხრა ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, იმ მოტივით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ა------- პ-------ის მიმართ ვერ ხერხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. რაც დასტურდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 04.01.2019 წლის N 63/1546 წერილით და მისივე შესაგებელით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 04.01.2019 წლის N 63/1546 წერილი (ს.ფ. 15);
- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაგებელი (ს.ფ. 32-40).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას-განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლის წარმომადგენელმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია - შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უწინარეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით, რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი განცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა.
აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია. ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ სოფელ ღ------–---ის საჯარო (ყოფილი საშუალო) სკოლაში 1990-1999 წლებში სწავლის ფაქტი და საგანმანათლებო პროგრამის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, ა------- ს---------ის (დაბადებული 0--0--1--- წ., პ/ნ 0----------) 1990 წლიდან -1999 წლამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლაში (სოფელ ღ------–---ის ყოფილი საშუალო სკოლაში) სწავლის ფაქტი, ანუ იგი ჩაირიცხა აღნიშნულ სკოლაში 1990 სასაწავლო წელს და 1999 წელს დაამთავრა ამავე სკოლის მე-9 კლასი. (იხ. 3.3).
ამასთან, შექმნილ ბიუროკრატიულ ვითარებაში - არ არის შენახული სკოლაში ჩარიცხვის და დამთავრების შესახებ ბრძანებები და მოსარჩელემ მიიღო უარი შესაბამისი ორგანოებიდან - მოთხოვნილი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში აღიარებითი სარჩელის შეტანის გზით.
6.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული სრული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სრული განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი სწავლის ფაქტი (3.3. გარემოება) ნიშნავს ზოგადი საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის დასრულების ფაქტს.
6.4. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ა------- ს---------ის - (ქორწინების შემდგომი გვარი პ-------ი, დაბადებული: 0--0--1--- წ., პ/ნ 0----------) მიერ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლაში (სოფელ ღ------–---ის ყოფილი საშუალო სკოლაში), 1990 წლიდან -1999 წლამდე სწავლის და ზოგადი საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის დასრულების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა; ასევე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი - 50 ლარი.
სარზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა------- პ-------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს ა------- ს---------ის - (ქორწინების შემდგომი გვარი პ-------ი, დაბადებული: 0--0--1--- წ., პ/ნ 0----------) მიერ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ------–---ის საჯარო სკოლაში, 1990 წლიდან -1999 წლამდე სწავლის და ზოგადი საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის დასრულების ფაქტი;
3. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალქალაქი მ.მაშტოცის ქ. №110) მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: არარატ ესოიან