გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20169-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მაია გიგაური
სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი
მოსარჩელე: შპს „M-----------”
მოსარჩელის წარმომადგენლები: ს---- შ---------ი, მ-----ე ა----–---–ი
მოპასუხე: შპს „რ-------------ი“
წარმომადგენელი: გ------- მ---–-–---–ი
დავის საგანი: ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაეკისროს მოპასუხეს ცნობების უარყოფა, კერძოდ: ----------------------------, რომელ საიტზეც წერია, რომ ა--------- და ი------- ზ-----–---ის თაღლითურ სქემაში თითქოსდა მონაწილეობდა შპს „M-----------”, რომ თითქოსდა შპს „M-----------” მონაწილეობდა მათთან ერთად ნაღდი ფულის გატაცებაში, სასტუმროში ცხოვრობდნენ და თანხას არ იხდიდნენ, სასტუმრო „ნ-–-ს“ მეპატრონე სიკვდილის პირას მიიყვანა, ერთი წელი „T---ის“ ოფისში „იბაირამა“ და უამრავი ვალი დატოვა, კ-----–- ჭაბურღილებზე ხალხი ამუშავა და ფული არ გადაუხადა, ჟურნალისტების გარკვეული ჯგუფი ანაზღაურების გარეშე კლიპებზე ამუშავა და ისინიც „გადაყარა“. ამ აფიორაში ჩართული იყო ა---------------–- კომპანია “p--------”-ი და შპს „M-----------“.
(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 05.04.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი)
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2017 წლის 25 აპრილს მოპასუხე შპს „რ-------------მა“ ინტერნეტის მეშვეობით მის გვერდზე გამოაქვეყნა წერილი სათაურით „თაღლითები“, როგორც ექსკლუზიური ინფორმაცია, და შპს „მ-------------–-ი“ მოიხსენია თაღლითურ სქემაში მონაწილე ერთ-ერთ კომპანიად, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსარჩელის საქმიან რეპუტაციას და შეიბღალა მისი საქმიანობა.
სარჩელში მითითებულია, რომ წერილთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს განცხადებით, რომელშიც ითხოვდა მხარე ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფას მოპასუხის ხელთ არსებული საინფორმაციო მედია საშუალებებით. თუმცა, აღნიშნულ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია და სტატია ისევ არის განთავსებული მოპასუხის საგამომცემლო საიტზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „რ-------------ის“ წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში მითითებულია, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ გამოთქმულია მოსაზრება. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რომ მის მიმართ მტკიცებითი ფორმით გავრცელდა ფაქტი და რომ ასეთის შემთხვევაში გავრცელებულია ცრუ ფაქტი. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელე ასევე ვერ ასაბუთებს, სადავო მასალით როგორ შეელახა საქმიანი რეპუტაცია და მიადგა ზიანი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 25 აპრილს ვებ-გვერდზე ---------------- გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით “თაღლითები! ა---------ს და ი------- ზ-----–---ის თაღლითური სქემა გაშიფრულია“. სტატიაში მითითებულია შემდეგი: „ი------– ა---------ს თაღლითური საქმიანობის შესახებ ქართული მედიასაშუალებებით არაერთხელ გაჟღერებულა. ფაქტობრივად, რასაც საინფორმაციო სააგენტოები ვარაუდობდნენ, მართალი აღმოჩნდა. ი------– ა--------- ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ბიზნესმენის მანტიას ამოფარებული საქართველოში ჩამოვიდა, „გაყიდა“ ქართველები და „მოტყდა“! ზოგისგან ნაღდი ფული გაიტაცა, ვითომ ტენდერებისთვის... ზოგიერთი სასტუმროში აცხოვრა და თანხები არ გადაიხადა, რის შემდეგაც სასტუმრო „ნ-–-ს“ მეპატრონე სიკვდილის პირას მიიყვანა... ერთი წელი „t-8“-ის ოფისში „იბაირამა“ და უამრავი ვალი დატოვა... კ-----–- ჭაბურღილებზე ხალხი ამუშავა და ხელფასი არ მისცა!
ჟურნალისტების გარკვეული ჯგუფი ანაზღაურების გარეშე კლიპებზე, რეკლამებზე ამუშავა და ისინიც „გადაყარა“.... ამ აფიორაში ჩართული იყო ა---------------–- კომპანია „პ-------–---ი“, რომლის საიმიჯო ფილმები და კლიპებიც მზადდებოდა. შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ ფილმებს და კლიპებს ამზადებდა, ამუშავეს და ჰონორარის გარეშე დატოვეს! ი------– ა--------- საქართველოში კომპანია „მ----------“-ის სახელით მოქმედებდა და ა-------------- პირველი ლედის მ-------- ა-–---ის სახელით ძალიან ბევრ რამეს აფუჭებდა....“
მოსარჩელე მხარესთან დაკავშირებით სტატიაში მოცემულია შემდეგი შინაარსის ტექსტი: „აღნიშნულ თაღლითურ სქემაში რამოდენიმე პიროვნება მოიაზრება: ი------– ა---------, „ვითომ შეიხი“, გენერალი ი------- ზ-----–---ი, კომპანიები - „P----------ი, „M----------s”-ი, “M----------------------ი, „ო-------------------ი" და ა.შ.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სტატია (ს.ფ. 15-28).
3.1.2. 2017 წლის 27 აპრილს შპს „M-----------”-ის დირექტორმა კ------ ე-------მა განცხადებით მიმართა შპს „რ-------------ის“ დირექტორ გ------- მ---–-–---–ს ზემოაღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად მოსთხოვა ცილისმწამებლური განცხადებების უკან წაღება და მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებით უარყოფა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ს.ფ. 35)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „რ-------------ის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „თაღლითები! ა---------ს და ი------- ზ-----–---ის თაღლითური სქემა გაშიფრულია“ მოსარჩელე შპს „M------------თან დაკავშირებით სტატიის ავტორის მითითება, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა შეფასდეს როგორც „აზრი“ და არ უნდა მიენიჭოს „ფაქტის“ გადმოცემის კვალიფიკაცია.
სასამართლო ამ ტიპის დავების გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს უპირველესად განსაზღვროს, იყო სტატიაში გაჟღერებული და სადავოდ გამხდარი ტექსტი კონკრეტული ინფორმაციის შემცველი, თუ მისი ავტორი საუბრობდა მხოლოდ მის აზრსა და შეხედულებებზე.
ევროსასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის საქმეზე Lingens vs. Austria განმარტა, შემდეგი: ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას...
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო, წინამდებარე საქმეში მტკიცების ტვირთის განაწილების განსაკუთრებულ - სპეციალურ წესზე გაამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს შემდეგს:
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
მთავარი სადავო გარემოებაა დადგინდეს, შეელახა თუ არა მოსარჩელეს სადავო გამონათქვამებით პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ასევე, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი იმ გარემოებებს, რაც განმარტებულია სადავო განცხადებებით, ან იყო თუ არა საამისოდ საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები;
მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხის მიერ გავრცელდა ცრუ და არასწორი ინფორმაცია, რაც ლახავს მის რეპუტაციას. მოპასუხე კი მიუთითებდა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს რომ მის მიერ გავრცელდა ფაქტი, თანაც ცრუ ფაქტი, რამაც ზიანი მიაყენა მას.
მოსარჩელე სადავოდ ხდის, მოპასუხის მიერ გავრცელებულ ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობას და აფასებს მათ ცილისწამებად. სასამართლომ კი ასეთ შემთხვევაში, როგორც უკვე აღნიშნა, უნდა დაადგინოს, გავრცელებული ცნობები განეკუთვნებიან ,,ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ავტორთა ,,აზრის“, შეფასებითი მსჯელობის ნაწილს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ამ ტერმინებს განმარტავს შემდეგნაირად: ,,აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა;
პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელეების შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს და ამავდროულად, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული.
მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესის თანახმად, მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე შპს „M-----------”-ს, ვინაიდან, სწორედ ის არის შეზღუდვის ინიციატორი.
სასამართლოს პირველ რიგში სურს ყურადღება გაამახვილოს თავად სტატიის შინაარსზე და მიზანზე. სტატია აგებულია მთლიანად იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც შეეხება ი------– ა--------ს. ყველა ქმედებას, რაზეც ავტორი საუბრობს, უკავშირებს კონკრეტულად ა--------ს და ასეთივეა მისი სათაური - „ა---------ს და ი------- ზ-----–---ის თაღლითური სქემა გაშიფრულია!“. უშუალოდ შპს „M-----------“-სთან მიმართებაში ნახსენებია მხოლოდ სტატიის მე-3 აბზაცში, სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ თაღლითურ სქემაში რამდენიმე პიროვნება მოიაზრება, მათ შორის შპს „M-----------“. ამ ფრაზიდან („აღნიშნულ თაღლითურ სქემაში რამოდენიმე პიროვნება მოიაზრება: ი------– ა---------, „ვითომ შეიხი“, გენერალი ი------- ზ-----–---ი, კომპანიები - „P----------ი, „M----------s”-ი, “M----------------------ი, „ო-------------------ი და ა.შ.“) სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია გამოყოს ის კონკრეტული ფაქტები, რომლებიც შეიძლება მკითხველისთვის დაკავშირებული იყოს მოსარჩელესთან. სასარჩელო მოთხოვნაში მოსარჩელის წარმომადგენელი ცნობების უარყოფას ითხოვს მოპასუხისგან მთელ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც სტატიის 1-2 აბზაცშია მითითებული და რაც ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება ი------– ა--------ს და არა მას. რაც შეეხება ი------– ა---------ს რაიმე სახის კავშირს შპს „M-----------”-თან, საქმის მასალებით, მათ შორის მოსარჩელის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 29-30) არ დასტურდება და ამას არც რომელიმე მხარე მიუთითებს. ამდენად, სასამართლოს მოთხოვნის ფარგლებიც ბუნდოვნად მიაჩნია. შემდგომ ნაწილს, სადაც უკვე მოხსენიებულია მოსარჩელე, სასამართლო აფასებს შეფასებით მსჯელობად, მასში არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები, რომ მათი ცრუ ფაქტად კვალიფიკაცია მოახდინოს სასამართლომ. სწორედ ამ ნაწილზე უნდა მოხდეს მსჯელობა მოსარჩელესთან მიმართებაში, რადგან ის, რაზეც მოსარჩელე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნაში (თითქოსდა შპს „M-----------” მონაწილეობდა მათთან ერთად ნაღდი ფულის გატაცებაში, სასტუმროში ცხოვრობდნენ და თანხას არ იხდიდნენ, სასტუმრო „ნ-–-ს“ მეპატრონე სიკვდილის პირას მიიყვანა, ერთი წელი „T---ის“ ოფისში „იბაირამა“ და უამრავი ვალი დატოვა, კ-----–- ჭაბურღილებზე ხალხი ამუშავა და ფული არ გადაუხადა და ა.შ.), არ იკითხება შპს „M-----------”-თან მიმართებაში და ამ ფაქტების ადრესატი, არის ი------– ა---------.
შესაბამისად, სადავო სტატია არ შეიძლება შეფასდეს მიზანმიმართულად შპს „M-----------“-ისთვის რეპუტაციის შემლახავ სტატიად, რამდენადაც, სასამართლო განმეორდება და აღნიშნავს, რომ სტატიის მთავარი ადრესატი, რომელზეც არის მასში გადმოცემული ფაქტები, არის ი------– ა---------. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერც იმაზე იმსჯელებს სასამართლო, რა ზიანი მიადგა ან შეიძლება მიდგომოდა ამ სტატიით მოსარჩელე კომპანიას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ შესაგებელში წარმოდგენილ პოზიციას და მიუთითებს, რომ სადავო სტატია, მისი შინაარსის გათვალისწინებით, მოსარჩელესთან მიმართებაში უნდა შეფასდეს "აზრის" და არა "ფაქტის“ გადმოცემად, მით უფრო, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი სადავო შემთხვევაშიც კი, გამოხატვისათვის სწორედ აზრის მინიჭების პრეზუმფციისაკენ იხრება. „აზრი“ კი, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც ნიშნავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას.
სამოტივაციო ნაწილი
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი
”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-4, მე-6, მე-7, მე-13 და მე-17 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უზრუნველყოფს აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10 , § 62, 16 February 2016).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა.
გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მრავალ საქმეში. სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. მთელ რიგ გადაწყვეტილებებში (მათ შორის HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM) ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია (“offend, shock or disturb”). აღნიშნულით სასამართლომ განმარტა, რომ დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამოხატვა, ანუ ისეთი ინფორმაციებისა და იდეების გავრცელება, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ ისეთიც, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელია, ვინაიდან, „ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნა, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“.
ამიტომ, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.
საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია მათ შორის სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის.
ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსხვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს. ხსენებული კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს, რომ ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.
6.2. სარჩელის განხილვისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უწინარესად სწორად უნდა განისაზღვროს თუ რა მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მოთხოვნა.
წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა. მოთხოვნისა და მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომელიც თავის მხრივ, მიუთითებს სპეციალური „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით პირადი უფლების დაცვის შესაძლებლობაზე.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეებს, რომელიც შეიძლება დაეკისროს პირს ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში.
კერძოდ, კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითაც მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სასამართლოს გზით პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვის განსახორციელებლად აუცილებელია კუმულატიურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3.განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.
კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გაანდო.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგინდეს ცილისწამების არსებობა, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია შეფასდეს, სადავო განცხადება და მასში გადმოცემული გამონათქვამები აზრის, შეხედულების გამოხატვაა, თუ დადასტურებადი ან უარყოფადი ფაქტების შემცველი ცნობის გავრცელება, რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (#ას-1477-1489-2011) განმარტა შემდეგი: „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულება პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათვალისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გამოდმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.
ამდენად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.
განსახილველ დავაში სასამართლომ დაადგინა, რომ სადავოდ გამხდარი სტატია იმ ნაწილში, რაც შეეხება მოსარჩელე შპს „M-----------”-ს, შეიცავს მისი ავტორის შეფასებით მსჯელობას და არა კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტი, განსხვავებით აზრისგან, რეალური შედეგის გადმოცემას წარმოადგენს. მასში იგულისხმება რეალური გარემოებები ან/და საგნები, რომელთა მტკიცებულებით დადასტურება შესაძლებელია. საეჭვო ქმედება, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულება/ინფორმაციის წყარო, არ ჩაითვლება უტყუარ ფაქტად. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადების შინაარსი არ იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ სტატიაში გავრცელებული იქნა ფაქტი და მით უფრო, მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ, ვერც ზიანის მომტანი იქნება მხარისათვის. სასარჩელო მოთხოვნაშიც მოსარჩელე მიუთითებდა იმ ნაწყვეტებს, რომელშიც საერთოდ არ არის ნახსენები მოდავე კომპანია, რაც დაუსაბუთებელსაც ხდის მოთხოვნას იმის პარალელურად, რომ სასამართლომ მოსარჩელესთან დაკავშირებით ნახსენები ამონარიდიც არ დააკვალიფიცირა „ფაქტად“ და მიიჩნია, როგორც „აზრის გავრცელება“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებისათვის მაკვალიფიცირებელი ნიშნები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს შპს „M-----------”-ის სარჩელი შპს „რ-------------ის“ მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია გიგაური