გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2019
საქმის ნომერი
330210118002770856
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/36530-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - შპს ,,ყ--------------------–--ი’’

წარმომადგენელი - თ----------------ე

მოპასუხე - შპს ,,ჩ--------------------------ე’’

წარმომადგენლები - ს---------------, ბ--------------, შ----–------–-----

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა 78 300.75 ლარის ოდენობით;

1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 5 090.53 ლარის ოდენობით.

სარჩელის საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-17, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - 2019 წლის 17 აპრილის სხდომის ოქმი).

1.1.1. მხარეებს შორის დადებულია ხელშეკრულება ბ---------------ის ნასყიდობის შესახებ, რომლის საფუძველზეც იგი ახორციელებს მოპასუხისთვის ბ---------------ის მიწოდებას;

1.1.2. ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.1.3. ხელშეკრულების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ახორციელებდა მოპასუხისთვის ბ---------------ის მიწოდებას, მოხმარებული ბ---------------ის რაოდენობა ბ---------------ის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით აღირიცხა მის მონაცემთა ბაზაში - აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

1.1.4. 2018 წლის მარტის თვეში მოპასუხემ მისგან მიიღო 369 088 მ3 ბ---------------ი, აპრილის თვეში 179 268 მ3 , ხოლო მაისის თვეში - 14 მ3 ბ---------------ი;

1.1.5. მოპასუხის მიერ აღნიშნული ოდენობით ბ---------------ის მიღება დადასტურებულია მათ შორის გაფორმებული ბუნებრივი აირის მიღების აქტებით;

1.1.6. სარჩელის წარმოდგენისას მოპასუხეს მის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 86 466.57 ლარის ოდენობით, საიდანაც მოხმარებული ბ---------------ის მიმდინარე ბალანსის დავალიანება განისაზღვრებოდა 84 529.13 ლარით, ხოლო დარიცხული საურავი 1 937.44 ლარით;

1.1.7. აბონენტის ბარათის მიხედვით, აბონენტის ბარათის მიმდინარე ბალანსი შეადგენს - 315 600.42 ლარს, თუმცა მხარეთა შორის თანხის ნაწილზე - 231 071.29 ლარზე მიმდინარეობს დავა სასამართლოში, შესაბამისად, სარჩელის წარმოდგენისას მის მოთხოვნას წარმოადგენს 2018 წლის მარტიდან წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის - 84 529.13 ლარის და მასზე დარიცხული საურავის - 1 937.44 ლარის გადახდა;

1.1.8. სარჩელის წარმოდგენის შემდეგ მოპასუხის მიერ გადახდილია ჯამში 20 000 ლარი;

1.1.9. ხელშეკრულების თანახმად, თანხის გადახდევინების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო, ხოლო შემდეგ ძირითადი თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ გადახდილი თანხიდან 13 771.62 ლარი ჩაითვალა ამ დროს არსებული პირგასამტეხლოს დასაფარად, ხოლო დარჩენილი 6 228.38 ლარით შემცირდა დავალიანების ძირითადი თანხის ოდენობა;

1.1.10. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხიდან დავალიანების ძირითადი ნაწილის დაფარვის შემდეგ დავალიანების ძირითადი თანხის ოდენობა შემცირდა 6 228.38 ლარით და ჯამში განისაზღვრა 78 300.75 ლარით;

1.1.11. მოპასუხეს აღნიშნულის შემდეგაც არ შეუსრულებია ვალდებულება ჯეროვნად, მას კვლავ დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირგასამტეხლო - 5 090.53 ლარი;

1.1.12. სარჩელის წარმოდგენის შემდეგ მოპასუხის მიერ ვალდებულების ნაწილობრივმა შესრულებამ განაპირობა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის წარმოდგენა, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების - 83 391.28 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 78 300.75 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 5 090.53 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (შესაგებელი ს.ფ. 156-165; 2019 წლის 17 აპრილის სხდომის ოქმი):

2.1.1. მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს 2018 წლის მარტის თვის დავალიანება, თუმცა მას ჩათვლილი არ აქვს სარჩელის წარმოდგენის შემდეგ მის მიერ გადახდილი თანხა 20 000 ლარი ვალდებულების შესრულების ანგარიშში;

2.1.2. მის მიერ გადახდილი თანხის - 20 000 ლარის გამოკლებით, მისი დავალიანება უნდა განისაზღვროს არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით, არამედ 66 466.57 ლარით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1.2014 წლის 10 მარტს მოსარჩელეს, როგორც გამყიდველს და მოპასუხეს, როგორც მყიდველს შორის, დაიდო ბ---------------ის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება.

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ბ---------------ის ყიდვა-გაყიდვა. ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს მყიდველს, ხოლო მყიდველი ვალდებულია შეისყიდოს გამყიდველის მიერ მიწოდებული ბ---------------ი წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ბ---------------ის ტარიფები და ფასები განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართ N3-ში. ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 22 რიცხვამდე გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, სრულად ჩარიცხოს გამყიდველის საბანკო ანგარიშზე საანგარიშო თვეში მიწოდებული გაზის ღირებულება.

ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, მყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მე-8 მუხლით განსაზღვრული ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია დაარიცხოს მყიდველს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, მყიდველის მიერ გამყიდველის საბანკო ანგარიშზე გადახდილი ნებისმიერი თანხა პირველ რიგში წარიმართება დავალიანების დასაფარავად, საიდანაც თავდაპირველად დაიფარება პირგასამტეხლო და შემდეგ დავალიანების ძირი თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, დამატებითი შეთანხმებები (ს.ფ. 103-116;)

 

3.1.2. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ (აბონენტის №4-----) მოსარჩელისგან 2018 წლის მარტის თვეში მიიღო 369 088 მ3, 2018 წლის აპრილის თვეში - 179 268 მ3, ხოლო 2018 წლის მაისის თვეში - 14 მ3 ბ---------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტები (ს.ფ. 98-102)

 

3.1.3. მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 2018 წლის მარტში, აპრილსა და მაისის თვეში მიწოდებული, ამ უკანასკნელის მიერ მიღებული და მოხმარებული ბ---------------ის ჯამური ღირებულებაა 84 529.13 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბარათი, ამონაწერი აბონენტის ბარათიდან (ს.ფ. 26-69; 70-96)

3.1.4. მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მის მიერ 2018 წლის მარტში, აპრილში და მაისის თვეში მიღებული და მოხმარებული ბ---------------ის ღირებულების სრულად ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება, ამონაწერი აბონენტის ბარათიდან (ს.ფ. 26-69; 70-96)

 

3.1.5. 2018 წლის 10 დეკემბერს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის საბანკო ანგარიშსწორების გზით გადახდილია 5 500 ლარი, დანიშნულებით - მოხმარებული გაზის გადასახადი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 167)

 

3.1.6. 2018 წლის 07 დეკემბერს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის საბანკო ანგარიშსწორების გზით გადახდილია 4 500 ლარი, დანიშნულებით - მოხმარებული გაზის გადასახადი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 168)

 

3.1.7. 2019 წლის 11 იანვარს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის საბანკო ანგარიშსწორების გზით გადახდილია 10 000 ლარი, დანიშნულებით - მოხმარებული გაზის გადასახადი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 169)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის დადებული ბ---------------ის ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყვეტილია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.2. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ეკისრება დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა 65 528.38 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

განსახილველ შემთხვევაში უდავოა მხარეთა შორის ბ---------------ის მიწოდების თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი და ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ბ---------------ის მიწოდების უზრუნველყოფა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სადავოდაა გამხდარი მის მიერ მოპასუხისთვის 2018 წლის მარტში, აპრილსა და მაისის თვეში მიწოდებული ბ---------------ის ღირებულების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი შესაგებლის ფარგლებში მოპასუხეს არსებითად სადავო არ გაუხდია მის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მის მიერ 2018 წლის მარტში, აპრილში და მაისის თვეში მიღებული და მოხმარებული ბ---------------ის ღირებულების სრულად ანაზღაურება. მოსარჩელის მითითებით სარჩელის წარმოდგენისას მოპასუხის დავალიანება შეადგენდა ძირითად თანხას - 84 466.57 ლარს და მასზე დარიცხულ საურავს 1 937.44 ლარს.

უდავოა, რომ მოპასუხის მიერ 2018 წლის 07 და 10 დეკემბერს, 2019 წლის 11 იანვარს მოსარჩელისთვის გადახდილია მოხმარებული ბ---------------ის ღირებულების ნაწილი - 20 000 ლარი.

დადგენილია, რომ ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, მყიდველის მიერ გამყიდველის საბანკო ანგარიშზე გადახდილი ნებისმიერი თანხა პირველ რიგში წარიმართება დავალიანების დასაფარავად, საიდანაც თავდაპირველად დაიფარება პირგასამტეხლო და შემდეგ დავალიანების ძირი თანხა. ხელშეკრულების აღნიშნულ პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების ფარგლებში განხორციელდა მითითება და წარმოდგენილ იქნა აბონენტის ბარათი (ს.ფ. 193-194), რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ჯამში გადახდილი 20 000 ლარიდან 13 771.62 ლარით მოსარჩელის მიერ დაფარულია პირგასამტეხლო, ხოლო პირგასამტეხლოს სრულად დაფარვის შემდეგ გადახდილი თანხიდან დარჩენილი 6 228.38 ლარით შემცირებულია ძირითადი დავალიანების ოდენობა. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ 20 000 ლარის გადახდის შემდეგ მის მიერ განსაზღვრული ძირითადი დავალიანების ოდენობა შეადგენს 78 300.75 ლარს, ხოლო ამის შემდეგ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დარიცხული პირგასამტეხლო 5 090.53 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებული მოთხოვნების მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების შეფასება.

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება ისეთი ცალკეული შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების არანაირი მიზანი, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა. უფლების განხორციელება გამართლებულია, თუ არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც მის განხორციელებას გაამართლებს (იხ. სუსგ, საქმე №ას-245-245-2018).

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის პირგასამტელოს სახით 13 771.62 ლარის დაკისრება და შესაბამისად, მის მიერ გადახდილი 20 000 ლარიდან აღნიშნული ოდენობით თანხის პირგასამტეხლოში ჩათვლა, არაგონივრულია და არსებობს მისი 1 000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

როგორც უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’, თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო - 13 771.62 ლარი არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხიდან 20 000 ლარიდან პირგასამტეხლოს დასაფარად გადახდილად უნდა ჩაითვალოს 1 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხით უნდა შემცირდეს ძირითადი ვალდებულების მოცულობა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს თანხის გადახდის დროს არსებული დავალიანების 84 529.13 ლარის და გადახდილი 20 000 ლარიდან პირგასამტეხლოს - 1 000 ლარის დაფარვის შემდეგ დარჩენილი 19 000 ლარის სხვაობით - 65 528.38 ლარით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს არ განუხორციელებია მის მიერ მოხმარებული ბ---------------ის ღირებულების ანაზღაურება სრულად. თავად წარმოდგენილი შესაგებლითაც მოპასუხემ მიუთითა მის მიერ მხოლოდ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაზე. შესაბამისად, უდავოა, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხიდან მხოლოდ 1 000 ლარი უნდა ჩაითვალოს პირგასამტეხლოს სახით გადახდილად, დარჩენილი თანხით ძირითადი თანხის შემცირებამ კი განაპირობა ამ დავალიანების ოდენობის 65 528.38 ლარით განსაზღვრა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ეკისრება დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა 65 528.38 ლარის ოდენობით.

3.2.2. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 5 090.53 ლარი შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. არსებობს მისი 1 000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - 5 090.53 ლარს.

სასამართლო იზიარებს პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში მითითებულ ნორმატიულ საფუძვლებს და მიუთითებს, რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო - 5 090.53 ლარი არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 477-ე, 361-ე, 400-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.

 

6.2. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნით ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას, კერძოდ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან გადაუხდელი ძირითადი დავალიანების - 78 300.75 ლარის გადახდას.

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. თუმცა, მის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ მის მიერ გადახდილი და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოში ჩათვლილი თანხა შეამცირა და შესაბამისი ოდენობის თანხა ჩათვალა ძირითად ვალდებულებაში გადახდილად, სამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ეკისრება დავალიანების ძირითადი თანხის - 65 528.38 ლარის გადახდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სწორედ მითითებული ოდენობით დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა.

 

6.3. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულებულა ჯეროვნად.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და უნდა მომხდარიყო მისი შემცირება, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2 594 ლარის ოდენობით (ს.ფ. 126), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი (ს.ფ. 127). სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირების გათვალისწინებით, მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 92.3 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 995.85 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება, ამასთან, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი (ს.ფ. 141-146).

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ყ--------------------–--ის'' სარჩელი მოპასუხე შპს ,,ჩ--------------------------ის'' მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე შპს ,,ჩ--------------------------ეს'' მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ის'' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა 65 528.38 ლარის ოდენობით;

3. მოპასუხე შპს ,,ჩ--------------------------ეს'' მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ის'' სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1 000 ლარის ოდენობით;

4. მოპასუხე შპს ,,ჩ--------------------------ეს'' მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ის'' სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1 995.85 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

5. მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ს'' დაუბრუნდეს მის მიერ 14/12/2018 წელს სარჩელზე №118613 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 92.3 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი