გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2896-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აპრილი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "ტ---------ი"
წარმომადგენელი ლევან ჩხიკვაძე
მ------------------------------------ ლ---–---–ი
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ----- ლ---–---–ისათვის 3110.01 ლარის დაკისრება;
1.2. დ----- ლ---–---–ისათვის ზიანის ასანაზღაურებლად 372.6 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები
2014 წლის 13 ოქტომბერს სს „ტ----------სა“ (ყოფილი კ---------------------კი) და დ----- ლ---–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 9300 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთია 13.50%. კრედიტი გაიცა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე ვადით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს.
მოპასუხემ კრედიტი ნაწილობრივ დააბრუნა. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო ბანკმა 2017 წლის 4 დეკემბერს შეწყვიტა ხელშეკრულება. მოპასუხის დავალიანებაა ძირითადი თანხა 2760.85 ლარი, სარგებელი 149.16 ლარი, პირგასამტეხლო 200 ლარი. კრედიტის დაუბრუნებლობით ბანკმა განიცადა ზიანი, ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც დაბრუნებული თანხის კვლავ გასესხებით მიიღება, რაც უნდა აუნაზღაურდეს დავალიანების 13,5%-ის ოდენობით არაუმეტეს ერთი წლისა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება 2910.01 ლარი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ცნო 1700 ლარის დაკისრების მოთხოვნა და განმარტა, რომ ბანკმა მას ხელფასიდან ოვერდრაფტის გამო ერთბაშად ჩამოაჭრა 800 ლარი, რაც უნდა გამოაკლდეს სესხის თანხას, რის შედეგად დარჩენილი დავალიანებაა 1700 ლარი.
(16.04.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 13 ოქტომბერს სს „ტ----------სა“ (ყოფილი კ---------------------კი) და დ----- ლ---–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 9300 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთია 13.50%. კრედიტი გაიცა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე ვადით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს. გრაფიკის მიხედვით, თანხა უნდა გადაეხადა ყოველთვიურად. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა მოიცავდა ძირითადი თანხისა და პროცენტის წილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 21-28. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 4-6. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 81-88. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.2. დ----- ლ---–---–მა დააბრუნა კრედიტის ნაწილი. სულ გადახდილი აქვს 9720.26 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 6539.15 ლარი, პროცენტი 2350.95 ლარი, ჯარიმა 830.15 ლარი. მსესხებელს თანხა აღარ გადაუხდია 2017 წლის ივნისის თვის შემდეგ. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო ბანკმა 2017 წლის 4 დეკემბერს შეწყვიტა ხელშეკრულება. მხარეებს შორის ოვერდრაფტის დაშვების თაობაზე დადებულია დამოუკიდებელი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ვალდებულების შესრულება ასევე 2017 წლის ივნისის თვის შემდეგ შეწყდა.
მოპასუხე თავის განმარტებებში ადასტურებს, რომ საკრედიტო ვალდებულება სრულად შესრულებული არა აქვს, თუმცა განმარტავს, რომ მოსარჩელეს არა აქვს გათვალისწინებული ოვერდრაფტის საფუძველზე ჩამოჭრილი 800 ლარი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ----- ლ---–---–სა და სს „ტ---------ს“ შორის სამართალურთიერთობა ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა.
დ----- ლ---–---–სა და სს „ტ---------ს“ შორის 2014 წლის 24 ივნისს დაიდო N32.0276552.001 ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე (პლასტიკურ ბარათზე) ოვერდრაფტის დაშვების შესახებ შემდეგი პირობებით: თანხა 830 ლარი, ვადა 2015 წლის 24 ივნისამდე, წლიური სარგებელი – 18%. პირგასამტეხლო თანხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის შეადგენს ათვისებული ოვერდრაფტის თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარგებლობის დღეების შესაბამისად გადახდის ფაქტიურ დღემდე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ თანხა სრულად არ დააბრუნა. 2017 წლის ივნისის შემდეგ თანხა არ გადაუხდია. დავალიანებაა 377.31 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 216.01 ლარი, პროცენტი 0.22 ლარი, პირგასამტეხლო 161.08 ლარი.
სს “ტ----------მა” ამ ხელშეკრულების საფუძველზე თანხის დაკისრების მოთხოვნა გაიხმო, რაც დაკმაყოფილდა და სასარჩელო მოთხოვნა დატოვებულია განუხილველად.
ამდენად, მხარებს შორის ერთმანეთის მსგავსი სამართალურთიერთობა არსებობდა, რომლებიც 2 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და ჯეროვნად არცერთის დაბრუნების ვალდებულება არ შესრულდა. ამდენად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, რადგან ამ ნორმით მოწესრიგებულია მხარეებს შორის არსებული რამდენიმე ერთგვაროვანი ვალდებულების შესრულების რიგითობის წესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება,რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. 2. თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა,რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა. 3. თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი.
ამ ნორმის მიხედვით, რამდენიმე ვალდებულებიდან შესრულებისას არჩევანის უპირატესობა მოვალეს ენიჭება, ხოლო თუ მოვალე კონკრეტულად არ მიუთითებს რომელ ვალდებულებას ასრულებს, მაშინ კრედიტორმა გადახდილი თანხა შესასრულებელ ვალდებულებებს შორის უნდა მიიღოს ამ ნორმით დადგენილი წესით.
ამ ნორმის გამოყენებისათვის უპირველესად უნდა დადგინდეს, რომ შესრულება ყველა ვალდებულების დაფარვისთვის საკმარისი არ არის; მოვალემ კონკრეტულად აირჩია თუ არა შესასრულებელი ვალდებულება; თუ მოვალემ ასეთი არჩევანი არ გააკეთა, დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა, ხოლო თუ ერთდროულად დადგა ეს ვადა, იფარება რის ვალი რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად უფრო მძიმეა.
ამ შემთხვევაში შესასრულებელი საკრედიტო ვალდებულებები ერთდროულად უნდა შესრულებულიყო, რადგან ორივე შემთხვევაში მსესხებელს თანხა ფაქტობრივად ერთდროულად უნდა გადაეხადა -სამომხმარებლო კრედიტზე თვეში 250,66 ლარი, ხოლო ოვერდრაფტზე ყოველ 45 დღეში სასტარტო გადათვლის დღეს დაფიქსირებული სადებეტო ნაშთის 10%-ის ოდენობით.
საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე ბოლოს გადახდილია 842,67 ლარი 2017 წლის 22 ივნისს, საიდანაც ძირითადი თანხაა 830 ლარი, პროცენტი 12,67 ლარი. მანამდე 2017 წლის 22 მაისს გადახდილია 840 ლარი, საიდანაც ძირია 920 ლარი, პროცენტი 10,95 ლარი. 20 აპრილს გადახდილია 840,40 ლარი, საიდანაც ძირია 829,31 ლარი, პროცენტი 11,09 ლარი.
სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის განმავლობაში გადახდები ფიქსირდება 24 იანვარს 288,06 ლარი, 30 იანვარს 250,66 ლარი, 28 თებერვალს 250,66 ლარი, 28 მარტს 1105 ლარი, 22 მაისს 305,55 ლარი, 30 მაისს 4,54 ლარი, 22 ივნისს 304,17 ლარი.
სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით, 2017 წლის ივნისის ჩათვლით მოპასუხეს უნდა გადაეხადა ძირისა და სარგებლის ერთობლიობა 8271,78 ლარი. გრაფიკის მიხედვით, 2017 წლის ივნისის ჩათვლით გრაფიკის დაცვით თანხის გადახდის შემთხვევაში უნდა გადაეხადა ძირითადი თანხა 5859,07 ლარი, სარგებელი 2412.71 ლარი.
2017 წლის ივნისის ჩათვლით სულ გადახდილია 9720,25 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 6539,15 ლარი, სარგებელი 2350.95 ლარი, პირგასამტეხლო 830,15 ლარი.
ამდენად, ფაქტობრივად მოპასუხეს გადახდილი აქვს გრაფიკით გათვალისწინებულზე მეტი თანხა. გადახდილი თანხიდან ძირსა და პროცენტს მოხმარდა 8 890,1 ლარი, იმაზე მეტი, ვიდრე გრაფიკით იყო გათვალისწინებული ჯამურად. ამდენად, 2017 წლის ივნისის თვეში ვადამოსული, გრაფიკით გათვალისწინებული გადაუხდელი თანხა მოპასუხეს არ ჰქონდა.
ოვერდრაფტის საფუძველზე ბოლოს თანხა ათვისებულია 2017 წლის 22 ივნისს 215,80 ლარის ოდენობით, მანამდე მაისში ათვისებულია 825,46 ლარი, ხოლო აპრილში სულ 924 ლარი, ხოლო გადახდილია 940,40 ლარი. მაისში გადახდილია 840,95 ლარი, ივნისში გადახდილია 842,67 ლარი, საიდანაც ძირი იყო 930 ლარი, სარგებელი 12,67 ლარი. ამდენად, 2017 წლის ივნისის თვეში გადასახდელი ძირი იყო 1046,01 ლარი, რადგან საბოლოო დავალიანება დარჩა 216,01 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ ოვერდრაფტში იგულისხმება მსესხებლის მიერ ფაქტობრივად ათვისებული თანხის დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც წინასწარ მისი გადახდის პერიოდულობა და ოდენობა დადგენილი არ არის.
სამომხმარებლო კრედიტის ოდენობა წინასწარ განსაზღვრულია და მისი დაბრუნება დადგენილია ყოველთვიურად ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით. გრაფიკის მიხედვით, სამომხმარებლო სესხზე 2017 ივნისის თვის მდგომარეობით გრაფიკის დაცვით თანხის გადახდის შემთხვევაში სესხის ნაშთი - მომდევნო პერიოდში გადასახდელი ძირითადი თანხა შეადგენს 3 440,93 ლარს, ხოლო მოვალეს გადახდილი აქვს გრაფიკით გათვალისწინებულზე მეტი თანხა, რადგან მისი დავალიანებაა 2 760,85 ლარი.
მოპასუხის განმარტებით, 842 ლარი ჩამოჭრილია მისი ხელფასიდან ოვერდრაფტის დასაფარად ბანკის მიერ.
ოვერდრაფტის ხელშეკრულების 4,9 პუნქტის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია უაქცეპტო წესით მიმართოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მიმდინარე გადაცილებული გადასახდელის დასაფარად ანგარიშზე ჩარიცხული თანხა. ამდენად, ოვერდრაფტის ხელშეკრულება ითვალისწინებს უაქცეპტო წესით თანხის ჩამოჭრის უფლებამოსილებას დავალიანების გადახდევინების მიზნით.
ასევე სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მსესხებელი თანახმაა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების ნებისმიერი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია ჩამოჭრას თანხები მსესხებლის ნებისმიერი ანგარიშიდან მსესხებლის ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის.
ამდენად, ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებს უაქცეპტო წესით თანხის ჩამოჭრას დ----- ლ---–---–ის ანგარიშიდან.
მოპასუხის განმარტებით, მას 842 ლარი მისი ნებით არ გადაუხდია, ხოლო ნებაყოფლობით მის მიერ ხდებოდა სამომხმარებლო კრედიტის ვალდებულების შესრულება.
387-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ შესრულების ვადა ერთდროულად დადგა თავდაპირველად შესრულდება, ის ვალდებულება რომელიც შესასრულებლად მოვალისათვის უფრო მძიმეა. ამ შემთხვევაში ორივე საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების ვადა ერთდროულად დგებოდა, თანხა მოპასუხეს ერთსადაიგივე პერიოდში ყოველთვიურად უნდა გადაეხადა.
საბანკო ამონაწერების მიხედვით, ორივე საკრედიტო ხელშეკრულებაზე ვალდებულება თითქმის ერთდროულად სრულდებოდა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ოვერდრაფტის საფუძველზე თანხა მოპასუხეს ხელფასიდან ბანკის ინიციატივით ჩამოეჭრა, რისი წინააღმდეგი იყო მოპასუხე.
387-ე მუხლის 1-ლი წინადადების საფუძველზე სხვადასხვა, თუმცა ერთგვაროვანი ვალდებულების შესრულების რიგითობისათვის განმსაზღვრელია მოვალის ნება, იგი შესრულების დროს რომელ კონკრეტულ ვალდებულებას მიუთითებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია უაქცეპტო წესით თანხის გადახდევინება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდის ყოველი ტრანზაქციის დროს მოვალის თანხმობა საჭირო არ არის. თუმცა რამდენიმე ვალდებულების არსებობის დროს დაცული უნდა იყოს 387-ე მუხლით დადგენილი პრინციპები. მოპასუხის განმარტებიდან გამომდინარე, მას 842 ლარი ბანკის ინიციატივით ჩამოეჭრა, ხოლო სამომხმარებლო სესხის საფუძველზე მან გადაიხადა თანხები. მოპასუხის ამ განმარტებიდან გამომდინარე მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მას ხელფასიდან ჩამოეჭრა ეს თანხა და იგი ამის წინააღმდეგი იყო და მოვალის ეს ნება ბანკისათვის ცნობილი იყო. საბანკო ამონაწერების თანახმად, თანხა ორივე სესხზე თითქმის ერთდროულად არის გადახდილი, თუმცა არ არის მითითებული გადახდის მეთოდი, ანგარიშიდან ჩამოეჭრა ბანკის ინიციატივით თუ მოვალემ ნებაყოფლობით გადაიხადა.
387-ე მუხლის განმარტებისათვის სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინებას საქმეზე №ას-276-276-2018, რომელშიც მითითებულია, რომ „ მოსარჩელის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ თანხის გადახდისას ხდებოდა შესრულების დროს დასაფარი ვალდებულების ამორჩევა, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის შესაბამისი მოვალეების სასარგებლოდ ამორჩევით დაფარვაში. ხოლო დანარჩენი ოდენობის 1200 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები მოსარჩელეს არ წარუდგენია“ ამავე განჩინება საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მართებულად დაეკისრა მოსარჩელეს (სესხის სამართალურთიერთობაში მოვალე, დავა შეეხებოდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას) კონკრეტული ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, რომელიც შესრულების პროპორციულად შეამცირებდა ვალდებულების მოცულობას.“
ამდენად, 387-ე მუხლიდან გამომდინარე მოვალეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ ვალდებულებების შესრულება ამ ნორმით დადგენილი წესის დარღვევით მიიღო კრედიტორმა. საკრედიტო ხელშეკრულებები ითვალისწინებს უაქცეპტო წესით მოვალის საბანკო ანგარიშიდან გადახდევინებას, ორივე საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების ვადა ერთსადაიმავე დროს იყო გათვალისწინებული, ხოლო 2017 წლის ივნისის თვისათვის სამომხმარებლო კრედიტის ვადამოსული დავალიანება სახეზე არ იყო, გრაფიკით ამ დროისათვის გადასახდელი ძირითადი თანხისა და პროცენტის დავალიანება მოვალეს არ ჰქონდა, რის გამოც ამ ვალდებულებას, როგორც მძიმედ შესასრულებელ ვალდებულებას პრიორიტეტი ვერ მიენიჭებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოვერდაფტის ხელშეკრულების ასლი და ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ.17-20, 29-34. ტომი 1)
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 21-28. ტომი 1)
- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 35-37)
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 38. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტებები (16.04.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეს არაჯეროვნად აქვს შესრულებული საკრედიტო ვალდებულება, რამაც კრედიტორს ზიანი მიაყენა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე მუხლები,387-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 316-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე მუხლებით, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი
6. სამართლებრივი შეფასება
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება. კერძოდ, მხარეებს შორის დადებულია ორი საკრედიტო ხელშეკრულება – ოვერდრაფტის ხელშეკრულება 2014 წლის 24 ივნისს და საკრედიტო ხელშეკრულება 2014 წლის 13 ოქტომბერს. განსახილველ სარჩელში მოთხოვნილია 2014 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე თანხის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ემუხლის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის (2014-2015 წლებში მოქმედი რედაქცია) თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი; 2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს, იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი; 3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს; 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი; 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ; 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი.თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება.
2014 წლის 13 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 9300 ლარი 2 წლის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 13.5 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოპასუხეს ჯეროვნად არცერთი საკრედიტო ხელშეკრულება შესრულებული არა აქვს, სრულად არცერთი კრედიტის თანხა არ გადაუხდია. ამდენად, მხარეებს შორის არსებობდა ორი ერთგვაროვანი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო გადახდილი თანხა სრულად არცერთ ვალდებულების შესრულებისათვის არ იყო საკმარისი. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობა.
ამ ნორმის მიხედვით, 1. თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება,რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა; 2. თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა,რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა; 3. თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი
ამ ნორმის საფუძველზე რამდენიმე შესასრულებელი ვალდებულების არჩევის პრიორიტეტი მოვალეს ენიჭება, ხოლო თუკი მოვალე შესასრულებელი ვალდებულებს არ ირჩევს, მოქმედებს 387-ე მუხლით დადგენილი წესი და დაიფარება ის ვალი, რომლის შესრულების ვადა პირველად დადგა, ხოლო ერთდროულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან კრედიტორმა უნდა მიიღოს ის შესრულება, რომელიც მოვალისათვის უფრო მძიმეა.
მოვალე შესასრულებლად სავალდებულო ვალდებულებას, როგორც წესი, კონკლუდენტური მოქმედებით ირჩევს. კონკლუდენტური მოქმედება ვალდებულების შესრულებაში გამოიხატება. კონკლუდენტური მოქმედების დროს აუცილებელია, რომ მოვალემ ვალდებულების შესრულებისას, მიუთითოს, რომელ ვალდებულებას ასრულებს. ხშირ შემთხვევაში გადახდის დანიშნულება, გარემოებათა ერთობლიობის შედეგად დგინდება.
387-ე მუხლის მიხედვით, ერთდროულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან პრიორიტეტი ენიჭება მოვალისათვის მძიმე ვალდებულებას. მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა ის ვალდებულება, რომელსაც, მაგალითად, პროცენტი, ანდა პირგასამტეხლო ერიცხება. მოვალისათვის მძიმედ შესასრულებელია ის ვალდებულება, რომლის საფუძველზე მეტი თანხა აქვს გადასახდელი, ეკისრება პირგასამტეხლო ან მეტი პროცენტი. თუმცა მხოლოდ თანხის რაოდენობა ვალდებულების სიმძიმის განმსაზღვრელი არ არის და ეს უნდა შეფასდეს სადაო ვალდებულების ყოველი კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე.
მოპასუხემ ორივე სესხის დაბრუნების ვალდებულება დაარღვია ერთდროულად, 2017 წლის ივლისის თვიდან. 387-ე მუხლით დადგენილი წესი იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ მოვალის მიერ გადასახდელი თანხა არცერთი ვალდებულების სრულად შესრულებისათვის არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში, მიუხედავად პერიოდულად ვადის გადაცილებისა, მოვალეს სამომხმარებლო კრედიტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი ძირითადი თანხა და სარგებელი აქვს გადახდილი, მას 2017 წლის ივნისის თვის მდგომარეობით ვადამოსული გადასახდელი დავალიანება არ ჰქონდა, შესაბამისად 387-ე მუხლის საფუძველზე ამ სესხის შესრულებას, როგორც მძიმედ შესასრულებელ ვალდებულებას პრიორიტეტი ვერ მიენიჭებოდა.
387-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულებათა შესრულების რიგითობის განსაზღვრისათვის აუცილებელია დადგინდეს რამდენიმე გარემოების ერთდროულად არსებობა: შესასრულებელია რამდენიმე ერთგვაროვანი ვალდებულება; შესრულება არ არის საკმარისი ყველა ვალდებულების დასაფარად; კრედიტორმა მოვალის ნების საწინააღმდეგოდ მიმართა თანხა ვალდებულების შესასრულებლად.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ 2017 წლის ივნისში თანხა ბანკმა მისი ნების საწინააღმდეგოდ მიმართა ოვერდრაფტის გადასახდელად. ასევე, ამ დროისათვის სამომხმარებლო კრედიტის დაბრუნების ვადა გადაცილებული არ იყო, მოპასუხეს იმ დროისათვის გრაფიკით გათვალისწინებულზე მეტი თანხა ჰქონდა გადახდილი. 2017 წლის ივნისის თვისათვის მას სამომხმარებლო კრედიტზე ვადამოსული შეუსრულებელი ვალდებულება არ ჰქონდა.
შესაბამისად, კრედიტორმა მოპასუხის ვალდებულებების შესასრულებლად სწორად განაწილდა თანხა.
მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, მან ნაწილობრივ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა ყოველთვიურად თანხის გადახდით. მოპასუხემ თანხის დაბრუნება შეწყვიტა 2017 წლის ივნისიდან. ამდენად, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, რაც გულისხმობს ხელშეკრულებით დადგენილი პერიოდულობით ბანკისთვის თანხის გადახდას კრედიტის დასაბრუნებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდაზე 1700 ლარის ოდენობით, რაც ამ ოდენობით თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია.
სასამართლოს ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო არ იზიარებს მოპასუხის იმ განმარტებას, რომ ბანკი ზედმეტად მოითხოვს სესხის თანხას და სესხის შესრულების დროს გათვალისწინებული არ არის ოვერდრაფტის საფუძველზე ჩამოჭრილი თანხა. საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ გადახდილია სულ 9300 ლარი, ხოლო გადასახდელია ძირითადი თანხაა 2760.85 ლარი და სარგებელი 149.16 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, რის გამოც მოპასუხემ უნდა გადაიხადოს ასევე პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ის ოდენობით.
სესხის დავალიანებაა ძირითადი თანხის და სარგებლის ერთობლიობა 2910,01 ლარი, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოა 200 ლარი. ვალდებულების შესრულება სრულად შეწყდა 2017 წლის ივლისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას უნდა შემოწმდეს შეესაბამება თუ არა მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის გამოწვეულ შედეგს. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლო არ უნდა იქცეს მხოლოდ მოვალის დასჯის ინსტრუმენტად და პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უნდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწყვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.
განსახილველ საქმეში სესხის დავალიანებაა 2910,01 ლარი, ხოლო 2017 წლის ივნისის შემდეგ მოპასუხეს სესხის თანხა არ დაუბრუნებია. შესაბამისად, სესხის დავალიანება მოპასუხეს გააჩნია, 1 წლისა და 6 თვეზე მეტი დროის მანძილზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 200 ლარი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი ფინანსური სანქციაა.
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ახდენს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მიზნით სასამრთლოსთვის მინიჭებული სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევა ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი წამოიჭრება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, რის გამოც პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული დანაკარგების მინიმალურად კომპენსირებას, რის გამოც პირგასმატეხლოს გონივრულობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კრედიტორის ინტერესებიც. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანს არ წარმოადგენს მოპასუხისათვის სიმბოლური თანხის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რადგან ეს პირგასამტეხლოს დანიშნულება არ არის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის სესხის დავალიანების 2910,01 ლარის 7%, რის გამოც ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივი ვადის გათვალისწინებით გონივრული სანქციაა და იგი შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს არ წარმოადგენს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.
მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „თ“ პუნქტი, რომლის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .
განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.
სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016. ,აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ეს ნორმა მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ზიანის ოდენობის შესახებ დებულებას არ შეიცავს, თუმცა კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში კრედიტი 2014 წლის ოქტომბერში გაიცა 4 წლის ვადით - 2018 წლის 1 ოქტომბრამდე, რაც ვადამდე შეწყდა მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. მოსარჩელე მოითხოვს ზიანის ასანაზღაურებლად სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 14 დეკემბრიდან) არაუმეტეს 1 წლის ფარგლებში ყოველთვიურად ძირითადი თანხის დავალიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტით (13,5%), რაც არის საერთო ჯამში არაუმეტეს 377,72 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხანგრძლივობის გათვალისწინებით მოთხოვნილია თანხა გონივრულია და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე მოვალეს შეეძლო ევარაუდა მოსარჩელისათვის ასეთი ზიანის წარმოშობა. მოპასუხეს უნდა დაეკისროს 372,6 ლარის გადახდა, რადგან სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე 1 წლის ვადა გასულია.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დ----- ლ---–---–ს მოსთხოვოს კრედიტის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის 2760,85 ლარის, სარგებლის 149,16 ლარის და პირგასამტეხლოს 200 ლარის, ასევე მიუღებელი შემოსავლის 372,6 ლარის გადახდა, სულ 3512,61 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს 3859.72 ლარის დაკისრებას, საიდანაც გამოიხმო 377.31 ლარის მოთხოვნა, რაც არის სასარჩელო მოთხოვნის 10%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 115.80 ლარის მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სასარჩელო მოთხოვნის განუხილველად დატოვების გამო. შესაბამისად, სსსკ 53-ე მუხლით დადგენილი წესით მხარეებს შორის უნდა განაწილდეს 104.48 ლარი.
სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო მოპასუხემ ცნო 1700 ლარის მოთხოვნა, რაც არის გადასახდელი თანხის 49%. სახელმწიფო ბაჟის 104.48 ლარის 49% არის 51.19 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 53,29 ლარის გადახდა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს სს „ტ---------ის“ სარჩელი;
1.1. დ----- ლ---–---–ს დაეკისროს სს „ტ---------ისათვის“ 3110.01 ლარის გადახდა;
1.2. დ----- ლ---–---–ს დაეკისროს სს ტ----------ისათვის ზიანის ასანაზღაურებლად 372.6 ლარის გადახდა;
2. სს ტ---------ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51,19 ლარი. თანხა გადახდილია 2017 წლის 13 დეკემბერს შემდეგ ანგარიშზე - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150 (საკრედიტო საგადასახადო დავალება N1).
3. დ----- ლ---–---–ს დაეკისროს სს „ტ---------ისათვის“ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 103,29 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი